ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

пятница, 16 апреля 2010 г.

ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი) / Janri Gogeshvili ’Sweet Souls of the ’Insane.’ (A novel)


იპოვე სამშობლო!


სასაფლაოდან ხმაური ისმოდა.
-ნუგეშისმცემელი კი არა, ტერორისტი ხარ შენ, მაშინაც ტერორისტი იყავი, ოთახის ძაღლივით რომ დასუნსულობდი. გაჭიმულხარ ამ აფიცრის ფორმაში და მემუქრები, რას გამომრჩები, შეგთხრი ამ შიბაქს ერთ ადგილას და უსტვინე მერე!-თითქოსდა არხეინად ყვიროდა ვიღაც.
შიოს ხმა ეცნო და ავტომობილი შეაჩერა.
-შე დამპალო, ვის უბედავ თუ იცი!-იღრიალა მეორემ და პისტოლეტის გასროლის ხმაც გაისმა.
-შეშლილია შეეშვი, ამას, თავად მამობილი აპეკუნობს, ერთი გიჟი ყველა სოფელს უხდებაო…
-ვიის, ამას შეაქვს ჩემს ქართველობაში ეჭვი?! -შეეშვი ხიმ ხედავ შეშლილია!
-ჰო, ასე ამბობდნენ კომუნისტებიც, მამალი სიმართლის მთქმელს გიჟად ნათლავდნენ, დედალი სიმართლე, კი, შიგადაშიგ იმათაც აწყობდათ!
-მოვკლავ მე ამის! რას მიჰქარავს გესმით, ქართველობას მიწუნებს ეს დამპალი!..
-იპოვე სამშობლო!
-კიდეევ, შენი?!
-ეს მითხრა სიკვდილის წინ ცხონებულმა მეთქი, მერამდენედ გაგიმეორო, გიჟი მე ვარ თუ შენ?-ეს ნამდვილად ბექა იყო,-ძლივს აღვიდგინე ამდენი წლის მეხსიერება, გაეხარდება მეთქი და, რა შიზოფრენია გეცა!
მანქანიდან გადმოსული შიო მათ უახლოვდებოდა. გობრონის საფლავთან ხუთიოდე მამკაცი იდგა. სამი იქიდან შედარებით ახალგაზრდა ჩანდა. სხვა ორი: დუდე და ბექა იყვნენ. იქვე, ქვის განიერ კედლზე გაშლილ გაზეთებზე პურ-მარილი ჰქონდათ გაშლილი. იყო შემთხვევები, როცა ბექას სუფრასთან ძალისძალად მიიპატიჟებდნენ. ისიც შევსებულ ჭიქას აიღებდა, სუფრის წევრებს დალოცავდა, მერე შიბაქასა ან სალამურს მოიმარჯვებდა, თავისებურად ააჟღერებდა და იქაურობას მოხდენილად გაეცლებოდა. აქ კი, როგორც ჩანდა, სხვა გრძნობა მოძალებოდა და შეზარხოშებულიყო.
-აა, შენს ბღავილზე, შენი კოჭლი ძმაკაციც კი მორბის!-მხიარულად შესძახა ბექამ. დუდე შეცბა, თითქოს შეფხიზლდა, უხერხულობა იგრნო და ბექასკენ წაწევას თავი მიანება.
-ამიყოლია მე ამის!
-რა დღეში ხართ ბიჭებო?-მშვიდად იკითხა შიომ. გაურკვევლი სამხედრო გაერთიანების საკადრისად შემოსილი კაცები უნდოდ შეათვალიერა.
-გაბარებ შენს ძმაკაცს, ეცი ნუგეში, არ გაგიჭირდება, და ერთ სამხედროფორმიანს, რომელიც ქვემოდაბელი ჩანდა მეგობრულად უთხრა,-პეტრუჩა, ღრეობას, რომ მორჩებით, ნაგავი არ დატოვოთ!-გასავლელისკენ მიმავალ ბილიკს შეფიქრიანებული გაუყვა.
დუდემ იარაღი ბუდეში შეინახა, შიოს გადაეხვია. ზედიზედ ჩაკოცნა. მერე უკან დაიწია, გაბადრული შეაცქერდა და ისევ ჩაკოცნა.
-იპოვე სამშობლე!-დასჭექა სასაფლაოს ბოლოდან ბექამ.
-გამაგიჟა მე მაგის, რომ იტყვიან მაზოლზე დამადგა ფეხი!-აღიარა დუდემ.
-აქ, როგორ მოხვდით?-კითხვა-მოკითხვის შემდეგ დაინტერესდა შიო.
-ორჯერ შემოვიარე შენთან, არ დამხვდი, ვერც კულტურის სახლში გნახე!-კაპიტნის სამხრეების რხევით უპასუხა მან,-ჰოდა ეს გიჟიც შეხვდა, ნასვამი ვიყავი და გამოვლაპარაკე, მიცნო, თავიდან ნორმალურად მელაპარაკებოდა და ვიფიქრე გავახარებ, პურმარილს წავიღებ და მამისის საფლავზე ჭიქას წავაქცევინებ მეთქი. მერე სიტყვას მოჰყვა და ხუმრობით ვკითხე,-რას გიბარებდა, ის ცხონებული ასეთს, ქვეყანა, გაუგებრობაში, რომ დატოვა მეთქი? ერთხანს გაყუჩდა, მაგრამ მერე საქრთველოს სადღეგრძელოს, რომ ვამბობდი, ზედიზედ იყვირა, იპოვე სამშობლო!-შიბაქზეც დაამღრა და წაიცეკვა კიდეც. შაყირი დამიწყო ამ ნაბიჭვარმა!
-არა, უფროსო!-ბექას გამოესარჩლა ქვემოდაბელი პეტრუჩა,-ალლად გაიხრა, მამამისის დანაბარები, რომ გაიხსენა,-იმის თქმა უნდოდა, სამშობლო იპოვე! აი, ეს დამიბარა, ცხონებულმაო. ეგ, საცოდავი, თურმე, ერთი თვისაც არ იყო გობრონს, რომ მიუგდეს… არც წარმომავლობა იცოდა მისი და არც გვარი. ჰოდა, როგორც ჩანს დარდად ჰქონდა და დაუბარა, შენიანები მოძებნეო…
დუდე შეფიქრიანდა. მერე განაწყენებულმა უთხრა:
-მერე, აქმდე ვერ მითხარი?!
-არ მაცალეთ, ცალკე შენ ყვიროდი, ცალკე ის!-თავი იმართლმა გაურკვეველი სამხედრო შენაერთის ჯარისკაცმა.
-მე კი, ვიფიქრე ჩემს სადაურობაზე ჩამინისკარტა მეთქი!-დუდემ დაირცხვინა,- აუჰ, რა იცის ამ სიმთვრალემ,-და შიოს გადაუჩურჩულა,-შენ, ხომ იცი ჩემი ამბავი!
შიომ ხელი მოხვია.
-გეკადრება, მაგას როგორ გაივლებდა გულში?! ეტყობა, რისი თქმაც, მაშინ გობრონმა მოასწრო, იქედან, რომელიღაც ფრაგმენტი მოაგონდა… სასიხარულო ამბავია, ღმერთმა ქნას და თავისი ნამდვილი წარმომავლობაც გაიხსენოს! უცებ დუდე გამხიარულდა.
-იპოვე სამშობლო! მაგარია ხომ იცი, სამშობლო ჩვენ ყველას საპოვნელი გვაქვს! -ძლივს, მოხვედი ხომ გონზე!-დაკვირვებით შეათვალიერა, ”მგონი იმათაც ასეთი ფორმა ეცვათ…”, შეეცადა დაეჭვება არ დამჩნეოდა.-ისე, მაგარი მეტამორფოზა განგიცდია, ”დუდე ნუგეშისმცემელი” კაპიტანი გამხდარა?! -
ვემსახურები საქართველოს!-ამაყად მიუგო მან.
შიომ გულთბილად გაამხნევა.
-ღმერთმა გაგაძლიეროს! გაიხარე!
-მე ჩემი ვიბრძოლე ახლა, ისევ სამოქალაო სექტორში გადავინაცვლებ! უბრალოდ ფორმის ტარებას მივეჩვიე და…-დოქიდან ცარიელ ჭიქა ღვინო შავსო, შიოს მიაწოდა.-ახლა რაღაი და მალე მე და შენ სხვანაირად უნდა ჩავუჯდეთ! შიომ დაილოცა და რომ არ ელოდა ისე წარმოთქვა:
-დღევანედლ დღეს გაუმარჯოს, ხსოვნა იყოს ამ დიდებული ადამიანს, ჩვენ კი მართლაც გვეპოვოს სამშობლო!-ჭიქა დასცალა.
-გაამოს!-მიადევნეს ჯარისკაცებმა.
შეცბუნებულმა დუდემ იჭვნეულად შეათვალიერა
-ისე, შენც გვარიანად შეცვლილი მეჩვენები!-თქვა მძიმედ.
-ასეა,-დაუმოწმა მან.
-ჰო, კიდევ რა გვითხრა თუ იცი; თქვენ ახლა იმ ძლიერებადაკარგულ ქვეყნის მამლუქებს ჰგავხართ, სამშობლოში დაბრუნება რომ უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან მეხსიერება ღალატობთო…-გაიხსენა დუდემ,-შეშლილია, შეშლილიო და ქე გამოგვლანძღა კულტურულად…
-ნუ აყვები, ისე არ უთქვამს მთლად ურიგოდ!-ჩაიცინა შიომ.-ახლა კი, შემინდეთ, სასწრაფო საქმე მაქვს, თითოეულს ხელის ჩამორთმევით გამოემშვიდობა, შებრუნებულმა შეძლებისდგავარდ გაუჩქარა.-გუმანით იგრძნო გადამხდარი ფათერაკის შესახებ, ამ ხალხთან სიტყვაც არ უნდა დაცდენოდა.
-საით?! შენ, ჩვენთან ერთად უნდა იყო!-მიაძახა დუდემ,-შენთან ლაპარაკი მომენატრა…
-ფხიზელი, რომ იქნები მნახე…-გაუპირდა იგი და უნებლიეთ გაიფიქრა ”იპოვე სამშობლო!”
დუდუ კვლავ იჭვნეულად გაჰყურებდა. ”მგონი რაღაცას ხვდება…”, და ბიჭებს ნაჩქარევად მიმართა:
-ჰო, კარგი, ჩვენც დავასრულოთ!
”ჰმ, დუდე ნუგეშისმცემელი…”, შიოს წარმოსახვაში ადრინდელი დუდე იერსახე გაუკრთა, ჩუმად ჩაიცინა.
…დახეიბრებულს და ცხოვრებისეულ სიმუხთლესთან მორკინალს იგი მოულოდნელად გამოეცხადა. ოდნავ გახუნებულ, მაგრამ მაინც პეწშენარჩუნებულ კოსტიუმში ”გამოწკეპილი” და ჰალსტუხით მკერდდამშვენებული… რაღაცით გუვერნიორს გამოქცეულ, თავშესაფრის მაძიებელ პუტკუნა ყმაწვილს ჰგავდა.

