ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

четверг, 8 апреля 2010 г.

ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი) / Janri Gogeshvili ’Sweet Souls of the ’Insane.’ (A novel)


”გიჟის” სურნელით მოხიბლული საბედო

ქვრივი ერთხანს გარინდული იჯდა, ეშინოდა კაბის უბეში ჩაბუდებული შიბაქ-სალამურიდან, უცნობი ხმამაღლა არ დალაპარაკებოდა. მერე იგრძნო ”ჯადოსნური საკრავები”, რაღაც სხვაგვარად შეთრთოლდნენ. თითქოსდა ვნებით დანექტრილმა ქალმა უმწეოდ დახარა თავი. სუნთქვა შეეკრა, ეგონა ყველა მას უყურებდა. მერე ძალა მოიკრიბა და დარბაზში შემომავალი მოყაყანე ხალხი მალვით შეათვალიერა. წამით, ერთ მოხდენილ ვაჟკაცში, იმ ალისფერი ჩოხისა და ქმარ-ხანჯლის პატრონის ამოცნობად შეემზადა. სალამურმა, თითქოს უკმაყოფილოდა დაიკვნესა და დარცხვენილმა ქალმა ისევ სცენას გაუსწორა თვალი, სდაც მისი შვილის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. საცთურის მისავიწყებლად, გონებაში, სავედრებელ ლოცვას მოჰყვა. დარბაზი მალე შეივსო. ხალხი მომხდარზე ჩუმად ჩურჩულებდა. ხშირად რიდით ახსებდნენ ბოჩი არტაველის სახელსა და გვარს. მალე ლოჟებშიც გამოჩნდნენ ”საპატიო სტუმრები”. ორიოდ წუთის შემდეგ, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, მოკლეკაბიანმა, ტანსავსე ქალმა ოლიპიადის გახსნასთან დაკავშირებით ოპტიმისტური სიტყვა წარმოთქვა. ტაშიც დაიმსახურა და ისიც ისე მოხდენილად და იმგვარი სხეულის თამაშით წავიდა კულისებისკენ რომ ქვემოდაბელმა ჯეელებმა, კინაღამ ”ბისზე” გამოიძახეს. კოხტა სცენაზე, მართლაც ნომერ მეორე მონაწილედ მიიწვიეს. ალისფერ ჩოხაში, ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაყურებელმა მისალმების ნიშნად ტაში შემოჰკრა. თაკოს თვალები აუცრემლდა. ბიჭმა კი, მუსიკის ხმაზე იმგვარი არტისტიზმით გაშალა ხელები და შეფარვით ეშხში შესულმა სცენას, ისე ცეცხლოვნად ჩამოუქროლა, რომ დარბაზი უცებ გაინაბა.
-კარგი ბიჭი ჩანს!-დინჯად წარმოთქვა ”ქვისლოედის” ლოჟაში შემორჩენილ კუტისეულ სავარძელში მოკალათებულმა, პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულმა კლოდი კლონდელიამ. იგი ულვაშ-ბიღზე, თითქოსდა წარბებჩამოზვინული, ჩაჟანგებული იერის, ტანხმელი კაცი იყო. მიუხედავად ამგვარი გარეგნობისა, საქვეყნოდ ცნობილი გურმანი და ”მსოფლიომოვლილი” თამადა გახლდათ. (როგორც ამბობდნენ, ხუთი აფრიკული და სამი ლათინოამერიკული სახელმწიფოს სამთავრობო რეზიოდენციაში გამართულ სადილზე ჰქონდა წარმოთქმული ”მეგობარ ხალხთა და ქვეყნების სადღეგრძელო”).
-ნეტა ვის მაგონებს?!-თავისთვის ჩაილაპარაკა მის ზურგს უკან გაჭიმულმა პოლკოვნიკმა ღვიმბრაძემ, რომელიც იმ დღეებში ბოჩი არტაველის შუამდგომლობით იმ მხარის პოლიციის უფროსად დაენიშნათ.
-ცხონებულმა დანიელ ჩარბიძემ კარგი ტრადიციას ჩაუნერგა საფუძველი, ეს შენობაც მის თავგამოდებით აშენდა. მოსკოვშიც დიდვ პატივს სცემდნენ, თორემ ასეთ უმნიშვნელო დაბაში…
-ეტყობა, რაღაცით მაინც იყო მნიშვნელოვანი!-შეაპარა ქვისლოედის ”თავკაცობის” მოწადინე არტაველმა.
