ალისფერი ჩოხის ოდისეა
ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მომხიბლავი ქვრივი თაკო, თავის მოზრდილ შვილებთან ერთად მდინარის სანაპიროზე, წყალდიდობის შედეგად გამორიყულ ხე-ტყესა და სხვა რამერუმეებს აგროვებდა. სოფლის განაპირას მცხოვრებთ, ამგვარ რამეზე, სხვებზე მეტად მიუწვდებოდათ ხელი, რადგან მათ ეზოსთან, თავთხელზე მდინარე ორ ნაკადად იყოფოდა და მიტაცებულსაც უმეტესწილად იქაურ მეჩეჩებსა და სანაპიროზე ტოვებდა. კოხტა ტანის, მრგვალსახა, ქერათმიანი, სველ ბარძაყებზე შავკაბააკრული თაკო და მის აქეთ-იქითა მხარეს მოტრიალე შავტუხა ბიჭები, იმგვარ კონტრასტულ შთაბეჭდილებას ჰქმნიდნენ, რომ უცხო კაცს შეიძლება ადვილად ეფიქრა, ეს ლამაზფეხება, ქერათმიანი ქალი სტიქიონმა ნეტა საიდან გამორიყაო. თაკო ქვრივობას მონდომებით იმშვენებდა, და იმ ორიოდე წლის მანძილზე, რაც მეუღლე დაჰკარგა, თითქმის მხოლოდ ოჯახისა და შვილების მოვლით გახლდათ დაკავებული. ქმარი უმეტესწილად, ისე ენატრებოდა, როგორც თავისი შვილების მამა… რადგან ბიჭებს მისი გვარიანი ხათრი და შესაბამისი შიში ჰქონდათ. არადა, იგი გამუდმებით, ვიღაცის ჩხუბში იყო გახვეული და ბოლოს და ბოლოს, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბიჭები, უკვე საკმაოდ ტანსრულები იყვნენ და არც ბავშვები ეთქმოდათ. უფროსი კონა ოცი წლისა იქნებოდა, უმცროსი კოხტა, _ ჩვიდმეტისა. მაგრამ უფროსი ჭკუასუსტი გახლდათ და თუმც, უმცროსი და გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა, როგორც კი, ძმასთან კინკლავში ჩაერთვებოდა, თავისდა გასაკვირად, ისიც ავზნიანს ემსგავსებოდა. ამიტომაც, ქალს თადარიგი დაეჭირა და მათთვის ერთმანეთის დაშორებით გამოეყო ”სამეკობრეო” უბნები. თავად, შვილების შუა მდებარე მონაკვეთზე საქმიანობდა, რათა მოქიშპეთ წაჩხუბების საბაბი ნაკლებად მისცემოდათ. მშვენიერი, მზიანი ამინდი იდგა, ალაგ-ალაგ მიწასა და ცას, თითქოსდა ერთიანი ოხშივარი ასდიოდა. და ზოგჯერ, თავისთავდ გარინდული თაკო, იმ ორთქლის მათრობელა სურნელში ინთქმებოდა. მოულოდნელად, ამგვარი შთაგონებით შეპყრობილმა შორიახლო მდებარე მეჩეჩზე გარიყულ ბოგირზე, ახლაღა შენიშნა შიმშილისგან დაოსებული, ოღონდ ჩოხითა და ქამარ-ხანჯლით მორთული ხბო, რომელსაც თავთან სალამური და შიბაქი ედო. თვალებს არ დაუჯერა, წამით იფიქრა ვიღაც შეზარხოშებული ტივზე წამოწოლილა და ქეიფგადახდილ ყარაჩოხელივით მზის გულს ეფიცხებაო. გამორკვეული სწრაფად მიუახლოვდა ბოგირს, ბოჩოლას ჩუმად მიუალერსა და უმალ ჩოხამ და ქამარ-ხანჯალმა მიიქცია მისი ყურადრება. ერთიც და მეორეც მარდად შემოაცალა ხბოს და რაკი მათ ვარგისიანობაში დარწმუნდა, მაშინვე გაიფიქრა, უეჭველად ღმერთის წყალობაა, ჩემი კოხტას მოსაკაზმად გამოგზავნილიო. საქმე იმაში გახლდათ, რომ კოხტა სოფლის კლუბთან არსებულ მოქმედ ანსამბლში საუკეთესო მოცეკვავედ ითვლებოდა. მალე კი, ქვემოდაბაში, ტრადიციისამებრ მოცეკვავეთა თავისებური ოლიმპიადა გაიმართებოდა (რაც, თავის დროზე, კუტის ”ლოცვა-კურთხევით” ტარდებოდა), სადაც საქვეყნოდ განთქმულ ანსამბლ ”ნანინსათვის” (ეს სახელიც კუტის დარქმეული გახლდათ) პერსპექტიულ მოცეკვავე ყმაწვილთა შერჩევა ხდებოდა. ვისაც ბედი გაუღიმებდა, სოფლის მცხოვრებთა აზრით, მის ბედს, ძაღლი არ დაჰყეფდა… ეს ღვთისგან ნაბოძები ჩოხა და ქამარ-ხანჯალი, როგორმე სასწრაფოდ უნდა გადავმალო, თორემ კონამ თუ შეამჩნია დავიღუპებიო, გაუელვა ფიქრში თაკოს და კაბის უბეში დაუფიქრებლად შეუდგა ჩოხის ჩატენვას. მაგრამ უკვე გვიანღა იყო, აქეთა მხრიდან კონა ამოსდგომოდა, იქითა მხრიდან _ კოხტა. ავზნიანმა ხბოს წინ დალაგებული სალამურსა და შიბაქს, რომ შეხედა, ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მერე ვითომდა უსწრაფესად აუღო ალღო, ალისფერი ჩოხა და ვერცხლის ქამარ-ხანჯალი დედამისს მარჯვედ წაართვა და სახლისკენ გაიქცა. შეჩერდი, ჩოხა, ხომ მე მჭირდებაო, გამწარებით მიაძახა ძმამ და გამოედევნა. -შვილო კონა, ეგ შენ, მაინც არ მოგიხდება, კოხტას დაუთმე, გამოსასვლელი კონცერტი კარზე აქვს მომდგარი, მერე საზღვარგარეთიდან, ისეთ ჯინსის შარვალს ჩამოგიტანს, ქვეყანა შემოგნატროდეს!..-მუდარით სავსე ხმით მიაძახა ავზნიანს დედამისმა. მაგრამ ვინ უსმენდა, მართალია ტანმსხვილი კონა ანსამბლში არ ცეკვავდა, მაგრამ ძმის ჯინაზე, შინ, ხანდახან ისეთ ბუქნს დაუვლიდა, რომ კვერცხის დასადებად დამჯდარი ქათმები საბუდარს ტოვებდნენ, ჭალისკენ პანიკური კრიახით გარბოდნენ,-შვილო კონა, აი, ნახე, რა კარგი ბოჩოლაა, შენი იყოს! გაზარდე, უღელში შეაბი და შენ რომ გაგიხარდება ისე გახედნე!..-ახლებურად დაანამუსა უფროსი შვილი. ოღონდ, ხბოს დარდი ძმათაგან არც ერთს არ ჰქონდა, თუნდაც, ისევ წყალს წაეღო და მგლის ლუკმად ექცია. წყალში ჩაცვენილები ხელჩართულ ბრძოლაში იყვნენ და ერთურთს ჩვეულებისამბერ არ ინდობდნენ. სასომიხდილმა თაკომ ნებსით თუ უნებლიეთ თავწამოწეულ ხბოს მიუალერსა და იქვე დადებულ სალამურსა და შიბაქს დაჩერებულმა გაიფიქრა: იქნებ ეს საკრავები, მაინც გადავუნახო ჩემს კოხტასო და ორივე შეფარვით ჩაიდო უბეში. -დედა, თუ არ დააბრუნა, იცოდე დავკლავ!-მოესმ უცებ ნაპირზე გასული კოხტას დაძახილი, რომელიც ხელიდან გამსხლტარ და ჭალისკენ გაქცეულ კონას ქვებს ესროდა. -ნუ გეშინია, შვილო, გულს მოიჯერებს და დაგითმობს…-პერანგშემოფლეთილი შვილი დაამშვიდა მან. მერე მკერდზე, რაღაც უცნაურად, ვნებამორეულივით მოივლო ხელი,-მოდი, მოდი მომეხმარე, ბოჩოლ;ას მივხედოთ…-წარმოთქვა კრთომით. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, მკერდში, რაღაც მისთვის გაუთვითცნობიერებელი სასიამოვნო სითბო ეღვრებოდა. დაბნეულმა ხბო ფრთხილად აიტატა და ნაპირისკენ წავიდა. -დედა, თუ არ დააბრუნა, იცოდე დავკლავ!-კვლავ გაუმეორა ქვების სროლაში სხვანაირად გაწიწმატებულმა ბიჭმა. -ნუ გეშინია, შვილო, მალე მოსწყინდება, საღამოს დაძინების წინ გაიხდის და გადავმალავ!-კვალავ დააიმედა დედამისმა და ხბოს სხეულზე ნიკაპჩამოდებულმა, ფიქრში კონას მიერ გატაცებულ ჩოხას მიადევნა თვალი, გაიფიქრა: ”ნეტა მაცოდინა, რა კაცის ნაცვამია ასეთის?!”, ეს რა წამომცდაო, შეიცხადა უჩუმრად, შვილს თვალი აარიდა და ბოჩოლას ზურგი დაუკოცნა. -თუ არ დააბრუნა, ღორივით დავკლავ!-ძველებურად დაიქადნა ხბოს დანახვით, ოდნავ დაშოშმინებულმა ბიჭმა, დედამისის მისაშველებლად წამოვიდა. -კი, შვილო, კი, დაგიბრუნებს!..-დაპირდა ხელებგანთავისუფლებული და უბეზე ნამალევი თრთოლვით მიმოიფათურა ხელი. მაგრამ ისე, როგორც მას არ უფიქრია შიბაქისა და სალამურის სამზეურზე გამოტანა, არც ჭკუანაკლულს მოსვლია აზრად ტანზე ძალისძალად მორგებული ჩოხის გახდა ან წელზე შემორტყმული ქამარ-ხანჯლის შემოხსნა. ის კი არა, რამდენჯერაც ძმამ მიახლოება დააპირა, იმდენჯერ ხანჯალი იშიშვლა, სახეზე დაეტყო, რომ თავდასხმის შემთხვევაში საკუთარ დედასაც არ დაზოგავდა. ღამე ”ყაჩაღად” გავარდნილმა ჭალაში გაათია. ეტყობა, ქათმის საბუდარში მოპოვებული კვერცხებით შიმშილიც იქვე მოიკლა. შინ დაბრუნება არც უფიქრია. თაკო ჭრაქით ხელში შუაღამემდე მიმოდიოდა მდინარის იქითა-აქეთა მხარეს, ვაჟიშვილს უიმედოდ დაეძებდა. დაღლას ვერ გრძნობდა და კიდეც სიამოვნებდა მთვარიან ღამეში, ასე ხეტიალი. შეუბღალავი სიამით მოცული, შიგადშიგ, ისე ვნებიანად დაიკვნესებდა, რაღაცით მიწიერი სიყვარულით დანექტრილ ფერიას ემსგავსებოდა. შიბაქი და სალამური კვლავ უბეში ეწყო და ასე ეგონა ძუძუებთან ნანატრი კაცის სურნელი ჰქონდა ჩაბუდებული. უკვე საბოლოოდ გამოსტყდომოდა საკუთარ თავს, რომ გარდაცვლილი ქმარი, ვისაც ვითომდა სიყვარულით დაეწყვილა, ნაკლებად ახსენდებოდა. ალბათ იმიტომო, იმართლება თავს, რომ ცოცხლად მყოფს შინ იშვიათად ვხედავდი, შემთხვევით დაბრუნებულთან დაწოლა არ მსიამოვნებდა, გაუცხოებული ვიყავი და ყველაფერი ეს, მისი ბრალიაო. მერე შერცხვა, მოეჩვენა სახესა და სხეულზე სიწითლე მოეფინა. უბეში მალვით ჩაიცურა ხელი, თითებით შიბაქასა და სალამურს გაუბედავად შეეხო, ჩვეულებისამებრ სანეტარო ჟრჟოლვამ დაუარა ტანში. წამით, ვიღაც უცნობი კაცის შორეული, მაგრამ მათრობელა ალერსი შეიგრძნო და შეშინდა: ესაა და თავი მომეჭრებაო. იქვე, საკუთარ თავს აუჯანყდა, შიბაქისა და სალამურის მოცილება მთელი შემართებით გადაწყვიტა, მაგრამ უცაბედად ხელში ძალა გამოელია, მოეშვა და უმწეოდ აქვითინდა. ”ჯადოთი ვარ შეკრული…”, დაასკვნა მარტივად. შვილის ძებნას თავი მიანება, დასაძინებლად შინისკენ გასწია. საწოლზე გაუხდელად მიეგდო. გვიან ღამით გამოღვიძებულს მოეჩვენა, რომ ძუძუებთან საგულდაგულოდ დავანებულ ”საკრავებს”, მისი ქვეცნობიერიდან იმპულსები, თავისებურ სააღსარებო მელოდიად გამოეტყუებინა და ახლა, უჩუმრად, საარშიყო კუპლეტების ჰანგად უბრუნებდა. ”ჯადო მაქვს, ჯადო!”, საბოლოოდ დაასკვნა ქალმა. უბიდან შიბაქი და სალამური თავგამეტებით ამოიღო, ბალიშის ქვეშ შემალა და ოთახიდან გავარდა. თავდაპირველად ხბო მოინახულა, საწოვარაწამოცმული ბოთლით რძე დაალევინა, სანუგეშო სიტყვები დასჩურჩულა. მერე კოხტა მოიკითხა, მაგრამ ახლომახლო ვერსად იპოვა, შეშფოთებული გზიდან გადავიდა. მწველად გრძნობდა მკერდი, ისევ შიბაქ-სალამურთან ჩახუტებას ითხოვდა და რა ექნა აღარ იცოდა. გაცხარებით დაიწყო ბიჭების მოხმობა, თან ჭალისპირს გაფაციცებული ათვალიერებდა. გზად მოულოდნელად მდინარის იქითა მხარეს, ფიცრულ სახლში მარტოდმარტო მცხოვრები დედაბერი ქსენო შემოხვდა, რომელიც თავისებურად ექიმბაშობდა და ჯადოსნობაშიც გახლდათ შემჩნეული. -რა დაგემართად, რამ გადაგრიათ?! შენმა ბიჭებმა გათენებულზე კინაღამ დახოცეს ერთმანეთი?!