შიომ ძლივსღა შეიცნო მასში ყოფილი თანაინტერნატელი.
-აჰ, არა, ავადმყოფს შენ რა გიგავს?!-თითქოსდა პირუთვნელად გამოთქვა თავისი აზრი მოსულმა და შთაგონებით გააგრძელა,-რაღაც ანტიკური ხანის ღმერთკაცის ქანდაკებასაც კი მაგონებ, ასე მგონია ზევსს შენი მშვენიერი ცერული შეშურდა და მოძრაობის სიმეტრია საგანგებოდ დაგირღვია, ვგრძნობ და წინასწარმეტყველის იდუმალი თვალით ვხედავ, შორს არ არის ის დრო, როცა შინაგანი ცეკვისგან გაჩაღებულ ცეცხლოვან ალზე, ბედისწერისგან თავსმოხვეული სენი უცაბედად ჩაიბუგება და ფერფლიდან ფენიქსივით, უბადლო აღსდგები… შიო დაეჭვდა, ამან მალულად ჩემთან მოსაუბრე ბექას ხომ არ მოუსმინაო. მისეულ მჭევრმეტყველებაზე გულღიად გაიცინა და მოიკითხა…
მალე სახელდახელოდ გაწყობილ სუფრასაც მიუსხდნენ. დუდე კვლავ რიტორიკული ტონით განაგრძობდა მის გამხნევებას და როცა შიო შეეცადა საუბრის თემა შეეცვალა და ცეკვის გაკვეთილები მოაგონა, დუდე გამოუტყდა:
-არ იყო, ჩემი საქმე, მშიერი კუჭით ცერებზე შედგომა…
ცეკვის მასწავლებელმა დიეტის დაცვა, რომ მომთხოვა, მთელი ღამეები საშინელზე საშინელ სიზმრებს ვხედავდი., ვითომ, ვიღაც ფეხის თითებით გადასაყლაპავად გამზადებულ გემრიელზე გემრიელ ლუკმას მაცლიდა პირიდან…-და შიოს სიცილში მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა,-ბოლო, დამამთავრებელ წელს მათემატიკამ გამიტაცა და თუმც იმდენი ვიძალე, ასპირანტურაში შესვლას არაფერი მიკლდა, უნივერსიტეტში ხუთი წლის სწავლის შემდეგ, რატომღაც დიპლომის დაცვა შემეზარა და უცებ იურიუდულ ფაკულტეტზე ამოვყავი თავი… ოღონდ მერე და მერე იმდენი უსამართლობის თანამოზიარე შევიქენი, რომ იურისპრუდენციაზეც ადვილად ავიყარე გული…-წამით მისმა მრავალფარდოვნებამ თითქოსდა აპოგეას მიაღწია, ყელი მოიღერა და საგანგებოდ გამკვეთრებული ხმით წარმოთქვა,-საკუთარი მეს ძიების მწვალებლურ პროცესით სასოწარკვეთილმა, მორიგი სულიერი პერიპეტიის წამს ნუგეშისმცემლობის ნიჭი შევიგრძენი, სრული სიმშვიდე დამეუფლა და განგებისგან ბოძებული მისიის აღსასრულებლად გავემართე!-თვალებგაცისკრებულმა სასმისი დაცალა, მასპინძელს თავმომწონედ შეხედა და მხარზე ხელი მოუთათუნა.
იმ საღამოთი გემრიელად გამოთვრნენ. შუაღამისას შიომ სტუმარს დივანზე მიუჩინა ადგილი, თავად კი ჩვეულებისამებრ საწოლზე ”მოკალათდა”.
შეფხიზლებულმა მასპინძელმა თავს ძალა დაატანა, სუფრა განაახლა და ფანჯრიდან შემოჭყეტილ მზის სხივებისგან ბალიშით სახედამალულ დუდეს შეეხმიანა.
-არა, არაფერი არ მინდა, რა ხანია ასე გემრიელად არ დამისვენია, ვიქნები ასე, ნუგეშისცემას უკეთ ვახერხებ…-ჩაილუღლურა მან.
მერე დუდეს თითქმის მთელი დღეები ეძინა. იშვიათად წამოდგებოდა, ერთხანს თავისთვის დაბაჩუნობდა, ერთხანს ტელევიზორს უყურებდა, შიგადაშიგ წაიფილოსოფოსებდა, შიოს, როგორც თავად იტყოდა, გულში ნაფიქრისდა მიხედვით შეაგულიანებდა და კვლავაც ლამის ბუნაგად ქცეულ დივანს დაუბრუნდებოდა. თავის სამყაროში ჩაძირული, ტელეფონის ყურმილსაც იშვიათად იღებდა.
სადღა იყო მისი პირვანდელი პეწი. წვერგაუპარსავს, პერანგზე სხვადასხვა ფერისა და ზომების ლაქები მიმობნეოდა და მათ თითქოსდა ჩინ-მედლებივით დაატარებდა. რაღაცით კეთილ, პრიმიტიულ ტყიურს ჩამოჰგავდა, მოშინაურების მერე თავის ფუნქცია, რომ მივიწყებოდა. გამასპინძლების მოსურნე შიოს თავგამოდებით არწმუნებდა, შიმშილით მკურნალობას ვეჩვევი და ძალიან გთხოვ საჭმელს ნუ დამაძალებო, თითქოს საგულდაგულოდ არწმუნებდა, შენ ნუ შეწუხდები, მე ჰაერისა და საწოლის მეტი არაფერი მჭირდებაო…
მასპინძელს კი, იმის შიში აწვალებდა ამ კაცმა საგულდაგულოდ გადამალულ კაქტუსს არ მიაგნოსო…
მაინც ითმენდა, თავისი იჭვნარევი წყენა არ გამოეხატა, სანამ ერთხელ, შემთხვევით, გვიან ღამით გაღვიძებულმა, მოულოდნელად მაცივართან ჩაცუცქული დუდე არ დალანდა. ”მარხული” შეჭამანდს, რომელზეც დღისით სასტიკი უარი თქვა, მსუნაგურად ნთქავდა. შეცბუნებულმა თვალი აარიდა და თავი მოიმძინარა, ოღონდ გაიფიქრა: ეს კაცი, ასე რამ წაახდინაო…
მერე მოჩვენა, რომ ”დუდე ნუგეშისმცემელი” თავისი ბუნებრივი მცონარობით, რაღაც უნებლიე მზაკვრობას ნიღბავდა.
დილით შედარებით გვიან გაღვიძებულს შეეშინდა, ამ კაცის სიმულანტობა მეც არ გადამედოსო და თითქოს მეგობრულად, მაგრამ გაღიზიანებული ხმით დასძახა:
-ადექი, თუ ძმა ხარ, ადექი! მოგაშთობს ამდენი ძილი…
დუდემ ძლივს გაახილა თვალები, მეტისმეტად გაოცებული შეაცქერდა და უცებ მიელაქუცა:
-ველოდი, ეს დღეც დადგებოდა, შენ რომ გიცქერი, საშინლად მომინდება, ისე როგორც ერთ რომანში ამოვიკითხე, საკუთარ თავს გავუსხლტე და მერე ერთი რიგიანი პანღური ამოვკრა… ხომ იცი, რატომ მემართება ეს, იჭვი არ მასვენებს მამაჩემი მართლაც მამაჩემი იყო თუ… შენ გიმხელ პირველად და ჩვენში დაიმარხოს. მამაჩემზე, რაც მომიყოლია სულ ზღაპრებია. მატარებელში ვარ გაკეთებული, კოიკაზე… დედაჩემი, ომის შემდგომ რუსეთში, ვაგონის გამყოლად მუშაობდა. ჰოდა, ვიღაც სამხედრო, თვალის ერთი შევლებით შეუყვარდა. სიყვარულის დამთავრება ვერც მოასწრეს, მამაჩემი თუ, ის ვიღაც სუბიექტი, ტუალეტში გავიდა და მალე, ვაგონში, ვიღაცას ხელყუმბარა აუფეთქდა, დედაჩემი ბეწვზე გადარჩა. ის კაცი კი, უგზო-უკვლოდ გაქრა. მერე მე დავიბადე, რომ წამოვიზარდე, დედა სულ იმას მიმტკიცებდა, მამაშენი ომში იბრძოდაო, წესიერად მისი სახელიც არ ახსოვდა. ისე უცებ შეგვიყვარდა ერთმანეთი, გვარის კითხვაც ვერ მოვასწარიო. აბობდა, შავგრემანი იყო და მითხრა, მეც საქართველოდან ვარო… ჰოდა, სულ მაწვალებს იმის ეჭვი, ვინ ვარ მე. ქართველი, რუსი, ებრაელი, ბერძენი, ბოშა, ვინ ოხერი და ნაბიჭვარი…-დუდეს ცრემლები მოადგა. შიო მოეხვია. ინტერნატში, ყურმოკვრით, რაღაც გაგებული კი ჰქონდა მისი გაურკვეველი წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ამისთვის მნიშვნელობა არ მიუქცევია. -დედაშენი ხომ ნაღდად ქართველია!-გაამხნევა მეგობარმა.
-ეეეჰ, იმის წარმომავლობაც ჩახლართულია, დედის ერთი ბაბუა ებრაელი ჰყავდა, ბებია კი რუსი, იმის დედა ბოშა. მამამისი, ჰო, ნამდვილად ქართველი იყო, თანაც აზნაური, ძალიანაც ვუყვარდი…
-ჩვენიანი ხარ, ჩვენიანი, ქართველის ყველა თვისება გაქვს. ხან მეტისმეტად ბეჯითი ხარ, ხან მეტისმეტად უზრუნველი… შეეშვი ამ სისულელეებს, გამოცოცხლდი, თორემ ობი მოგეკიდება!-შეესიტყვა თანაგრძნობით და მხიარულად.-
რაიმე თავშესაქცევი, გამონახე!
მისდა გასაკვირად დუდე უცებ გამოცოცხლდა, დივანზე წამოჯდა და წამწამებახამხამებულმა ფარული გზნებით წარმოთქვა;
-ჩემი ჰობი, ხმარებიდან გამოსული ორიგინალური გასაღებების შეგროვებაა!..
-მერედა, ჩვენს სარეკვიზიტოში მაგის მეტი რა ყრია!-გაეხარდა შიოს და ხალისიანად განუმარტა,-ერთ დროს, თურმე, კულტურის სახლის სცენაზე, ერთი ასეთი ვოდევილი იდგმებოდა, სახელწოდებით, ათასი კლიტის მფლობელი, ერთმანეთში გაბნეული გასაღებების ფანდზე ყოფილა აგებულ;ი. ვითომდაც ასხმულა კლიტის მფლობელი, სინამდვილეში, გაკოტრებული თავადი და ნანაგრევებად ქცეული ციხე-სიმაგრის პატრონი ბრძანდებოდა…
-მაგას რა ჯობია!-თითქოს ამ ამბის გაგებას ელოდაო, ისე გახალისდა ხეიბრის სახლში შინაყუდად დაფუძნებული.
უმალ საკუთარი გარეგნობის მოწესრიგებას შეუდგა, რაღაც ოციოდ წუთში წვერგაპარსული და თავის პეწშენარჩუნებულ კოსტიუმში გამოკოხტავებული შიოს მანქანაში ჩაუჯდა და სამსახურში გაჰყვა.
იქ, ხალხს ადვილად გაეცნო, თავისებურად წაიფილოსოფა, შიგადაშიგ ერთი ორი თეატრალი გულმხურვალედ ანუგეშა და მერე შიოსა და მათი მეგზურობით სარეკვიზიტოში გადანაცვლებულმა, მართლაცდა უამრავი გასაღების ხილვით აღტაცებულმა შეჰყვირა:
-დახეთ, ეგ რა სიმდიდრე გქონიათ?!-მათი თვალიერებით გვარიანად გაერთო, ბოლოს ოცამდე გადარჩეული კლიტე ჯიბეებში სათუთად ჩაილაგა და თვალებგაბრწყინებულს იდეა გაუჩნდა,-მოდით, ის ვოდევილი, ათასი კლიტის მფლობელი აღვადგინოთ, გაუმხილა იქ მყოფთ. შეიქმნა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. განსაკუთებით ცაცა აქტიურობა -თქვენს გაგებას ვენაცვალე, ქალბატონო ცაცა!-ეპირფერებოდა ჩამრგვალებული,-ვიცი, მახსოვს ინჟენიუს ამპლუას რომ ელოლიავებოდით და პირადად თქვენი ხათრით ისეთი ვოდევილის აღდგენას ვაპირებ, კვლავაც რომ გული იჯეროთ გულუბრყვილო, მიამიტი ქალიშვილის როლის შესრულებით…
და რაღაც, ორ დღეში, დუდე სცენისმოყვარეთა შორის საპატიო პიროვნებად იქცა. მაგრამ მესამე დღეს, შიოს კაბინეტიდან გასული, უგზო-უკვლოდ გაქრა. კედელზე გაკრული ვოდევილის ძველ აფიშას კი, მის მიერ ფარულად მიწერილი სიტყვები შერჩა, რომელიც აღმოჩენის შემდეგ ყოველი დაინტერესებული პირის ”რელიქვია” გახდა. მინაწერი კი, შემდეგი შინაარსისა იყო: ”ნუ დაღონდებით! დუდე ნუგეშისმცემელი…” ”ნუგეშისმცემელთან” შეხვედრით გაფრთხილებულმა შიომ გეზი შეიცვალა.
-იპოვე სამშობლო!-შესძახა ინტერესით. ”ლეგენდა განძზე, როგორც ჩანს მართლაც არსებობდა და გარკვეულ სამსახური, მის გადაფარვა სხვადასხვა ჭორით ცდილობდა…”, მეხსიერებაში რაღაც უჩინარის მოძიებას შეეცადა. შინისკენ გაუწია გულმა, რატომღაც მუყაოს ფურცლების ერთმანეთთან უფრო ზუსტად ”მისადაგება”, კოსმიური რუქის უკეთ დანახვა და აღმოჩენა მოუნდა.



”კოსმიური მირაჟი”