-ჰო, მეც გამიგია რაღაც… ის კი, ვიცი დიდი გავლენა ჰქონდა… საკავშირო მინისტრები პირდაპირი ხაზით ურეკავდნენ…-რატომღაც თავმომწონედ აღნიშნა და კოხტას ცეკვით მოხიბლულმა ჩუმი ტაში შემოჰკრა.
ღვიმბრაძე მძიმედ შეტოკდა. როგორც დაძაბულობის დროს დროს სჩვეოდა, შუბლზე ჩვეულებისამებრ მუშტი გადაისვა. რაღაცის დასადგენად, სცენაზე ლაზათიანად დატრიალებულ კოხტას პროფესიონალური ჩაძიებით ჩაუსაფრდა. მერე იმის შიშით ”ეჭვმიტანილი” ხელიდან არ გამისხლტესო ბოჩის ჩუმად გადაულაპარაკა,
-იმ გიჟის ჩოხა აცვია, ჩვენ, რომ ვეძებთ…-არტაველმა ბუნებრივად აწკეპილი წარბი, კიდევ უფრო აწკიპა და პოლკოვნიკს ალმაცერად გამოხედა.-კი ბატონო ბოჩი, არ მეშლება, ზუსტად ეს ჩოხა ეცვა მაშინ, იმ დადგმაში მომხდარი ამბის მერე პატიმრობაში, რომ ავიყვანე!-მერე აღტაცება მოეძალა,-რა ხანი გავიდა და მაინც ამივიცანი…
-მაშინ რაღას აგვიანებ, ჩუმად დაკითხე და…-მიუთითა მან.
-ახლავე!-წამოიჭრა ბრძანების შესრულებას ჩვეული ღვიმბრიძე, ბოდიში მოიხადა და ლოჟიდან მკვირცხლად გავიდა.
-რა ხდება?!-შეშფოთდა საგანგებო რწმუნებული. -ისეთი არაფერი, აი თრეფითინგის ნიშნით გატაცებულ სახალხო გიჟზე, რომ გიყვებოდით, მგონი მის კვალს მიაგნეს…-ხალისიანად გაეპასუხა გვერდით მჯდომი. კლონდელიამ ნებიერად ჩაიცინა.
-ამ დემოკრატიამ და ადმიანის უფლებებმა, მგონი ნამეტნავად შემოგვიტია. გიჟს, რომ ასე დავკანკალებთ, ჭკვიანს ხომ მთლად გავალაღებთ…-ულვაშ-ბიღზე თითები ნაზად გადაისვა.
-ეგ, უბრალოდ, ერთი ვინმე ჭკუამხიარული კი არ გახლავთ. ამ კუთხის კოლორიტი და მშვენებაა. წინასაწარმეტყველური გამოხდომები აქვს...-საიდუმლო ხმით აუწყა. -მერე ახლა რას გვიწინასწარმეტყველებს?-დაინტერესდა კლოდი,-მოქალაქეთა კავშირზე რას ამბობს?
-ეგ არ ვიცი, მაგრამ აჩემებული ჰქონია, სანამ მსოფლიოს არ ავტკივდებით, იქნამდე არაფერი გვეშველებაო…
-ჰმ?!-გაოცება გამოეხატა სახეზე,-გიჟი კი არა, პოლიტოლოგი ყოფილა…-იხუმრა მერე.
-ჰოდა, მეც მრჩევლად მინდა ავიყვანო…-ვალში არ დარჩა ბოჩი.-კლოდიმ სიცილს ძლივს იკავებდა,-მაგრამ თუ სიმართლე გინდათ, მე ვფიქრობ ღირსების საქმეა საზოგადოებას ზნეობის გაკვეთილი მივცეთ…-ხაზგასმით დაუმატა და მორიგე მოცეკვავე ტაშით დააჯილდოვა.
-ტყუილად კი არ გვიქო შენი თავი მარაბუმ…-კმაყოფილებით ჩაილაპარაკა კლონდელიამ,-ვატყობ, ჩვენ ბევრი გვექნება სასაუბრო…
-როცა ინებებთ, იმ ზღაპრულს ადგილას, გაშლილ სუფრას თქვენი სადღეგრძელოები ზღაპრულად მოუხდება…-მიეპირფერა იგი.
-არც ეს იქნება ურიგო, მაგრამ ჩემი ოცნებაა ჩაუმქრალას მთასთან ლეგენდაში შემორჩენილი ციხე-სიმაგრე ავაშენო!-გულღიად თქვა მან.
