ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

четверг, 8 апреля 2010 г.

ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი) / Janri Gogeshvili ’Sweet Souls of the ’Insane.’ (A novel)


სავარძლის ნათება
სათავსში გამომწყვდეული შიო გონს მოსვლას იწყებდა. ”გულად ბიჭებისგან” ხელჯოხზე ხელებით მიბაწრული და გარდერობთან დაფენილ გაქუცულ ნაბდებზე ძალაუნებურად მიწოლილი, რაღაცით თეატრალურ პერსონაჟს ჰგავდა. გამოფხიზლებული სიბნელეს ანგარიშმიუცემლად შეაშტერდა. მალე მიხვდა სათავსში, რეკვიზიტისა და თეატრალური კოსტიუმების გარემოცვაში, რომ იმყოფებოდა. უნებლიეთ, ვნებიანი დარია გაახსენდა, ეგონა, საცაა დამაცხრებაო და შეკრთა. მერე გაეღიმა. ხელის თითები, თიქოსდა ქვეცნობიერს მინდობილმა შეანძრია, ხიბლიხვანჯარას მაგვარი მოძრაობა გააკეთა და მაჯები ბაწრიდან გაინთავისუფლა. ხელჯოხზე დაყრდნობილი წამოიმართა. ცალი ხელით ნაბადი აიყოლია, წელში გამართულმა მხრებზე მოისხა. თავისუფალი ხელი კისერზე ფრთხილად მოივლო და რაკი საფრთხილოს ვერაფერს მიაგნო, სიბნელისთვის თვალშეჩვეული, კარისკენ თამამდ წავიდა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. უმალ ჯიბეები მოისინჯა, მაგრამ გასაღების ასხმულა ვერ იპოვა, მაშინ რეკვიზიტად მიჩნეული კლიტეები მოიძია და რაღაც მეხუთე ცდაზე კარი უკვე გაღებული ჰქონდა. ფოიედან საეჭვო ხმაური მოისმოდა, იქითკენ გაეშურა და მალე ქოსა ტიმოთეს ხმა შეიცნო. ”მგონი რეპეტიცია მიმდინარეობს…”, დაეჭვებული, დერეფნის ბოლოს სიბნელ-სინათლის ზღვართან შედგა.
ფოიეში, დივანზე, თეთრი აბრეშუმით მორთულ კუბოში, ყოფილი სცენისმოყვარის, ქალბატონ ცაცას ცხედარი ესვენა. იქვე, ერთ ალაგას მიწყობილ სკამებთან, ოქროსფრად მბზინავ სავარძლებში ჩამსხდარი ქოსა ტიმოთე და მისი ბიძაშვილი პროკლე კუბოსთან დანთებულ სანთლების შუქზე ბანქოს თამაშით ერთობოდნენ. ნირწამხდარი შიო კუბოსთან მისვლას სამძიმრის თქმას აპირებდა, მაგრამ უცებ თავის კაბინეტიდან ”გულადი ბიჭების” ბილწსიტყვაობა მოესამა და გადაიფიქრა. ”ეტყობა, საიდუმლო კლიტეებმა აქაურობა თავის შტაბბინად თუ შტაბსადგომად გაიხადეს…”, სპონტარუნად მოზიდა სხეული, განიზრახა კულტურის სახლი მომხდურთაგან განეწმიდა, მაგრამ ტრადიციის დარღვევისა მოერიდა. განსვენებულისთვის სიმშვიდის დარღვევა არ ისურვა. სავარძლებს, რომლებმაც იმ ავბედითი დადგმის რეკვიზიტი მოაგონა, ჩაძიებით დაუწყო ცქერა. ”ესენი, ალბათ ქოსა ტიმოთეს ჰქონდა მისაკუთრებული და ახლა, როგორც თეატრალური რელიქვია, ყოფილი სცენისმოყვარის დაკრძალვასთან დაკავშირებით გამოაჩინა…”, განსჭვრიტა უნებლიეთ, და იგრძნო მის მეხსიერებაში შემორჩენილ სავარძელს, ამათთან მსგავსების მიუხედავად, რაღაც სხვაგვარი ხიბლი ჰქონდა.
-გადაირია ქვეყანა!-დაიჩივლა ქოსამ და ტაბურეტზე ჯვრის ტუზს ჩამოვიდა.
-აბა, რა უცნაური ამბები ხდება, ჯერ იყო და ის ჩახლიფართული შიო გაქრა, მერე პართე და ხალამპრე, მერე ის გდარეული ბექა მოიტაცეს და მთელი ბატალიონი გაგზავნეს მის გამოსახსნელად!-მწუხარე იერით განავრცო პროკლემ.
-მაგათგან განსხვავებით ცაცას ქვემოდაბისთვის არ უღალატნია, აგერ აქაა ჩვენს გვერდით!-მხიარულად ჩაილაპარაკა მან.
-ჩვენთან კი არის, მაგრამ რისი გამკეთებელია, აი პართეს, თუნდაც ხალამპრეს დასაფლავება, რომ შემდგარიყო, ღონისძიებასაც სხვანაირად გაქაჩავდნენ და ჩვენც შეგვხდებოდა რამე…