შინ დაბრუნებული, რადიომიმღები ჩართო და მუსიკის ხმაზე, წიგნების უკან გადამალულ კაქტუსს, ისე როგორც თანამოზარეს დააცქერდა, დაელოდა, რომ იგი რაღაც მნიშვნელოვანს მიანიშნებდა. მერე ”ეკალნემსების” წვეროებზე თამაშ-თამაშით გადაატარა თითები და თითქოსდა მისნური სიტყვების შესატყვისად ღიმილით წარმოთქვა:
-იქ აფრიკაში, ეკოის მთებში, ცის ღმერთის ობასი-ოსას მაცნედ მოვლენილსა და მზის სხივებით ნასაზრდოებს, ალბათ უფრო მეტი გაგეგება აქაური მტერ-მოყვარისა, ვიდრე მე…-და უცებ ბექას ნათქვამი გაახსენდა, ”ეგ უბრალო კაქტუსი არ ჩანს, მაგას აფრიკელი ქართველების სუნი ასდის…”, კაქტუსის სურნელი ღრმად შეისუნთქა. გარინდულს მოეჩვენა, რომ ოთახში, ვიღაც მოხდენილი ქალის აჩრდილი იმყოფებოდა. შიგადაში უჩინრად ესალმუნებოდა და აბურდულ გონს უამებდა. თითქოს ნანამზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ უცხოგვარად მობერებულს კი არ ჰგავდა, რაღაც საამო, გრძნობათა მომცველ ფერებად იღვრებოდა. კაქტუსს დაჩერებული, წამით საუკუნოდ მიძინებული პითონის თავზე მოქცეული პირამიდის გადაშლას დაელოდა, რათა იქიდან ამოკაშკაშებულ ყვავილში დაროს ხატება ეხილა. წამით ქალური მადლისა და სათნოების მფრქვევლი ხელის მიალერსება იგრძნო. ამგვარად მონუსხული, ქვეცნობიერად, თავადაც აჩრდილად გადაქცევას სურვილობდა… შიშობდა, სიცხადეში გადმონაცვლებულს მალულად წამოპარული დარია არ შერჩენოდა ხელში, და თავისი ქარაფშუტული ლაპარაკით გული არ გაეწყალებინა. მერე ტელეფონის ხმა მისწვდა. კაქტუსს ძლივძლივობით მოშორდა, რათა ყურმილი აეღო. იჭვნეულად განსჭვრიტა, ალბათ შეფხიზლებული დუდე მირეკავსო. ვიღაც ქალმა შემპარავი ხმით, ჯერ მისი ვინაობა დაადგინა და მერე ხაზგასმით განუცხადა:
-კონცერნ საიდუმლო კლიტენის დამაარსებლსა და მთავარ არქიტექტორს, ბატონ ბოჩის თქვენთან შეხვედრა სურს… გთხოვთ ხვალ, თორმეტ საათზე კულტურის სახლში დაგველოდოთ…
-იცით რა…-უარის სათქმელად შეემზადა მისი კილოთი გაღიზიანებული.
-ბატონ ბოჩისთან შეხვედრა, თქვენს სასიცოცხლო ინტერესებში შედის…-ქედმაღლური სიმტკიცით განუმარტა მან და უცებ, როგორც იმედისმომცემ აღსაზრდელს ისე დაუყვავა,-საქმე ხომ, კულტურის სახლის სამომავლო პერსპექტივას ეხება. უფრო ხელშესახებად თუ გნებავთ, ბატონ ბოჩის ქვემოდაბის სცენაზე განხორციელებული ერთ-ერთი დადგმის რესტავრაცია აქვს ჩაფიქრებული, რასაც დაბის მესვეურნი აღფრთოვანებით შეხვდნენ. ძველი თეატრალის, ტიმოთე ჩიტუნაძის თაოსნობით უკვე სათანადო მუშაობაც მიმდინარეობს და ვფიქრობთ, უკვე დროა, თქვენც ჩაერთოთ ამ საინტერესო წამოწყებაში… დადგმასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს კონცერნი საიდუმლო კლიტენი გაიღებს და თუ თქვენ ჩვენთან თანამშრომლობას არ დაიზარებთ, დარწმუნებული ვარ გულნაკლული არ დარჩებით…
-კეთილი…-ცივად მოუჭრა მან და ყურმილი დადო. ვითომდა თხოვნის სახით შენიღბულმა ულტიმატუმმა სიბრაზე მოჰგვარა. ”რამ გადარია ეს ხალხია, ნეტა, რას ემსახურება ეს ავანტიურა?! ალბათ ქვისლოედის რესტავრაცია უნდათ…”, და მეხსიერებაში ბენე-ხალამპრეს ნათქვამს მიადევნა ფიქრი: ”დერჟავული” სულისკვეთების პერსონები, ეროვნულ ფონით შენიღბვას ისწრაფვიან… რაღაცით მასონებსაც ბაძავენ…” და უცებ მაშინალურად გააგრძელა: ”რაღაცით შიბაქებს…”, გაეცინა. ”ჰმ, კონცერნი საიდუმლო კლიტენი, და მისი მთავარი არქიტექტორი…”. -იპოვე სამშობლო!-ღიმილით შეუძახა საკუთარ თავს,-გახსენებაც ამას ჰქვია, მთელ საქართველოს, რომ შემოუძახებ ისეთი სიტყვებია…”, სურვილი გაუჩნდა, სანამ ”საიდუმლო კლიტენის” წარმომადგენელს შეხვდებოდა, ბექასთან ესაუბრა. კედელთან მივიდა და ზედ მიკრულ ”მსოფლიო რუქაზე” საქართველო მოიძია. ”დერჟავისგან” სანახევროდ მისაკუთრებულ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებს სევდიანი მზერა მიმოავლო. მერე მისთვის ნაცნობ აფრიკულ სახელმწიფოს დაადგა თვალი. ციცქნა ლაქასავით აჩნდა, აფრიკის კონტინეტს. უნებლიეთ, იმ თითზე დაიხედა, საიდანაც ბეჭედი წააძრეს. ”იქნებ, ამ ბეჭდით იმ განძის მიგნებაა შესაძლებელი. შესაძლოა, მამაჩემიც დაინტერესებული იყო მაგ ამბით და დედაჩემს ის ბეჭედი, მან მიაბარა.”, იგრძნო მეზღაპრეობა გამოსდიოდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო, ხალხში გავრცელებული ჭორების მიხედვით უნდა ემარჩიელა. ახლა კაქტუსთან გადაინაცვლა, კვლავ დააჩერდა.
-შენა ხარ ჩემი ერთგული მეგობარი…-თავისებურად მიუალერსა,-მოდი, იქნებ იმ უცნაური ლოტოს რებუსი ერთად ამოვხსნათ!-ხელში აღებული ქოთანი მკერდზე მიიკრა და სახლის მეორე სართულს მიაშურა.

კვლავ იმ ფიქრმა მოიცვა, იყო თუ არა მამამისი გობრონის გარშემო დატრიალებულ ამბებთან რითიმე დაკავშირებული, ან რა საიდუმლოს ფლობდა ისეთს, მისი ოჯახისთვის იმგვარად ტრაგიკული, რომ გამოდგა. ოთახში შესულმა უმალვე იატაკზე გაშლილი ლოტო მიმოათვალიერა. -მაშ, ყველაფერი ადგილზეა…-უჯრის განაპირას დადებულ კოჭისკენ მზერამიმართულმა შვებით ჩაილაპარაკა. მერე მუყაოს ფურცელზე აღბეჭდილი შესაბამისი მხატვრობა მოიძია, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. იქ, ჩიტუნას ალისფრად დაწინწკლულ ყელში, კაქტუსის რომელიღაც ეკლიდან გამოტყორცნილი ციცქნა სხივის ანარეკლი შეამჩნია. მზერა დაძაბა. მერე სხვა ფურცელს და სხვა ნახატს დაეცა ის სხივი. მერე სხვას… მოეჩვენა თითოელ ნახატში სხვა ნახატი იმალებოდა და ციცქნა სხივებიც იმ ფარული ნახატებისგან შემდგარ რკალზე მიანიშნებდა. ”ზოდიაქოს რკალი…” წარმოსახვაში დანახულის გარკვეული ფორმისთვის მისადაგება მოუნდა.”ამის გარკვევა, ჩემს უნარს აღემატება…”, ქოთანი კარადის გამოღებულ უჯრაში ჩადგა და მერე, კვლავ ლოტოს ფურცლებს მიუბრუნდა. დაჟინებით ათვალიერებდა ძლივს შესამჩნევ კონტურებს. შეეცადა ფურცლებზე გარდამავალი ფონი, ჩვეული თვალისთვის შეუმჩნეველ, რაღაც სხვაგვარ, იდუმალ მთლიანობაში აღექვა. თავისებურ კოლორიტში გამომკრთალ კლდე-ციხის ანარეკლში, ოთხ ალაგას, გარკვეული თანაზომიერებით განლაგებულ მინიატურულ კლიტეთა ალისფრად აღუებული საპირეებიც მონიშნა. ”კოსმიური მირაჟი, მართლაც, რომ რებუსია… ასე მგონია, კლდეციხის გრძნეული სული, შორეულ კოსმიურ სხეულსაა შერწყმული და შესძლოა… იქნებ, შენ მიმანიშნო რამე მეგობარო!”, კაქტუსისკენ გადაიხარა. დააკვირდა და ახლა სხვაგვარად აღიქვა ის, რომ მცენარის ”პითონის” თავსა და ”პირამიდის” კედლებზე შეფენილი ეკლები, ერთმანეთისგან სიდიდითა და ფორმით განსხვავდებოდნენ. ”როგორც ჩანს დანიშნულებაც სხვადასხვაგვარი აქვთ. ერთს საბრძოლო, მეორეს დამამშვიდებელი, მესამეს მიმანიშნებელი…”, თავდასხმელები გაახსენდა და მიმოიხედა. ”მოდი, გრძნეულის ციხეს მოვინახულებ, იქნებ შთაგონება მეწვიოს…”, ლოტოს კოჭები ტომსიკაში ჩაყარა, მერე იგი მუყაოს ფურცლებთან ერთად ყუთში ჩაალაგა. ყუთი კი, და გვერდზე დადო. ”ვგრძნობ, კარგად უდარაჯებ!”, მეგობრულად შესცინა მცენარეს. მერე ალღოს კარნახით აქა-იქ ”ეკალნემსები” შეაცალა, ხალათის შეგა ჯიბეში გადამალა. ოთახის კარი ორივე მხრიდან ჩაკეტა და ქვემოთ ჩავიდა. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილს ისევ გრძნეული ციხის მოსანახულებლად მიუწევდა გული.