-რა პრობლემაა, თქვენი შეკვეთა და კონცერ საიდუმლო კლიტენის მდიდარი შესაძლებლობები თქვენს სამსახურში ჩადგება…-მიუხმატკბილა მან და გაიფიქრა. ”ყოჩაღ ნუგეშისმცემელო, უკვე მეეექვსე ლეგენდა გაყიდა…”, და უნებლიეთ სხვა საფიქრალს გადასწვდა: ”ის ტორეადორის ჩოხა, თუ მართლაც, იმ შერეკილს ეკუთვნის, მაშინ, როგორც ჩანს, ვიღაც კიდევ გვეთამაშება… ”, დარბაზი სგანგებოდ დაზვერა, ვინმე საეჭვოდ ხომ არ გვიცქერისო… იღლიის ქვეშ მიმაგრებულ პისტოლეტზე ჩუმად მოივლო ხელი და ოდნავ შეღებულ ლოჟის კართან ასვეტილ დაცვის ბიჭების ლაპარაკს მიუგდო ყური. სცენაზე კი, ისევ ცეკვა გაეჩაღებინათ. პოლკოვნიკმა ღვიმბრაძემ ლოჟის კარში შემოიჭყიტა და თვალებაცეკვებულმა არტაველს მიანიშნა, იქნებ ლოჟიდან გამოხვიდეთო. არტაველმა ბოდიში მოიხადა და ლოჟიდან მხრებში მოხრილი გავიდა.
-სერაფიონოვიჩ!-შეაგება ღვიმბრაძემ,-ორივე ხელით ალისფერი ჩოხა და ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ჩაებღუჯა. ზუსტად გამოვიცანი, ყველაფერს შიბაქ-სალამურას ხელწერა აზისო, თავმომწონედ აუწყა. სახელდახელოდ დაკითხულ კოხტას ნაამბობს ხალისიანად მოჰყვა. მერე ცნობისმოყვარეობამოძალებულ დაცვის ბიჭებს ანიშნა უკან დაიწითო და ნადავლი ხელებში თავმომწონედ შეათამაშა,-თითქმის ოცი წელი გავიდა მას შემდეგ და აი, ეს ჩოხა მის პატრონის გარეშე, ხომ ნახეთ, რა უცებ ამოვიცანი…
-მგონი, ეს პირველი საქმეა, რაც შენ, მაგ ოცი წლის მანძილზე, ასე ოპერატიულად გახსენი…-გაიქილიკა ლოჟის კართან მომდგარმა კლონდელიამ, რომელსაც ეტყობა ლოჟაში მარტოდ დარჩენა არ ესიამოვნა. ქამარ-ხანჯლის თვალიერებით გართულ მთავარ არქიტექტორს ალმაცერად ახედა.
-ჩვეულებრი თეატრალური რეკვიზიტია, არხეინად ჩაილაპარაკა მან,-თითები ქარვისფერ მასრებზე გადაატარა, მერე კლოდის მოუბოდიშა, ახლავე მოვბრუნდებიო. კლონდელია დამშვიდებული შებრუნდა უკან, და თავის ადგილას დაჯდა. ”ალბათ იფიქრა, მარტო რომ დამტოვეს, არ ამაფეთქონო…”, გაჰკრა იჭვმა ბოჩის და მასრები თითებით კვლავ მოსინჯა.
-იმ ბიჭს რა ვუყო?-გაუბედავად იკითხა კლოდის დაცინვით შემკრთალმა პოლკოვნიკმა, გაახსენდა ეს კაცი, ერთ დროს, ზემოდაბის კომკავშირის რაიკომის ინსტრუქტორად, რომ მუშაობდა.
-რაო, რას ამბობს?-შეაჩრდა ბოჩი.