-ასჯერ აგიხსენი, პართე უკვე არფერს ნიშნავს, მით უფრო ის გამოჩერჩეტებული ბერიკაცი. ახლა აქ, თავი და თავი ბოჩია. ახლა ეგაა ჩვენი პატრონი და საიდუმლო კლიტენი… უშნოდ ნუ ფილოსოფოსობ, უმჯობესია, ისე როგორც სცენაზე ბრმად მომენდო!-ურჩია ქოსამ.
-სანამ ყინვას გამოვუცლიდეთ, იქნებ დუდეს მორთმეული კონიაკით ვაცხონოთ!-გაუპირდა ბიძაშვილი.
-ძლივს, ჭკვიანური არ თქვი…-ბანქო დაჰყარა ტიმოთემ, აგერ, ყინვაში მაქვს შენახული,-კუბოსკენ გადაიწია და იქიდან კონიაკის ბოთლი ამოიღო.
-უჰ, უჰ, რა მშვენივრად ჩაციებულმა. არადა, ეს ჩვენი ცაცა , საოცრად გულთბილი ქალი იყო, სანამ ის ჩერჩეტი ბენე გასტროლებზე აქეთ-იქით მიმოქროდა, ალალად ვთხოვე, რაც სცენას მოვწყდი, იმის შემდეგ შენი ჩახუტება მომენატრა მეთქი და აგერ, აქ კულისებში, მშვენიერი პარტნიორობა გამიწია. სამაგიეროდ, აგერ, მეცხრე დღეა, ისეთ გრიმში მყავს, ვარდივით გამოიყურება…-ბოთლს სახურავი მოაძრო, სკამზე დადებულ ჩემოდნიდან, რომელშიც ცხიმოვანი საღებავები და საპარსი მოწყობილობა იდო, პლასტმასის პატარა ჯამი ამოიღო, პროკლეს ხელში შეაჩეჩა, ”გულადი ბიჭების” მორიგ აღრიალებაზე შეცბუნებულს ბოლომდე შეუვსო და უთხრა:-ყინულით თუ გნებავს, მოამტვრიე აგერ კუბოში! მშვიდად მიირთვი, ჯამი სუფთაა, კაი ხანია შიგ საპონი არ ამიქაფებია. აბა ჰე, დამარხვა ღირსებოდეს! დაკარგულების გამოჩენას თუ ველოდეთ, ვეღარც ჩემი გრიმი და ვერც არქტიკიდან ჩამოტანილი ყინული უშველის! ცხონება იყოს!-კონიაკი ბოთლიდან მოსვა. -ვიღაცამ განგებ გაუშვა ჭორი, ხალამპრე ცხენზე მომჯდარი ნახესო, იშაყირეს…-პროკლემ ჯამი წამოსწია,-ცხონება იყოს, ძველი გვარდია კიდევ იტყვის თავის სათქმელს!-კონიაკი უცებ გადაჰკრა. მოულოდნელად ახრიალდა, გვერდზე გადაქანდა.
-აუ, მგონი რაღაც გაეჭედა!-შეიცხადა ქოსამ, თითქოს სკეტჩში თამაშობსო, ისე შეჰყვირა,-ჩქარა, ჩქარა ოყნა მიაშველეთ!
-უკანიდან კი არა, წინიდან მაქვს გაჭირვება!-ძლივს წარმოთქვა ხელებასავსავებულმა პროკლემ.
-ბიჭო, პროკლე, გამაგრდი!-დალაქი, როგორც იქნა კონიაკის ბოთლს შეელია, ხელი გაინთავისუფლა და წინგადახრილი თმაში წვდა. თითები პირში ჩაუცურა და იქიდან სამართებლის ნატეხი ამოაცოცა,-თფუ, ჩამრჩენია შიგ!..-ცალყბად უსაყვედურა საკუთარ თავს.-ისე, რომ გადაგეყლაპა, აჯობებდა, ბარემ ამოგპარსავდა მაგ კუჭს, წყლულსაც ამოგწმენდდა და ქირურგისთვის მისაცემი ფულიც დაგეზოგებოდა….-სარკაზმამდე მისული ირონიით უთხრა და გაწიწმატებული დაამშვიდა,-ყოჩაღ, იოგის მონაცემები გაქვს, სამრთლის ნატეხი ყელთან გქონდა გაჩხერილი და ოდნავაც არ გაკაწრულხარ!
შიოს ვერ გაეგო ბიძაშვილებმა ჩვეულებისამებრ იოინბაზეს თუ პროკლეს სიცოცხლე, რაღაც ათიოდ წამის უკან, მართლაც ბეწვზე ეკიდა.
მოულოდნელად მაყურებელთა დარბაზიდან ანაფორით მოსილი, შავწვერულვაშიანი, ტანმორჩილი კაცი გამოვიდა. მკერდზე, მსხვილი ვერცხლის ჯაჭვით, საკმაოდ დიდი, ძვირფასი თვლებით შემკული ვერცხლის ჯვარი ეკიდა. კუბოსთან დინჯად მივიდა, განსვენებულს სახიდან ზეწარი გადახადა, პირჯვარი გარადაისახა და ლოცვა წამოიწყო. ბალღებივით შეძიძგილავებული სცენისმოყვარეები წყალგადასხმულივით წამოხტნენ, მორჩილი იერით მისდამი პატივისცემა გამოხატეს.