ფეხებაშვერილი საპარტაძლო

და გასაიდუმლოებული ობიექტი

სანახევროდ კლდეში გამოკვეთილ გრძნეულ ციხეს, ვიწრო, სახიფათო მისასვლელი გააჩნდა და იგი შეუვლად ითვლებოდა. ამბობდნენ, ერთ დროს შიგ შეღწევა მხოლოდ მიწისქვეშა გვირაბით შეიძლებოდაო, მაგრამ იმ გვირაბის ასავალ-დასავალი ცოცხლთაგან აღარვინ იცოდა.
ადრე, თურმე ეს უჩვეულო კლდე-ციხე თავისი ნამდვილი სახელით, ”გრძნეულ ციხედ” იწოდებოდა. მაგრამ მერე, იქაურობას, თითქოს უცნობი ყაჩაღი დაეპატრონა და მის შემდეგ, იქაურობას, შიშნაჭამი ხალხი” ყივჩაღის ციხედ” მოიხსენიებდა.
მერე და მერე ცნობისმოყვარე თუ თავმომწონე ბიჭებმა რამდენჯერმე სცადეს შიგ შეღწევა და ერთი ორი ემსხვერპლა კიდეც ამ ამბავს. ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ორმა მათგანმა მოახერხა ციცაბო კლდის დალაშქვრა, მაგრამ როგორც ამბობდნენ ციხის ნანგრევებში საინტერესოს ვერაფერს მიაგნეს და იქაურობისადმი ინტერესიც თანდათანობით განელდა.
მთის კალთაზე მდებარე ხრამთან ”აფრით” მიღწეულ შიოს, მოულოდნელად სიყმაწვილის დროინდელი ჟინი შემოენთო და მანქანიდან გადმოსვლისთანავე კლდეციხესთან მისასვლელი გზის ძიებას შეუდგა.
”გრძნეული ციხე”, მართლაც რომ შეუვალი ჩანდა. უფსკრულით შემოსაზღვრული, რაღაცით ვეებერთელა ფარზე აკრულ, ვადაში გადატეხილ ბუმბერაზ ხმალს ჩამოჰგავდა.
ჩარბილიას გორაკის მხრიდან მიმდგარ კაცს, ციხესიმაგრეში შესაღწევ გზად, შესაძლოა ნაპრალებით დასერილი ქვიანი წამონაშვერი მოჩვენებოდა, რომელზედაც უსაფრთხო გავლას, ალბათ გამორჩეული მთასვლელიც ვერ მოახერხებდა. ზემოთ მიმავალი ბილიკი, უცებ ქვემოთქკენ ეშვებოდა და სალი კლდის ბასრ კიდეს, სადღაც უფსკრულის ძირას უერთდებოდა.
ტაფობის ბოლოში შემდგარი შიო, ერთხანს ჩარბილიას გორაზე მიმდინარე მშენებლობას აკვირდებოდა. მზა კონსტრუქციებიდან დამზადებული ნაგებობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ”უცნაური კონფიგურაცია აქვს…”, გაიფიქრა ბოლოს და კვლა კლდე-ციხეს მიაპყრო მზერა. ადგილი რამდენჯერმე მოინაცვლა. ერთგან, ქვიანი წანაშვერის დასაწყისში აღმართულ მუხას დაბნეული შეაშტერდა. ზედ, უფსკრულის მხარეს გადართხმულ მსხვილ ტოტს ზემოთ, ლამაზად თავმოზნექილი სახლეჯოხე რტო შეამჩნია. ბავშვური აღტყინებით დაუწყო თვალთვალი. ხეზე ასვლისა და იმ რტოს მოჭრის ჟინი მოეძალა. მაგრამ გაახსენდა რა ყოფაშიც გახლდათ. უნებლიეთ სინდისი ქნეჯნა იგრძნო. მოეჩვენა, რომ ამგვარი მიზეზს შიშის მისჩქმალად იშველიებდა. იდგა გარინდული და სახელჯოხედ შეგულებულ ტოტს მონუსხულივით უთვალთვალებდა. ზემოთ, გზის მოსახვევთან, მეტალისგან ნაკეთები ვეებერთელა აბრა შეამჩნია, რომელზედაც წითელი ასოებით გამაფრთხილებლად ეწერა: ”კერძო სამფლობელო!”. ”როგორც ჩანს, ვიღაცამ კულტურის ძეგლსაც პრივატიზაცია გაუკეთა…”, ეს ”გაფრთხილება” თავისებურ გამოწვევად მიიღო. მერე სხეული მოზიდა და შინაგანად ისე აენთო, თითქოს ბედის ჯინაზე უფსკრულის პირას საცეკვაოდ გაჭრას აპირებდა. მიწაში ჩაფლულ ლოდზე გადაიტანა მზერა. გიჟურად მოუნდა მასზე ესკუპა და ცეცხლოვანი ცეკვა გაეჩაღებინა. ხრამისკენ გადართხმულ მსხვილ ტოტს ზემოთ, ლაზათიანად თავმოზნექილ სახელჯოხედ შეგულებულ რტოს მზერა ისევ მიაბჯინა. მუხისკენ თავგანწირულის შემართებით წავიდა. მოახერხა ხეზე ასვლა. ხრამს შიშნეულად გადახედა. ჩაბნელებული სიღრმე დამთრგუნველად მოქმედებდა. გაახსენდა, ქვემოდაბაში, რომ ამბობდნენ, მაგ ხრამში ლოდი, რომ ჩააგდო მისი ფსკერზე დაცემის ხმას ვერ გაიგებო. ”უფსკერო, ხომ არ იქნება, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ღრმაა”. შეშინდა, თავბრუ არ დამეხვესო და უფსკრულზე ფიქრს თავი მიანება. ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო. რტო მოჭრა. წვრილმანი ტოტებისგან გაწმენდილ და ბოლოწაჭრილ ჯოხს ეამბორა. ეგონა, რაღაც გრძნეულებას, ისიც ფლობდა. ”ივარგებს სამეგობროდ…”, დააიმედა თავი და გაიხსენა: ”არადა, აქამდე ვერც ერთი ხელჯოხის გამოყენება ვერ შევძელი…”. მზერა ისევ გრძნეული ციხისკენ მიმართა, რათა ალისფრად აღუებულ მინიატურულ კლიტეთა ადგილსამყოფელი აღმოეჩინა. ერთგან, თითქოს შენიშნა კიდეც, მაგრამ უმალ თვალი აუთამაშდა და ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, ვითომდა იმ ადგილიდან ალისფრად დაწინწკლული, ფრთახატულა ჩიტუნა აფრინდა.
მოულოდნელად, ქალის შეკივლება მოესმა. წამით მოეჩვენა, რომ ხმა ხრამიდან ამოდიოდა და შემცბარმა ნაპრალებით დასერილ ქვიან წანაშვერს მიაპყრო მზერა. მაგრამ შეკივლება სხვა მხრიდან განმეორდა. მიხვდა, ის ვიღაც, დასავლეთით მდებარე, ხევისპირს მიბჯენილ ვაკე-გორაზე იმყოფებოდა. მართლაც, ხრამის გასწვრივ, ვაკე-გორას დასაწყისში აღმართულ წიფლებთან, თეთრი, საქორწინო კაბით შემოსილი, მიწაზე წამოპლაკული ქალი, თითქოსდა მშველელს უხმობდა. მასთან მობღლაძუნე ჯინსის შარვლიანი ვაჟი, რაღაცას გამომწვევად დასძახოდა. მერე ქალმა ფეხები აიშვირა და მოძალადეს შეებრძოლა. შეჩქვიფებულმა შიომ ქალის შიშველ ლაჯებს თვალი აარიდა და ახლა, იქვე, წიფლის ხეებთან სანახევროდ მიმალულ მოსეირე ბიჭებს მოჰკრა თვალი.
დაბნეული ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, მაგრამ საპარტაძლოდ მორთულმა ქალმა, ამჯერად, ისე ცივად დაიწივლა და ისე განწირული ხმით გააბა ყვირილი, მიშველეთ, მიშველეთო, ხეზე მყოფმა უყოყმანოდ დაასკვნა, როგორც ჩანს გამოტაცებული ჰყავთ და გაუპატიურებას უპირებენო. ქვემოთ დაუფიქრებლად დაეშვა. ხიფათს ბეწვზე გადაურჩა და სამშვიდობოს გასულმა, უმალ მიაშურა შორიახლო მდგარ ”აფრის”. შიგ ჩაჯდა, ჯოხი უკანა სკამზე დააგდო. მანქანა სწრაფად დაძრა ადგილიდან და ვაკე-გორასკენ გააქროლა.
წამით ისეთი სურათი შეიქმნა, კაცს ეგონებოდა, ალბათ ახლომახლო ავტორბოლა გაუმართავთ და გამორჩეულად დაწინაურებული მძღოლი დაბრკოლებათა გადასალახავად მიისწრაფვისო.
მოსეირე ბიჭებმა თვალები დააჭყიტეს და რა მოემოქმედათ აღარ იცოდნენ. ერთმანეთით გართულ ქალსა და ვაჟს კი არაფერი გაუგიათ.
შიოს მანქანის შეჩერება არ უფიქრია, ალღოს მიენდო და საჭე საპატარძლოს გასწვრივ მიმართა, მერე თავისებურად წამოწეული სარკმელში გადაიხარა, კაბაწამოხდილი ქალის ტანზე მიწოლილ ვაჟს, მარცხენა ხელი პერანგის საყელოში ჩაავლო, მარჯვედ წამოსწია და და გაიტაცა.
დაფეთებულმა ბიჭებმა თავს უშველეს და ქვემოთ გამავალ გზაზე მდგარ ძველისძველი ”ფორდისკენ” გაიქცნენ. ნიფხავჩახდილი საპარტარძლო ცალ ხელზე წამოწეულიყო და დაღალატიანებულივით გასცქეროდა მკერდიდან აცლილ მოძლადეს.
თავად გატაცებულს შიშისგან ლამის დამბლა დასცემოდა და საჭეგაქცეულ ხეიბარს ხელი, რომ არ გაეშვა, ალბათ სული გასძვრებოდა.
უცაბედად ავტომობოლის წინა ბორბლები ვეებერთელა ლოდზე ავარდა, მანქანა აყირავდა და ხრამში გადაფრინდა. შიომ თავგანწირვით გაიბრძოლა. მანქანა ქვემოთ მიჰქროდა, და ვარდნას დასასრული, თითქოს არ უჩნდა. უცებ, ასე, ფსკერიდან ორმოცი მეტროს ზემოთ, გეზი იცვალა და ხრამის კედელში მდებარე გვირაბში შევარდა. შიგ ზიგზაგურად, მაგრამ არნახული სიჩქარით გაქროლდა. კაცს ეგონა, ჩემმა სულმა სხეული დატოვაო. ავტომობილი, თითქოს უსასრულეთში მიიკვლევდა გზას. მერე, სადღაც შორიდან სინათლემ გამოანათა. მიწისქვეშა, მრავალწახნაგა სივრცეში რკინაბეტონით და სქელი მინისებური მასალით ნაშენი შენობა, თითქოს ჰაერში გახლდათ გამოკიდული. ”აფრიმ” სვლა შეანელა, და მის გარშე, ასე ოცოდე მეტრის დაშორებით ქროლვა წრიულად გააგრძელა. შიომ აქა-იქ, კედლებში ჩატანებული სქელი მინების იქით ადამინების სილუეტებს მოჰკრა თვალი. ”ობორონშჩიკები, სიზმარში ვარ თუ რა?!”, გაიფიქრა შმკრთალმა, და რაღაც უხილავმა ძალამ, მისი გონი კარგა ხნით, მიიტაცა და მიაძინა…
როცა შეფხიზლდა, იგრძნო ხალათის შიგა ჯიბეში ჩამალული კაქტუსის ეკლების მაგიური ძალა იცავდა; მათი წყალობით ავტომობილს, გარეშე ძალისთვის შეუვალი ”ბიოველი” ერტყა. შიომ თვალები ოდნავ გაახილა.
-ნე ზდაიოტსია!-შეიგრძნო ვიღაცის გაკვირვებული ხმა.
-ხოროშო… უსილიტ გრავიტაციუ!-მბრძანებლურად ჩაილაპარაკა სხვამ.
შიო გრძნობდა, რომ ”ობორონშჩიკებმა” სათანადო აპარატურის მეშვეობით მის გონებაში შეაღწიეს, ინფორმაცია გადაიწერეს და ახლა გაღიზიანებულები და აღშფოთებულები იყვნენ. ვერაფრით დაეჯერებინათ, რომ საბჭოთა კავშირი არ არსებობდა. რომ ისინი, უკვე არარსებული სახემწიფოს პრემიების ლაურეატები, ჩინოსნები და ორდენოსან-მედალოსნები იყვნენ. ქვეცნობიერად ცდილობდნენ შური ეძიათ ”ზა დერჟავუ”.
თავდაპირველად, უცხო დაზვერვის მიერ შემოგზავნილი აგენტი ეგონათ. ძალისხმევას არ იშურებდნენ ავტომობილთან ერთად თავიანთი ზეგავლენის ქვეშ მოექციათ. მერე, ალბათ მინის კედელში ჩატანებულ ავტომატური კარიდან, საკარანტინო კამერაში ამოაყოფინებდნენ თავს. მაგრამ მაგიური კაქტუსის რამდენიმე, ერთი შეხედვით უბრალო ეკალნემსი ”ველიკოე დერჟავის ობორონნუიუ მოშჩს” ადვილად უმკლავდებოდა. ”ჯავშოსანი” შენობის გარშემო, როგორც ხელოვნური თანამგზავრი, ისე რიტმულად მოძრაობდა.
”მიწისძვრის შემდეგ, როგორც ჩანს მთელმა შენობამ, სადღაც ქვესკნელთან გადაინაცვლა…”, თავისთავად გაიფიქრა ხეიბარმა. და უცებ იგრძნო, ვიღაც ქართულად დაელაპარაკა. შიო გაფაციცდა.
”რა ვართ, ეს ქართველები, ქვესკნელშიც ვპოულობთ ერთმანეთს?!”, შიომ უმწეობა იგრძნო, როგორც ჩანს გონება ამერიაო, დაასკვნა, მაგრამ მოსაუბრემ დაამშვიდა: ” არა, არ გეჩვენება, თუ მოინდომებ, ადვილად გამიხსენებ, არდადაგებზე ჩამოვდიოდი ქვემოდაბაში, გობრონის დადგმაში ბატონიშვილის ძუძუმტეს, როლს ვთამაშობდი… სულ სამჯერ გამოვდიოდი სცენაზე და ისიც ორიოდე წუთით…”. შიოს თავისი ბავშვობიდან, რომელიღაც ეპიზოდი მოაგონდა:
”რადიმ ჩარბიძე…”, თავისთვის დააზუსტა, ”შენც დაროზე იყავი შეყვარებული…”, ხალისიანად გაეპასუხა მერე. თანამოსაუბრეს გულიანად გაეცინა:
”სიყვარულით გახელებული თხუთმეტი წლის ბიჭი!”.
”აქ, საიდან?!”
”იქედან!”
”მერე ვიღაც ნათესავმა გიშვილა და მოსკოვში წაგიყვანა!”.