-თანაგრძნობით შეეხმიანა იგი,-მერე კონა ჩემს ეზოში შემოიპარა და ხვეწნით ამიკლო დამმალეო, რა მექნა, ავუშვი ნალიაში… არ გასულა ათი წუთი და მომადგა კოხტა, ძლივს დავარწმუნე, ის შენი ძმა, აქეთ გამოვლილი არ დამინახავს მეთქი… -შენ გახარებას, გვიშველე ქსენო ბიცოლა!-შესთხოვა გამოცოცხლებულმა თაკომ,-კოხტას საკონცერტოდ ჩოხა შევუკერე და კონამ მიითვისა, ვერაფრით ვერ გავხადეთ, იქნებ მოუხერხო რამე, შენებურად დააშოშმინო და… ბავშვობაში ხაშხაშის ნახარშს ვასმევდი და იყო მშვიდად, ახლა ყველაფერი ნარკოტიკად მონათლეს და შიშით ვეღარ ვთესავ…-მკერდზე მშფოთვარედ მიმოივლო ხელი. დედაბერმა გამომცდელად შეათვალიერა. -სწორედაც, ყაყაჩორას წვენი მაგისთანა ავზნიანისთვის მისწრებაა… ალბათ, ამ წყალდიდობისას, რაიმე ისეთ ჯადონაქნარს გადაეყარეთ, რომ…-ჩაილაპარაკა შეპარვით და დაასაქმა,-წადი და ახორში შვინდისფერი ბოჩოლა, რომ გყავს, ცოტაოდენი იმის ბალანი მომიტანე! თაკო გახარებული გაბრუნდა სახლისკენ. ხბოს ალერსში რამდენიმე ბალანი ააცალა და ჯადოსიტყვების ბუტბუტით მიმავალ დედაბერს დაეწია. მან ბეწვი გამოართვა, ანთებული ასანთის ღერზე დაწვა, სული თანამგზავრისკენ პირშექცეულმა შეუბერა და დამაიმედებვლად თქვა: -იქნებ, შენც შვება იგრძნო…-მერე გაწითლებულ თაკოს გამომცდელად შეაჩერდა და გამაფრთხილებლად უთხრა,-ისე, ზოგი ჯადოს ახსნა, მეც არ შემიძლია, განსაკუთებულებს სხვანაირი სასწაულმოქმედობა ჭირდება…-ჩაღიმებული საცალფეხო ბოგირისკენ გაემართა. -მე რა უნდა მჭირდეს სამაგისო?..-დაბნეულად იკითხა მან და უცებ მოეჩვენა, ის ”ჯადოსნური საკრავები” კვლავ ძუძუებთან ეწყო. აილეწა და მკერდთან ხელი ვერ მიიკარა. ხმაგაუღებლად მიჰყვებოდა გულთმისან დედაბერს და ნატრობდა, ჩემს შესახებ, რამე ”ისეთით” არ დაინტერესდესო… ბოგირზე ყოჩაღად მიმავალ დედაბერს, თითქოს სხვა საფიქრალი გასჩენოდა. ჯადოსიტყვებს კვლავ გაბმით ბუტბუტებდა. იცოდა კონას ავზნიანობას, ასე ერთბაშად ვერაფერს უშველიდა… მაგრამ იცოდა, ნამალევად გადანახულ ყაყაჩორას ნახარშით პირსახოცს დაასველებდა, ფეთიანს საგულდაგულოდ შეუმშრალებდა გამურულ პირისახეს, თან თავისებურად შეულოცავდა, უმტკივნეულოდ დააძინებდა. ოციოდე წუთის შემდეგ, ალისფერი ჩოხითა და ვერცხლის ქამარ-ხანჯლით ხელდამშვენებული ქსენო ნალიიდან ჩამოვიდა, ფიცრულთან მიმალულ თაკოსკენ გამოემართა. -ნუღარაფერი გაშინებს, ეგ შენი კონა ხვალ საღამომდე მკვდარივით იძინებს!-შორიდანვე გამოსძახა დედაბერმა და ეზოში, საიდანღაც, კარგა ხნის ჩასაფრებულივით კოხტა შემოიჭრა,-აა, შვილო, ჩაიცვი და აბა, შენ იცი, როგორ გვასახელებ,-”ნადავლი” შეაგება. ბიჭი არ შეყოვნებულა, მოუთმენლად გამოეწყო ჩოხაში, ვერცხლის ქამარ-ხანჯალიც მარჯვედ შემოირტყა წელზე, მხრები გაშალა, წაიცეკვა და მასპინძლის აღტაცება დაიმსახურა. დედაბერმა სამოსი შეუქო, დალოცა. მართალაც ძალზე უხდებოდა ალისფერი, ქარვისფერმასრებიანი ჩოხა. ”ნეტა მაცოდინა, რა კაცის ნაცვამია ასეთის?!”, თავისდა უნებლიეთ გაიფიქრა გულაჩქროლებულმა ქვრივმა, შემკრთალმა დედაბერს თავგამეტებით დაუწყო ლოცვა და შესთხოვა, ამ ბიჭს გამოსვლა ძალზე მინდა ვნახო და იქნებ ხვალ საღამომდე იმ გადარეულს მიმიხედოო… -რა უჭირს ფუჩეჩზე წევს, თუ აცივდა რამეს გადავაფარებ…-დააიმედა დედაბერმა და უცებ, თითქოს ახლა გაახსენდაო, ისე უთხრა, მაინც იქითკენ მიდიხართ და იქნებ, ქვემოდაბაში სასწაული გამობრწყინებაც მოინახულო, მთელი ხალხი მიაწყდა თურმე ღამეებს ათევენ. კარგი იყო, კონაც წაგეყვანა, მაგრამ ახლოს იშვიათად უშვებენ ვინმესო… ვენიკომ სხივჩაბუდებული სარკე ჩამოიტანა, დაადო თავის გოგოს შუბლზე და რაღაც ოც წუთში ფეხზე წამოაყენა. ჰოდა, ნუ დაიზარებ, მოილოცე იქაურობა, იყიდე ის ჯადოსარკე, იქნებ ეშველოს ამ საცოდავს…-დაარიგა ქვრივი. თაკოს ქვემოდაბის ხსენებაზე, უცნაურად შეათრთოლა. გარკვევით ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი, მაგრამ სხვაგვარად იგრძნო, იქითკენ თავისთავად მიუწევდა გული. თავი, რომ არ გამოეაშკარავებინა ქსენოს ნაჩქარევად გამოემშვიდობა. დედაბერმა დედა-შვილს გზა დაულოცა და თავისთვის გაიფიქრა: ’შეყვარებულივითაა ეს ქალი…” თაკო შვილს თვალს არ აშორებდა. ”ნეტა მაცოდინა, რა კაცის ნაცვამია ასეთის…”, გონებაში აკვიატებულ ფრაზას სიამით იმეორებდა. კოხტა შინ მისვლისთანავე სარკის წინ დატრიალდა და დედას უთხრა: -აუჰ, პირდაპირ ჩემს ტანზეა შეკერილი. აწი რაღა დამიდგება წინ! -ჰო, შვილო, ჰო, აბა, თორემ სკოლიდან ნათხოვარი, მართლაც ნათხოვარივით გადაგა ტანზე… ვეღარაფერს გეუბნებოდი, თორემ ისე გული მიკვდებოდა…-თანაგრძნობით გაუმხილა თაკომ, ჩოხას ალერსით გადაუსვა ხელი, შვილი აიძულა გაეხადა და მერე მთელი ორი საათი გულმოდგინედ წმენდდა, აუთოებდა, და შიგადაშიგ სასიამოვნოდ აფორიაქებული ფიქრობდა, ”ნეტა მაცოდინა, რა კაცის ნაცვამია ასეთის?!”
მოუხელთებელი ამპლუა
ალონისას, ჩაქურით შემოსილი, ყაბალახით თავწაკრული და ნაბადმოსხმული ბენე-ხალამპრე მედიდურად გამოძვრა გამოქვაბულიდან. ვიწრო, უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ ბილიკზე ფეხშედგმულმა, ისე, როგორც წარსულში ჩვეოდა, ორიოდ მეტრი მარდად გაირბინა და მუხის ძირს ქვემოთ მდებარე, სათადარიგო სამალავთან შესდგა. ”ხომ მივაყარე ბომბები, ერთიც ვნახოთ, აქ, ჩემს გარეშე, პარეთეს ბიჭები, როგორ მოიკიდებენ ფეხს…”. მერე, იმაზე დაფიქრდა ”საიდუმლი არსენალიდან”, სადაც, თავის დროზე პართესგან მიბარებულ იარაღსა და ასფეთქებელ ნივთიერეებეს ინახავდა, როგორ გადმოეზიდა გრანატების მორიგი პარტია. მოულოდნელად კლდე-ციხიდან გადმოფრენილი ფრთახატულა ჩიტუნა ჩარბის ასულის ხატებად წამოელანდა. წამით დაიზაფრა, მერე მხარზე ჩამოკიდებულ ხის ბუდიდან მაუზერი დააძრო და უფსკრულში ჩაშვებულ, სიბნელე-სინათლის ზღვართან მდებარე, ღრმულად მოჩინარ ალაგას შეფრენილ ფრინველს, ზედიზედ ესროლა. -გინდ ჩიტად მომევლინე და გინდ ანგელოზად, მაინც ვერაფერს დამაკლებ!-მშფოთვარედ შესძახა თან. მართლაც რომ საოცარი ”მეტამორფოზა” განეცადა; ერთბაშად გამოყოჩაღებული თავისებურ აპოგეას განიცდიდა. ”ობორონშჩიკებს აქ, ეტყობა მიწისქვეშა კოსმოდრომი ჰქონდათ… ტონობით ფერადი ლითონი იქნება ჩამარხული… ჯგუფი უნდა შევკრა… პართეს გასაღება ავარდნილს გადბრალდება და განაწყენებული ბიჭები, მე გამომყვებიან…” -ნეტა, ვინ ჩათლახმა გაბედა აქეთკენ გასროლა?!-ბრაზიანად შესძახა ვიღაცამ და გრძნეული ციხის ქონგურს, ერთგან იარაღში ჩამჯდარი გაურკვეველი გასამხედროებული დაჯგუფების წევრები მოადგნენ. მოპირდაპირე მხარე მტრულად დაზვერეს. მერე ერთმა ავტომატის ჯერი უფსკრულის გასწვრივ მიუშვა. გაოცებულმა ყაჩაღმა პისტოლეტი უმალ მისკენ მიმართა. ”ჰმ, დამასწრეს, გუშინ, რომ ვეტმფრენი ტრიალებდა, ეტყობა ციხის გარნიზონიც გადმოსხა…”, რაღაც იყნოსა და მზაკვრულად გარინდული გაფრთხილდა: ”აქ, ამ ადგილას, არ ღირს თავის გამჟღავნება…”. იარაღი ბელყაიშში ჩამალა. დაიცადა, სანამ ციხეში ”გამაგრებულები” დაცხრებოდნენ, ვიწრო, შეუმჩნეველ ბილიკზე გველივით გაძვრა და გამოქვაბულში შებრუნდა. ”სხვა ვითარებაა, აჯობებს ჩაცმულობა გადავისხვაფერო…”, დაასკვნა შუბლზე ოფლმოდენილმა, მღვიმის სიღრმეში ანთებულ ლამპრისკენ წავიდა, სადაც ძველებურად, რაღაც საგრიმიოროს მაგვარი გაემართა. საფეთქლები ყმაწვილკაცურად უხურდა, თუმც მის ბუნაგში გვარიანად გრილოდა, სიცივეს, ოდნავადაც არ გრძნობდა. ეჩვენებოდა, რომ ასე ბუნებრივად, რა ხანია არ ეგრძნო თავი. ”ერთი კაი ქალიც კი არ მაწყენდა…”, გაუპირდა საკუთარ თავს და ქვეცნობიერად მოსატაცებელი მდედრის წარმოდგენა სცადა. მარჯვედ შეუდგა ჩაქურის გახდას და მალე, ვეებერთელა, თითქოსდა დევის ნაქონ ზანდუკიდან ამოღებული ხაკისფერ შარვალსა და ფრენჩში გამოწყობილი, გრიმის გასაკეთებლად ლამპრით განათებულ სარკეს თავისებური ნეტარებით მიუჯდა. ”ჩვენი სამხედროების ჩაცმულობაში ისეთი მასკარადია, ჩემს გენერლობასაც კი დაიჯერებენ…”, გაიფიქრა ახითხითებულმა. უნებლიეთ, ზოგ რამეს თავისი წარსულიდან იხსენებდა და თავისებურად ტკბებოდა: ამ მხარს საავაზაკოდ გადმოხვეწილმა, კლდე-ციხე ვერაფრით დალაშქრა და შიგ შეღწევის წადილით აწრიალებულმა, ქვიანი წამონაშვერის სიღრმეში მდებარე გამოქვაბულს შემთხვევით წააწყდა. იქ გაიკეთა ბუნაგი. იმ მხარის მცხოვრებლებს ეგონათ ყაჩაღი, რომლის გარეგნობასაც სხვადასხვაგვარად აღწერდნენ, ”გრძნეულ ციხეში” იდებდა ბინას. ასე რომ მიუვალი ადგილსამყოფელისადმი ჩვეული შიში, ავზაკისადმი შიშს კიდევ უფრო ამძაფრებდა.