-დგას და იცრემლება, დედამისი სახეს იხოკავს, უმამოდ ვზრდი და ნუ დამღუპავთო, ხბოს ჩამოყვანასაც ხვალვე გვპირდება…
-ძაან დაგიშინებია, შეეშვი ობოლს არ აწყენინო, იპოვა, ხომ არ მოუპარავს…
-მესმის სერაფიონოვიჩ!-წამოცდა პოლკოვნიკს და იქვე მოიბოდიშა,-ბატონო ბოჩი… იმ ხბოს ნაკვალევზე ოპერატიულ ჯგუფს გავგაზავნი, შიბაქ-სალამურას ადგილსამყოფელს დავადგენთ…
-ყოჩაღ, ოღონდ, ჯერ უმჯობესი იქნება იმ ხბოს დედამისი ჯიქანი მიაგნებინოთ…-გაეხუმრა ”მთავარი არქიტექტორი” მასრებზე თითები აზარტულად აათამაშა,-ნეტა ტყვია-წამალი ხომ არ შემოელია სახალხო გიჟს…-ჩაიცინა,-ბანქოსავითაა, ყნოსვით უნდა ამოიცნო…-ჩაილაპარაკა მერე, ერთი მასრა ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო…-ამას სუვენირად დავიტოვებ, ეს ჩოხა კი, შენთან იყოს, სანამ მე არ გეტყვი არვინ არ გააკარო, ეტყობა, ჩვენი გიჟი საიდუმლობანს თამაშითაა გართული.-ლოჟაში შებრუნება დააპირა, რომ ამ დროს დერეფანში დაცვას გამოღწეული, თვალებამოსველებული თაკო შემოვარდა, ხელებში ბექასეული შიბაქი და სალამური ეკავა, ლამაზად თრთოდა და შეწყალებას ითხოვდა.
-ხომ გაგაფრთხილე, გარეთ დამელოდე მეთქი!-დაუბღვირა ღვიმბრაძემ.
-არ გამიუბედუროთ, არ გამიუბედუროთ ბიჭი! აი კიდევ, აი, ეს საკრავები მოჰყვა იმ ხბოს!-დაიჩივლა მან. ხელები გრძნობისამღვძრელად უთრთოდნენ. სალამური და შიბაქი მისკენ პირშექცეულ არტაველს გაუწოდა და წამიერად გონმიბნედილს ასე ეჩვენა, მათთვის მკერდიდან ამოცურებული გულიც უნდა გაეყოლებინა. მთავარ არქიტექორი შეკრთა, ქალით მოხიბლულს გული აუჩქარდა, ხელები მორჩილად გაუწოდა და ორთავ ხელით საკრავებს ჩაეჭიდა. მდედრის ძუძუებთან გაცუღლუტებულმა და სითბონაგემებმა შიბაქმა და სალამურმა ბოჩი არტაველი მათრობელა სითბოთი შებოჭა. კაცი სადაფისფერ კაბაში აღაღანებულ ქალს თანაგრძნობით შეაცქერდა.
-ნუ დაგვღუპავთ!-კვლავ შეევედრა იქ მყოფთ ქალი, მკერდთან ნატარებ საკრავებისთვის ხელის გაშვებას ვეღარ ახერხებდა და შვილის სიყვარული, რომ არა, მათთან განშორებას, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა.
-დაიტოვეთ, თქვენი სახსოვარი იყოს, ცეკვის მომავალ ოსტატს გამოადგება!..-ღიმილით მიუგო ბოჩიმ. ლოჟაში შეიხედა და განაწყენებულ კლოდის მოუბოდიშა.
-იმ ბიჭის დედაა!-მოახსენა ღვიმბრაძემ
-სასიამოვნოა ქალბატონო!-არ დააყოვნა ”მთავარმა არქიტექტორმა”, მისალმების ნიშნად თავი ოდნავ დაუკრა. თაკოს ხელში მოქცეული ნივთები ყურადღებით შეათვალიერა და განმარტა,-სახალხო გიჟის საფირმო პროდუქციაა, ასე ვთქვათ შემოსავლის წყარო!..
-დიახ, დიახ…-ხვნეშით დაემოწმა პოლკოვნიკი, და უნებლიეთ იქ, სადაც რევოლვერის ბუდე ეგულებოდა ხელი მოისვა. თაკომ საჩუქარი მკერდზე მიიკრა და ნანატრი სათამაშოებით დასაჩუქრებულ გოგონასავით თვალებგაბრწყინებულმა, მთელი არსებით მადლობა გამოხატა. -აქაური ბრძანდებით?-დაინტერესდა ბოჩი. -დიდი უღლიდან,-წამით სალამურისა და სიბაქის, უბეში ჩამალვა მოუნდა, მაგრამ კიდევ კარგი გამოერკავა,-ოღონდ, ჩემი ქმარი ნაქორალიდან ჩასახლებული ჩარბიძე გახლდათ…-რაღაცის მიმანიშნებლად განავრცო მერე,-ჩემს მეუღლეს, დუგლასს თავისიანებთან უთანხმოება მოუვიდა და…-დაიმორცხა, რითაც იქ მყოფთ აგრძნობინა, ყველაფერი ეს ჩემს გამო მოხდაო…
-ჰო, გამიგია…-ჩაიბურტყუნა ღვიმბრაძემ,-თავზეხელაღებული ვინმე იყო და ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა…
-მაშ ჩარბიძის ქვრივი ბრძანდებით, და ალბათ, ბატონ დანიელსაც ენათესავებოდით?-მთავარ არქიტექტორს აღფრთოვანება დაეტყო.