”ასე იყო… მოსკოვში წამიყვანა. იქ, რუსული სკოლა დავამთავრე, მერე ასტროფიზიკოსი გავხდი …”
რადიმი ჩამომავლობით ქვემოდაბელი გახლდათ და ერთ დროს ”ქვისლოედის” კლანში გაერთიანებული ბიძის ოჯახის ხშირი სტუმარი იყო.. საზაფხულო არდადაგებზე ქვემოდაბელ სცენისმოყვარეთა წარმოდგენებშიც იღებდა მონაწილეობას. გობრონის თქმით იმპროვიზაციის საოცარი უნარი გააჩნდა. მერე მშობლებმა, სწავლის გაგრძელების მიზნით, იმპერიის დედაქალაქში უშვილძიროდ ჩარჩენილ ნათესავთან გაგზავნეს. უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკს კირილ ჩარბიძეს თვალში მოსდიოდა ახალგაზრდა ძმისწული და მის წვრთნა-დაკვალიანებას გულმოდგინედ შეუდგა.
”ახლა კი, კოსმოსისკენ მიჭირავს გეზი!”.
”მეხუმრები, ამ ქვესკნელში კოსმოსს რა უნდა?!”
”თავს ნუ იკატუნებ… შენ ბევრად მეტი იცი, ვიდრე ჩვენ!”
შიო განცვვიფრდა.
”ჰო, შესძლოა ჯერ ვერ აცნობიერებ, მაგრამ ერთი ნათელია მაგიურ ენერგიას ფლობ, ჯავშოსანის გრავიტაციას შესაშურად უძალიანდები…”
”ასტროფიზიკოსი და მიწისქვეშეთი?! ”, ხეიბარი იმის გარკვევას ცდილობდა რელობა იყო ეს ყველაფერი თუ…
”როგორც ჩანს, აქაცაა თავისებური შავი ხვრელები, ჩვენს მისი წყალობით მოვხდით ამ სიღრმეში… ბუნებრივი, მიწისქვეშა სავენტილიაციო გვირებებით ჟანგბადს ვღებულობთ, საკვები პროდუქტები აქვე მოგვყავს და არც წყალი გვაკლია… გვენდე, შემოიხედე, აქ ისეთი საშუალებები გვაქვს, ორიოდე დღეში განგკურნავთ, ისეთ გოგოს შეგრთავთ ზღაპარში გეგონება თავი… ”, იგი თითქოს მისი სიფხიზლის მოდუნებას ცდილობდა.
” ცხოვრება მგელია, თუ კომბლით არ დაუხვდი, დაგფლეთს…”, წამოცდა უნებლიეთ შიოს.
”კარგი რა… აზნაურ ჩარბის ასულის გამო არც გობრონი იყო თავის ჭკუაზე…”, ჩაიცინა რადიმმა, თუმც, მის ფანტაზიებშიც იყო, ზოგი რამ საინტერესო, არასტანდარტული კოსმოლოგიის შესახებ ორიგინალური წარმოდგენები ჰქონდა…”.
შიო შეშინდა, ალბათ გონდაკარგული ვარ და მაბოდებსო, დაეჭვდა.
”კარგი მოისვენე…”, ურჩია რადიმმა. თუმც იგი კვლავ განაგრძნობდა მასთან საუბარს. სასწაული ის იყო, რომ იგი, მის გონებაში შემალული ინფორმაციის მოძიებას აგრძელებდა. თავად შიოს კი, ”რეალურ ცხოვრებაში” იმ ამბებზე, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.
საუბრის ფრაგმენტები თითქოსდა ქვეცნობიერში ფარფატებდნენ: ”…ევრისტიკა, …სიცოცხლის ძიება, …დრეიკის განტოლება, …დათვლილია შანსები, …კომუნიკაციის შესაძლებლობის მქონე ცივილიზაციაა, …ტელეპორტაცია …ირმის ნახტომის გალაქტიკა, …ნასამ სატურნის მთვარეზე, …ჭეშმარიტება, სადაც ის არ არის, …სათანადო, მისახვედრი კითხვების დახმარებით, …სიცოცხლის ზონა, …დიდი გრავიტაცია, …არავინ იცის ზუსტი პირობები სიცოცხლისთვის, …მილიონნაირი ორგანული ნივთიერება, …როგორ შევქმნათ, თუნდაც პატარა ბაქტერია, …სუბუჯრედულ სტრუქტურებამდე, …ნასა, …სპეცფორმულა, …მიკრობიოლოგიის, ასტრობიოლოგიის სფერო,
…გარე პლანეტები, …სპექტრული ანალიზი, …სიცოცხლის ზონაში, …ორბიტალური სარტყელი, …ვარსკვლავის მასა, სპექტრულ ფერი, …პლანეტის პარამეტრები. …გიგანტური ჰელიუმ-წყალბადის პლანეტები, …იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, …დიდი გრავიტაცია, …თხევად-აირადი კონტურები, …გაიშვიათებული ატმოსფერო, …ძალიან სქელი,უზარმაზარი წნევა, …"მწვანე ეფექტი", …ინფრაწითელი გამოსხივების ემისია, …პლანეტის თერმოდინამიკური ბალანსი, …Gliese 581, …მყარი გრუნტის პლანეტა, …ოცდაერთი სინათლის წელი, …მეცნიერული ოპტიმიზმი, …შანსები, …კომუნიკაციის შესაძლებლობა, მოგონილი ცივილიზაცია, …ირმის ნახტომის გალაქტიკაში, …ბრიტანელი მათემატიკოსები, …სუპერ-კომპიუტერები, …მათემატიკური ალბათობის მოდელი, …განსაზღვრული ბიოლოგია, …უმცირესი სიცოცხლე, …ერთეულოვანი ფორმა, რაიმე პლანეტაზე, …თითქმის პარადოქსი, …დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა… …წყალი, განიმედზე, იოზე, ტიტანზე და ევროპაზე, …ურანი, …პლუტონის თანამგზავრი, …ქარონის სხეული, …ნივთიერების ტრანსმუტაცია, …წყალი, მეთანი, მარტივი სამყარო სხვადასხვა ფორმით, …სტატიკური სამყარო, …დიდი აფეთქების თეორია, …ცამეტი-თოთხმეტი მილიარდი წლის წინ, …მატერია ფაფუ, …არც დრო, არც უსასრულო, ცარიელი კოსმოსური სივრცე, …სპონტანურად შექმნილი, დროსთან ერთად, …უზარმაზარი სიჩქარით ფართოვდებდა, …კვაზარების სპექტრები, …ჰაბლის ეფექტი, …წითელი წანაცვლება, …არაპროპორციული მანძილი გალაქტიკებამდე, …მაინცდამიანც დნმ და პროტეინის მსგავსი მოლეკულა, …შესაბამისად წყალი, …გენეტიკური კოდი სულ სხვა, …კოდირებული სხვა სახის მოლეკულაში, …მიზიდულობის კანონები, …აინშტაინის ზოგადი ფარდობითობა, …ბნელი მატერიის ჰიპოთეზირება, …მატერიის ფორმა, …არც ფოტონს ირეკლავს და არც ასხივებს, … სამყაროს ოთხმოც პროცენტზე მეტი, …ბნელი მატერია, ვთქვათ ენერგია… სიცოცხლის ჩამოყალიბება, …ხილული მატერია, …სიცოცლე ბნელ მატერიაში, ვთქვათ ჩრდილში, …დედამიწა სამი-ოთხი მილიარდი წელი, …ხელოვნური სიგნალი ასი წელი, …მილიონობით და მილიარდობით სინათლის წლებით, სუპერმაგარი ტელესკოპი კოსმოსში, …ალტერნატიულ კოსმოლოგიაზე… კვანტური გრავიტაციის თეორია, ასტროფიზიკოსები, წითელი წანაცვლება გალაქტიკებისა და კვაზარების მიღმა… ასტრონომების აზრით, …ბიგბენგის თეორია, …დიდი აფეთქება არა, ჩიტი! ექსტრემალური, კრეაციული მოდელი… არასტანდარტული კოსმოლოგია, …სამყაროს კოსმოლოგიური მოდელი… დიდი აფეთქების ალტერნატივა, …კოსმოსის აგებულობის ფუნდამენტალური ვარაუდი, მატერიალური, ფიზიკის კანონთა უნივერსალობა, …კოსმოლოგიური პრინციპი, პრივლეგირებული ადგილიდან თვალთვალი, …კოსმიური მიკროტალღური ფონი, …რიჩარდ ფეიმანი, ღმერთი იმისთვის იქნა გამოგონებული, რომ ადამინს მოეხერხებინა საიდუმლოს ახსნა… არასტანდარტული თეორიეები, …ფონური გამოსხივება… სამყაროს ენერგიის სამოცდაათი პროცენტი… კავშირი შავი ენეერგიის ფორმასთან, …ალტერნატიული მოდელები, …ნათება ბნელი, მუქი, გაუგებარი, საეჭვო ენერგიისა… კვინტენსენცია… …პარადოქსული სამყარო, …ნისლის, ბურუსის, ჯანღის ეფექტი, …რადიოტალღები, …რკინის კოსმიური ბაკენბარდები, …ფოტონები, …სამყაროს პერიოდული გაფართოებისა და შემჭიდროვების ფაზები… …ფოტონების გრავიტაციული ურთიერთქმედება, …ვარსკლავებთაშორისო შეწითლება… მილეული, თუნდაც დაღლილი სხივი, …ბუღბუყი, …კვანტური ნაწილის რადიუსი, …პლაზმური თეორია, …გარდამავალი მასიური ჰიპოტეზა, …დიდი ბუშტები, …კოსმოლოგიური პრინციპი, …აფეთქება არა, ის არ გინდა ერთი, ჩიტი! ფრენია კოსმოლოგია… …არსტანდარტული ხედვა, …საბოლოო ასაკი, …სცენური კოსმოლოგია, …დინება უსაზღვრო სამყაროში, …დიაპაზონი, …საწყისის დასასრული, …მუქი ენერგიის აუცილებლობის გარეშე, …სალტისებური სხივი, …იდეალური შავი სხეული, …ფაქტიური სექტრი, რადიაციური ერა, …გამების წანაცვლება, …თერმოდინამიური, …აირების მეტაფიზიკა, …რხევა, …ბიგ ბენგ, …სატურნ მეხუთე, …ენერგია, …გაგაგარინი, …ციოლკოვსკი, …ამერიკელი ასტრონავტები… …წინაფრონტის გარკვევა, რა არის საზღვრის მიღმა… …სინგულარული მდგომარეობის შესწავლა, …ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში, …კვანტური გრავიტაციის თეორია, თოთხმეტი მილიარდი წლის წინ, …დიდი აფეთქება არა, ის არ გინდა, ჩიტი! …წინსვლა მაღალი ენერგიების ფიზიკაში, …შვილეული გალაქტიკები, …რენტგენი, …ფილამენტის ალფა ხაზები, …წითელი წანაცვლება, …ქაოსურად განლგებული კვაზარები, …ფაფუ, შავი ხვრელები, …ზემკვრივი და ზეცხელი, …უნივერსალური კანონი არ არსებობს, …სამყარო ცვალებადია, …მარჩიელობანა, …სიმების- თეორია, …მოითხოვს მრავალ განზომილებებს, ასე ათ, თერთმეტს, …ჩვენი სამყარო სამგზნზომილებიანი, დამოუკიდებელი მემბრანა, …ორგანზომილებიანი ბურთი, ორი მემბრანა, შეხება, …წერტილში ჩვენი სამყარო, …სინათლის სიჩქარის ინვარიანტულობა, …ეინშტეინმა ააგო, …შენელების ეფექტი, …მაგნიტიზმის კონტროლი, …სამყარო ადამიანზე არაა დამოკიდებული, …ჰომოსაპიენსი ვერანაირ მუდმივმოქმედ კანონს ვერ დაადგენს…” და ასე გაუთვაებლად.
მერე შიოს, შინაგანმა მემ შუძახა, შეეცადა იმ რელობას დაბრუნებოდა, რომელშიც იმყოფებოდა.
”მაინც რას ეძებთ, ჩემს ქვეცნობიერში!”, გულუბრყვილოდ იკითხა.
”ცოდნას, შენ უნიკალურ ინფორმაციას ფლობ, მაგრამ გვეურჩები! გრძნეული ენერგია გიცავს… არადა, შენეული ცოდნა კაცობრიობას დიდად წაადგებოდა…”, ”შემეშვით, დავიღალე!”, განაწყენდა შიო, ”რას გადამეკიდეთ?! რა ცოდნა მაქვს მე ისეთი, თანაც აქ, სრულიად შემთხვევით მოვხვდი…”
”არა, მეგობარო, გობრონის დოსიეს, რომ გაცნობოდი, ამას არ გაიკვირვებდი…” დაუყვავა იქეთა მხარეს მყოფფმა.
იგრძნო, ”ობორონშჩიკების” შეჯავნულ შენობის, რომელიღაც ნაკვეთურიდან წამოსული იმპულსები ავტომანქანის ”ბიოველში” შემოღწევას ვარ ახერხებდნენ. ”ზომბირებას მიპირებენ!..” და უცებ მიხვდა, რა ენერგია იცავდა განსაცდელისგან. მხნეობა მოიკრიბა, რათა დაგებულ მახეს არიდებოდა… შეეცადა თითები ხალათის შიგა ჯიბეში მიმალული ეკალნემსებისკენ წაეღო. მაგრამ ხელი, ისე საოცრად ჰქონდა დამძიმებული, ოდნავადაც ვერ გაანძრია. ალღო კარნახობდა თუ ჯიბეში ჩამალულ კაქტუსის, სათანადო ეკალს, თითებს მოუჭერდა გრავიტაციას ადვილად დასძლევდა, ტყვეობასაც აიცილებდა. ”როგორმე უნდა მივწვდე…”, ერთიანად დაიძაბულმა ხელის მტევნის გადაადგილება სცადა.
”რა გაშფოთებს, არაფარი დაგიშავებთ, შენ ხომ საბჭოეთში ხარ დაბადებული და გაზრდილი!”, შეახსენა რადიმმა.
”იპოვე სამშობლო!’, მიუქარაგმა მან. და უცებ მიხვდა ხიბლიხვანჯარას ”ფანდით” უნდა გასულიყო ფონს. წარმოსახვაში ნაცნობი მოძრაობა გაითამაშა, ხელი ოდნავ წამოსწია. საბოლოოდ დარწმუნდა, მხოლოდ ხიბლიხვანჯარას ”ილეთებით” შეძლებდა ამ უძნელესი გზის გავლას და გონებაში მორიგი სვლის გასაკეთებლად შეემზადა. მოეჩვენა, სადღაც სხვა სივრცეში გადაინაცვლა, და ბექას სალოსური წინასწარმეტყველებაც გაახსენდა: ”მაგ შენი ტანის ხლართვა-გრეხვით ხიფათს ბევრჯერ გადარჩები და და აგერ, ერთი ხელის გაწვდენაზე ზღაპრულ ქვეყანას აღმოაჩენ…”