ცბიერმა, სცენაზე ხელმოცარულმა ხალამპრემ, ყველაფერ ამას, უმალ აუღო ალღო და კლდე-ციხის ”შეუვალობას”, თავისებურ დეკორაციად იყენებდა. ახლომახლო სოფლის მკვიდრთაგან, ზოგი ისე გახლდათ შეშინებული, რომ ზოგჯერ, ამ ათასგვრად შენიღბულ ავაზაკისთვის ხარკის სახით, ძღვენიც კი მოჰქონდა. ძღვენს ვაკე-გორაზე, გამორჩეულ ადგილას, თავისი ვინაობის მინიშნებით ალაგებდნენ. ზოგი კი, ”ყივჩაღის ციხისკენ” პირშექცეული, ისე, როგორც, ოდესღაც მისი წინაპარი ”გრძნეული ციხის” გულის მოსაგებად ჩადიოდა, მოწიწებითა და თავგამოდებით გაჰყვიროდა: მიიღე ჩემგან ციხებატონო და მფარველობა გაუწიე შენს ყმას, და თავის სახელსა და გვარს მიაყოლებდა… ვინ იფიქრებდა, რომ ზაფრის მთესავი, ცხოვრებაში ნაადრევად ხელმოცარული, ასე ვთქვათ, პუბლიკაზე შურისძიებით ანთებული ყმაწვილი იყო… ხალამპრე თეტრალურ ტრადიციებით ცნობილ, ზღვისპირა ქალაქის განაპირას მდებარე სოფელში, მეთევზის ოჯახში დაიბადა. წამოიზარდა თუ არა, ოჯახისა და სოფლის ყოფას აგდებით დაუწყო ცქერა, როგორც კი საშუალება მიეცა საცხოვრებლად ქალაქისკენ გადაინაცვლა და ბოჰემურ ყოფას გაუსინჯა გემო. მალე საგასტროლოდ ჩამოსულ თეატრალურ დასს მიეკედლედა, პრიმადონად მიჩნეული ქალი შეიყვარა. ვითომდაც, თავისი განუმეორებელი არტისტული ბუნებით მისი მოხიბვლა სცადა. ოღონდ, სულ მალე, როგორც სამსახიობო ასპარეზზე, ისე სიყვარულში ხელმოცარული აღმოჩნდა. თეატრიდან ბოღმამორეული გაიქცა და ახლა მომთაბარე ცირკს შეუერთდა… იქ ჟონგლიორის ცოლს, თეთრთმიან აკრობატ ქალს ეტრფოდა. ვინაც, თავდაპირველად მისთვის ჩვეული ფლირტი გაუმართა, მაგრამ ვნების მოსაოხებელ სიყვარულზე უარი უთხრა, სასაცილოდ აიგდო. ცირკის მასახარას მიერ გამოწვრთნილ ქათმების მოვლით თავმობეზრებულმა, პოპულარობას დანატრებულმა ხალამპრემ ერთ ღამეში, ცირკის ყველა აკრობატი ქალი ”გააუპატიურა” და თუმც, არც ციხე და არც სასიკვდილო განაჩენი არ ემუქრებოდა, აბრაგად გავარდნა იჩქარა. მოძალადის ”უფლებით” მოხიბლულმა ამჯერად სხვაგვარ თამაშს მიჰყო ხელი… დაუოკებელი წადილით იცვლიდა გარეგნობას. თითქოს, პუბლიკის მოხიბვლას ცდილობდა: გატაცებით თამაშობდა, ვითომდაც ბედისწერისგან შესახელებულ მოყვასის, თანამოზარის, ბეჩავის, დარდიმანდის და ბოლოს, რათქმა უნდა, თავზარდამცემი მოძალადის როლს. რაც ხელოვნების სარბიელზე ვერ მოახერხა, ყველაფერ იმას ავაზაკურ სარბიელზე მისცა გასაქანი… ვირტუოზულად იყენებდა სამსახიობო ხელოვნებას, სპონტანურად იცვლიდა ქცევის მანერას, ხმას. ოსტატურად იკეთებდა შესაფერის გრიმს და ამა თუ იმ რეკვიზიტსაც მოხერხებულად იყენებდა… მისი დაჭერა არ ხერხდებოდა, თუმც დროთა ვითარების გამო, მაინცადამინც არც არვის გამუდვია თავი. ასე ბოგინობდა იგი, სანამ აზნაურ ჩარბის ასული არ გაიტაცა…
…იმ გახმაურებულ შემთხვევამდე, ახლომახლო სოფლებიდან, ათამდე ქალი ჰყავდა გატაცებული. ნამუსახდილთაგან, მხოლოდ სამი დაბრუნდა უკან. გატაცებამდე სამივე საპარტარძლოდ იყო შემზადებული… სამივემ, საქმროსადმი მუქარით დანაბარები ჩამოიტანა; ყივჩაღის ციხიდან შემოგითვალეს თუ არ შემირთავ, ყვერებს დაემშვიდობოსო… და შეშინებული სასიძოებმაც ირთავდნენ… მხოლოდ ერთი გახელებულა ხალხის დასანახად, საცოლე ძალზე ჰყვარებია და იმის ჯავრი უფრო სჭირვებია შეყვარებულის შერთვა, ყაჩაღის მუქარის შიშით რატომ მიწევსო… გატაცების წინ. ჩარბის ასული ქვემოდაბის სცენაზე, ყმაწვილ გობრონის ხელშეწყობით მასაკარადის მაგვარ საღამოებს მართავდა, რომელთა მონაწილეებს, ვითომდა, ციურ სამყაროდან მოვლენილ, ზღაპრულ არსებათა გამომხატველი ნიღბები და ტანსაცმლის ატრიბუტები ურიგდებოდათ. იქვე ალეგრი თამაშდებოდა. უცხო მადლით მოსილ ასულს, ქვემოდაბელების გული მოგებული ჰქონდა. წასაგებ ბილეთებს სახუმარო მინაწერი ”იყავით მხიარულნი!” ამშვენებდა. წაგებული არც არავინ რჩებოდა, რადგან ბილეთების მფლობელნი, ციდან ჩამოფრენილ, ზღაპრულ არსებათა მსგავსი, თავშესაქცევი თოჯინებით საჩუქრდებოდნენ. ერთ ამგვარ ღამეს, მასაკარადის შესაფერისად მორთული ყაჩაღი მზაკვრულად აეტორღიალა აზნაურის ასულს. ვარსკლავიან ცაზე, ვითომდა საიდუმლო ნიშნების ამოსაცნობად თამაშ-თამაშით შენობიდან გაიტყუა. პირი დოლბანდით აუკრა და ლეგა ცხენით გრძნეული ციხის შორიახლო მდებარე გორაკისკენ გამოაქანა, რათა აზნურის მიერ წამოწყებულ სახლის საძირკველთან დაუფლებოდა… უნდოდა მისთვისაც ეჩვენებინა, რომ იმ ადგილების ბატონ-პატრონი იყო. ჩარბიმ მალე იგრძნო ქალიშვილის გაუჩინარება და სხვებისდა მალულად გამოედევნა. გაამაყებული ხალმპრე დაუზოგავად მიაჭენებდა ცხენს. გორაზე ასულმა შეამჩნია მადევარი უკვე იქ იყო. ნაცადმა ავაზაკმა ”მაუზერი” საეჭვო მიმართულებით გაისროლა. აზნაურმა ჩარბიმ უცნაურად დაიწივლა და ჩაიკეცა. ასულმა მისი ტყვეობიდან მსწრაფლ გაინთავისუფლა თავი. დოლბანდი მოიხსნა.
-ეს რა ჩაიდინეთ, სასიკვდილოთ, როგორ გაწირეთ, ჩვენ ხომ მისია არ დაგვისრულებია?!-როგორც აბეზარ ბავშვს, ისე უსაყვედურა. მერე მამას ხელი მოხვია და მის მიმართ გამოთქვა სამდურავი,-თქვენც აქაურებივით სენტიმენტალური გახდით, ხომ იცოდით, რომ ვერაფერს მავნებდა, ახლა კი, გონიერთა მითითებას უნდა დავემორჩილოთ…
-ჰო, სამწუხაროა, ეს ჩემზედ განხორციელებული მეეცხრე თავდასხმაა, მკვდრეთიდან აღდგომის უფლება მეტად არ მაქვს…
-რა ზღაპრებს ყვებით?!..-ყაჩაღმა ასულს მკლავში ჩაავლო ხელი, მაგრამ მან იგი მსუბუქად მოიცილა, მამა წამოაყენა,-იძულებული ხართ ფერიცვალება განიცადოთ, უთქვენოდ ჩემი მისიაც დასრულებულია.,-წამით უცნაური მიზანდასახულობით გაირინდა.
ხალამპრე შედრკა, იარაღი ზურგს უკან დამალა. მამა-შვილი კი მთვარის შუქს ჩამოყოლილ მეწამულისფერ სხივში შესრიალდნენ, უმალვე ფრთები გამოებათ და იმ სხივის ნაკადში გაუჩინარდნენ.
-ღმერთო, მოუვლინე სინდისის ქენჯნა…-გალობის ხმასავით ჩამოესმა ავაზაკს.
დამფრთხალი ხალამპრე ცხენს მოახტა და კვერენჩხას წისქვილისკენ დაეშვა. ორიოდ წუთის შემდეგ ლეგა ცხენმა ზედიზედ წაიფორხილა და ხრამში გადავარდა.
-ღმერთო, მოუვლინე სინდისის ქენჯნა…-კვლავ გალობასავით მოესმა გონწართმეულ ხალამპრეს. მკვდარი ცხენი და ერთიანად დაჩეჩქვილი, გონწართმეული მხედარი, დილით მოსაშარდად გამოსულმა მეწისქვილე დავლურამ შემთხვევით შეამჩნია. ღრანტეში წელზე თოკმომბული ჩაეშვა და დაზარალებული, რომელშიც, თავისებურად ქეიფს გადაყოლილი ქვემოდაბელი შიცნო, სამშვიდობოს ვაი-ვაგლახით ამოიყვანა. ჯორზე გადაკიდა და ექიმბაშ ანანიასთან წაიყვანა. ანანიას ოჯახს იგი კარგად იცნობდა. მის უფროს შვილთან, კუტად მიჩნეულ, ახალგაზრდა კაცთან, დიდშუბლა დანიელ ჩარბიძესთან, შიგადაშიგ ძმაკაცობდა კიდეც. დანიელი დაბადებით ხეიბარი გახლდათ. გადმოცემით, ბავშვის მომლოდინე დედამისი გაბნეული თხების ძებნას ”გრძნეული ციხის” მიდამომდე გაეტყუებინა. შემდგომში ჩარბილიას სახელით წოდებულ, მაშინ კი, უსახელო გორაზე ასულს ნებიერად მოკიკინე მეწველი თხის ჯიქანთან თავწამოყელყელავებული მაჯის სიმსხო გველი დაუნახავს. შიშისგან თავგზაბნეულს თხის გადევნა უფიქრია. განაწყენებული გველი, გრძელი, ორკაპა ენის სისინით მისკენ გამოქანებულა. მუხლებმოკვეთილი ქალი, იქვე ჩაკეცილა და მშობიარობა დასწყებია. ძალაგამოლეულს გაჭინთვის თავი აღარ ჰქონია. გველი კი, მის ფეხებს შუა შემძვრალა და თითქოსდა ახალშობილის მოლოდინში თავაწეული გარინდულა. სასოწარკვეთილ ქალს გრძნეული ციხის ნანგრევისთვის მოუკრავს თვალი. იქაურობას გულმხურვალედ შევედრებია, გასაჭირიდან მიხსენიო… უცებ, მუცელზე, რაღაც ცეცხლის გორგალის მაგვარი დასცემია. აკივლებულა, აბორგებულა და მალე ბავშვის ჩხავილიც გაუგია. წამოწეულს უხილავს, ახალშობილს უსიცოცხლოდ გაშოტილი გველის თავზე ედო შუბლი, გეგონებოდათ, ქვეყანას თავის ნავაჟკაცარის სანახავად უხმობდა. ბოლოს არ მახსოვს, რა მოვიმოქმედე და არც ის, ბავშვით ხელში კვერენჩხას წისქვილთან, როგორ აღმოვჩნდიო, იგონებდა მერე დედამისი. ანანიამ დიდხანს უტრიალა ახალშობილს, სხვადასხვაგვარი მალამოთი შეზილა. აქა-იქ საქვეყნოდ ცნობილი, თავისი თაბაშირიც დაადო, მაგრამ ვერაფერი უშველა. დაბადებიდან თუ დაბამდებამდე ხეიბრად ქცეუილ ბავშვი ხეიბრადვე დარჩა. იგი საოცრად ნიჭიერი ყმაწვილი იზრდებოდა და თუმც, ფეხებგაშეშებულს დამოუკიდებლად გადაადგილება ძალზე უჭირდა, მამამისის დიდი დამხმარე გახლდათ. მის მომდევნო და-ძმებსაც, თითქმის იგი პატონობდა. მერე დანიელი სოციალისტობამ გაიტაცა. თანამოაზრეებში, თავისი განსწავლულობითა და გონიერებით გვარიანი ავტორიტეტი მოიპოვა. მეწისქვილე დავლურას მისი რიდი და პატივისცემა ჰქონდა. -ქეიფს აყოლილი ქალაქელი უნდა ჩანდეს…-ორაზროვნულად მიანიშნა ძვლებდალეწილ ხალამპრეზე,-მგონი ტვინის შერყევა მიიღო და თუ გამოკეთდა, ხასიათიც გამოუკეთდება. ასეც მოხდა. დაშავებულმა ყაჩაღმა ექიმბაშის ოჯახში რამდენიმე თვე დაჰყო. ანანია მოტეხილობას მკურნალობდა, დანიელი კი, მის გონებას წვრთნიდა. რადგან ბენეს ნაწილობრივ მეხსიერება ღალატობდა. ”სუფთა ფურცლიდან, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყო აზროვნება!”, უნერგავდა დანიელი და ისე აჩვენებდა თავს, თითქოს სჯეროდა, რომ იგი უსამართლობას გამორიდებული, ერთი უცოდველი ხიზანი იყო. ოღონდ, შიგადაშიგ, ისე ჩაძიებით შეაჩერდებოდა, რომ ხალამპრეს სიმწრის ოფლი ასხამდა. თავის ნაავკაცარს იხსენებდა და ვერც იხსენებდა. ხოლო ”მოძღვარი”, თითქოს მისი მოსალოდნელი აღსარებით სულის დამძიმებას ერიდებაო, უმალვე კაცობრიობის ნათელ მომავალზე გაუბამდა ლაპარაკს. ჩაგრულად თავმიჩნეულ ხალამპრესაც შვება ეუფლებოდა; გრძნობდა დრო იცვლებოდა და თუ ძლიერ მფარველს არ გაიჩენდა, სადმე გაწუწკებულ, სოფლის ამწიოკებელ ძაღლივით ჩაჰკლავდნენ… ბოლოს და ბოლოს, ირწმუნა საპყრის შეგონება და თავისი ”ნაავკაცარი”, როგორღაც ”კაცობრიობის უკუნეთში” ჩამარხა. რადაც, ქვეცნობიერში კლდე-ციხის მისადგომთან არსებული უფსკრული ესახებოდა. თავდაპირველად, აგიტბრიგადას ხელმძღვანელობდა. მერე ქვემოდაბის გაზეთს რედაქტორობდა; ”დაიჭირეთ ჟულიკია!”, ამგვარი სახელწოდებით, ხშირად აქვეყნებდა უსახელო წერილებს და ”ახალი ცხოვრების” დაუოკებელ ენთუზიასტად ითვლებოდა. მაგრამ ფარულად ყველაზე დიდ ერთგულებას, მაინც კუტის მიმართ იჩენდა. მისი მინიშნებისდა მიხედვით გამორჩევით მსტოვრობდა… ბოლოს, ისევ სცენისკენ გაუწია გულმა და კულტურის სახლის დირექტორად განწესდა. ყაჩაღობის ხანას იშვიათად და თუ მაინც, ისე იხსენებდა, თითქოსდა ბედის-წერის კაპრიზით, ერთი ვინმე ავაზაკის სცენურ სახეზე ემუშავნა. მაგრამ დაროს მშვენიერებით მოხიბლულს, მოულოდნელად ძველმა სენმა გაუხსენა. კულტურის სახლიდან გობრონის წასვენების შემდეგ, დრო იხელთა თუ არა, კულისებში განმარტოებულ, მოქვითინე დაროს დაადგა თვალი. სასწრაფოდვ გაიკეთა გრიმი, ფრენჩში გამოეწყო, ტირილით დაოსებულ ქალიშვილს უჩუმრად მიეპარა, თითებით საძილე არტერია გადაუკეტა, გააბრუა და გაიტაცა. თვალწინ აზნაურის ასულის ხატება ედგა და ქალის დაუფლების სურვილით აღგზნებული ”მოსკვიჩს” ჩარბილიას გორასკენ მიაქროლებდა. მერე მსხვერპლის იმგვარი სახეცვლილებით შიშნაჭამი და აოტებული, ყოველნაირად ცდილობდა მოძალებული მშფოთვარება, საქმისადმი თავდადებით ჩაეხშო. დაროს გაუჩინარებით დაიმედებული კი, ეჭვმიტანილთა დასჯას თანამიმდევრულად ითხოვდა. მაგრამ კუტს ალღო კარნახობდა, ნაყაჩაღარს უცაბედად მოძალებული ცდუნებისთვის, რომ ვერ გაეძლო და ახლა ნაავკაცარის შენიღბვას ლამობდა. მას, არც ერთგული ხელქვეითის დაკარგვა სურდა და არც ის, რომ მისი ”ექსპერიმენტი” კრახით დამთავრებულიყო. გადაწყვიტა შეგირდის ”მსოფლმხედველობაში” დროული კორექტირება შეეტანა. დაიბარა, დაუყვავა და შთაუნერგა, რომ მასში დიდი მაშტაბის ხელოვანი თვლემდა. ხშირად უხსენებდა ბოლშევიკურ ჰეროიზმს, ამაღლებულ გრძნობათა გრადაციას, კაცობრიობის ნათელ სწრაფვას უკეთესი მომავლისაკენ… ამგვარად დაპროგრამირებულმა ხალამპრემ ჩადენილი ავკაცობა, კვლავ ”კაცობრიობის უკუნეთში” ჩამარხა და კუტის იდეებზე ამხედრებულმა პათეტიკურად აიჩემა; ”დიახ, მე დავდაგამ ამაღლებულ გრძნობათა გრანდიოზულ სპექტაკლს!..”, ერთიანად აიტაცა სურვილმა სკეტჩებში თამაში მიეტოვებინა და ბოლშევიკური რევოლუციის პროპაგანდისტ რეჟისორის მანტიით შემოსილიყო. -დაგეხმარებით!-მეგობრულად შეპირდა საპყარი. ბენე-ხალამპრემაც თავისებური ფხა გამოიჩინა, პროფესიონალი ასისენტები შემოიკრიბა და მალე შესაძლებლობა მიეცა სხვადასხვა საბჭოურ დღესასწაულზე, რევოლუციის ამსახველი თეტრალიზებული სცენები წარმატებით განეხორციელებინა. ნაავაზაკარის წარმოსახვებში კუტის მიერ დანთებული ”ამაღლებულ გრძნობათა თეატრი” სიმბოლურად გიზგიზებდა. ”საგრიმიოროში” შეფიქრიანებულ ხელამპრეს ისევ ის, ფრთახატულა ჩიტუნა წამოელანდა. გვარიანად შეკრთა, წვერ-ულვაშის მიწებება და წარბების გადასხვაფერება ძლივს მოახერხა. თუმც, იმ ამბის შემდეგ მამა-შვილი არავის უნახავს. გაჩნდა ჭორი, ვითომდა აზნაურმა მოსალოდნელი რეპრესიების შიშით, თანამზრახველის ხელშეწყობით, თავისი ასულის გატაცების სცენა გაითამაშა და მასთან ერთად საზღვარგარეთ გაიპარა.