-დიახ, ბატონო, ბატონი დანიელი და დუგლასის მამა ბიძაშვილებად ეკუთვნოდნენ ერთმანეთს. ბოჩიმ პოლიციის პოლკოვნიკს მწყრალად გადახედა. ლოჟაში მყოფს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მოუხდა ბოდიში. თაკოს ალერსიანი მზერა შეავლო და მიულოცა:
-ჩათვალეთ, რომ თქვენი შვილი უკვე ანსამბლ ”ნანინას” წევრია, სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის და სტიპენდიასაც დავუნიშნავთ! ქალი ხელახლა ატირდა, ბოჩიმ მისმა დამშვიდებამ გატაცა, ხელი ხელზე ნაზად გადაუსვა. ”იღბალია, მომხიბვლელიცაა და თან ჩარბიძის ქვრივი… შევირთავ და მერე ქვისლოდის კლანის თავკაცობას რა დაუდგება წინ…”- ქალი ლოჟაში მოხდენილად შეიპატიჟა. -აჰ, არა…-ქვრივი ამგვარი მოულოდნელობისგან გვარიანდ შეჩქვიფდა.
-შვილზე ნუ იდარებთ, აქედან, პირდაპირ ნანინას აპარტემენტში წაიყვანენ, დააპურებენ და მიხედავენ, ჩემი სახელით ახალთახალ ჩოხასა და ქამარ-ხანჯალსაც უბოძებენ!
-აჰ, არა, თქვენ როგორ შეგაწუხოთ…-გაინაზა თაკო. მაგრამ მკერდზე მიკრულმა შიბაქმა მალულად მიუმღერა: ”მიდი, მიდი, ბედი ფეხებში ჩაგივარდა…”,-აჰ, არა..-კვლავ წამოცდა მას, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა. ”გიჟის” სურნელით მოხიბლული ქვრივი, მთავარი არქიტექტორის საბედოდ შემზადებულიყო.
ისღა მოახერხა შიბაქი და სალამური მხარზე გადაკიდულ ჩანთაში საგულდაგულოდ ჩატენა.



შიბაქები და სალამურები

-სიცოცხლე, ოკენეში გადაგდებულ, თავდალუქულ ბოთლში ჩადებულ წერილსა ჰგავს…
-ეგეც შანსია!
-როგორც ჩანს, ტელეპორტაციის უნარი შეიძინე, მაგრამ რაღაც უჩვეულო სახეობაა, მთლიანად არც არხობრივს, არც შემსრუტავს და…
-დიახ, იგი ძირითადად, ჩემი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მონაცემებზეა გათვლილი.
-ეს როგორ?! -მე ხომ, დახეიბრების შემდეგ, ქვეცნობიერად ხიბლიხვანჯარას ვეთამაშები საკუთარ თავს, და თუ ამგვარ მოძრაობებს ერთმანეთს ზედიზედ გადავაბამ, სივრცეში განწყობისდა მიხედვით გადანაცვლებას ვახერხებ… ხეიბრობა აღარც მემჩნევა და მეც სრულიად ჯანსაღად ვგრძნობ თავს! მიწისქვეშეთში მძლავრი აფეთქების ხმამ შემოაღწია.
-თუ ჩვენამდე ჩამოაღწიეს, ამ თქვენს ხომალდს ნაწილებად დაჭრიან, დახერხავენ და ჯართის ჩამბარებელ პუნქტებისკენ გააქნებენ.
-ზღაპარია, ვერც შეჯავშნულ შენობას და ვერც ხომალდს ვერაფერს მოუხერხებენ… -როცა ფერად მეტალს ან თუნდაც რკინას ეხება საქმე, გარკვეულ ჯგუფებს, მათი დამუშავების საოცარი მეთოდები აქვთ შემუშავებული…
-დაუჯერებელია!
-ჩამოაღწევენ და დაიჯერებთ…
შიოს ასე ეგონა საკუთარ თავს ესაუბრებოდა, მაგრამ, როგორც ჩანდა, მოსუბრე რადიმ ჩარბიძე გახლდათ.
საკვლევ ცენტრში ჩოჩქოლი ატყდა.
-რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება!.. ვიღაც პირდაპირ სინათლის ღრმულში ყრის ბომბებს და შესაძლოა დერეფანი ჩაიხერგოს! თუ გრავიტაციის ბალანსი დაირღვა, სამუდამოდ აქ ჩავრჩებით და კოსმოსში გაფრენას ვეღასდროდეს შევძლებთ… -თქვენს ხომალდს, ჯართში ჩაბარება არ აცდება!
-რას ამბობ, ეგ ხომ მთელი მსოფლიოსთვის საინტერტესო ექსპერიმენტია…
-მაგრამ, როცა თვითგადარჩენაზეა საქმე, მსოფლიო ინტერესები მასებს არ აინტერესებს!
-ახლა ვრწმუნდები, რომ საბჭოთა კავშირი მართლაც დაინგრა!
-როგორც ვხედავ ხომალდი, სინათლის არხისკენაა მიმართული, რაღაზედ აყოვნებთ!
-არხში უჩინარი ხვრელი ყოველ წამს იკუმშება და ფართოვდება, შიგ მოსახვედრად მარტო გათვლებს ვერ მივენდობით. ინტუიციამ თუ გვიღალატა, მაგიურმა ძალამ შესაძლოა გალაქტიკათა დამაკავშირებელ კოსმიურ მაგისტრალზე კი არა, შავ ხვრელში გადაგვისროლოს.
-მაშინ, ჩემს გულისცემას უსმინე, როგორც კი ციცქნა პლანეტად ვიქცევი, არხი გახსნილი იქნება და ნუ დააყოვნებთ…
-სხვა გზა არ დაგვრჩენია, უნდა ვენდო შენს ინტუიციას!
-და ამ მიწაში ჩარჩენილ სიყვარულს…
-სიყვარულს?
-ქართველ მამლუქებს ხშირად აწვალებდათ სამშობლოს მონატრება…
-მე სამყაროს შვილი ვარ, ვისწრაფი უცნობ ცივილიზაციებთან შესახვედრად! სხვა დანარჩენი, მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად!
-დარწმუნებული ვარ ძირეული ქართველები, შორეულ გალაქტიკაში ბინადრობენ… იმედია მათ სამკვიდრომდე მიაღწევ და გადასცემ, რომ მათგან დამხმარე ძალას ველით!
-მაშ, სამშობლოში მივფრინავ, ვიბარებ კოსმიურ მისიას!
შეჯავშნული შენობის სახურავი სხვადასხვა მხარეს გადაიხსნა და გამოჩდა კოსმიური ხომალდის არსიმეტრიული მოყვანილობის მბზინვარე თავი.
შიომ იგრძნო კრიტიკული წამი ახლოვდებოდა. თვითგადარჩენის სურვილი დიდი იყო, თავგანწირვით გაიბრძოლა და მისთვის უცნობი ხიბლხვანჯარის უცნაური ილეთი შეასრულა.
ხელის წანაცვლებაც გვარიანად შესძლო, თითები კაქტუსის ბოლოებს ძალუმად მოუჭირა, ნებსით თუ უნებლიეთ ისინი რბილ მასად აქცია, რომელიც თითებით იღლიის ქვეშ ინსტიქტურად შეიზილა. იმავ წამს, იგრძნო საკუთარ არსში ძალუმად შეიკუმშა, დამრგვალდა, დაპატარავდა, და მის სხეულში სუბლიმირებული ეკალნემსების გარსში იწყო ტრიალი.
უცებ გარშემო მიწის ქანები შეზანზარდა, ხრამის ფსკერზე უჩინარი ღრმული გაკეთდა და იქიდან კოსმოსური ხომალდი ამოიჭრა. იდუმალ სხივის ნაკადში შეიმალული, დედამიწის ორბიტას, რაღაც ორიოდ წუთში გასცდა. მთვარის შუქით განათებულ ღამე რამდენიმე წუთით სამარისებურმა სიჩუმემ მოიცვა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეამჩნია ეს საოცარი მოვლენა, მაგრამ იმათაც უმალვე დაასკვნეს, მოგველანდაო.
ქვემოდაბაში მსოფლიო რანგის ამბები წყდებოდა, მაგრამ ეს არც მსოფლიო ხალხებმა და არც ქვემოდაბის საზოგადოებამ არ უწყოდა. ერთი, ვსაც ამის შესახებ რაღაც ეჭვი ჰქონდა შიო გახლდათ და ისიც მიწისქვეშეთში იყო.