გახიზვნა მინიატურული გასაღებით

-ნახეთ, ნახეთ, რა ქველმოქმედი დადაგა ეს ჩვენი პართე!..-თავისებური ნიშნისმოგებით შესძახა ბექამ და აგერ უკვე მერამდენედ ატორღიალებულ ქოსა ტიმოთეს თავი ისე მოაჩვენა, ვითომდაც მისი ნალაპარაკევი თანდათანობით ჭკუაში დაუჯდა.
-აბა, რა გეგონა შენ! მამობილისთანა ქველმოქმედი მთელ ამ მხარეს არ ჰყავს… ისეთ კოსტიუმებს და დეკორაციებს ამზადებინებს ჩვენთვის, რომ კულტურის სახლს, მარტო მის სანახავად მოაწყდება ხალხი. გობრონის როლზე მარჯანიშვილის ცნობილი მსახიობია მოწვეული, ზუსტი ვინაობა ჯერ საგანგებოდაა გასაიდუმლოებული… მომავალში კი, თუ მშვიდობა გვექნა, ეჭვი არ მეპარება დედაქალაქში საგასტროლოდაც მიგვიწევენ…-ენთუზიაზმი განუახლდა ქოსას.
ბექამ კისერზე ჩამოკიდებულ შიბაქებისა და სალამურების ასხმულას თითები თამაშ-თამაშით ააყოლა და იმგვარი გულუბრყვილობით, მხოლოდ მას რომ ჩვეოდა, ისე განაცხდა:
-კი, კი, გვარიანი შემოსავლიანი საქმეა ყასბობა…
-სსუ…-გააფრთხილა ტიმოთემ,-ნუ დაიწყე შენებური…-და თვალთმაქცურად მიუქარაგმა,-გატყავების ხელოვნებას თუ არ ფლობ, ისე ვერც სათავეში მოექცევი…
-გატყავებით, მეც მშვენივრად ვატყავებ მოჭრილ ხეს, მაგრამ შიბაქების გარდა, მაგ საქმეს ვერაფერს გამოვრჩი…-ვითომდა დაიჩივლა ბექამ,-მხედრიონელები ატყავებენ კარგად, გვარდიელებსაც ჰქონდა შანსი მარა…-წამით ცას თვალები მიაპყრო და მთელი სიდინჯით წარმოთქვა,-აჰ, არა, დაროს შემცვლელი ქალი მე არ მეგულება…
-ხომ გითხარი, ოღონდ შენ შემოგვიერთდი, და შენს თვალწინ დარიკოს რესტავრაციაც მოხდება…-ჩაიხითხითდა ქოსამ.
-დარია არ გამოდგება მაგ საქმისთვის, აჰ არა, მარტო მონდომება არ კმარა…-თითქოს ხელი აუკრა.
-დარიას არ ვგულისხმობ, ზედგმაოჭრილი დაროა, სუნიც კი იმსა აქვსო, ცაცამ თქვა…-და რადგან თანამოსაუბრემ უმალ უნდოდ გადმოხედა, ნათქვამს, ვითომდა თავისებური დიდაქტიკურობით მიუსადაგა,-თანაც, ყველაფერი ეს, შენი ნაღდი მამობილის საპატივცემულოდ კეთდება. ხომ გახსოვს, თითქმის მარტოდმარტომ გაგზარდა, გადაყოლილი იყო შენზედ და სცენაზედაც მიტომ შემოგადგმევინა ფეხი, რომ მერე და მერე მისი საყვარელი საქმისთვის ღირსეულად გეპატრონა…
-ჰო, ჰო, ჰო…-ბავშვურად გააბა, მოგონებებით აღელვებულომა ბექამ,-ეზოს მიახლოებულმა ჭიშკარს მსწრაფ მიაშურა და ტიმოთე უბოდიშოდ მიატოვა.
-ბარემ წამოსულიყავი ჩემთან, გაგპარსავდი, ჩაგაოდეკალონებდი, ჩაგპუდრავდი…-დაადევნა დალაქმა.
-არა, ადრეა, ჩემს წვერს ჯერ მეორმოცე დღე არ შესრულებია…-გაეპასუხა იგი.
-აბა, აბა, ვიცი შენი დიდი ძმაკაცი იყო, რა კაცი დავკარგეთ, რა კაცი… მამობილმა თბილისიდან ჩამოიყვანა მაშველები, მაგრამ ხრამში ბოლომდე ჩასვლა ვერ გაბედეს, ერთი კაცი კინაღამ დაეღუპათ! შიოს კი არა, მანქანის ნასახსაც ვერ მიაგნეს… დირექტორის მოვალეობის შესრულება მეც კი შემომთავაზეს, მაგრამ სანამ ის კაცი უგზო-უკვლოდაა დაკარგული…-თითქოს თავის ოცნებას გაჰყვა. მერე რეალობას დაუბრუნდა და ბექას დაადევნა,-არ დაგავიწყდეს, ზუსტად თორმეტი საათისთვის კულტურის სახლის წინ იყავი დარჭობილი!
-ჰო, ჰო, ჰო, ჰო…-კვლავ თავისებურად გააბა ეზოში შესულმა, ჭიშკარი მჭიდროდ მიხურა და გობრონის დანატოვარ, ბოძებზე შეყენებულ ფარღალალა ხის სახლისკენ უკანმოუხედავად გაუჩქარა.
მის უცნაურობებს მიჩვეულმა ქოსამ არხეინად გადააპურჭყა;
-იმ ქალს, რომ წამოგიჩვენებთ, მერე უცებ მოჭკვიანდები!-ჩვეულებისამებრ ჩაიხითხითა. გეზი იცვალა და შარაგზისკენ წავიდა.
ბექამ კი საბოლოოდ დააზუსტა: ”ჰო, ჰო, ხაფანგს მიგებენ… შიო ხომ გააქრეს, ახლა ჩემი ჯერია!..”, ოთახში შესულმა ფანჯრიდან ქუჩა ფარულად დაზვერა და საკუთარ თავს მალვით გამოუტყდა: ”უეჭველად გასაღებს ეძებენ…”, შიშნეულად გაირინდა. ”გაქცევაა საჭირო, გასაღები უნდა გავხიზნო…”, ქუჩა კიდევ ერთხელ დაზვერა და რაკი ქოსა ტიმოთე შორს დაიგულა ფანჯარას მოშორდა. მეორე ოთახში მარდად გავიდა, კედელთან მიდგმულ ზანდუკს სახურავი ახადა და შიგ მოუთმენლად ჩაიხედა.
ორიოდ წამს გაფაციცებული ათვალიერებდა, თითქოსდა ათასგვარი კონკებით ავსებულ სკივრს, ბოლოს უცებ გადაქექა ძველმანი, სკივრიდან სცენის ფარდის ნაგლეჯისგან შეკრული ფუთა ამოიღო, რომელშიც ოცი წლის წინათ გობრონის თაოსნობით შეკერილი ალისფერი ჩოხა-ახალუხი, შარვალი, ჭვინტიანი წაღები და ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ეგულებოდა. ”აქ, უნდა იყოს…”, დააზუსტა თავისთვის. ფუთა იქვე გახსნა. უპირველესად ჩოხას წაეტანა და იგი საწოლზე დაგებულ დივანზე გაშალა. ქარვისფერ მასრებს თითები გადაუსვა, მერე რიგრიგობით ამოიღო, სათითაოდ გასინჯა, ბოლოს ერთ მათგანს სახურავი მოხსნა, მასრა გადმოაპირქვავა და ჩოხაზე დავარდნილ მინიატურულ გასაღებს ცნობისმოყვარედ დააჩერდა.
თითქოსდა ოქრონარევი სპილენძისგან ნაკეთები პაწია გასაღები, რაღაცით უცნაური ფრინველის თავ-ბოლოს ჩამოჰგავდა. ”ავგაროზივით დაგიფარავს და თუ გაუფრთხილდები დიდ საგანძურსაც შეგძენს…”, მოაგონდა მას თავისი ჩანაფიქრის განხორციელების სურვილით აღტყინებული გობრონის ნათქვამი. უნებლიეთ შიშნეულად შეაძაგძაგა. გასაღები უმალ მასრაში ჩამალა. ”პირველ საათზე მატარებელი ჩამოივლის…” იმედისმომცემად გაუკრთა გონებაში. ”ჰო, ჰო, ჰო, ჰო, საჩქაროდ უნდა გადავიკარგო…”, კვლავ ჩაეჭიდა აკვიატებულ აზრს და შემდეგ, თითქოს აღმოჩენა გააკეთაო, ისე შესძახა:
-ჩვენთან დემოკრატიაა, გინდ მაკინტოშს ჩაიცვამ, გინდ ჩოხა-ახალუხს!
კისრიდან შიბაქებისა და სალამურების ”ყელსაბამი” გადაიძრო, სამოსი გაიხადა და მორთვას ისე პეწიანად შეუდგა, გეგონებოდათ, როგორც ერთ დროს, ისე, ახლაც სცენაზე გასავლელად ემზადებაო. ისევ ისეთი ტანწერწეტა და მხრებგაშლილი გახლდათ. ჩოხა-ახალუხიც ძველებურად დაიმშვენა. ბოლოს, მასრები ფრთხილად ჩაალაგა სამასრეებში. ის, რომელშიც ავგაროზ-გასაღები ჰქონდა დამალული, გულთან ახლოს გაიკეთა და ქამარ-ხანჯალზე ხელები თამამად მიმოივლო. ”ჩოხოსნის ელფერი, ჩინივით მექნება, ისე უბრალოდ ვერავინ გამაჩერებს…”, გაუპირდა საკუთარ თავს. ასხმულადან სალამური და შიბაქი მოხსნა, ახალუხსა და ჩოხას შუა ჩამალა, პირჯვარი გადაიწერა, ღმერთს ხელი მომიმართეო, შესთხოვა და სახლიდან გავიდა. ქუჩაში გასული ყინჩად მიაბიჯებდა და ისე ეჭირა თავი, თანადაბელებს, ვითომდაც, კულტურის სახლში დანიშნულ დასის შეკრებაზე მიმავალი, რომ ჰგონებოდათ. მაგრამ მერე მიხვდა, გზად შეხვედრილთაგან, თითქმის ვერვინ იცნო და რკინიგზის სადგურისკენ მსწრაფლ გაუხვია. ”ჰო, ჰო, ჰო, ჰო, საზღვარგარეთ მივდივარ, ქვეყანა თურქეთში მიჭენაობს და მეც იქით ვიზამ პირს. გადავეყრები ჩარბის ასულს, მივართმევ ამ გასაღებს, რას და როდის უნდა მოარგოს, თავად ეცოდინება…. ჰო, ჰო, ჰო, ჰო, საზღვარგარეთ მივდივარ! აბა, იმ ქალის დაბრუნებას თუ ველოდე, ყასაბი ტყავს გამაძრობს და ის იქნება!”. სადგურს მოახლოებული მატარებლის ხმას გაკვირვებით მიუგდო ყური.
-შემოდის!-მთელი ხმით შესძახა უცებ და რკინიგზის სადგურისკენ მოკურცხლა.
სადგურიდან დაძრულ მატარებელს ძლივსღა მიუსწრო, კარღია ვაგონში თავგამეტებით ავარდა. ”ისე, შიოსკენ მიმიწევს გული, ვგრძნობ ცოცხალია…”, მეგობრისთვის ხმის მიწვდენა მოინდომა.
-სად მიგეჩქარებათ-შესცინა ტამბურში მდგარმა სახენაყვავილარმა კაცმა.
-უცხოეთში!-გაეპასუხა იგი და სუნთქვაგახშირებულმა ხელი შუბლზე გადაისვა.
-კი ბატონო, მიბრძანდით, ოღონდ, მგზავრობის ფულს თუ აქვე მომცემ, არ იქნება ურიგო!-ეშმაკურად გაუღიმა და მიახვედრა, ამ ვაგონის გამცილებელი მე გახლავარო…
ბექას ახლაღა გაახსენდა, ფულის წამოღება, რომ დაავიწყდა.დაცეცხლა. მაგრამ მაინც არ დაიბნა, ქამარ-ხანჯალზე თავმომწონედ მიიდო ხელი და კაცი ქედმაღლურად შეათვალიერა.
-შემოქმედებით მივლინებაში ვართ, დასის ხელმძღვანელი ნახეთ და…
ეს მარტო არ ყოფილა, სადმე ”ფიშტოც” უნდა ქონდეს გარჭობილიო, დაეჭვდა იგი და შემრიგებლურად გაეპასუხა:
-კი, ბატონო…-და მერე, ვითომდაც ორაზროვნულად დაუმატა,-ისე აბა, ამ გაგანია სიცხეში რა ჩაგაცმევდა ამ ჩოხა-ახალუხს…
-როგორ გეკადრებათ?! ეს ჩვენი ეროვნული ღირსებაა…-შეურაცხყოფილივით წამოწითლდა ბექა,-გამზრდელი მამის სახსოვარია…-და ამაყად გაიფიქრა: ”თანაც, აგერ მასრაში, ისეთი გასაღები მაქვს, უეჭველად თვალ-მარგალიტით გამოტენილი ყუთის გაღება, რომ ელის…”
-მე ბოდიში,-თავწახრილი გაეცალა, ცოტა არ იყოს შეშინებული კაცი, რაც ბექამ მიპატიჟებად მიიღო და თამამ გაჰყვა.
მერე თავისუფალი ადგილი მოძებნა და ისე, როგორც ჩოხა-ახალუხით მორთულს რეპეტიციების გავლის დროს გობრონი ასაწავლიდა, თავისებური სიდარბაისლით დაჯდა. მერე მოპირადაპირე საწოლზე, აკეცილ ლოგინთან მიმჯდარ დიდთავა, თმებაჩეჩილ, ჩაგოდორებულ გოგოს მიაპყრო მზერა. ”პლაცკარტიან ვაგონში მოვხვედრილვარ!”, გაიხარა გულუბრყვილოდ, რაღაც ღირსების მაგვარით შეიმოსა. უნებლიეთ ჩაგოდორებული გოგოს უთავბოლოდ ამობურცულ მკერდს ცნობისმოყვარედ დაუწყო თვალთვალი, შეწუხდა; ამ საცოდავს კაბა არ შემოეხესო.
გოგოს მიტმასნილმა ჩაგვალულმა, ბასრთვალება ბიჭმა ჩურჩულს თავი მიანება და აგდებით უთხრა:
-საცეკვაოდ გაწვევას უპირებ თუ რა?
-მსახიობი გახლავართ…-მაშინალურად მიგო და კეთილად გაუღიმა.
-მერე ამ ვაგონზე უკეთესი საგასტროლო ადგილი ვერ შეარჩიე!-აილესა ბიჭი.
-სსუ, მამაჩემმა არ გაიგოს,-გააფრთხილა გოგომ და შორიახლო მოქეიფე მამაკაცების ხმას გაფაციცებულმა მიუგდო ყური.
-ჰო, ჰო, ჰო, ჰო!-თითქოს მას დაეთანხმა ბექა, დინჯად წამოდგა და იქაურობას ღირსეულად გაეცალა.