გობრონმა კი, ვინაც აზნაურ ჩარბის და მისი მშვენიერი ასულის დაკარგვა ყველზე მტკივნეულად განიცადა, მათ მოსაგონრად გამართულ საღამოზე, ორაზროვნულად წარმოთქვა: ”სიზმარი დამთვარდა! როგორც იდუმლად მოგვევლინენ, ისე იდუმლად გაუჩინარდნენ… დათქმული ჰქონდათ, ადამიანებსა და გარემოზე განსაკუთრებული ზემოქმედების ნიჭი და ძალა არ გამოეყენებინათ. დათქმული ჰქონდათ, ჩვენი ცხოვრებით ეცხოვრათ და ისე შეგვწეოდნენ!”.
იქ მყოფა ქვემოდაბის საზოგადოებამ ტაში მხურვალედ დაუკრა. გობრონის მინიშნებას კი, წლების შემდეგ, მხოლოდ კუტმა აუღო ალღო. მოულოდნელად გამოქვაბული თანამიმდევრული აფეთქებებით გამოწვეულმა ბიძგებმა შეაზანზარეს. თავდასაცავად წამოვარდნილმა ბენე-ხალამპრემ მაუზერი აიტაცა და შემოსასვლელი ”დაცხრილა”. იმავ წამს ხმაური ბუნაგში გრგვინვასავით შემოიჭრა და კვამლის ვიწრო ზოლიც შემოიყოლია. -ალყაში ვარ!-შესძახა მან,-ზა როდინუ ზა სტალინუ!-თავისებურად მიუმღერა და გასასვლელისკენ თეატრალურ რეკვიზიტს დამსგავსებული ხელყუმბარა ისროლა. მერე, დიდი, მასიური სარკე მარდად გადასწია, თავისებურად წაიჩოქა. სათადარიგო ხვრელში ვირთხასავით შეძვრა, ისე, როგორც ყმაწვილკაცობისდროინდელ ყაჩაღობის ხანს გახლდათ დაჩვეული. ერთხანს მუხლებზე იფორთხა, ზიგზაგური გზით იარა, მერე გვირაბის ამაღლება იგრძნო, წელში მოხრილი წამოიმართა და ალღოსმინდობილი გაძუნძულდა. ათიოდ წუთის შემდეგ, ისევ ფორთხვაზე გადავიდა და მალე ვაკე-ზურგიან გორაკის ჩრდილოეთით, ხეებთან მდებარე, კარგა ხნის გაპარტახებულ კვერენჩხას წისქვილთან, ბუჩქნარში შემალულ ვეებერთელა ლოდის კიდეში ამოჰყო თავი. თავდაპირველად ბრმასავით მიმოაცეცა ხელი და როგორც კი ლოდს შეეხო ძველებურად ყოჩაღად იგრძნო თავი, ხვრელიდან თამამად ამოვიდა, ხელის ძგიდეთი შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და გარემოს დასაზვერად ლოდზე აძვრა. ”ყველაფერი ძველი ახალს ვითარებისადა მიხედვით ერწყმის და ალამაზებს, ამაღლებულ გრძნობათა თეატრი, ყველა დროს და ყველა რეჟიმს ჭირდება, მთავარია ობორონშჩიკებმა არ დათმონ პოზიცია, მსოფლიო მაშტაბით შევკრან საზღვრები!”, გაიფიქრა პათეტიკურად. მაუზერი ფრენჩის სახელოზე გადაისვა და ხითხითი აუტყდა. მოაგონდა, ოდესღაც, შიგადაშიგ, მეწისქვილე დავლურას დარდიმანდულად, ქეიფს გადაყოლილ ყარაჩოხელივით, რომ გამოეცხადებოდა, მაუზერის ოცივე ტყვიას მის ფეხებთან დაცლიდა. გონებადაბნეულს მთელი საათი შეუსვენებლივ აცეკვებდა. ბოლოს, უჩუმრად გაიპარებოდა, მეწისქვილეს კი, ისევ იქ ეგულებოდა და ქანცის გაცლამდე, კიდევ დიდხანს განაგრძნობდა ბუქნას. ”რა უჩინმაჩინიც ვიყავი, ისევ ისეთი დავრჩი…”, თავმომწონედ შეაქანა მხრები. გაჭიმულმა ჩარბილიას გორას ამრეზით გახედა. -ავაფეთქებ იქაურობას, მიწასთან გავასწორებ!-დაიქადნა ხმამაღლა. და მის ნათქვამს ზედიზედ მოჰყვა აფეთქებების ხმა. ხალამპრე არ შემდრკალა. ”ალბათ ობორონშჩიკების მიწისქვეშა საწარმოს ეძებენ, თუ მოიხელთეს ნაწილებად დაჭრიან და ჯართად გაიტანენ, ადრე, ამისდამაგვარის გაფიქრებასაც ვერ გაბედავდა ვინმე. თფუ, წავახდინე მე, ასეთი დემოკრატია?!-გადააფურთხა მან. მერე იგრძნო, ვიღაც უთვალთვალებდა, იგრძნო მისი ”უჩინმაჩინობა”, არცთუ საიმედო იყო, მაგრამ არ შემდრკალა, გამომწვევად გაიბღინძა. ”რა ხდება?!”, შეშფოთდა ნანამზე. ”პაციენტები დაფრთხდებიან…”, ჩვეუელებამ თავისი ქნა იგი ”სამწყსოს” დასაცავად შეემზადა. ჭოგრმომარჯვებული აფეთქებების ხმით გულშეწუხებული, გრძნეული ციხის მისადგომებთან მიჯარული საამშენებლო და ჭაბურღილების საბურღ ტექნიკას ათვალიერებდა. მოურავის მიერ წინადღით მირთმეული საველე ჭოგრი ვაკე-გორას გასწვრივ მდებარე ხევისკენ უფრო დაბეჯითებით მიმართა. მიტოვებული წისქვილის არეალი უკეთ დაზვერა. უეცრად, ბუჩქებს ზემოთ, თითქოსდა ”ძეგლივით” აღმართული, წვერ-ულვაშში სახეშემალული ფრენჩიანი კაცი შენიშნა. შიშნეულად შემკრთალს ჭოგრი ლამის ხელიდან გაუვარდა. ”ნუთუ ისაა?!”, საკუთარ თვალს არ დაუჯერა. შეძრწუნებულმა ძალისძალად გაიხედა ჭოგრში და თვალი მოჰკრა, ფრენჩიანმა კვერენჩახას წისქვილთან ნადირივით გაირბინა და გაუჩინარდა, თითქოსდა ავსული მის მზერას გაექცა. ”იქნებ, მომელანდა…”, თავი ინუგეშა ქალმა, მაგრა იჭვი არ ტოვებდა. გრძნობდა ბოროტება შხამიან საცეცებს, კვლავ აფათურებდა მის გარშემო და გამოჯანსაღების ბოლო იმედის წაბილწვას უპირებდა. ერთხანს გაოგნებული იდგა. მერე განგაშისმომგვრელი შიშით გამოფხიზლებულმა იფიქრა, იმ არაკაცისგან თავდაცვის მიზნით, ამჯერად, რაიმე საზარელ არსებად გადაქცევა არ ვისურვო და ადამიანურ იერს ერთიანად არ გამოვეთხოვოო. მთელი სიმწვავით იგრძნო დრო არ ითმენდა, წეღანდელი ”მოჩვენების” წამოლანდებაც, ალბათ ამას მოასწავებდა. რაღაც უნდა ეღონა, კლდე-ციხეზე იმგვარი იერიშის მიტანა, ვინ იცის ”გრძნეულ სხივს” რას უქადდა. მერე საბოლოო იმედსაც უნდა დამშვიდობებოდა… დაძაბული შეეცადა, რითიმე კვლავ შეევსო თავისი წარმოდგენა, იდუმალი სხივის შესახებ და გობრონის მიერ გასაიდუმლოებულად წამოწყებული დადგმა ”ციური ნიჯადი” გაიხსენა. მას ”ციური ასულის” როლი უნდა ეთამაშა. ბექას მისი მიწიერი სატრფოსი, თავად გობრონს კი, გრძნეული სავარძლის მცველისა… თვალწინ გაუელვა, რა თავგანწირვით ცდილობდა, გობრონის მიერ აღმაფრენით დასურათხატებულ ”ციურ ასულს” დამსგავსებოდა, რარიგ ეწადა მასავით სათნო, ჰაეროვანი თუ ზეციური ყოფილიყო… ოთხად ოთხი რეპეტიცია, რაც გობრონის სახლში, სხვებისდა საიდუმლოდ, ოქრისფრად მბზინვარე სავარძლის გარშემო შესდგა, რაღაცით ”განწმენდის” რიტუალს ჰგავდა. ყმაწვილი ქალი მთელი არსებით ისწრაფვოდა, ვითომდაც გრძნეულ სავარძელზე ჩამოღვენთილ სასაწაულებრივი სხივის, ერთ მცირე ნაკადად ქცეულიყო. უჩინრად მოძალებულ სასოწარკვეთისგან აქვითინებულს, კვლავ მწველად მოუნდა ”ციურ ასულის” დარად დიდი როტაციის, ანუ დიდი გარდასახვის გზით მოვლენოდა დედამიწას. მზად გახლდათ ოცნებაში დამკვიდრებულ, ორ, ერთურთს გლუვად მიბჯენილ სამყაროს შუა არსებულ გვირაბში, იმჟამინდელი სიცოცხლის დათმობის ფასად შეეღწია. ”გაუფრთხილდეთ, განძს გაუფრთხილდეთ… სუბლიმაციის საყრდენი წერტილი, სადღაც გრძნეული ციხის თავზე იმყოფება! გაუფრთხილდით, განძს გავუფრთხილდით!..”, აი, ის შეგონება, რაც გობრონმა, ზღაპრულად საიდუმლო, მინიატურული გასაღების ჩუქებისას აუწყა. გასაღები, იმ დღეს დაროს ავგაროზივით ყელზე ეკეთა, და თუმც მან ხიფათისგან ვერ დაიცვა, მის გადაგდება, მაინც ვერ გაბედა. დღემდე იმ, ფანტასტიკურად მიჩნეულ სცენებიდან შემორჩენილ რელიქვიასავით ჰქონდა შემონახული.
დრამაში გადაზრდილი სკეტჩი
შიოს კარ-მიდამოს სხვადასხვა ჯურის ნარკომანები, ამა თუ იმ სენისგან განკურნების მოსურნე ადამიანები და მათ ჭირისუფლები შესეოდნენ. ხალხი პირჯვრისწერით შედიოდა ეზოში. სახლის კარები წინა მხრიდან გაეღოთ. ოთახთან სადაც ”ნათელი” იდგა, მხოლოდ მოზრდილი თანხის გადახდის შემდეგ შეეძლო მსურველს მიეღწია. უფლება ეძლეოდა, ორიოდე წუთით შეყოვნებისა და ადგილი მომდევნო ”პაციენტისთვის” უნდა გაენთავისუფლებინა. მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს შეეძლოთ გარკვეული ხნით შეყოვნება. სახლის უკანა მხარეს ”გარეშე პირთ” შესვლა ეკრძალებოდათ. უკანა კიბესთან სქელი ფანერით ნაგები, შიფერით დახურული, ზიგზაგური ფორმის შენობა გაემართათ. შიგ, სახელდახელო ლაბორატორია და მცირე ზომის საწარმო გაეხსნათ. იქ კი, შესაბამისი აპარატურის მეშვეობით, სხვადასხვა ზომის სარკეებში, გრძნეული სხივის ჩაბუდება ხდებოდა. ”დამუხტული სარკეები”, არამარტო იმ მხარეში, უკვე დედაქალაქშიც სარფიანად იყიდებოდა. ოთახი, მართლაც უცნაურად ბრწყინავდა. და ეს ბრწყინვალება უჩვეულო შეუვალ ბირთვივით გახლდათ შეკრული.
-რა ბრწყინავს, ნეტა ასეთი?-ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო ეზოში მორიგი ხვეტით გატაცებული ბროლა. კიბეზე აირბინა და კარის გაღება სცადა, მაგრამ ამაოდ. მერე საკლიტურიდან გამომავალ შუქს მიაქცია ყურადღება. დაიხარა და ისეთმა მღელვარებამ მოიცვა, წამით ლამის კაბიდან ამოფრინდა.
-იიფ!-აღმართა ცერა თითი, ისე როგორც არყის გადაკვრის შემდეგ იცოდა. საკლიტურიდან გამომავალ სხივს კარგა ხანს შეჰხაროდა. თანდათანობით დამშვიდდა და ძილი მოერია. ბაბემ კართან ჩაძინებული იპოვა. სახეგაბადრულს, როგორც ჩანდა ბედნიერების მომგვრელი ზმანებები ეხვია. ბაბემ ”ნასედკასთან” დარეკა, ისიც ვითარებისდა მიხედვით ამოქმედდა და მალე იქაურობას, ”ავარდნილი” და მისი ამფსონები დაეოპატრონენ. ოთახი მათთვისაც შეუვალი აღმოჩნდა, მაგრამ საკლიტურეებიდან გამომავალი სხივი, ისე შვებისმომგვრელი იყო, რომ ორივე კართან რიგი დადგა. ”გამობრწყინება” თითოეულ ადამიანზე, მისი ბუნების შესატყვისად მოქმედდებდა; ზოგს სტიმულს მატებდა, ზოგს სიმშვიდეს, ზოგს ტკივილს უამებდა, ზოგსაც მაკურნებელი ძილით აძინებდა. ექსტრასენსმა შანომ უმალვე შემოქმედებითად განსჭვრიტა ვითარება. ალღოს კარნახით ჭუჭრუტანიდან გამომავალი სხივით სარკე ”დამუხტა”. შედეგი არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. ექსპერიმენტზე მოწვეულ ბროლას, როგორც კი პირთან მიუტანეს. იგი აშკარად გახალისდა. ცერი წამოსწია და ნეტარებით წარმოთქვა:
-იიფ!
ანომალიებს თუ უსწორმასწორო ცხოვრებას შეჩვეულმა ქვემოდაბის საზოგადოება ”გამობრწყინების” მოვლინებას ინოვაციური აღტყინებით შეხვდა. შიოს სახლის წინ, ქუჩის ორივე მხარეს, ჯიხურები ჩაამწკვრივეს და ”გამობრწყინებით” დამუხტული სარკეებით ვაჭრობა გააჩაღეს.
რომელიღაც სასულიერო პირმა მოინდომა ვითარებაში გარკვეულიყო, მაგრამ ”ავარდნილი” ამ ამბავს მტრულად შეხვდა. მართალია, ამქვეყნად, ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება, მაგრამ რა მიზნით და ვისთვის, ამას მე თავად გავარკვევო, ბრძანა.
ასე რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული შიო წმინდანად არ შეურაცხიათ, მაგრამ ”მომლოცველთა” უმეტესობა, მის სახელს სიყვარულით და კრძალვით ახსენებდა და ამ დროს, ბევრი პირჯვარსაც გულმოდგინერდ გადაიწერდა ხოლმე.