-წეს უგებს თუ რა?-ჩურჩულით იკითხა პროკლემ. ანაფორიანმა კუშტად გამოხედა -დიდი პატივი დავგდეთ მამაო, ალბათ საიდუმლო კლიტეების ხალხმა მოგიწვიათ?-მლიქვნელურად შეაცქერდა ვითარებაში გარკვევის მოსურნე ქოსა. სანთლების შუქზე მის უკეთ შეთვალიერებას შეეცადა. მან კი პასუხად ძვირფასი ქვებით შემკული ჯვარი წამოსწია და კუბოს იქითა მხარეს მდგომთ საამბორებლად მიუშვირა. სცენისმოყვარეებმა უმალ წარსდგეს ნაბიჯი, ამგვარი პატივით მოხიბლულებმა კისრებიც საგულდაგულოდ წაიგრძელეს, მაგრამ ჯვარზე კოცნა ვერ მოასწრეს, რადგან შავწვერულვაშიანმა იგი ჯერ ქოსას შემოცხო საფეთქელთან, მერე კი პროკლეს. ბიძაშვილები თითქმის ერთდროულად ჩაიკეცნენ და კუბოს ქვემოთ, პატრონის ცხედართან ჩახოცილ მონებივით დაეყარნენ. -ეშმაკოსნები!-ანაფორიანმა ჯვარი დინჯად დაუშვა, პირჯვარი გადაიწერა, მერე ყოფილ სცენისმოყვარე ცაცას გვამს თითებიდან ოქროს ბეჭდები წააძრო, უბეში ჩაიჩურთა და მაყურებელთა დარბაზში შებრუნდა.
გარინდულმა შიომ, უცებ, ვერც გაიაზრა ფოიეში რა სცენა დატრიალდა დაბნეული ელოდა ანაფორით მორთული კაცი, კვლავ გამოჩნდებოდა. კაბინეტიდან მოხდენილმა ყმაწვილმა გამოიხედა და ქოსასა და პროკლეს მიმართ ხალისიანად შესძახა:
-ლომებო, ეს-ეს არის მთავარმა ნუგეშისმცემელმა მობილურით გვაუწყა, თქვენსკენ სახალხო გიჟი და მშვენიერი კესა გამოემართნენ და ყოველნაირად შეეცადეთ ამ რომანტიკულ წყვილს განმარტოების საშუალება მისცეთო! ჰა, გესმით? დეკორაცია უსწრაფესად შეცვალეთ, ეს დივანი და სკამი კუთხეში მიაცურეთ, სანთლები ჩააქრეთ, თქვენ კი გაქრით, აქაურობას გაეცალეთ!-როცა ხმა არვინ გასცა, დაეჭვებული მათკენ წამოვიდა, თვალი მოჰკრა კუბოსან დაყრილებს და შეიგინა,-გალეშილან მე ამათი!-და თანამეინახეებს უხმო.
კაბინეტიდან გამოვარდნილმა შეიარაღებულმა ხალხამა იქაურობა გინებით აიკლეს. დარეტიანებული სცენისმოყვარეები საგრიმიოროში შეათრიეს. კუბოიანი დივანი კუთხეში მიმალეს.
-ნაბრძანებია თავი მოვიმკდარუნოთ!-გაღიზიანებული ტონით შესძახა ბოლოს ერთმა, ტაბურეტებიც იქვე მიჰყარა, სანთლები ჩააქრო და პისტოლეტიდან ჭერის მიმართულებით გაისროლა.
-რას აკეთებ!-ხელში ეტაკა მეორე,-ბოჩის ეგეთები არ უყვარს, ტვინს გაგასხმევინებს!-და კაბინეტისკენ წაათრია.
მალე გარშემო სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. შიოს მოუთმენლად ელოდა მორიგ ”სცენას”. გარედან მანქანის მკვეთრად დამუხრუჭების ხმამ შემოაღწია და ქალის ნაცნობი ხმაც გაისმა. მლე ფოიეში პერანგგადაღერილ ბექასთვის ხელჩავლებული ქალი შემიჭრა და აღფრთოვანებით შესძახა:
-რა ნეტარი მყუდროებაა!-პროკლე მამაძაღლი სად აგდია, რაც არ უნდა იყოს დარაჯი ეთქმის!..-გაგულისებით შესძახა კონიაკისგან შეხურებულმა ”შიბაქ-სალამურამ”
-როგორც ყოველთვის მთვრალია და მკვდარივით სძინავს…-არ დაიბნა ქალი.
-რაც არ უნდა იყოს, მაგ კაცი, ამ ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელია და უნდა გავაფრთხილოთ გობრონის ანდერძის აღსრულებაში, ხელი არ შეგვიშლოს!-კატეგორიულად განაცხადა ბექამ.
-კარგი რა, შეეშვი იძინოს, ძლივს მარტონი დავრჩით, გზა-კვალს ნუ ავირევთ…-შეევედრა თვალებმინაბული ქალი, ხელი მოხვია და მაყურებელთა დარბაზში შემავალ კარისკენ თამაშ-თამაშით წაიყვანა.