ისევ ტამბურში დაბრუნდა. ღია კართან თამამდ დადგა და მკერდი ჰაერის ტალღას მიუშვირა. წამით მოეჩვენა, მატარებელი იმგვარად მიჰქროდა, რომ შეყოვნებას არასდროს აპირებდა. გულუბრყვილოდ შეშინდა დედამიწას არ გავცდეო. ქარვისფერ მასრაზე ხელი მოივლო და იგრძნო, სადრაც შორიდან შიო მასთან შეხმიანებას ცდილობდა. გულათრთოლებული გაირინდა…
-ვაჟკაც, ერთი თუთუნი მომაწევინე!-მოესმა უცაბედად როყიო ხმით ნათქვამი.
უხალისოდ მიიხედა, ”ჩაბუჟბუჟებული” იერის, არყის სუნით აყროლებული კაცი გამოლენჩებულივით მისჩერებოდა.
-რომ არ ვეწევი…-ნაჩქარევად მიუგო ბექამ.
-რას ჰქვია, არ ეწევი?!-გაწიწმატდა უცნობი და ისედაც გადმოქაჩული თვალები, კიდევ უფრო გადმოქაჩა,-ასე მამაპაპურად გამოწყობილხარ და თუთუნს არ ეწევი!
-რაც შიბაქების თლა დავიწყე თავი მივანებე, ახალდაბადებულთან ნიკოტინის სუნი არ გავაყოლო მეთქი…-ალალად მიუგო და მოულოდნელად თავისებურმა სიანცემ აიტანა. უბიდან შიბაქის ამოღება და ზედ დაკვრა დააპირა.
კაცი თითქოს რაღაცას მიხვდა, ხელი დაუჭირა, თვალებში შეაჩერდა და ძმაბიჭურად უთხრა:
-არ გინდა, ძმავ! ერთი ჭირიანი ბრაუნინგი მეც მიგდია ჯიბეში.-და ამის მისანიშნებლად ხელი პიჯაკის მარცხენა ბორტთან მიიტყაპუნა. მერე კი, გულისყურით ჰკითხა:
-მონარქისიტი ხარ?-და იქვე აუწყა,-მეც ძაან პატივისმცემელი ვარ მამაპაპური ტრადიციების, მგრამ რა…-წამით თავი დაბეჩავებულივით ჩაქინდრა. მომლოდიონე იერით განაბულ ბექას ჯიქურ ამოხედა, მოეჩვენა ეს კაცი თანაგრძნობით მისმენსო და ერთბაშად გულაჩუყებულმა შესჩივლა,-ამ ჩემს ქალიშვილებს არა და არ გამოუჩნდათ ბედი, ხუთივე ისე მკაცრად გავზარდე, ეზოდან ზედმეტი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდნენ. ბოლოს მაინც გავბრიყვდი; აგერ უმცროსი, გულჩორა საექთნო სასწავლებელში შევიყვანე. მართალი გითხრა დიდი იმედი მქონდა, ქალაქში ქალმა გამოკეთება იცის, თან ექთანს სხვაფრივი გასავალი აქვს, ათასს გაჭივრებულთან ტრიალებს და ვფიქრობდი, ვიღაცას აუცილებლად წამოედება ფეხებში მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მეორე წელია სწავლობს და როგორც ვატყობ, ესეც შინაბერად დამიბრუნდება შინ,-კაცმა წაიკვნესა და ცრემლები გულდათუთქულივით ჩამოუცვივდა,-ამდენი გაუთხოვარი ქალის ხელში შევირყევი, აბა რა იქნება…-მაჯით ბარაქიანად გადაიწმინდა ლოყები, ეტყობა, ამგვარ გულაჩუყებას მიჩვეული იყო.
ბექას იგი ალალდ შეეცოდა და დამაჯერებლად ანუგეშა:
-ქალს თავისი ბედი აუცილებლად გამოუჩნდება… ჩვენთან ერთი კოჭლი გოგო იყო, მზევინარი, ადგნენ და მოიტაცეს, არა მე და არა შენო, ბიჭებმა მისი გულისთვის კინაღამ დაკლეს ერთმანეთი. მერე ნათიკოც უცებ გათხოვდა, ვერ ხედავდა კარგად და არ დაუწუნია სასიძო, აქვსენტის გოგო კი…
-სად ცხოვრობ, შე დალოცვილო?!-იყვირა კაცმა. უცებ გამოფხიზლებულს დაემსგავსა. თავს ძალა დაატანა, რათა ბექა კარგად აღექვა და სრული სერიოზულობით სთხოვა,-თუ კაცი ხარ, შენი მისამართი მომეცი, ჩამოვიყვან ამ ჩემს გოგოს და იქნება ეშველოს რამე…
-ოღონდ, მინი კაბა უნდა ეცვას, შთამბეჭდავი, ხომ იცი ატროკებული ბიჭების ჭკუა ქალის ფეხებშია..
კაცი დაიძაბა, ბედად, ტამბურში ჩაგოდორებული გოგო გამოვიდა,-მამა, წამოდი, მოისვენე!-შეშფოთებული ხმით მიმართა მშობელს, ხელი მოხვია და კარს იქით გაიტყუა.
-ჩემზე რას დარდობ, მე რა დამიკარგავს, მე შინ იმდენი ქალი მყავს შემცხადებელი, ქვესკნელიდან ამომიღებენ…-ალუღლუღდა იგი, ეტყობა ესიამოვნა შვილის მზრუნველობა.
-ჰო, ჰო, ჰო, ჰო…-ჩაიჩურჩულა ბექამ, მოკლე კაბას მზერა მიაწვდინა,-ტყუილად წუხს მამამისი, ამას ფეხი, უკვე საქმროს ოჯახში აქვს შედგმული…
ვაგონიდან ვაგონში გამავალ ყურებჩამოგრძელებულ კაცს გზა დაუთმო და კვლავ ძალიან მოუნდა შიბაქზე დაკვრა. ხელი უბისკენ წაიღო, მაგრამ უცებ გამოფხიზლდა. ”აჰ, არა!”, უსაყვედურა საკუთარ თავს, ”შიბაქით ან სალამურით, რომ დაგინახავენ, ვიღაც დაგაკვირდება და გიცნობს!” მერე შიო გაახსენდა, ქარვისფერ მასრაზე მოივლო ხელი, მაგრამ დაკარგული მეგობრის ხმა ვერ გაიგონა. ”მომეჩვენა ალბათ…”, ქამარ-ხანჯალი შეისწორა და უცებ შიო კვლავ შეეხმიანა. ”ბექა, ბექა!”, მოესმა გონების, რომელიღაც კუნჭულიდან. ”შიო ვარ, შიო, მორიგი ხიბლხვანჯარას გაკეთება, რომ შევძელი, მივხვდი შენთან დაკავშირებას შევძლებდი. ოღონდ, გარკვეულ სიხშირის, განსაზღვრულ მონაკვეთში; არ ვიცი, ეს მაგნიტური ველის, ელექტრომაგნიტური ტალღის თუ სხვა უცნობი მოვლენის წყალობითაა, მაგრამ ადამიანის გონებრივ კომპიუტერში არსებობს ველი, რომლის მეშვეობითაც სხვა ადამიანთან პირდაპირი კავშირი შეუძლია. ოღონ ეს ველი მოქმედი უნდა იყოს, ადამიანების უმრავლესობას ეს ნიჭი განუვითარებელი აქვს… შენთან კი, როგორც აღმოჩნდა აქტიურია!”
”რას ბოდავ?!”, შეკრთა ბექა.
”შენ, მაინც არ უნდა გაგკვირებოდა, ისეთ რამეებს ყვები მომავალზე…”
”გიჟი კი ვარ ,მარა მთლად, ასე სულელი კი, არა!”, ლამის შეჰყვირა ბექამ.
”არ გინდა, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ, ისდაც მესმის, მეც ფიქრით გელაპარაკები…”
”სად იმალები? ორმოცი დღე შესრულდება ამ საღამოს, რაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადეს…
”მე კი მგონია ერთი საათიც არ იქნება, რაც აქ ვარ… რაღაც ძალამ მანქანიანად გვირაბში წამიღო, და ობორონშჩიკების საიდუმლო კვლევითი ცენტრის ორბიტაზე მატრიალებს… მიწის ზედაპირიდან, ასე, სამი კილომეტრის ქვეშ ვიქნები… შიგ შეთრევა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს… რადიმ ჩარბიძეც მაგათანაა, ხომ გახსოვს შენს ძუძუმტეს, რომ თამაშობდა!”.
”როგორ ამ მახსოვს, დაროს, რომ დაინახავდა ითიშებოდა!”, ჩაიცინა ბქამ, ”მაქ რა, წარმოდგენას მართავს!”.
”ასტროფიზიკოსია! გრძნეულის ციხესთან ჩამომავალ კოსმიურ არხს იკვლევს. ”მგონი სიხშირიდან გავდივარ… მერე შეგეხმიანები”, მოასწრო გაფრთხილდება და ხმაც მიწყდა.
შიშნაჭამ ბექას მოეჩვენა, თითქოსდა თავში რაღაც გამოირთო. შეაძაგძაგა. ”გიჟი კი ვარ, მაგრამ ეს რომ ვთქვა, ნაღდად საგიჟეში ჩამსვამენ, არადა, ნამდვილად შიოს ხმა იყო, გეგონებოდა, მართლაც ქვესკნელიდან ისმოდა…”, თავზე ხელი მოისვა. ყურები მოისინჯა, მერე შუბლი… ”მესამე თვალი ხომ არ გამომება ნეტავ?! ჯობდა ნანამზეს მიპატიჟება მიმეღო, ზღაპარაბანოში ექსკურსიამძღოლად დამეწყო მუშაობა…”
უცებ შეტორტმანდა, მატარებელმა სვლას უკლო. შეამჩნია მოპირდაპირე მხრიდან ჩაგოდორებულმა გოგომ გამოაცოცა მზერა. მალე, იგი ჩაგვალულ ბიჭთან ერთად ტამბურში გამოიძურწა.
ეჰ, ერთი ზედმეტი შიბაქი, რომ მქონდეს, ბარემ ამ ქალს, მზითვად გავატანდი…-თავისთვის ჩაილაპარაკა ბექამ.
-ეგ, ჩემი ცოლია!-რიხით ამცნო თუ გააფრთხილა რაღაცაში დაეჭვებულმა ბიჭმა.
-ღმერთმა შეგარგოს!-შეჰღიმილა და რათა მათი სასიყვარულო გატაცებისთვის ხელი არ შეეშალა ვაგონში შესვლა დააპირა, მაგრამ ჩაგოდორებულმა გოგომ ატლასის კაბის უბიდან სამკუთხედად დაკეცილი ფურცელი ამოიღო, ხელში შეჩეჩა და შაყოვნა.
-მამაჩემს გადაეცით…-ვითომდა კეკლუცად გაუღიმა.
თანმხლებმა მორჩილად შემდგარი ბექა უნდოდ შეათვალიერა, ვერცხლის სამაჯურიან, ფართოკორპუსიან სათზე დიდის ამბით დაიხედა, თითქოს საკუთარი სხეულის დაგრძელება სურსო, ისე გაიჭიმა და მზედაკრულ მკლავებზე კუნთები დაუმსხვილდა.
-ბოლო ვაგონი, ზედ ჩემს სახლთან ჩერდება!-ამაყად ამცნო ”მოტაცებულს”, შესაჩერებლად მატარებლის ვაგონის კიბის საფეხურზე ჩასკუპდა. სატრფოს ხელი ყინჩად გამოუწოდა.
”უჰ, რას გავახარებ იმ კაცს!”, გონებაში დაიკვეხა ბექამ და მახარობლობისთვის შეემზადა. და ფიქრით, უცებ შიოს გადაწვდა: ’შიო, ძმაო, ნაღდად ცოცხლი ხარ, გეუბნებოდი მე შენ, რჩეული ხარ, ზედა სამყაროს ენერგიებთან გექნება კავშირი და მაგ დახლიფართული მოძრაობით პარალერულ სამაყაროებს მოინახულებ მეთქი…”, მერე ისევ რეალობას დაუბრუნდა. გულმა არ მოუთმინა, უბიდან საკრავები ამოაძვრინა, წერილი ქამარში გაიჩარა და ნეფე-დედოფალის საპატივცემულოდ შიბაქ-სალამური საამურად აახმიანა.
-აი, დამკვრელიც!-აღფრთოვანდა სასიძო,-მოდი, მოდი, პატივისცემა ჩემზე იყოს!-გულმოდგინედ ანიშნა მომყევიო და ქალი ამაყად გაიგდო წინ.
ბექამაც დაკვრა უფრო მარიფათიანად გააჩაღა და ფეხი ვაგონის კიბეზე ჩადგა.
-წერილი, წერილის გადმოცემა დაგავიწყდა!-დაუსისინა შუა კარიდან გამოჭყეტილმა საპარტაძლოს მამამ, ტამბურში გამოვარდნილმა წერილი ქამრიდან ამოაცალა და ელვისებურად უკანვე შებრუნდა.
თავის სტიქიაში მყოფ ბექას მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. ვაგონიდან ჩამხტარი ნეფე-დედოფალს ცეკვა-თამაშით აედევნა.
გვერდითი ვაგონის კართან მომდგარი, ფერმკრთალი იერის მოთვალთვალე კაცი, მის დანახვაზე თითქოსდა დაიბნა, მერე ჩამოგრძელებული ყურის ბოლო თავგამეტებით ჩამოიქაჩა. ”გიჟი ქორწილში შევიდა, ჩვენ სახლს ესა სჯობიაო…”, გაიფიქრა ნიშნის მოგებით და ბექას მისამართით გამომცდელად ჩაილაპარაკა,
-ძმაკაც, შეგეშალა, ეგ ის სადგური არ უნდა იყოს!-დაძრული მატარებლის კიბეზე ჩანაცვლებულმა დაკვრით გართული ”მაყრისთვის” ხელის ჩავლება მოინდომა. მაგრამ მოულოდნელად ”მოტაცებულის” ვაგონიდან ყვირილი და რევოლვერის სროლის ხმა გაისმა. მომდევნო ვაგონის ფანჯრიდან კი, ვიღაცამ ავტომატის ჯერი მიუშვა. და უცებ, მატარებლის მთელ სიგრძეზე იმგვარი ბათქაბუთქი გაჩაღდა, გეგონებოდათ ჩვეულებრივი სამგზავრო კი არა, ჯავშოსანი მატარებელი ბრძოლით მიიკვლევს გზასო. გაფრთხილებული ფერმკრთალი უკან აბრუნდა. ჩაგვალულმა თავის საცოლეს ხელი სტაცა და მახლობელ ეზოსკენ გაიქცა. დასავლეთისკენ მიმავალ მატარებლისკენ შიბაქ-სალამურის დაკვრით მიბრუნებულმა ბექამ აღტაცებით გაიფიქრა.
”აუჰ, ასეთი შეიარაღება თუ გვაქვს, ვინ დაგვიდგება წინ?! ნახეთ, ნახეთ, ტყვიებს საპნის ბუშტებივით უშვებენ!..”