იყო საუბარი პოლიტიკაზე, პოლიტიკოსებზე და ეგრეთ წოდებულ ავტორიტეტებზე. ხანდახან სიტყვა დემოკრატიასაც ახსენებდნენ, ისე როგორც მრავალტანჯულ მოვლენას, რომელისადმი მიდრეკილება და უნდობლობა თანაფარდი გახლდათ. და ყველაფერ ამაში ხვლიკივით დაძვრებოდა ჭორი ”მამობილს” მკვლელობის შესახებ, რომელიც”ავარდნილის” ბიჭებს ბრალდებოდა… ქოსე ტიმოთეს ემარჯვა, მცირე დასთან ერთად იქვე შორიახლო, აწ უკვე დარბეულ, საზაფხულო კინოეთეატრის ტერიტორიაზე სახელდახელო სცენა გამართა და დღეში სამჯერ წარმოდგენას მართავდა. მაყურებელი არ აკლდა და გვარიანი შემოსავალიც ჰქონდა. სცენაზე ლაქით გაპრიალებული კუბო იდგა, შიგ უცაბედად გარდაცვლილი ტყუპისცალი, ანუ ქოსა ტიმოთე იწვა (ვინაც კუბოში ჩაწოლის საფასურად ორმაგ გასამრჯელოს ითხოვდა). ჭირისუფლები ვაი-უშველებელით ეთხოვებოდნენ მკვდარს. დაქვრივებული მაკრინე ქმრის გულში ჩასახუტებლად და კუბოში ჩასაწოლადაც კი კი იქაჩებოდა. ვითომდაც ”დანატირების” სათქმელად მოწვეული დედაკაცი, ”გარდაცვლილის” მიერ სიცოცხლეში ჩადენილი ვაჟკაცური საქმეების შესაქებად, ფანდურზე მაკვარანცხულ სტრიქონებს ამღერებდა. არყისგან გაბრუებული ტყუპისცალი ანუ ქოსა, ისედაც მოღრეცილ პირისახეს, შიგადაშიგ კიდევ უფრო ღრეცდა და დასლოკინებას ლამობდა. მაყურებელი ხითხითებდა, იცინოდა და კისკისებდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ის, ვინც კუბოში მკვდარივით იწვა და თან დასასლოკინებლად ”წიწმატობდა” სცენისდა მიხედვით ”გარდაცვლილის” ტყუპისცალი გახლდათ და არა ”გარდაცვლილი”. (ტიმოთეს პარტნიორობას თავისი ბიძაშვილი პროკლე ჩურჩუტი უწევდა, ვინაც ქოსას გვარიანად ჰგავდა, მაგრამ კუბოსთან მიახლობა საშინლად აშინებდა და ამის გამო გობრონს ერთი ორგან სკეტჩის გადაკეთებაც კი მოუწია). ძმები ერთურთის ჯიბრში ლევდნენ წუთისოფელს, ათასგვარ წვრილმანზე კინკლაობდნენ. განგებისგან ნიჭმომადლებული ტიმოთე ექსცენტრიკული ხერხებით, მართლაცდა უაღრესად სასაცილო სცენებს ქმნიდა. არამცთუ, სამსახიობო ასპარეზზე თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიჩერჩეტით ცნობილ პროკლეს პუბლიკის მოსაწონად ათამაშებდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ძმის ქიშპობაში ნაცად-ნაწრთობი ტყუპისცალი მოულოდნელად სლოკინის შემოტევისგან გარდაიცვალა. მისმა ცოლმა მაკრინემ იგი ისე თავგამოდებით შეიცხადა, რომ მთელი სოფელი სამაგალითოდ შესძრა. დიდი და პატარა გარდაცვლილის კაიკაცობაზე აალაპარაკა. ცოცხლად დარჩენილი ძმა ჯიბრით ზედიზედ გამოთვრა და გამუდმებით ცდილობდა, როგორმე სლოკინი ასტეხოდა. კუბოში ჩასვენებულ, ახალათახალ კოსტიუმითა და ფეხსაცმელებით მორთული ძმას ფარული შურით შესცქეროდა. ”გამოგპრანჭეს ბოსტონის კოსტიუმში! ლაკის ფეხსაცმელებიც გაგიხერხეს?! გაჭიმულხარ ლაქით გაპრიალებულ მუხის კუბოში! ყველა შენ შემოგსტირის, მე კი, ცოცხალსაც ვერ მამჩნევენ”, ბურტყუნებდა ცხედართან მარტოდ დარჩენილი. მერე გონამღვრეულმა სწრაფად გახადა ძმას სამოსი, თავად ჩაიცვა. გვამი და თავისი ძველმანები ტახტის ქვეშ შემალა. კუბოში ღიღინით ჩაწვა, სხეული ყვავილებით დაიმშვენა. ხელები მკერდზე კმაყოფილი იერით დაიკრიფა, თვალებდახუჭული გაიტრუნა. თავისებურად გაბედნიერებული ღრმა ძილმა მოიცვა. ცხედრის დასახედად შემოსულმა მაკრინემ კუბოში გაჭიმული ”ქმარი”, რომ იხილა, რავა ცოცხალივით ხარ შე საცოდავოო, წაიტირა და სახეზე არაყში დასველებული ტილო დააფარა. მერე, იმ მიზნით, ”გარდაცვლილს” სახეზე ლაქები არ მოედოსო, დროდადრო, ტილოს, ისევ არყიან თასში ავლებდა. საბოლოოდ გაბრუებული და გრძნობაწართმეული ტყუპისცალი სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებდა. მერე ეტყობა, სიზმარშიც გააგრძელა ძმასთან ქიშპობა და დასლოკინებას შეეცადა. მაგრამ დაკრძალვის პროცედურით დაკავებული თუ ქმრის გმოტირების ეშშხში შესული ჭირისუფალი, ამას ვერც ამჩნევდა. მაყურებელი კი ხან ხითხითებდა, ხან ხარხარებდა და ხანაც კისკისებდა. ჯიბრს აყოლილი ცოცხალი, მკვდრის მაგივრად იმარხებოდა.
გულაძგერებულ თაკოს ”გამობრწყინებასთან” მიახლების ნდომით შეპყრობილ მსურველთა რიგში ლოდინი გაუჭირდა. ”სხივჩაბუდებული” სარკე ჯიხურში იყიდა. ჩანთაში საგულდაგულოდ შეინახა. და რადგან კულტურის სახლში რეპეტიციაზე დარჩენილინ შვილთან შეხვედრემდე, კიდევ რამდენიმე საათი რჩებოდა, ბილეთი იყიდა და საზაფხულო კინოთეატრში შევიდა სკეტჩზე დასაწრებად. დედა-შვილი შინიდან ალიონზე გამოვიდნენ. თაკოს შავი ატლასის კანტებით გაწყობილი სადაფისფერი კაბა ეცვა. იდუმალი იერი ჰქონდა. ბევრს ეცადა მთელი ღამე მკერდთან ნასათუთები შიბაქი და სალამური ბალიშქვეშ დამალული დაეტოვებინა, მაგრამ წამოსვლის წინ ცთუნებას ვერ გაუძლო, ოთახში შეიკეტა და ერთიც და მეორეც ლიფის აქეთ-იქითა მხარეს იმგვარად მიამაგრა, რომ მოძრაობაში ხელი არ შეეშალათ, თან კაბის მოყვანილობასაც თვალშისაცემი არაფერი დატყობოდა. კოხტას ძალზე სურდა ჩოხაში გამოწყობილს ემგზავრა, მაგრამ დედამისმა, იმის შიშით, გზად მისი პატრონი არ გადაგვეყაროს და ოლიმპიადის გამართვამდე, საქმე საშაროდ არ გაგვიხდესო, ნაპოვნი ტყავის ჩანთაში საგულდაგულოდ გადამალა. გზაში ბიჭი, რა თქმა უნდა, ანსამბლ ”ნანინაში” მოხვედრაზე, შესაბამის არტისტულ კარიერაზე ოცნებობდა. თაკო შვილის წარმატებას თავგანწირვით შესთხოვდა ღმერთს. გონებიდან ”ჯადოსნური საკრავების” მფლობელზე აკვიატებული ფიქრის მოშლა ეწადა. კულტურის სახლსა და მის შემოგარენში დიდი გამოცოცხლება იგრძნობოდა. ბედის მაძიებელი ყმაწვილები მშობლებთან თუ სხვა გულშემატკივრებთან ერთად მომავალი ოლიმპიადის მოსალოდნელ შედეგებზე წინასწარმეტყველურად ჭორაობდნენ. შენობასთან კოხტა დათქმულისდა მიხედვით ცეკვის ყოფილ მასაწავლებელს, სიმსუქნისგან სუნთქვაგახშირებულ კაცს შეხვდა. მასწავლებელმა ახარა, რეგისტრაციაში უკვე გატარებული ხარ, გამოსვლა კი პირველ ტურში, მეორე ნომრად მოგიწევსო. მერე თაკო დააკვალიანა, წარმოდგენა ასე სამზე დაიწყება, შეგიძლია შენს საქმეზე გახვიდე, ოღონდ ასე სამს, რომ ოცი წუთი დააკლდება აქ იყავი, შენი ადგილი მეექვსე რიგის, მეოცე ადგილია, დროზე დაიკავე, თორემ ვინმემ შეიძლება ზედ დაჯდომა მოგასწროსო. მოსაწვევი გადასცა და კოხტას კარისკენ წარუძღვა. ქვრივს მოტირალი ქალის ”ნაკვესებზე” გულიანად ეცინებოდა. უცებ სცენაზე წვერმოშვებული ბიჭები შემოცვიდნენ, კუბო აიტაცეს და სცენიდან ჩამოიტანეს. კუბოში მწოლ პროკლეს, არც არაფერი გაუგია, ეტყობა, მართალა გამომთვარალი იყო და არხეინად ეძინა. რა ხდებაო, აჩურჩულდა მაყურებელი. სცენის გადათამაშება გადაწყვიტეს, ტიმოთემ ხალხის გასამხიარულებლად ალბათ სკეტჩის სიუჟეტი შეცვალა და პროკლეს ნამდვილ დასაფლავებას მოუწყობსო, უმალ გავრცელდა ხმა. ქუჩაში გასული პროცესია, თითქოს მართლაც სასაფლაოსკენ მიემართებოდა, მაგრამ წვეროსნებმა, რომლებსაც კუბო მიჰქონდათ, უცებ მარჯვნივ გადაუხვიეს, შიოს ეზოში შეაბიჯეს და უკანა მხრისკენ გაემართნენ. სწრაფად მიჰყვნენ შავი მანდილებით თავშებურული და გრძელი კაბებით შემოსილი შაოსნები. რამდენიმე მათგანმა ქალის ხმით ვედრებასავით შესძახა:
-ღმერთო გვიშველე, ლაზარესავით აღადგინე ჩვენი მკვდარი! წვეროსნებმა კიდევ უფრო გაუჩქარეს.
-ჰქმენ სასწაული, ჰქმენ სასაწაული!-გააბეს შაოსნებმა.
სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დაცვის ბიჭები, რომლებიც ეზოს უკანა მხარეს გასასვლელს მკაცრად აკონტროლებდნენ დაიბნენ. მათ ეგონათ, რომ ეზოში მართალა გარდაცვლილის ჭირისუფლები შემოიჭრნენ იმ იმედით, რომ ”გამობრწინებისა თუ სასწაული სხივის” წყალობით მკვდარს გააცოცხლებდნენ. კუბოიან წვეროსნებს გაუბედავად შეეწინაღმდეგნენ. ამ დროს ”შაოსნებმა” კაბები გადაიხსნეს და ავტომეტების ჯერით დაცვის ათამდე პირი დაცხრილეს. მერე წინ გავარდნენ, უმეტესობა ქალის კაბებით შენიღბული ბიჭები აღმოჩნდნენ. თავდასხმელებმა შენობა ალყაში მოაქციეს, რამდენიმე მათგანი შიგ შეიჭრა და წუთით ავტომატების ჯერმა ყველა სხვა ხმა დაფრა.
ხალხი აირია, ატყდა წივილი და კივილი. ვინ საით გარბოდა. და მალე იქაურობა ’მომლოცველთაგან” ლამის დაცარიელდა, მხოლოდ სამიოდე ქალი დარჩა დაბნეულობისგან ეზოს კუთხეში მიყუჟული. მათ შორის იყო თაკოც, რომელსაც კაბის უბეში შიბაქი და სალამური ჰქონდა ჩამალული და მათ ინსტიქტურად ელოლიავებოდა. მიწაზე დაგდებულ კუბოდან პროკლე გამოყეყეჩებული იერით წამოდგა და რადგან ავტომატების სროლის ხმა მაყურებლის ტაშად მოეჩვენა, თავისებურად გიპრანჭა, თავის დაკვრას მოჰყვა. მერე თავდასხმელებს სამხედრო ფორმით მორთული ჩასუქებული ტიპი გამოეყო. სკეტჩის გმირს ხელი ჩაავლო და იქაურობას გააცილა.
-შენ ხარ დუდე!-გაიხარა პროკლემ,-ნუგეში უნდა მცე თუ რა…
-სსუ!- გააფრთხილა მან,-მოშორდი აქაურობას, სანამ ცოცხალი ხარ და ერთ-ერთ წვეროსანს მითითება მისცა. უცებ დაბნეულ და შეშინებულ თაკოსკენ მოიხედა. უეცრივ მოიხიბლა მისი სილამაზით, მასთან მივიდა და შესჩურჩულა: -ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი მომხიბლელობა, ყველზე ძლიერი იარაღია, რაც ოდესმე კაცობრიობას შეუქმნია. თაკომ მკერდზე მიმოივლო ხელი და გაიღიმა. შიშმა უნებლიეთ გადაუარა.
-გმადლობთ!-უთხრა ნაზად და ეზოდან თამამდ გავიდა.
-რა უთხარი ეგეთი?! ასე უცებ, წაცეკვებით, რომ წავიდა?!-გაოცებით ჰკითხა მიახლოებულმა ქოსამ.
-ჩემებურად, ნუგეში ვეცი…-სიამყენარევი კილოთი უთხრა დუდემ, არც კი ახსოვდა, აგერ ხუთი წუთის უკან, ავტომატის ჯერით სამი თუ ოთხი კაცი, რომ გამოასალმა სიცოცხლეს.