შიომ კედელზე მიმაგრებულ ბრის მკრთალ შუქზე იცნო დაროს ორეული. ”არა, ეგ დარო ნამდვილად არაა! დარო სცენაზე სულ სხვაინარად იდგა…”, მიუგო გონებაში ჩარჩენილ იჭვს და ბექას მისმართით გაიფიქრა, ”რაღაც მახეს უმზადებენ…”, მიხვდა ”მორიგი სცენა” უნდა გათამაშებულიყო. მხრებზე ნაბადი შეისწორა და გადწყვიტა კულისებს მიახლოებოდა. მკრთალად განათებულ სცენაზე, ბექა ფრთხილად ინაცვლებდა ადგილს.
-ერთი სული მაქვს, ზეციური სხივით შობილი, გრძნეულ სავარძელში, შენს მუხლებზე, რომ დავეშვები…-აღტყინებული წარმოთქვა ქალმა, სხეული ვნებიანად შეათამაშა.
-შენც ხომ გაქვს ის ნიჭი მისი აურა, რომ შეიგრძნო?-თავლებში ჩახედა მას ბექამ-,გობრონმა ოთხად განაწილა ჩარბის რელიქვია, მაგრამ თვლიანი ბეჭედიც თუ შენ გარგუნა ეგ არ ვიცოდი?!-მაჯაზე დახედა,-ახლა შენი ჯერია, რა დაგავიწყდა ის სცენა?!
-არა, რას ამბობ?!-აჩქარდა ქალი, ცდილობდა გუმანით მიმხვდარიყო რა უნდა გაეკეთებინა. კაცმა გაშლილი ხელები ზემოთ აღმართა, და წინ მდგომს გაუღიმა. ქალმა უმალ მიბაძა და ხელები ხელებზე მიატყუპა და გამიფიქრა, ”მე მგონი შემიყვარდა ეგ გიჟი!”
-ახლა, ერთმანეთი ძლიერ, სულისმიერად უნდა შევიგრძნოთ…-უკარნახა ბექამ. შიომ გუმანით იგრძნო, ბექა დამახსოვრებულ სცენას იმეორებდა. მიხვდა გობრონს უჩვეულო სგანთა გამოხმობის ნიჭი ჰქონდა. დაეჭვდა, იმგვარი უნარი მეც ხომ არ შევიძინეო, შინაგან მეს მოუხმო, სცენის ზემოთ ჭერს გრძნეული სხივიდან სავარძლის გამოხმობის წადილით შეპყრობილი მიაჩერდა.
სცენაზე გარინდულებმა, თავდავიწყებით სცადეს ერთურთს შერწყმოდნენ და წუთით ორივე თითქოსდა ერთარსებად იქცა. უეცრად, მათ ზემოთ რაღაც უჩინარი შეინძრა, ჭერიდან, ოქროსფერი სხივი ჩაომოიღვარა და ქალს ზურგს უკან, სავარძელი გაჩნდა.
-შევძელით!..-თქვა გაოცებულმა ბექამ. ქალს მხურვალედ მოეხვია, მერე სავარძელს ფრთხილად შეეხო,-რას გაიხარებდა გობრონი…
-საიდან მოიტანე?!-დაიბნა ქალი, ორნამეტებით მოხატული შანდლისფერფეხებიანი სვარძელი გულდასმით შეათვალიერა,-ეს ხომ, უბრალოდ ხისაა!-დაიწუწუნა,-მე ვფიქრობდი ოქროთი ან ძვირფასი ქვებითაა მორთული მეთქი…
-თუ მოვინდომებთ, იქნებ მოვრთოთ კიდეც… ეს ხომ, ციური სხეულია, ასე ვთქვათ გამიზნულად მრავალსახოვანი მნათობი…-სავარძელს სიყვარულით დააჩერდა,-აზნაური ჩარბი და მისი ასული, დროდადრო, თურმე აქედან იღებდნენ სასიცოცხლო ენერგიას. ერთხელ გობრონიც აზიარეს ამ სასწაულს.
-ისევ ზღაპრებს მიყვები არა, ნამდვილი სავრძელი სად არის?-ჩაეძია ქალი, გაბუტულივით შეაჩერდა.
-ერთი ბენე-ხალამპრემ მოიპარა, მეორე ქოსა ტიმოთემ და ორივემ ჩუმად კუტს მიურბენინა… მაგრამ ორივე ბუტაფორია იყო,-ჩაიცინა ბექამ,-გობრონი რაღაც ათი წუთით აჩენდა ამ სავარძელს, მერე მოხერხებულად შეცვლიდა ჩვეულებრივით… -თავგზა ამიბნიე… მაგრამ ისეთი მომხიბლელი ხარ…-კაცი სავარძელში ჩასვა,-თვალები მილულე და შიბაქი შენებურად აამღერე…-ვნებიანად სთხოვა მერე. ძალზე სურდა თამაშში აჰყოლოდა…
-სხვათაშორის გოგოს შიბაქია!-ამაყად ამცნო მან და პირთან მიტანილ ”საკრავს”, თავისებური აღმაფრენით, თვალებმილულულმა ჩაჰბერა.