აფეთქებების ხმა არ წყდებოდა. ”საიდუმლო კლიტენის” მიერ დაქირავებული მბურღავები, ხრამის ფსკერის ვიწრო მონაკვეთზე დამონტაჟებულ ტექნიკას თავისებურად ამუშავებდნენ. ბურღვის სწორ ტექნოლოგიას არვინ დაგიდევდათ. არტაველის დავალებით მათი მიზანი საიდუმლო ობიექტამდე იმგვარი ჭის გათხრა იყო, ლითონის, ძვირფასი შენადნობების საიდუმლო ხელსაწყოების ზემოთ ამოზიდვაში, რომ დაეხმარებოდათ.
შიო შეეცადა, ისე დაახლოებოდა შეჯავშნულ შენობას, რომ შიგნით გადახსნილი სახურავიდან შეეღწია. მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ხიბლიხვანჯარას ხიბლიხვანჯარა მიადევნა და უცებ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, მიწის ზედაპირი აინგრა და მიწასთან ლოდებთან, ქვებთან ერთად ავტოც თავის პატრონთან ერთად ამოიყოლია. შიომ შეშინებაც ვერ მოასწრო, ისე დაეშვა ჩარბილიას გორას ქვემოთ, პატარა მინდორზე, მანქანამ, თითქოს თავისით გააგძელა გზა. გარშემო მიწიდან ამოყრილი ქვები ჯერ კიდევ ცვიოდა. ვიღაც იგინებოდა, ვიღაც ტიროდა.
-აუ, რა ფეირვერკი მოაწყვეს!-ხარხარებდა გზისპირს მდგარ მანქანასთან მდგომი წვერშეღინღლული ბიჭი.
-სასწრაფო, სასწრაფოს გამუძახეთ!-ყვიროდა ვიღაც ზემოდან, უსკრული ჩაიქცა და მბურღავები და ტექნიკა თან ჩაიტანა.
-მერე მაგათ სასწრაფო რას უშველის, მყვინთავები უნდა!-თავისას არ იშლიდა ის ყმაწვილი. როგორც ჩანდა, რომელიღაც სტიმულატორის ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული. დაბნეულმა შიომ გარემო მიმოათვალიერა, იქაურობა მცირე ზომის სავაჭრო შენობებითა და ჯიხურებითა იყო მოფენილი. მალე თითქოს აფეთქების შედეგად გამოწვეული ქოთქოთი მიწყნარდა და ხალხიც გარშემო ჩვეულებისამებრ აფუსფუსდა.
”სად ვიყავი და სად მოვხვდი! როგორც ჩანს, ამგვარი მოულოდნელობების მიმართ ხალხიც თავისებურად ადამპტირებულია…”, მზერა გზატკეცილზე გამწკრივებულ მექორწინეთა მანქანებს შეავლო. ”სროლა, აფეთქება, ქეიფი და ქორწილი ჩემეულ ხიბლიხავნჯარებივითაა ერთმანეთში ჩახლართული.”, შიოს უკან გაბრუნება უნდოდა, მაგრამ ზემოდან ჩამოსული მანქანის მძღოლის ხმამაღალმა ლაპარაკმა შეაყოვნა:
-ჩამარხულის ამოგდების მაგივრად, თვითონ ჩაიმარხნენ! ტონობით ტროტილი ჩააწყვეს ჭაბურღილში, მიწიშქვეშა რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს კი ძვრა ვერ უყვეს. ყველანი, მთელ ტექნიკიასთან ერთად პირდაღებულმა უფსკრულმა ჩაყლაპა!
-აბა, ობორონშჩიკების ნაკეთებს ეგენი რას დააკლებდნე!..-ნიშნისმოგებით შეეპასუხა გვერდით მდგომი, ძველმოდური გალიფითა და ხალათით შემოსილი ხანდაზმული წვეროსანი.
შიოს თითქოს ეცნო იგი, მაგრამ კაცი უცებ ხალხს შეერია. მან სევდიანად გახედა კლდე-ციხეს. ”თუ რაიმე არ ვიღონე ეგენი სიხარბითა და უგუნურებით ამ კულტურის ძეგლსაც გაანადგურებენ…”, და იგრძნო ყველაფერ ამისთვის სიმშვიდით ცქერა არ შეიძლებოდა. პოლიტიკაში ჩაურევლობა, სულაც არ ნიშნავდა, რომ სამშობლო ათასი ჯურის გაიძვერასთვის შეეტოვებინა საჯიჯგნად. გულდაწყვეტილი იყო, იმ ხალხს ვერაფრით უშველიდა. თავად, რომ სასწაულებრივად გადარჩა, ის ნაკლებად აკვირვებდა. მანქანიდან გადმოვიდა და იქეთ-აქეთ მიმომავალ ადამიანებს შეურთდა, რომელთა უმეტესობა მობილური ტელეფონებით ერთობოდა. მერე სუვენირების მაღაზიამ მიიქცია მისი ყურადღება. შიგ შევიდა. ერთგან წყვილად დადებულ შიბაქსა და სალამურს მიაპყრო მზერა.