ზღაპარაბანო

ზღაპარაბანო, მართლაც რომ მშვენიერი რამ იყო. საცურაო აუზით, დეკორატიული საშხაპეებით და კოშკურებიანი გალავნით დამშვენებული ნაგებობათა კომპლექსი, მიუხედავად თავისი სამკურნალო დანიშნულებისა, რომანტიკულ სანახაობას წარმოადგენდა.
უცნაურსარკმელებიან კოშკის გარშემო გამართულ სამკურნალო კაბინების დათვალიერებით გართულ ნანამზეს, უცაბედად ზღაპარაბანოს გალავანზე ასვლა და მისი ერთ-ერთი კოშკურიდან საპნის ბუშტების გაშვება მოუნდა.
იქ, ლამაზ ქილებში, განსაკუთრებული შემადგენლობის საპნის ხსნარები ესხა
ჟინმორეული ნანამზე აღარ შეყოვნებულა, ასისენტ ქალებს თავისებურად მიანიშნა, საქმიანობა გააგრძელეთო დ ზღაპარაბანოს გალავანზე ამავალ მახლობელ კიბისკენ წავიდა. ”ზღაპარაბანო და შეშლილთა ტკბილი სულები…”, გაიფიქრა, კეთილად გაეღიმა. კვლავ იგრძნო, თითქოსდა თავის ბავშვობისკენ მიუხაროდა.
კოშკურაზე ასულმა, ფართო მოაჯირზე დადებული ძაფის ცარიელი კოჭებიდან ყველაზე მოგრძო შეარჩია, მერე საპნისნარიანი ქილაც მოიმარჯვა და ბუშტების გაშვებას ბალღური გატაცებით შეუდგა.
მალე ათობით ნაირფერადი ბუშტი მიჰქროდა ცისკენ. ნანამზე ხალისიანად უთვალთვალებდა სალაღობო, თავშესაქცევ გამოსახულებებად გარდასახულ საპნის ბუშტებს და უცებ გუმანით იგრძნო, რომ ზოგი მათგანი, სადღაც ზემოთ, თითქოსდა თვალთახედვიდან მიმალულნი, კოსმიური სხივის ნაკადში უჩინარდებოდნენ. ნანამზემ კოშკურას სვეტზე ჩამოკიდებულ კალათაში ჩაჰყო ხელი, სადაც სურვილისამებრ ”ბუშტების კარნავალის” სათვალთვალოდ გამიზნული ბინოკლი ეგულებოდა. ”ზღაპარაბანო და შეშლილთა ტკბილი სულები…”, სევდიანად გაიხსენა და მოეჩვენა, რომ მისი ჩანაფიქრით განხორციელებული, ზღაპარაბანოდ წოდებული სამკურნალო პროფილაქტორიუმი, რაღაცით ჰაერში აშვებულ აეროსტატს ემსგავსებოდა. მერე საპნის მოზრდილ ბუშტში საკუთარი იერის ანარეკლს მოჰკრა თვალი და წამით ეგონა, ყმაწვილქალურმა სიანცემ დამრია ხელიო. გარინდული შეპარვით დასჩერებოდა თავისებურად გამრუდებულ გამოსახულებას. ეწადა წარსულის ექო გამოეხმო.
ყმაწვილქალობაში ხშირად სჩვეოდა სარკესთან განმარტოება და მსახიობური ჟინით აღგზნებული, გულუბრყვილოდ სურვილობდა ამა თუ იმ პიესისა თუ კინოფილმის გმირ ქალად გარდასახულიყო. ღმერთმა უწყის, თვალტანად, მშვენიერ გოგონას სულში, საიდან შემოეხეტა და ჩაბუდდა ასე მწველად, სხვადასხვა პიროვნებად გარდასახვის სურვილი. გასაოცარი ის გახლდათ, რომ გამოკვეთილად ჯერ კიდევ არ ფიქრობდა სახელოვანი მსახიობი გამხდარიყო. მაგრამ შიგადაშიგ თავგანწირვით მიისწრაფვოდა, თავისივე გამონაგონ, წარმოსახვაში დასურათხატებულ რომანტიკულ გმირს დამსგავსებოდა. ხან მშვენიერ პრინცესას განასახიერებდა, ხან ჯადოქარ მზეთუნახავს, ხანაც უფლისწულის საცოლედ შეგულებულ ობოლ გოგონას. როგორც კი, საკუთარ თავს დაიმარტოხელებდა, მონუსხულივით გაყუჩდებოდა სარკის წინ და უცებ, გაუთვითცნობიერებლად წარმოსახული პიროვნების პირობაზე, გადასხვაფერებული ხმით გააბამდა აბდაუბდა მონოლოგს. თანდათანობით თამაშ-თამაშით გამოკვეთავდა აზრს და ზოგჯერ ისეთ ღრმა აზრისმომცველ მშვენიერ რამეს იტყოდა, თავად შეკრთებოდა. მერე და მერე კინომსახიობობაზე ფიქრი გაუჯდა და სცენისკენ გაუწია გულმა. ჩვეულებისამებრ, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, სცენა საოცრად მომხიბვლელ და იდუმალებით მოცულ ადგილად ეჩვენა.
მაგრამ პატივმოყვარე გახლდათ და ელოდა როდის გამოარჩევდნენ, მიიწვევდნენ სცენისმოყვარეთა დასში, რათა იქვე წამყვანი როლის შესრულება შეეთავაზებინათ. ვითარება, მართლაც მისი ჩანაფიქრისდა მიხედვით წარიმართა. მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებულს, ქვემოდაბის სცენის მესვეურმა დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. დასადგმელად შეგულებულ პიესაში მშვენიერი ასულის როლი შესთავაზა. მალე სცენის ხიბლიც იგემა. მაყურებლის ოვაციები და ტაში დაიმსახურა. ყოველივე ამის შემდეგ, ბუნებრივი იქნებოდა, განელებოდა ის უცნაური ჟინი, მაგრამ შიგადაშიგ, ჩვეული გზნებით შემოსილი, კვლავ სარკესთან განმარტოვდებოდა, რათა ამა თუ იმ როლის შესაფერი იერი მიეღო. იწყებდა აბდაუბდა მონოლოგს და მერე ისე ლმობიერად დაუყვავებდა ქვეყნიერებას, იმგვარი შემნდობი იერით გაუღიმებდა საკუთარ ორეულს, რომ ქვეცნობიერად, შიშისმომგვრელად გრძნობდა, რაღაც საბედისწერო ზღვარს უახლოვდებოდა. ასე რომ, სხვისი მიმიკის და ქმედების გამოჯავრებითა თუ მიმსგავსებით ავადმყოფურად გახლდათ გატაცებული. როგორც შემდგომ ასკვნიდა, ყოველივე ამის გამო, იმ ტრაგიკულ წუთს, ექომიმიის და ექოპრაქსიის სენმა, მის არსებაში დამთრგუნველი და ოდიოზური განვითარება ჰპოვა.
-ვაი, შენ, ჩემო სიცოცხლევ!..-წამოცდა უცხოგვარად მობერებულ ქალს.
ბინოკლი კვლავ მოიმარჯვა, საპნის ბუშტების კარნავალს თვალი მიადევნა და გუმანით დაკვალიანებულმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ბუშტი კოსმიური სხივის უხილავ კვალზოლს, გრძნეული ციხისკენ ქარავნისეული ტაატით მიუყვებოდა.
-ოჰ, ეს მაგიური სხივი…-წარმოთქვა ნიშნმოგებით, ის ვითომდა ფანტაზისეულ თემაზე შესაქმნელი სპექტაკლის ფრაგმენტი მოაგონდა.
გონებაში რაღაცის მიმანიშნებლად ზედიზედ ამოტივტივდა იმ სავარძლის გარშემო, გათამაშებული სცენა; ვითომდა ცისიერ შეთქმულთა შეკრების ეპიზოდი…. თანდათანობით იდუმალი სხივის რაობისკენ მიმავალი იჭვი აღეძრა…
იმხანად, უკვე გაგონილი ჰქონდა კოსმიური სხივების შესახებ. ისიც იცოდა, რომ მათი დაფიქსირება დედამიწაზე, განსაკუთრებული აპარატურის მეშვეობით, მხოლოდ წლების შემდეგ იყო შესაძლებელი. ამოუხსნელი რჩებოდა ეს სხივები, საიდან ან როგორ მოდიოდნენ.
დაროს იტაცებდა ამგვარი იდუმალება და შეძლებისდაგვარად ცდილობდა სათანადო ინფორმაციის მოპოვებას. გაარკვია, რომ სინათლის სხივში გატარებული ლაზერის სხივით უამრავი ფანტასტიკური ინფორმაციის გადაცემა იყო შესაძლებელი. მომავლის ოპტიკური კაბელზე, გობრონიც ყვებოდა ფანტასმაგორიულ აბბებს. ხშირად მსჯელობდა კოსმიური მიკროსამყაროსა და ორგანული მიკროსამყაროს ურთიერთკავშირზე… და იმ საბედისწერო ღამიდან დიდი ხნის შემდეგ იჭვი შეუჩნდა, რომ მაშინ ჩარბილიას გორზე, რაღაც მაგვარი მოვლენა იხილა. იდუმალ კოსმიურ არხში გატარებული მაგიური სხივის ნაკადი შეიგრძნო. მისთვის გაურკვეველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო. მერე და მერე იმ იჭვმა მოსვენება დაუკარგა და ერთხელ, თითქოსდა უკუნეთში დანთქმული ჭეშმარიტების გამოსახმობად მშობლიურ მხარეს მოაშურა. ჩარბილიას გორა მალულად მოინახულა და ალღოს მინდობილმა, იმ იდუმალი სხივის არსებობაც დაადგინა. მაშინვე გადაწყვიტა მაგიური ძალის სხივის ერთი ნაკადი, თვისდა სასიკეთოდ ”მოერჯულებინა”.
ნანამზე ღრმად ამოისუნთა. წამიერად, კლდე-ციხის სავარძლის საზურგეს მსგავს სამხრეთ კედლის თავზე, სხვაგვარ, იდუმალ სხივს ჰკიდა თვალი. შეამჩნია სხივის ნაკადს უცნაურად მომხიბვლელი ფერები ჩამოყვა. იმ ფერებიდან ფრთახატულა ჩიტუნები იშვნენ, იქვე ქონგურებზე დაფრინდნენ და თავები, ლამის ადამიანური ცნობისმოყვარეობით მიმოაბრუნეს. ”ნუთუ, ასე ზღაპრულად საპნის ბუშტები გადასხვაფერდნენ?!”, გაიფიქრა ნანამზემ. ”ფრთები, თითქოსდა იორიგლიფების მსგავსი ნიშნებით აქვთ მოხატული…”, წარმოსახვაში ფანტასტიკიურ ქარგაზე აგებული გობრონის პიესა გაახსენდა, რომლის რეპეტიციებსაც ისინი საიდუმლოდ გადიოდნენ. გაახსენდა, რარიგ უხაროდა, გობრონმა ”ციური ასულის” როლი, რომ არგუნა, ვინაც დიდი როტაციის, ანუ გარდასახვის გზით უნდა მოვლენოდა დედამიწას. ჩიტებს მიჩერებულს, ასე ეგონა, ორ, ერთურთს გლუვად მიბჯენილ სამყაროს შორის არსებულ გვირაბში მოხვედრას სურვილობდა; იქ, სადაც იერსახეთა მონაცვლეობით ხდებოდა ციური არსების გადანაცვლება, გარკვეული სახეცვლილების კვალდაკვალ მორიგ სამყაროში გაღწევა.
ბოლოს მზერა გაუბუნდოვანდა და ბინოკლი თვალებიდან მოიშორა. ”აქაურობის სათვალთვალოდ უკეთესი ჭოგრი უნდა შევიძინო…”, მიინიშნა გონებაში და დაინტერესდა: ”ნეტა სხვაც თუ ამჩნევს?”, უფსკრულისკენ დაშვებულ იმ უცნაურ ფრინველებს მიადევნა მზერა.
-ფრთახატულა ჩიტუნები!-შესძახა ბალღური ინტერესით.
მიწიდან ამოჩრილ ლოდზე ჩამომსხდარ, ორ ალისფრად ბუმბულდაწინწკლულ ფრინველებს შეაშტერდა. ”ღმერთო ჩემო, გონიერ არსებებს ჰგვანან…”, თვალები დახუჭა, მერე ფართოდ გაახილა.
-ნახე, რა ლამაზი ჩიტუნებია!-გასძახა შორიახლო მყოფ კაცს და ხელი ჩამონგრეულ ქონგურისკენ გაიშვირა, სადაც ჩამავალი მზის სხივის შუქზე, ვითომდაც მეწამულისფრად დაწინწკლულ, ქარვისფერბუმბულიან ფრთოსნებს მოჰკრა თავლი. -ეგ ხომ ჭვინტაკაა, უბრალო, ბეღურასნაირი ჩიტია…-მეგობრულად განუმარტა მის მზერას თვალმიდევნებულმა ვამეხმა, ვისაც კლინიკაში ”მოურავს” ეძახდნენ, -კოშკისკენ წასულმა დახვეული კიბის საფეხურზე ააბიჯა.
-ბეღურასნაირი?! -გაკვირვებულმა უხერხულობა იგრძნო. ”რას ამბობ, ზღაპრულ ფრინველებსა ჰგვანან და ჯადოსნურ საკრავებზე უკრავენ…”, გაიფიქრა. ვამეხთან შესიტყვებას მოერიდა. საქმიან საუბარზე გადავიდა,-შიგა სამუშაობები უნდა დავაჩქაროთ, უპირველესად პაციენტთა მისაღები და ჩემი კაბინეტი უნდა მოიყვანოთ წესრიგში. ზღაპარ-აბანო კი მგონი უკვე მზადაა, მედპერსონალი ხვალიდან შეუდგეს მუშაობას…-შეყოვნდა,-ბექა ისევ მოინახლე, თავაზიანად ესაუბრე, იქნებ, როგორმე დაარწმუნო, რომ აქ სამუშაოდ გადმოვიდეს… პროფილაქტორიუმისთვის უკეთეს ექსკურსიამძღოლს ვერ ვინატრებთ…
-ეჭვი არ მეპარება,- საპნის ბუშტების გაშვებაში შიბაქ-სალამურას ვინ აჯობებს. სხვებსაც აიყოლიებს და თავადაც კარგად გაერთობა…-ღიმილი მიუგო მან. მიახლოებულმა, საქმიანი საუბარი დაბალი ხმით გაუბა.

***

გაგრძელება:
ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი)...

***
***
15 მაისი
***

***
free counters
***
***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V


Комментариев нет:

Отправить комментарий