-დაკვრა არ შეწყვიტო, თორემ დაშვებას შევწყვეტ!-უჩვეულოდ ატაცებული მდედრი სავარძლის გარშემო, რომელიღაც წარმართული რიტუალისდა მიხედვით აცეკვდა. თითქოსდა არამიწიერი შეგრძნებით გაბრუებული ბექა შიბაქზე თავდავიწყებით უკრავდა. ექსტაზით მოცულმა ქალმა იგი გააშიშვლა, მერე სავარძელზე აძვრა, ფეხები გაჩაჩხა და ნელ-ნელა მხრებისა და თეძოების რიტმული რხევით იწყო დაშვება. ბექას დაკვრა არ შეუწყვეტია, თუმც ნეტარებისგან, რაღაც სხვაგვარდა ჩაჰბერა ”საკრავს”. ქლმა ხელები სახელურზე დააბჯინა, მერე ექსტაზში შესული მაჯებით დაეყრდნო, ვნებიანად აკვნესდა… შიომ მიბრუნება დააპირა, მაგრამ უცებ სავარძელი ნარინჯისფრად აელვარდა, წყვილი წამით თითქოსდა მანათობელ არსებად იქცა. მერე სხეულები გაუმზისფერდათ და სვარძლიდან აფრინდნენ. ატაცებულებმა, სცენის სიღრმეში გაინავარდეს. სავარძლის ზემოთ, ჰაერში მოფარფატე შიბაქი თავისთავად უკრავდა.
-არ გაინძრეთ!-იყვირა უცებ დარბაზიდან, სიბნელეში შემალულმა ბენე-ხალამპრემ,-შემართული მაუზერი სცენის მიმართულებით გაისროლა. სავარძელს ნარინჯისფერი ელვარება წაერთვა და შიბაქთან ერთად გაქრა. ჰაერში მონანვე წყვილი იატაკზე უგონოდ დავარდა. ბენე-ხალამპრე სცენაზე ავარდა, ქალთან დაიჩოქა და ხელიდან სამაჯურის მოხსნა დაუწყო. უცებ, დარბაზში სხვადასხვაგვარად შეიარაღებულ ბიჭები შემოცვივდნენ. წინ პისტოლეტმომარჯვებული დუდე მორბოდა.
-დააგდე იარაღი, იარაღი დააგდე!-დაუყვირა სცენაზე მყოფს. მაგრამ იგი წამოხტა და შემოვრდნილებს სროლა აუტეხა. ყველამ ერთად დაახალა და მრავალგზის დაჭრილმა ბენე-ხალამპრემ ნამდვილ გმირივით სცენის შუაგულისკენ ორიოდ ნაბიჯი გადმოდგა და გეგონებოდათ როლისდა მიხედვით მთელი ხმით წარმოთქვა: -გიყვარდეთ ერთმანეთი!
დუდეს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. სცენაზე ავრდნილმა ერთმანეთს ჩახვეული შიშველი წყვილი გადაამოწმა.
-მგონი ცოცხლები არიან, სასწრაფო გამოიძახეთ!-ქალს ხელიდან თვლიანი ბეჭდითა და მინიატურული გასაღებით მორთული სამაჯური მოხსნა… ბეჭედს გულდასმით დააცქერდა, მერე ზემოთ აიხედა, ისევ ბეჭედს დაუწყო თვალიერება, წამით, თითქოს მისი გამოცდა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა.-ამას, ბოჩი გადაამოწმებს, ეს მისი განხრითაა…-თქვა ბოლოს, ახლა ნამდვილ გმირივით გაშხლართულ ბენე-ხალამპრეს დახედა, რაღაცას მიხვდა,-სასწაული, კი ამბობდნენ, მაგრამ არ მჯეროდა…-თავისთვის ჩაილაპარაკა და ”გულადების” თვალებდაჭყეტილ თავკაცს ღიმილით უთხრა,- ეს კი, ქოსა ტიმოთეს ჩააბარეთ, ანაფორა გახადოს, დაბანოს, როგორც დამსახურებულ თეატრალს ეკადრება ისე გამოაწყოს, მუხის კუბოში ჩააწვინოს და ცაცას გვერდით დაასვენოს! ნახეთ, რა სცენა მოგვიწყო, მართლაც ამაღლებულ გრძნობათა თეატრს არ დაამსგავსა ყველაფერი…-სამაჯური ხაკისფერი შარვლის ”საიდუმლო” ჯიბეში ჩამალა,-მიხედეთ ქაურობას, მე ბოჩისთან, ყივჩაღის ციხეში წავედი!-დაიბარა ბოლოს და გარეთ გავარდა. შიოს მწისქვეშეთში ნანახი ზმანება მოაგონდა. შეკრთა. ”თუ ამათ სუბლიმაციის წერტილს მიაგნეს, შესაძლოა ნანამზეს კლინიკა კი არა მთელი ჩარბილია გორა აორთქლდეს…”, მიხვდა დაყოვნება არ ივარგებდა. სცენაზე გასულმა უჩვეულო ხიბლიხვანჯარა შეასრულა. მერე ხელჯოხი მარჯვედ დაატრიალა ”გულადები” უმტკივნეულოდ მიაძინა. შიშველი წყვილი შეაფხიზლა.
-ძლივს არ გამოჩნდი!-მხიარულად უთხრა ბექამ და მოეხვია.
-საფრთხე გემუქრებათ! აქაურობას უნდა გავეცალოთ!-დამაჯერებლად მიმართა შიომ,-გამომყევით…
შეყვარებულებმა ერთმანეთს ხელები მოხვიეს და მორჩილად მიყვნენ.