…”ნუგეშისმცემლად” დუდემ კარგა ხანს ”იმოღვაწავა”. ხან ვის მიეკედლებოდა, _ხან ვის. მომავალ მასპინძელს, უმეტესწილად, ასპირანტურის დაუსწრებელ მსმენელად და დისერტანტად აცნობდა თავს. გაშინაურდებოდა და მერე თავისი ”მისიის” შესრულებას გულმხურვალედ შეუდგებოდა. ვინ კეთილგანწყობითა და ნდობით ექცეოდა, ვინ ეჭვით, ანდა ზერელედ, ოღონდ მასპინძლობას არავინ ამადლიდა. ბოლოს და ბოლოს, ამა თუ იმ ოჯახში ან ბავშვი იყო მისახედი, ან… მაგრამ მერე ცხოვრება გართულდა, ერთ დროს შეძლებული ოჯახების წევრებიც კი საზღვარგარეთ საშოვარზე გაიკრიფნენ და დუდეს ”ნუგეშისმცემლური მისია” ქალაქში დარჩენილებს აშკარად აღიზიანებდათ. უსახსროდ დარჩენილი ”ნუგეშისმცემელი” ლამის თავად ჩავარდა დეპრესიაში. მაგრამ ერთხელ გამოცოცხლდა; წლობით ნაგროვებ ყავლგასული გასაღებების გროვას დაადგა თვალი და თავისებური ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. გამოსარჩევი ორიგინალობის მქონე სპილენძისა და ოქროსფრად შეფერილი კლიტეები გროვისგან გამოაცალკევა, მერე სათითაოდ გააპრიალა. ბოლოს იქიდან სიდიდისდა მიხედვით ცხრა ცალი შეარჩია. დედის ნაქონ სახურავმოვერცხლილ სკივრში ჩაფენილ ოქროსფერ მაუდზე დაალაგა და ჩანაფიქრის კოდურ სახელწოდებად ”საიდუმლო კლიტენი” დაარქვა. გახუნებულ, ოღონ ჯერ კიდევ პეწშემორჩენილ კოსტიუმში გამოეწყო, საყელოგადაქექილ პერანგზე ნარინჯისფერი ჰალტუხიც გაიკეთა და ქაღალდშემოხვეული სკივრით ხელდამშვენებული ლომბარდისკენ გაემართა. გზაში იმაზე შეფიქრიანდა, რომ თავის მიერ შეკოწიწებული განძისთვის”, რაიმე ღირსეული ლეგენდა მოეგონებინა. გონებაში ისევ ვოდევილ ”ათასი კლიტის მფლობელის” შინაარსი უტრიალებდა. ჟინიანად ცდილობდა მისგან სწრაფად გამდიდრების სასწაულებრივი ხერხი გამოედნო. და ბოლოს, ნივთების შემფასებელთან პირისპირ დარჩენილმა, მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. -ვინც ამ გასაღებებით დაკეტილ ცხრაკლიტულს გაღებას შეძლებს, ბედს ეწევა… მელოტმა, დიდთვალება კაცმა ალმაცერად შეხედა და დუდე მიხვდა, რომ ნათქვამი უკბილო ხუმრობასავით გამოუვიდა, მაგრამ არ შეშფოთებულა. იგრძნო კაცი რაღაცით დაინტერესდა.
-საინტერესოა,-ჩაილაპარაკა დიდთვალება კაცმა,-ცხრაკლიტულს ესენი, რა თქმა უნდა, ვერ გააღებს, მაგრამ… დამაცადეთ!-და იგი თავღია სკივრით ხელში ოთახიდან გავიდა. დუდე, მართალია ვერ მიხვდა, ასე უცაბედად მისეულ ”განძში” რა ღირსშესანიშნაობა აღმოჩინა იმ კაცმა, თუმც აკვიატებული იმედი უფრო გაუმძაფრდა. შემფასებელი მალე დაბრუნდა და დუდეს დინჯად მიუთითა, აი, იქ ტყავგადაკრულ კარიან ოთახში, დირექტორთან შებრძანდითო. ნეტა, რა შარში უნდა გავეხვიოო, უნებლიეთ გაიფიქრა, მაგრამ იქითკენ ღირსეული სიდინჯით წავიდა. კაბინეტის კარი გაბედულად შეაღო. ჩვეული ”დიდკაცურობის” დამადასტურებელი ატრიბუტებით შემკულ მაგიდასთან წარმოსადეგი, მომხიბვლელად წარბებაწკეპილი, თვალებმოელვარე ვაჟკაცი იჯდა. -ასეც ვიცოდი, უმალვე ის ვიფიქრე, ყველაფერი ეს, დუდე ნუგეშისმცემელის სავიზიტო ბარათსა ჰგავს მეთქი!-ლაღად წარმოთქვა მან, სავარძლიდან წამომდგარი მასთან შესახვედრად წამოვიდა.
-ბოჩი!..-მეგობართან შეხვედრას დანატრებული კაცის იერი დაედო ოთახში შესულს, მხურვალედ მოეხვია.
-ხომ ხედავ, შენი ნუგეშისცემა როგორ წამადგა!-თითქოსდა თავი მოიწონა მასპინძელმა. სავარძელზე მიუთითა, თავად კი თავის ადგილს დაუბრუნდა. დუდე უკვე დარწმუნებული გახლდათ, რომ აქედან ხელცარიელი წასვლა არ მოუწევდა, რადგან როგორც აღმოჩნდა იქაურობას, ყოფილი ”ნუგეშსაცემი”, ერთ დროს, ცოლის ღალატის გამო, დეპრესიაში ჩავრდნილი ბოჩი არტაველი განაგებდა.
სიგარა, კონიაკი, საერთო ნაცნობების მოგონება და გულღია საუბარიც შედგა. -ცხრიდან, ეს ერთი, მართლაც ორიგინალური ჩანს…-არ დააყოვნა მერე ბოჩი არტაველმა და სახის გამომეტყველებით მიანიშნა, ხომ იცი, შენთან დასამალი არაფერი მაქვსო. სკივრიდან ყველზე მინიატურული, თითქოსდა ჩიტუნას ფორმის მქონე გასაღები ამოიღო და ხელისგულზე შეათამაშა,-აი,აქ თავთან, ციხესიმაგრეა ამოტვიფრული, ალბათ, რომელიღაც ძველი საგვარეულოს ღერბია ან…-იგი შეფიქრიანდა. დუდეს არ გაკვირვებია, რომ იგი ამ გასაღებით დაინტერესდა. ყურმოკრული ამბავი გაიხსენა და მასპინძელს, თითქოსდა მიახარა:
-იმ საცავის კლიტეა, სადაც გასაიდუმლოებული საგანძური დევს, მაგრამ მე ძიების ჩასატარებლად თანხა არ მაქვს და ვიფიქრე დროებით ლომბარდში დავაგირავებ მეთქი… ბოჩის გაეცინა.
-ყოჩაღ, სწრაფად აუღე ვითარებას ალღო… მაშ, ქვემოდაბური არაკი შენც გსმენია…-მაგიდიდან აღებული გამადიდებელი შუშა მოიმარჯვა, ხელისგულზე მოქცეულ გასაღებს დააკვირდა,-ჰო, ზედ კლდე-ციხის თავისებური ჭრილია გამოსახული. ვიღაც იქაური ხელოსნის ნაკეთობა ჩანს. ეტყობა სხვადასხვა ზომის სკივრებს ამზადებდა და ძვირად, რომ გაეყიდა, გასაღებებზე თავისებური ლეგენდა მოიგონა. მაგ მხარეში საიდუმლო ობიექტის მშენებლობაზე ვმუშაობდი. მერე მიწისძვრა მოხდა და ის ობიქტი, მიწის სიღრმეში ჩაიმარხა. ადრე, ამაზე კრინტს, როგორ დავძრავდი, მაგრამ ახლა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩამარხულების მოძებნა კი არა, მიწის ზემოთ მყოფებს მარხავენ ცოცხლად…-სევდიანად ჩაიცინა. მერე ყმაწვილური აღმაფრენით თქვა,- ყივჩაღის ციხე იმ მთიდან კარგად მოჩანდა. მუდამ მიზიდავდა. მაგრამ, არც დრო მქონდა და თანაც მიუვალიაო ამბობდნენ… -და აი, ფორტუნამ, იმ საიდუმლოს ამოსახსნელად გასაღებიც მოგართვა…-”ნუგეშისმცემელი”, მხოლოდ ინტუიციას იყო მინდობილი.
-კარგი, კარგი!-გეგონებოდათ ეშმაკობას მიუხვდა ყოფილი თანამეინახე,-ალბათ, გახსოვს მინიატურულ ნაკეთობებს, რომ ვაგროვებ, დიმიტრიმაც ეგ გასაღები მიტომ შემომიტანა. მითხარი რამდენს ითხოვ, მომწონს და შევიძენ…-მეგობრულად ჰკითხა ბოლოს.
-არ იყიდება, მხოლოდ გირავდება, თანაც იდეასთან ერთად…-სიტყვა მოუჭრა და ფარული ექსტაზით აუწყა,-ვერსია პირველი; ფირმა საიდუმლო კლიტენი, ჩაქცეულ ციხე-სიმაგრეთა აღდგენა-რესტავრაცია… ძლიერთა ამა ქვეყნისათ შესაწირის გაღება ეამებათ. ჩვენ კი, კლდეციხეს ტექნიკას მივაყრით, ხარაჩოებში ჩავსვამთ და ყივჩაღთა ნაალაფარ თვალ-მარგალიტსაც აღმოვაჩენთ. ვერსია მეორე: ლეგენდებით ვაჭრობა; საქართველოში მრავალ გორა, მთა თუ კლდე, მითიური ციხე-სიმაგრისა თუ სასახლეის ადრესატად შეიძლება ვაქციოთ. პატივმოყვარე, ჩაფულიანებული პერსონები გვარიანად მომრავლდნენ. იმათგან ბევრს მოუნდება, ლეგენდარული დიდების ნაშთზე გამაგრდნენ… სხვა თუ არაფერი, პრესტიჟის საქმეა…
-კარგი, კარგი… ფანტაზიების უნარი ნამდვილად გაქვს, მაგრამ მე მაგ წამოწყებაში სხვა მიმართულებასაც ვხედავ. ვცადოთ, ჩათვალე, რომ ამ გასაღებთან ერთად, მაგ ლეგენდის ინვესტირებაც მოახერხე…
-არ წააგებ, ფირმა საიდუმლო კლიტენი თავისას გაინაღდებს!-აღფრთოვანებით გაეპასუხა,-შენისთანა არქიტექტორს და მშენებელს აქ რა უნდა. პროქტში ისეთ ზღაპრულ სილამაზეს ჩადებ, ქალის მშვენებასაც რომ დაგავიწყებს. მახსოვს რამკიანი ქურდი მარაბუ, როგორ გეხვეწებოდა ქობულეთში სახლი დამიპროექტეო… მარაბუს სახელი გაგონებამ, ბოჩის თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი გაახსენა. შეფიქრიანდა.
-ჰო, თქვა ბოლოს, იქნებ მართალაც შევქმნათ მაგ სახელწოდების ფირმა…-გაეღიმა, ზოგ ვინმეს დაველაპარაკები და ვნახოთ…-მაგიდის უჯრიდან ასდოლიარენები ამოიღო და სტუმარს წინ დაუდო,-შენია…-დროებით ასე განუგეშებ…-შესცინა. ”მარაბუ ხომ ქვისლოედის უკვდავ კლანს ემოყვრებოდა…”, შეპარვით გაიფიქრა. დუდემ გაიხარა. ფული ფრთხილად აიღო, ჯიბეში ჩაიცურა.
-აბა შემოგივლი…-მეგობრულად გაუპირდა, ბოჩის მადლობის ნიშნად ხელისგულით ამბორი მიუძღვნა და იქაურობა ხალისანად დატოვა.
მალე ვითარება მისდა სასარგებლოდ დალაგდა. ცოლის ღალატის გამო კარიერაზე გულაცრუებულმა არტაველმა, ცხოვრების ახალი სტრატეგია შეიმუშავა და ”დუდე ნუგეშისმცემლის” ავანტიურისტულ იდეებსაც ასპარეზი მიეცა. იგი ბოჩისა და მისი საძმოს მიერ შექმნილ კონცერნ ’საიდუმლო კლიტენის” თავისებური იდეოლოგი გახდა. თითქოსდა მეტარმორფოზა განიცადა და იმგვარ საქვეყნო ინტრიგებში აღმოჩნდა გარეული, რომ ხშირად ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნილი, საკუთარი თავის გასამხნევებლად, მთელ თავის ნუგეშისმცემლურ ნიჭს უხმობდა.
ფერისცვალების გრადაცია
ნანამზე, ვინაც საყოველთაო აღიარებით, ამქვეყნად, სხვათა მშველელად გახლდათ მოვლენილი, რა ხანი იყო ღმერთს ევედრებოდა და შველას შესხოვდა. მისთვის განკუთვნილ გასაიდუმლოებულ კაბინეტში, იგი იდუმალი სხივის მცირე ნაკადის პროცედურის მისაღებად გაუბედავად ემზადებოდა. შიშობდა, მისთვის შეუცნობი შავი მაგიის მსხვერპლი არ გამხდარიყო. ცეცხლოვან, მახრჩობელა სხივს უცხოგვარად მობერებული სახის ნაკვთები შესაბამის უკუმოძრაობაში უნდა მოეყვანა, მაგრამ ამის მისაღწევად, ალბათ რაღაც სხვაგვარი ძალისხმევის გამოჩენა იქნებოდა საჭირო. გულდასმით იხსენებდა აქ, ამ ალაგას მოძალადის მიმართ უსაზღვრო სიძულვილით აღვსილმა ნებსით თუ უნებლიეთ, თვითგადარჩენის მიზნით თავისებურ ხერხს, რომ მიმართა. გონებაში ჯადოსარკედ მიჩნეულ, ყვითლად მბზინავ სავსე მთვარეს, მრავალჯერ ნაცადი, დაუოკებელი წადილით, რომ მიაჩერდა, რათა იმ არაკაცის დასაფრთხობად და დასაშინებლად საზარელი იერით შემკულ ჯადოქარს დამსგავსებოდა. და ახლა, მინის მიღმა ცაზე მოჩინარ სავსე მთვარეს მიჩერებული, იმ ჟინით აღვსილიყო, რომ მომნუსხველი მომხიბვლელობა დაებრუნებინა. გუმანი ჰკარნახობდა, ზმანებაში სასურველი მამაკაცი გამოეხმო, და მისთვის მოეწონებინა თავი… მერე კი, ოქროსფერ ღილაკზე თითს მიაჭერდა და უცნაურსარკმლებიან კოშკში ჩამომდინარე მაგიური სხივის ნაკადს თავის სახისკენ მიმართავდა. მაგრამ იმ იჭვის ჩაკვლა, რომ ამგვარი მცდელობა შესაძლოა მსხვერპლით დამთავრებულიყო შინაგანი ძალების მობილიზებაში უშლიდა ხელს. ერთი შეხედვით, თითქოს ამგვარი გარდაქმნა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ სახეზე უცხოგვარად მობერებული, მრავალტანჯული ნანამზე, რა ხანი იყო მამაკაცის მიმართ ქალური ვნებით არ ანთებულიყო. რა თქმა უნდა, არც იმის იმედი ჰქონდა, ვინმე, ოდნავ საამო იერის კაცთაგან, ერთი მაინც, მის ქმრობას, თუნდაც საყვარლობას გულწრფელად მოინდომებდა. რადგან კარგად ამჩნევდა, მის მიერ, სასიკვდილო სენისგან, მართლაც, რომ სასწაულებრივად განკურნებული ვაჟკაცები, ხშირად თვალს არიდებდნენ, ქვეცნობიერში შიშნეულად კრთოდნენ და მადლიერის გამოხატვას გარეგნული აღტაცებით, მაგრამ შინაგანად დათრგუნულები ცდილობდნენ. პლასტიკური ოპერაციებში ნაცადმა ქირურგმა, რამდენჯერმე უშურველად შესთავაზა თავის სამსახური, მაგრამ ნანამზე გრძნობდა, ამით იგი შესაძლოა საკუთარ მესთან გაუცხოებულიყო. თავად უნდა ეცადა, თავად უნდა დაებრუნებინა საფრთხის ჟამს, შენიღბვის მიზნით დაკარგული სილამაზე.