რეალობა და სასწაული

ჩიტუნას ჟღურტულზე გონს მოსულმა ნანამზემ თვალი გაახილა და მკერდზე შეფრთხიალებილ ფრთოსანს, რომელსაც ნისკარტით მინიატურული გასაღები ეჭირა, კრთომით შეაცქერდა. ჩიტმა ფრთა, თითქოსდა ლოყაზე შემოჰკრა, სარკმლეში გაფრინდა და ცის შუაგულში მოქცეული კაშკაშა მზის მიმართულებით აიჭრა. ქალმა თითები ფრთხილად მოივლო სახეზე და მოეჩვენა, რომ სხვაგვარად გამოიყურებოდა. მსწრაფ წამოდგა, სარკესთან მივიდა, მაგრამ მასში კვლავ უცხოგვარად მობერებული სახე აირეკლა. თვალთაგან ცრემლები ჩამოუგორდა, სახის ნაკვთები თითებით უნდოდ გადაამოწმა. იჭვი გაუჩნდა, გაუხეშებული კანი, თავისებურ ნიღბად ქცეულიყო. შეშინდა, იფიქრა კეთრისმაგვარი ავადმყოფობა, ხომ არ შემეყარაო… ჭერისკენ ფრთხილად გააპარა მზერა და ჩაკეტილ სარქველს დაბნეული შეაშტერდა. ”ნეტა, ჩაკეტვა როდის მოვასწარი?!”, გაიოცა და ალღოთი იგრძნო, მის გადარჩენაში ფრთახატულა ჩიტუნას თავისებური წვლილი მიუძღოდა. ”აღარაფერი მშველის…”, გაიფიქრა უიმედოდ, იგრძნო მოძალადის მტაცებლური თვალთვალი ჭანგაკრულ ნაიარევივით შერჩენოდა მის სულს… მერე სარკმელში შემოჭრილ ბავშვების ჟრიამულსა და ჩიტების ხმით გამართულ სტვენა-ჭიკჭიკს მიუგდო ყური. დამშვიდდა. თავზე ვუალშებმული დიადემა გაიკეთა, სამოსი მოიწესრიგა და იქაურობას სასომიხდილი გაეცალა. გზად ასისენტი ქალი დაემგზავრა, მოიკითხა, ძალზე მოგისაკლისეთ, მაგრამ ვიცით, ენერგიის აღსადგენად განმარტოება გჭირდებათ, მყუდროება არ დაგირღვიოთო, გულთბილად უთხრა და ავადმყოფთა მიღებისას შექმნილი დამაბრკოლებელი ვითარება გააცნო.
-ცოტა ხნით, კიდევ მადროვეთ და შემოგიერთდებით…-მიუგო ნანამზემ და მოსასვენებელ ოთახში შესულმა ფანჯარას მიაშურა.
ზღაპარაბანოს კოშკურებზე ბავშვებისა და მოზრდილების სიმრავლე იყო. ჯოშკურიდან კოშკურაზე კი ბექა და კესა დანავარდობდნენ. ტურისტებს უჩვეულო ჟრიკჟრიკის თანხლებით საპნის ბუშტების გაშვების ხელოვნებას გადასცემდნენ. შიბაქისა თუ სალამურის ბოლოზე წარმოქმნილი აფსკი რაკრაკის ხმაზე იწყებდა გაბერვას, მერე მტრედის ღუღუნის ხმაზე იკრავდა ბოლოს და ცისკენ სტვენა-გალობით მიფრინავდა. ნანამზეს ბექას დანახვა არ გაჰკვირვებია, კესას კი გაოცებული შეაჩერდა. ”როგორ ჰგავს საცოდავ დაროს?!”, გაიფიქრა თრთოლვით, წამით გულუბრყვილოდ იწამა, ჩემს მაგივრად, ალბათ სხვა ვინმე გადასხვაფრდაო. -მშვენიერი ატრაქციონი გამართეს!-შეეხმიანა გვერდითი ოთახის ფანჯარაში გადმომდგარი ვამეხი, რას ვიფიქრებდი ბექა თუ აფრენის ხელოვნებას ფლობდა და მისალმების ნიშნად კეთილად გაუღიმა,-ვეღარც ვცნობ, კესა კი, ფერიასა ჰგავს!
-აქ, ლევიტაცია კი არა, უფრო მეტია მოსალოდნელი… მართლაც ძალიან კარგები არიან, ეს გოგონა საიდან გაჩნდა?!-მღელვარედ ჰკითხა.
-ბექას მეგობარია, დაქორწინებს აპირებენ…
-ჰო, ეგ მოსალოდნელია…-გაეღიმა ნანამზეს,-რა ქვია და საიდანაა?
-კესა მთვარიაშვილი გახლავთ, და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თურმე მის მამასაც შალვა ერქვა…-ორაზროვნულად გაეპასუხა იგი.
”არა, ეგ დარია არ უნდა იყოს, ალბათ, რომელიმე,
სხვა ნათესავის ქალიშვილია…”, ხავსმოჭიდებულივით ჩაილაპარაკა შემკრთალმა. თუმც, ფარულად ქვემოდაბაში მცხოვრები ყველა ნათესავი ჰყავდა შეთვალიერებული. რამდენიმეს ვამეხის ხელით, ხელიც გაუმართა. ”ნუთუ, ჩემი ნახევარდაა?!”, ახლა სხვაგვარმა იჭვმა შეიპყრო და ნაფიქრს მიუსადაგა: ”ჰო, დაროს მამას ამსგავსებდნენ…”, უგზო-უკვლოდ დაკარგული მშობელი გაიხსენა და მასთან შეხვედრა ინატრა. -დიდძალი ხალხი მოიზიდეს, აი, აგერ, კონფლიქტის მოსაგვარებლად ჩამოსული დეპუტატებიც გვესტუმრნენ და შენთან ურიგოდ მოხვედრას ითხოვენ!-მხიარულად ამცნო მოურავად წოდებულმა.
-ერთხანს კოშკურაზე შეიქციონ თავი და მერე ვნახოთ…-დინჯად გაეპასუხა და ერთ-ერთი კოშკურის მოაჯირზე პეპელას მსგავსად დაფრენილი კესას ჟღურტულს მიუყურადა.
-მართალს ბრძანებ, პროფილაქტიკა არ აწყენთ!-დაეთანხმა ვამეხი და ოთახში მიიმალა. ჩიტივით განაბული ვამეხი კესას თვალს ვერ აშორებდა: ”ღმერთო ჩემო, როგორა ჰგავს საცოდავ დაროს?!”.