”გაუფრთხილდით, განძს გაუფრთხილდით… სუბლიმაციის საყრდენი წერტილი, სადღაც გრძნეული ციხის თავზე იმყოფება!”, ჟინიანად იმეორებდა ნანამზე და მისთვის საცნაური ხდებოდა, გობრონმა, რაღაც დანამდვილებით უწყოდა იდუმალი სხივისა და გრძნეული ციხის სამკვიდროში მოვლენილი უცნაურობების შესახებ. და რადგან ფრთხილობდა ”ციური მისიითვის” შერჩეულ წყვილს, მისეული ტაქტით, ვითომდაც სცენისეული წიაღსვლებით უნერგავდა მიბარებულ საიდუმლოს. ახლა ნანამზემ კარგად უწყოდა, რომ სუბლიმაცია ერთის მხრივ ინსტიქტური ენერგიის, ფროიდის ენით კი სექსუალური ნერგიის ფსიქიკის მაღალ საფეხურებზე გადანაცვლებას წარმოადგენდა, რაც რაიმე სასარგებლო, მეცნიერული თუ პროფესიული საქმიანობის აქტიურ განვითარებაში გამოიხატებოდა. მეორეს მხრივ სუბლიმაცია გახლდათ მყარი ნივთიერების უშუალოდ აირისებურ მდგომარეობაში გადასვლა, ანუ აქროლა, რაც თხევადი მდგომარეობის გამოტოვებით მიმდინარეობდა. სუბლიმაციის წერტილი კი, კრიტიკულ წერტილს ეწოდებოდა, როცა ამა თუ იმ ნივთიერების ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა ხდებოდა. ხოლო სიტყვა ”სუბლიმატი”, რაც ლათინურად ამაღლებულს ნიშნავს, თავად სუბლიმაციის პროდუქტის რაობას ასახავდა. და თუ ციური სხივის ფერიცვალება გრძნეული ციხის ხელშეწყობით ხდებოდა, იქაურობის ხელაღებით გადაკეთებას შესაძლო იყო გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო მოვლენები მოჰყოლოდა… ”და სნეულთა მშველელად კი არა, შესაძლოა ხეიბართა მომრავლების სათავედ მოგვევლინოს…”, სხივის მიმართ ნაფიქრალი გაანალიზა მან.
კვლავ იგრძნო დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. ჭოგრი მაგიდის უჯრაში შეინახა, ცრემლები შეიმშრალა, ოთახიდან გავიდა. ავადმყოფთა მიღება უჩემოდ, შეძლებისდაგვარად გააგრძელეთ, მე კი მოსვენება მჭირდებაო, მიუთითა ასისენტ ქალებს და მთავარ კოშკის მინაშენში მდებარე, თავის გასაიდუმლოებულ კაბინეტს მიაშურა. შეიკეტა თუ არა შიგ, სამკაულების ზარდახშაში, უცნაური ფრინველის მსგავსი პაწია გასაღები მოიძია, მუდარით შეაჩერდა. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ჩემს ბედისწრად ქცეულ ფათერაკიანი, ჩახლართული ამბის ბოლომდე გაშიფვრაში შემეშველოსო. დამღლელი ფიქრით გაწვალებული ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, კლიტე ხელიდან ხელში გადაანაცვლა, მეტანია მოიყარა და ლოცვას შეუდგა. მერე იგრძნო ვიღაც იდუმლად ეძახდა. უნებლიეთ სახურავში დატანებულ სარკმლისკენ გააპარა მზერა და იქ, მინაზე მოფრთხიალე ფრთახატულა ჩიტუნებს მოჰკრა თვალი. ისინი, თითქოს მისთვის მისახვედრ ”ენაზე” ჟღურტულებდნენ.
-არა, მეტად ვეღარ დაველოდები!-წამოცდა უცებ. მოეჩვენა გრძნეული ციხის მისადგომებთან მიმდინარე აფეთქებების ხმამ და ტექნიკის გრუხუნმა სმენა დაუხშო. წამოდგა, პირჯვარი გადაიწერა, სარკესთან მივიდა. დაჟინებით შეაცქერდა სარკისეულ ორეულს და თავისი ყმაწვილქალობის მოგონებას შეეცადა, მაგრამ თვალწინ, რატომღაც გობრონის მიერ დასურათხატებული ციური ასულის ხატება დაუტრიალდა. დრო არ ითმენდა… იგი სარკეს მოშორდა, ტახტზე დაწვა, გუმანის კარნახით გასაღებიანი ხელი მკერდზე დაიდო, ჩიტუნებს მორცხვად შეაჩერდა და მასზედ შეყვარებული ხატების დანახვის სურვილით აღგზნებულმა, ტახტზე მიმაგრებულ ღილაკთაგან, ყველაზე გამოსარჩევს თითი ძალუმად დააჭირა. იმავ წამს, მის თავს ზემოთ, ჭერში დატანებული ორმაგი სარქველი გადაიხსნა და უცნაურსარკმლებიან კოშკიდან კოსმიური სხივის ნაკადი ჩამოიღვარა. ნანამზე წარმოსახვით სასურველის ლამაზ მკერდს მიეკრა და უცნაური, თითქოსდა სულის ამომცლელი მხურვალებისგან სუნთქვა შეუგუბდა. უნდოდა ვინმესთვის შველა ეთხოვნა მაგრამ ახლომახლო, სულიერთაგან, მხოლოდ ფრთახატულა ჩიტუნები ფრთხიალებდნენ. შუათითი სარკმლის გამღებ ღილაკზე გადაანაცვლა. სახურავში დატანებული ფანჯარა ბუდეში შესრიალდა, ჩიტუნება იდუმალი ხმით ვიღაცას მოუხმეს. ნანამზეს თვალწინ, კვლავ აზნაურ ჩარბის ასულის ხატება გაუკრთა და ეჩვენა, ვიღაც უხილავი მის სახეს გავარვარებული თითებით ძერწავდა…
იგრძნო, შესაძლო იყო მიწიერი სახე საერთოდ დაეკარგა და სულ სხვა მისთვის უცნობ ენერგიაში გადანაცვლებულიყო. გაიბრძოლა გონება არ წართმეოდა და ბედისწერასთან პირისპირ დარჩენილმა ზმანება სათავისოდ დაიმგზავრა. მხსნელად მანქანით ადევნებული შიოს გამოხედვა მოევლინა… იმ გამოხედვას ჩაეჭიდა, იმ გამოხედვას ჩაუღრმავდა და იგრძნო იმ ფარულ თვალთვალში, მონატრება და სიყვარული იფრქვეოდა… მთელი არსებით შეიგრძნო, უცნობი, ისე თანაგრძნობით, არა, როგორც მხსნელსა და მკურნალს, არამედ, როგორც სასურველ ქალს ისე შესცქეროდა. გარკვეულ წუთებში მის ხინჯმოდებულ სახეს ვერც ამჩნევდა და მოგონებაში ჩაბუდებულ მშვენებას აღიქვამდა. განაბულმა ქალმა წარმოსახვაში უცნობის სახის თავისებური რესტავრაცია მოინდომა; კაცის არსების სიღრმეში მოძიებული ხიბლი შეისუნთქა და მისთვის მოსაწონ, სასურველ ქალად გადაქცევაც თავგანწირვით ინატრა. მამაკაცის შიშველ მკერდს მკერდით აეკრა, თვალები სიამით მილულა. მთვარესთან მიახლოების სურვილით აღივსო, ტახტის კიდეზე ჩამწკრივებულ ღილაკთაგან ერთ-ერთს თითი მიაჭირა. მაღალჭერიან კაბინეტის სახურავში დატანებული სარკმლის ჩარჩო, თავის მინიანად ბუდეში შესრიალდა და თახტზე მწოლი ნანამზე, თითქოსდა ციდან დაჩერებული ქარვისფერი მთვარის შუქში განიბანა. ქალმა თვალები გაახილა, წუთით მთვარეზე გამოსახულ ფანტასტიკურ აჩრდილს გაუღიმა. დიდი ხნის წინათ მივიწყებულმა, ყმაწვილქალობის დროინდელმა სიანცემ წამოუარა. წამოდგა, კედელზე მიმაგრებულ, ორნამენტებიან ჩარჩოში ჩასმულ სარკესთან გამომწვევი იერით მივიდა, საკუთარი თავი ნიშნისმოგებით შეათვალიერა, კისერი კეკლუცად მოიღერა, ჩაიკისკისა და ვითომდა სარკის მიღმა უჩინრად მდგარ, მისი ხილვით მოხიბლულ წარმოსადექ კაცს ორაზროვნულად გაუღიმა. თავისებურად გონმიბნედილი გაუბედავად წაეტანა მთვარისფრად მბზინავი ხალათის გულისპირს, თითების ცეცებით გადაიხსნა და ლამაზ, რაღაცნაირად ყმაწვილქალური მიმზიდველობითა და სისავსით მოსილ მკერდს სარკეში ცნობისმოყვარედ შეაჩერდა. ხელი ზედ შეფარვით მიმოივლო., ვნებიანად დაიკვნესა. წამით შეკრთა, მაგრამ ხალათის ღილები, მაინც ბოლომდე ჩაიხსნა, მოშიშვლებულ სხეულს მზერა გამომცდელად მიპყრო. შხვართი ტანი მაქვსო, გაიფიქრა ნამალევი გზნებით. დაღვლარჭულ, ალაგ-ალაგ დაღრნილ-დაღრუებულ და ნიკაპწამობურცულ პირისახეზე გაშლილი ხელები მიიფარა.. წამოუარა ჟინმა, მთავარ კოშკში დაუფიქრებლად ავარდნილიყო და იქ ჩამომდინარე, მომწყვდეულ ცეცხლოვან, მახრჩობელა სხივს თავგანწირვით ჩახვეოდა. გადაიზიდა კიდეც კედელში ჩატანებულ საიდუმლო კიბისკენ, მაგრამ უეცრად იატაკზე რაღაც აჩრდილის მაგვარი გაკრთა. ერთიანად მიტრიალდა და ზურგით სარკეს აკრულმა სარკმლისკენ შეპარვით აიხედა. მისი მზერა წარმოსადეგ, მოხდენილი გარეგნობის ნაცნობი იერის კაცს შეეფეთა. ცეცხლოვანი, მახრჩობელა სხივიდან მოვლენილ რაინდად მიიჩნია… ”ისაა, ის…”, სხეულში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და იგრძნო, როგორ დაიწყო მისმა სახის ნაკვთებმა ტოკვა, უცნაური, ტალღისებური მიმოსვლა. მას ხომ ძალზე სურდა სასურველს ისეთივე თვალწარმტაცი ჩვენებოდა, როგორიც ყმაწვილქალობაში ჩვენებოდა. ხელის თითები ხალათის ღილების შესაბნევად მიმოაფათურა, ვერცერთი ვერ მოიხელთა.
-რომ არ მენახე, გავგიჟდებოდი!-მიუალერსა კაცმა, ქალის შიშველი სხეულის ხილვამ, ეტყობა საბოლოოდ აქცია შმაგქმნილ მიჯნურად.
-ისევ ისეთი მიმზიდველი ხარ!-ძალუმად მოეხვია,-ბაგე ბაგეზე დააკონა, ხალათი მხრებიდან გადააძრო და მკერდი ერთიანად მოუშიშვლა. იმგვარი სიშმაგით ჩაუკოცნა ყელი და ძუძუები, ქალს სათქმელი წაერთვა და კვნესა აღმოხდა.
-ბავშვობიდანვე მიყვარხარ, ოო, როგორ გნატრობდი…-ათრთოლებული ხმით ამცნო, თითები ლამაზ სახეზე ალერსით ჩამოუსვა, კვლავ ბაგეებზე დაეკონა, მკერდიც იმავ გახელებით ჩაუკოცნა, მერე ალერს-ალერსით აიტაცა, ტახტზე დააწვინა და ორივე სასიყვარულო ვნებათაღელვას მინებდა. ”ვეხები და თითქოს, არც ვეხები, სიზმარში ვარ თუ რა…”, წამით, თითქოს გონს მოსვლას შეეცადა ნანამზე. ”ჰო, მეხები, ოღონდ, მე სხვა განზომილებაში, ფანტასტიკურ ფილმებში ამგვარ გარდასხვას მგონი ტელეპორტაციას ეძახიან. არ შეშინდე, მხოლოდ ასე შევძლებდი მიწისქვეშა ღრმულიდან გამოღწევას და შენს ნახვას… ოო, ისევ ისეთი მშვენიერი ხარ…”, შესჩურჩულა კაცმა. ” შიო, ეს შენ ხარ?!” ”ჰო, ოღონდ, გარდავისახე… რომ მოგიყვე არ დაიჯერებ!” ნანამზემ სარკეში, მშვენიერი ქალის გამოსახულებას მოჰკრა თვალი… ”ეს მე ვარ?!”, შემკრთალს გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა.
”საიდუმლო კლიტენის” გათვლები
ლამის საღათას ძილით მოცული ბექას გამოღვიძებისთანავე გულიანი სიცილი აუტყდა.
-გაიღვიძა, მე მაგის?!-ლოდინით გაბეზრებული ხმით შესძახა მაგიდასთან მდგომ სავარძელში ჩაფლულმა, უშნოდ შეარაღებულმა, წვერმოშვებულმა კაცმა. მკვირცხლად წამოდგა, ტახტზე გაუთვითცნობიერებლად წამომჯდარ ”ჭკუამხიარულთან” მივიდა და შეუწყრა,-რა თხლე სვი ასეთი, ოთხი დღე-ღამე მკვდარივით, რომ გეძინა?!-და გამომცდელად დააჩერდა.
-ჰა და ჰა, სესერეკაში წარმოებული ბოლო რაკეტა, ყივჩაღის ციხის მიწისქვეშეთიდან აიჭრება კოსმოსში… საბჭოეთის საუკეთესო მეცნიერული ელიტასაც თან გაიყოლიებს!-აღფრთოვანებით ამცნო ბექამ.
-მაინც, შენებურად უბერავ, ხომ?!-დაიძაბა იგი.
-დამიჯერე, ისტორიული მომენტია! შიო დამეკონტაქტა… ბეწვის ხიდი აქვს გასავლელი; საშიშროებაა, ობორონშჩიკებმა ხომალდში არ შეიტყუონ და თან არ გაიტაცონ!-ალალდ მიუგო და შეფიქრიანებული ისევ ნანახ სიზმარს თუ წინასწარმეტყველურ ზმანებას ჩაუღრმავდა. კაცი, ერთხანს ამღვრეული თვალებით დაძაბული აკვირდებოდა. მერე უცებ მოთმინების ფიალა აევსო, გაშლილი ხელი სახეში დაუზოგავად შემოჰკრა და დაუყვირა:
-მორჩა, გეყოფა!
ბექამ გაოცებით შეხედა.
-სიმართლეს ვამბობ, თავად ვიხილე, რაღაც აერიათ გათვლებში და მიწის სიღრმეში, მთლად შესაფერის ადგილას ვერ გადაინაცვლეს. ახლა, რადიმ ჩარბიძის სწორ გათვლებზეა დამოკიდებული, მაგათი ყოფნა არ ყოფნა, თუ კოსმიური არხის კორდინატები ზუსტად გათვალა და…
-გაჩუმდი, შე კრეტინო! თავს ნუ ისულელებ და დრო ნუ გაგყავს, გიჯობს ბოლოს და ბოლოს გამოტყდი, თქვი მამაშენის დანატოვარი ოქრო რა ადგილასაა ჩამარხული… -რაა?!-ბექას ისევ აუტყდა სიცილი, ჩაბჟირდა. წვეროსანმა ქეჩოში ჩაავლო ხელი, შეანჯღრია.
-აუ, არ დაგღალათ ამ ზღაპრებმა?! ვატყობ კაგებეს აგენტები, ახლაც მაგრად მუშაობენ!..-შეეპასუხა ”ჭკუამხიარული”. მერე ისე მშვიდად და ისე მეგობრულად შეაცქერდა, კაცმა დასარტყმელად შემზადებული ხელი მორჩილად დაუშვა.
-ჩოხა სად წაიღე?-გამომცდელად ჩაეკითხა. ბექა შეფიქრიანდა, მერე მხიარულად გაეპასუხა.
-ახალგამოჩეკილ ბიჭს ჩავაცვი, წელზე ვერცხლის ქამარ-ხანჯალიც შემოვარტყი, თავთან შიბაქ-სალამური დავულაგე და…-რაღაც გაახსენდა, შეშფოთებული წამოვარდა. შეიარაღებულს წამით მოეჩვენა თავდასხმას ხომ არ აპირებსო და იარაღი მოიმარჯვა.