ვითომდა, უშუალობით შემკული დეპუტატები მოუცლელი იერით გადმოლაგდნენ ტურისტული განწყობის აღმძვრელ ავტობუსის სალონიდან. ჩარბილია გორაზე ფეხდადგმულებმა გრძნეული ციხე და მისი მიდამო ფარულად დაზვერეს… მერე ვამეხის მიწვევით მათთვის გამონთავისუფლებულ კოშკურებს მიაშურეს. იქაურობა გამომცდელად მიმოათვალიერეს.
-ჩვენთან დემოკრატიაა, გინდ შიბაქზე დაუკრავთ, გინდ სალამურზე…-ხალიასიანად შეეგება სტუმრებს ბექა და პათეტიკურად შეჰყვირა,-ვივა ტრიბუნებს!-შემდეგ ყოველ მათგანს საპნის ბუშტების გასაშვებად შიბაქები ჩამოურიგა და თანაგრძნობით გაუმხილა,-ვიმედოვნებთ, თქვენს მიერ გამოშვებული საპნის ბუშტები, ყველაზე ნატიფი იქნება ჩვენს დემოკრატიულ ეპოქაში!..
დეპუტატები, რომელთა უმრავლესობას ძალზე სურდა, საფარველად მორგებული სოლიდურობა არ წაეხდინა, ერთი პირობა, ვითომდაც ამრეზით განაპირდნენ, მაგრამ მერე ზღაპარაბანოს მშვენიერებით მოხიბლულებმა ცთუნებას ვეღარ გაუძლეს და საპნისსითხიან კოლოფებისკენ მიუჩოჩდნენ. ხოლო მოაჯირზე აცეკვებულმა ბექამ ჩაპუტკუნებულ პარლამენტარ ქალს თავისებურად მიულექსა: -კეკლუც-კეკლუც დეპუტატო, ხალხის მსახურო, საპნის ბუშტები გაუშვი, არ იმარხულო!-მერე მის მკერდთან თავდახრილმა შიბაქი ბუშტების გასაშვებად შეუმზადა და ატკარცალებულ დიაცს დინჯად უკარნახა,-ჩაბერეთ ჰაეროვნად, გააჩინეთ უმშვენიერესი საპნის ბუშტი, გააფრინეთ და სულისთქმა მთელი აღმაფრენით მიადევნეთ…
-მომავალზე რას მეტყვით?!-გაიხუმრა ქალმა და მიანიშნა, ვიცით რა ჩიტიც ბრძანდებიო.
-მომავალი უნიკალური მოვლენების შეცნობაშია!-შთამაგონებლად მიუგო მან და უცაბედად გახალისებულ მამაკაცისკენ გადაინაცვლა.
-ნახეთ, ნახეთ, ჩემი გაშვებული ბუშტი რა გრაციოზულია!-შეაგება კაცმა, თან შიბაქიდან ამსხლტარი საპნის ბუშტი ტაშისკვრით გააცილა.
-დიდებულია, მიდით, ნუ შეყოვნდებით, ქაფს არ მოგაკლებთ!-სტვენა-რაკრაკის ხმაში ნახელავი შეუქო ბექამ და ურჩია,-მიენდეთ, სრულიად მიენდეთ თქვენი სულის ძახილს… ჩვენთან დემოკრატიაა, გინდ აშკარად იყაჩაღებ, გინდ იდისედენტებ, გინდ იბოლშევიკებ!-ქარაგმულად მიუხმატკბილა ბოლოს და შეამჩნია ცაში აჭრილი ნაირფერადი ბუშტები მინიატურულ აეროსტატებსა და დირიჟაბლებს ემსგავსებოდნენ,-მალე ფეირვერკიც შესდგება…-იწინასწარმეტყველა უცებ და ბავშვებთან მოჟრღურტულე კესასკენ განავარდებულმა, საპნის ბუშტების მთელი ქარავანი სხვებისდა ფარულად ნანამზეს მიმართულებით მიდენა.
-რა კარგია, რა კარგი, ნეტა პარლამენტი, სულაც აქ გადმოიტანონ!-ინატრა ჩაპუტკუნებულმა ქალმა და კოლეგებს წამაქეზებლად მიმართა,-აბა, ერთხმად, ყოველი შიბაქიდან, სალამურიდან თუ ძაფის კოჭიდან საპარლამენტო ზალპი! მოულოდნელად ნიავქარმა დაჰქროლა, ნანამზეს ვუალი აუფრიალდა და ღია სარკმელში შემოჭრილი საპნის ბუშტები სახეში შეაყარა.
კესას ცქერით მოხიბლულმა ქალმა კი, ვისაც თავისი გასაჭირი, თითქმის მივიწყებოდა, სიყვარულით გაიფიქრა: ”ღმერთმა ისმინა ჩემი ლოცვა და აი, შვებად ჩემიანი მომივლინა…”, მერე თვალწინ დატრიალებული სასაცილო დედაბრის გამოსახულებად გადასხვაფერებულ საპნის ბუშტს სული ბავშვური გატაცებით შეუბერა, უცებ მოეჩვენა პირისახიდან, თითქოსდა გუმოზური სალბუნი შენმოეცალა… სუნთქვა შეეკრა, სარკისკენ გაუბედავად მიტრიალდა და იქ პირმშვენიერი დარო იხილა, რომელსაც შეფარვით მის წარმოსახვაში ნალოლიავები ”ციური ასულის” ელფერიც დაჰკრავდა. მთრთოლვარე თითებით თითოეული ნაკვთი გადაამოწმა და დარწმუნდა იდუმალ სხივს თავისებური გრადაციის დაცვით ჯერ არნახული ”პლასტიკური ოპერაცია” ჩაეტარებინა. მუხლებზე დაეცა, ღმერთს მადლობა შესწირება… მერე ნება-ნება წამოდგა, მადლმოფენილმა გრძნეული ციხეს რიდით გახედა და უცაბედად წამოლანდებულ შიოს სიყვარულით შესჩურჩულა:
-აი, ჩამოვიხსენი ნიღაბი, იჩქარე, დატკბი ჩემი სილამაზით…
მის წინ ხელჯოხზე დაყრდნობილი შიო იდგა, მარცხენა ხელში თავღია ჩანთა ეპყრა, რომელშიც ლოტოს ყუთი და მზისფრად დაწინწკლული კაქტუსი მოჩანდა.
კაცი ქალს სიყვარულით, გამომწვევად შესცქეროდა…