ბექა შეშინდა, თავი არ გავცეო და იქაურობა ცნობისმოყვარედ მიმოათვალიერა. ახლა იგრძნო გარშემო ბოსლის სუნი, რომ ტრიალებდა. მოპირდაპირე კედელზე გაკრულ კომუნისტური რეჟიმისდროინდელ ”გარდამავალ” დროშას იჭვით შაცქერდა და მთელი ხმით შეჰყვირა:
-ძირს იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს!-და მერე მოძალადეს მთელი სერიოზულობით უსაყვედურა,-ისევ იმპერიის სადარაჯოზე დგახართ, ხომ?
-წადი შენი!-გადააფურთხა მან, ხელი შეუშვა. ბექამ ყურადღება არ მიაქცია მის გაფიცხებას. შორიახლო გამართულ ბაგაზე მობაკუნე ხბოებს გახედა და მათკენ გახარებულ ბალღივით გაქანდა,-გაქცევა არ იფიქრო, თორემ ახლავე ავტომატის ჯერს მიიღებ ფეხებში!-გააფრთხილა მეთვალყურემ,-ტყუილად მოვცდი, მე ამის, გიჟს რას გამორჩები…-ჩაილაპარაკა თავისთვის, კვლავ გადააფურთხა, ხალათის ჯიბიდან ჩიბუხი ამოიღო, თუთუნით დატენა და მოუკიდა. ”ჭკუამხიარულმა” ხბოებთან ჩაიმუხლა და მათ მისაალერსებლად მიტყუებას შეუდგა. ბოჩოლების თავისებურმა სურნელმა გაახალისა. -აუჰ, რა მივქარე, ამ დებილისგან, რა ხეირს უნდა ველოდო?!-ლამის დაიხრიალა ბრაზმორეულმა.
-მოითმინე, მოითმინე,-ნიშნისმოგებით დააიმედა ჩუმად მიახლოებულმა ყურებჩამოგრძელებულმა კაცმა, რომელიც, როგორც ჩანდა გვერდითი კარიდან შემოპარულიყო,-რაღამც გამოღვიძება ეღირსა და თავისას ერეკება, უთუოდ სარგებელსაც მოგვიტანს… წვეროსანმა უნდოდ მიიხედა.
-კიდევ კარგი, დროზე დაბრუნდი, მიდი, მიდი, ვნახავ რას გამორჩები!-მწყრალად გაეპასუხა.
-შეეშვი, ძაან ნუ ჩააჟინდები, მაგისთანა აფრაკთან ცემით ვერაფერს გახვალ, მაგას თავისმა გიჟურმა ახირებამ უნდა მოუაროს და მხოლოდ მაშინ გადაგიშლის გულს…-მშვიდად გაეპასუხა ფერმრკრთალი და ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტს მის ჩიბუხზე მოუკიდა.
-შე, რა სხვანაირად აჭიკჭიკდი, გუშინწინ კინაღამ მძინარე მაცემინე, იქნებ რამე წამოაცდენინოო და ახლა ჭკუას მარიგებ, ნერვებს ნუ აიშლი, დაუძმაკაცდი და მაგის ხუშტურზე იარეო?!-გაკვირვება ვერ დაფარა დამხვდურმა.
-ვითარება ბევრად დაიძაბა, ავარდნილი ააგდეს და მოტყდა, ქვემოდაბას ახლა, ისევ ქვისლოედის აკონტროლებს. საიდუმლო კლიტეებს შერეკილისადმი თავისი ინტერესი და გაურკვეველი მიზნები აქვს!-მრავალმნიშვნელოვნად გაუმხილა მან.-რა თქმა უნდა, ჩვენი ტაქტიკაც იცვლება…
-ავარდნილი მოტყდა?!-შეფიქრიანდა იგი.
-ჰო, მამობილის გასაღება მის ბიჭებს დაბრალდა, ისედაც ნამეტნავად მოაჯდა იქაურობას, გამობრწყინებაც მიისაკუთრა და ვიღაც ახვრებს სარკეების დასამუხტი ცეხი გაახსნევინა…-განჯინას მოფარებულმა ხბოების ალერსით გართულ ბექას, თითქოსდა ჭვრიტედან გახედა.
-რას მეკაიფები…
-არ გინდა, შენ ამას უდარაჯე, სხვას მე მივხედავ, გამოსასყიდს მივიღებთ და… -შაყირობ?! ოქროს პატრონს ეს ნამდვილად არ გავს და ისე, ამ გიჟში, ფულს ვინ გადაგვიხდის?!
-მენდე, შენ ჩემო ბუჭუკი. შენ, მხოლოდ ის გევალება, რომ მაგ ყმაწვილს ფხიზლად უდარაჯო… ფუნაში თამაშს ნუ მოუშლი, მერე ალბათ გაახსენდება მოშივებული, რომ ბრძანდება და პურ-მარილზე უარს ნუ ეტყვი. არაყიც გადაახუხინე და თუ ერთი ოთხდღიანი ძილი კიდევ გამოაცხო, მაგის მორიგ გამოღვიძებამდე, ჩვენ კარგა ბლომად მაყუთს დავიადებთ, გამოვიხურავთ ამ ბოსლის კარს და…-დაუყვავა, მხართან ხელი შემოუტყაპუნა.
-ბავშვი მომიტაცნია, საპარტარძლოდ გამზადებული ქალიშვილიც გამიყოლებია ხელს, ორი ბანკის მმართველი მთელი ერთი თვე მყავდა დაკონსერვებული, მაგრამ გიჟის და თანაც, ასეთი ფეთიანის მოტაცება თუ მომიწევდა, ნაღდად ვერ ვიფიქრებდი?!
-გაუფრთხილდი, გაუფრთხილდი, კოლექციის შესავსებად გამოგადგება!-ჩაიხითხითა ფერნაკლულმა.
-მე კი გავუფრთხილდები, მაგრა ეგ ვის დაკარგვია, ვინ რას მოგვაშავებს?!-ალალდ გულშეწუხებულს დაემსგავსა,-გაიღვიძა თუ არა, ღრიალი მორთო, ყივჩაღის ციხესთან საიდუმლო ობიექტია დამარხული და მალე უფსკრულიდან რაკეტა აფრინდებაო. მთავარია, მე არ გადამიყვანოს ჭკუიდან!- და ჩიბუხგაჩრილი პირით შეიგინა. ყურებჩამოგრძელებულს გაეცინა.
-რაკტის რა მოგახსენო, მაგრამ, შენ რომ განახა, ახლა იქაურობას ბოჩი არტაველის ხალხი რა გამალებით ბურღავს, ნაღდად დაეჭვდებოდი; მიწის ქვეშ ნავთი თუ არა, რაღაც განძი ნამდვილად ეგულებათ… ამან, როგორც ჩანს იმათზე მეტი იცის, მაგრამ სხვანაირად ააქვს ტვინი აწყობილი და შემონახული ამბები, რომ დაალაგოს, ჰიპნოზიორის ან რაღაც მაგვარის შეშველება გახდება საჭირო… დარწმუნებული არიან იმ ანდერძის არაკი, ამ გიჟის ტვინშია ჩამარხული…-და უცებ დაინტერსდა,-ეს ჩვენი მასპინძელი მწყემსი, რამეს ხომ არ მიჰქარავს?
-არა, რისი თავის აქვს, ბავშვობიდან აქ გდია, ქვემოდაბაში ერთი სამჯერ თუ იქნება ნამყოფი… თავისი ძროხებივით პირუტყვია და ქვეყანაზე რა ხდება დიდად არ აინტერესებს…-თავისი ენამოსწრებულობა ისე მოეწონა, რომ გულიანად ახარხარდა.
ბექამ ხბორებთან თამაშს თავი მიანება, ერთხანს წვეროსანს თანაგრძნობით უცქირა, მერე ჩიბუხს დაადგა თვალი და სათამაშოწართმეული ბავშვივით გააბა:
-სალამური დამიბრუნეთ!
-ოოო, ეგ, უკვე შენი განხრითაა…-გადაულაპარაკა ბექას მორიგი კაპრიზით შეცბუნებულს მეწყვილემ,-მე ხალხში ტრიალი მიწევს და უმჯობესია თუ არ შემნიშნავს…-ბოსლიდან მარჯვედ გაიძურწა.
საბრძოლველად შემზადებულმა ბექამ ახალი პრეტენზია წანმოაყენა:
-მასრებიანი ჩოხა და ვერცხლის ქამარ-ხანჯალიც მომართვით!-ბატონკაცურად უბრძანა წვეროსანს და მისკენ მხრებგაშლილი წამოვიდა.
ბუჭუკი გულიანად ახარხარდა. ბოსლის განაპირას მიმავალმა მისმა ამფსონმა, მოჰკრა თუ არა ყური მის ხმას, შეიგინა, მერე გზიდან გადაუხვია, ეკალჯაგში გაკვალული ბილიკი გაირბინა და შარაგზაზე მდგარ შოკოლადისფერ ”ვოლვოს” მიაშურა.
-შენს პროტეჟეს გაუღვიძნია და ახლა იმ ოყრაყთან ერთად მხიარულოს!-მიახარა საჭესთან მჯდომს.-უკანა კარი გამოაღო და მანქანაში ჩაჯდა.
მზის ფართოჩარჩოიან სათვალით თვალებდაფარულმა დუდემ მანქანა მყისვე დაძრა და დააიმედა.
-ცოტაც და შენსას მიიღებ…-დააიმედა.
-მინც როდის?
-მაგის განთავისუფლება საქველმოქმედო საღამოს გამართვას უნდა დაემთხვეს, ბოჩი მოიცლის თუ არა…
-მართლა გაქვთ იმედი, რამე ჭკვიანურს ამოქაჩავთ?
-მაგისთვის ისეთი სატყუარა გვაქვს გადანახული, ქოსა ტიმოთეს თქმისა არ იყოს, ისეთ მადას აუშლის, საიდუმლოს კი არა, ტვინს ამოაღებინებს თავიდან… -ჰიპნოზიორი თუ…
-არც ერთი და არც მეორე, ფსიქოლოგმა გვირჩია, თავდაპირველად უმჯობესია ნატურალური, ბუნებრივი საშუალება სცადოთო… შენ, ის მითხარი ბუჭუკისგან რამე საფრთხე ხომ არ გველოდება. ხომ იცი, ვერაა თავის მოტორზე და…
-გიჟი გიჟთან საერთო ენას ყოველთვის იპოვის. მორიგი ინსტრუქცია ერთი კი იუცხოვა, მაგრამ ახალი ვერსია, სათანადოთ, რომ გავუშიფრე და მაყუთის ამოქჩვა ვუხსენე, დამშვიდდა… მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს, ოდნავადაც არ უნდა დაყნოსოს, ორმაგ თამაშს, რომე ეწევი, რადგან შესაძლოა, ბოლო ვარიანტში სამართლიანობას მოწყურებული და აბობოქრებული ხალხის ხელში მოხვდეს, იქნებ ლინჩის წესითაც კი გაასამართლონ…-დუდემ სიგარას მოუკიდა.
-ჩასაქოლად არ მეემტება…-დაიწუწუნა ფერმრკრთალმა.
-გუჯი?!-გაოცების ნიშნად მისკენ ოდნავ მიაბრუნა თავი,-როდის გახდი ეგეთი სანტიმენტალური, როგორც ვიცი, ბეჭდებიან თითებზე ნადირობის გამო თითიპარია შეგარქვეს!
-ეგ ადრე იყო, ახლა მე პარტიის წევრი ვარ… აქტივისტის სახელი მაქვს და…
-კარგი, კარგი, ვნახოთ, როგორ წარიმართება საზოგადოებრივი აზრი, ოღონდ იცოდე, მე ღირსებს საქმედ მიმაჩნია, თავად საზოგადოებას ზნეობის გაკვეთილი მივცეთ!-ორაზროვნულად წარმოთქვა ”დუდე ნუგეშისმცემელმა”.
-კი ვნახე, ქვემოდაბის გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება!-მაამებლურად წამოიწყო გუჯიმ,-კარგი სცენარია, შენს მეტი ვინ მოიფიქრებდა. მაგ აფრაკის ტყვეობიდან გამოხსნა, მომავალ არჩევნებში გვარიანად დაგეხმარება…
-აფრაკის კი არა, საბჭოური რეჟიმის დროს, სცენაზე რეპრესირებული, სახალხო ტალანტის გასათვისუფლებად ვიბრძვით!-გამაფრთხილებლად შეესიტყვა იგი,-ჩაიცინა და ნიშნისმოგებით გააგრძელა,-ეს რაა, უკვე მაგ ჭკუანაკლულის გამოხსნის მიზნით საქველმოქმედო ფონდიც ჩამოვაყალიბეთ! კაი გვარიანი მაყუთი შემოვიდა… განსაკუთრებით ფულნაშოვნი ნომენკლატურა აქტიურობს… ერთ დროს, კომუნისტ ფუნქციონერებს, ეროვნულ-განამათავისუფლებელი მოძრაობის ფონზე, ქველმოქმედება, თითქმის ჰობად ექცათ. ინდულიგენიციების მოპოვება და ცოდვების გამოსყიდვა ახარებთ…
-მაგ ფონდის ჩამოყალიბება მეც ძაან მივიტანე გულთან და გარკვეული თანხაც გავიღე. დიახ, არვინ იფიქროს, რომ ჩვენ ხალხი, ვინმეს დავაჩაგვრინებთ ჩვენი კუთხის სახალხო ტალანტს!-რიხით განაცხადა გუჯიმ.
დუდემ სარკეში გაოცებით შეათვალიერა.
-ყოჩაღ, მაგარი მოსწავლე გამოდექი,-შეაქო მერე,-ჰოდა, ასე მილონზე, რომ ავა თანხა, შიბაქ-სალამურას ტყვეობიდან გამოხსნის ცერემონიალს გავითამაშებთ და საზოგადოება ბოლოს და ბოლოს, საკუთარი დიდსულოვნების ნეტარი შეგრძნებით დატკბება!-მაღალფარდოვნად ჩამოაფრქვია მერე და შეფიქრიანებულმა გამომცდელად დაუმატა,-თუმც, მოსალოდნელია, რომ საკუთარი ღირსების შეგრძნებით აცუნდრუკებულ ბრბოს სისხლი მოსწყურდეს და მაშინ…
-ოღონდ, მე ნუ გამრევთ!-მიუხვდა თანამოსაუბრე. -გავითვალისწინებთ…-უხალისოდ დააიმედა მან.
-იმ განძის ადგილსამყოფელი, მგონი არც მაგ აფრაკმა იცის და ცოცხლად, თან ზარზეიმით განთავისუფლებული რაღაში გჭირდებათ ვეღარ გამიგია?!-გაკვირვება ვერ დაფარა გაღიზიანებულმა.
-ეეჰ, ჩემო გუჯი, საწყენია, რომ შენ და ბუჭუკი, მარტო ძალადობას მიიჩნევთ ზემოქმედების ძირითად ძალად. დაიმახსოვრე, კეთილი მოპყრობა თუ თანაგრძნობა პირუტყვსაც სიამოვნებს. კონცერ საიდუმლო კლიტენის თაოსნობით შემდგარი ქველმოქმედება, ყოველ სანტიმენტალურ პიროვნებას, ანუ ფარულ გიჟს აუჩუყებს გულს, ეს კი ვეებერთელა ძალაა!-თითქოსდა ფრაგმენტულად განვითარებული აზრის გაგრძელება აღარ ინდომა და უცაბედად ბექასგან დამახსოვრებული მელოდიის სტვენა წამოიწყო. მერე მოგონებებს მინდობილ კაცივით დაუმატა,-ასე რომ ყოველ მოკვდავს სჭირდება ნუგეშისმცემელი…
***
Комментариев нет:
Добавлять новые комментарии запрещено.