დასასრული და, საწყისი…


***
”შეშლილთა” ტკბილი სულები
სარჩევი

1.ბედისწერის ნიღაბ
2.ჭუჭრუტანა მოჯადოებულ წრეში
3.სიკვდილისწინა მონოლოგი
4.მახრჩობელა სხივი თუ
5.სავარძელი, აი, აქ იდგა
6.ამაღლებულ გრძნობათა თეატრი
7.უცხოგვარად მობერებული ქალი
8.ქოსა ტიმოთს არაკები, და…
9.უცნაური ლოტოს რებუსი
10.კაქტუსისგან დანესტრილი მომხიბლავი ყაჩაღი
11.ობორონშჩიკებიდაქვისლოედი
12.იპოვე სამშობლო!
13.”კოსმიური მირაჟი
14.ფეხებაშვერილი საპარტაძლო
და გასაიდუმლოებული ობიექტი
15.გახიზვნა მინიატურული გასაღებით
16. ზღაპარაბანო
17. უცხო ფენომენი დაავარდნილი
18. ბენე-ხლამპრეს მორიგი ავანტიურა
19. ქეიფიდან წყალდიდობამდე
20. ლეგენდა უხილავ განძზე
21. ალისფერი ჩოხის ოდისეა
22. მოუხელთებელი ამპლუა
23. დრამაში გადაზრდილი სკეტჩი
24. ფერისცვალების გრადაცია
25. ”საიდუმლო კლიტენის” გათვლები
26. ”გიჟის” სურნელით მოხიბლული საბედო
27. შიბაქები და სალამურები
28. ძალად გამასპინძლებულები
29. გენერლის ტრიუმფი და
ბექას წარმატებული ფლირტი
30. სავარძლის ნათება
31. რეალობა და სასწაული


***
ჯანრი გოგეშვილის რომანები:

***

ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, "The Herald of Dawn", Some parts from the novel.

  • ***

***
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...

საძიებელი
The index

/

.\
***
***
***


***

***
free counters
***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

***


Комментариев нет:

Отправить комментарий