-ეს, ხომ ვიცით, გიომ არ მოგიტანა დაბადების დღეზე, რა საყვარლებიაა… -დუგლას, ხომ არ ვუყიდოთ, გაეხარდება…
-კარგი იქნება!-გადაწყვეტილება მოუწონა თვალებამოღებილმა გამყიდველმა ქალმა, უცხოელებს ძალიან მოსწონთ… სამ ენაზე ნაბეჭდი სამახსოვროც ახლავს…-თაროდან ვერცხლისფრად მბზინავი ყუთი ჩამოიღო,-სახურავი ახადა, ოქროსფერი სარჩულით მორთულ ყუთში ჩადებულ სალამურსა და შიბაქს ხელი ალერსით გადაუსვა,
-სამახსოვროდ ძალზე ბევრი ყიდულობს,-მერე იქვე დადებული სარეკლამო ბუკლეტი მიაწოდა.
-ვიცი, ვიცი, ტექსტი ძალზე მომეწონა! მგონი ასე ქვია არა, ბუხრის თავზე შემოდებული შიბაქის და სალამურის გაბაასება…-ჩაიკისკისა გოგომ და დეკლამატორული ნიჭი მოიშველია,-შიბაქმა უთხრა სალამურს, მეც შენსავით ვრაკრაკებო, რაკრაკით კი რაკრაკებ, სუნი ფინთი გდისო, ნანი, ნანი ნანინაო, მიმღერიან აკვანშიო, ფინთი სუნი ვისღა ახსოვს, სურნელი მდის ჩვილი ყრმისო... და უცებ, მისი საუბრით დაინტერესებულმა კოპწია, თვალებმოციმციმე ქლბატონმა ნიშნისმოგებით ჩაურთო:
-სასირცხო შიბაქის შიბაქობა კი არ არის, მთავარი ისაა, აკვანში გაზრდილი მუტრუკი არ იქცეს შიბაქად!-მერე ერთი ცნობილი პოლიტიკანის გვარი ახსენა. გარშემო ისეთი რია-რია შეიქმნა შიომ გარეთ გასვლა დააპირა, რომ მაღაზიაში, მხარბეჭიანი, მოხდენილიო ვაჟები შემოვიდნენ და შიოს უნებლიეთ გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
-გულო დეიდა, აი, ის შიბაქ-სალამურა მოგვეცი!-მხიარულად სთხოვა გამყიდველ ქალს მოწინავემ,-ოღონდ მაშინდებურად არ აგერიოს, შიბაქი ბიჭისა უნდა იყოს! -მომიკვდეს თავი! ეს როგორ მომივიდა…-საგანგებოდ ”შეიცხადა” მან და თაროდან ორნამეტებით მორთული ყუთი ჩამოიღო.
-რა დროს შიბაქებია ხალხო, პამპერსებით აივსო მსოფლიო?!-გაიოცა გამომწვევად ჩაცმულმა, ხმის კილოს მიხედვით ევროპაში ნამყოფმა ქალმა.
-ეგეთები, ჩვენთანაც ბლომადაა, მაგრამ ეს ეგზოტიკურია, ბევრს ეგ შიბაქი საკრავი ჰგონიათ, და ისეთ მელოდიებს უბერავენ ზედ, რომ…-შეეპასუხა ვაჟი და ახორხოცებულ მეგობრებს თვალი ჩაუკრა,-სასიძოს ვეტყვით, რომ ეს ჩვენი ტრადიციია, კარგად გავერთობით…
-მომეცი შვილო,-ყუთისკენ ხელი გაიწვდინა სახედანაოჭებულმა დედაბერმა,-გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, და აი, ამათ რაკრაკს გაჰყვა ჩემი ახალგაზრდობა!..-მერე სალამური აიღო, პირთან მიიტანა და ისე საამოდ აარაკრაკა, რომ ვაჟებმა ხელები გაშალეს და მუსიკის რიტმს აყვნენ.
-განი, განი!-შესძახა ერთმა და დედაბერი გარეთ გაიწვია. დედაბერმა, ისე სალამურის დაკვრა არ შეუწყვეტია, წელზე შემოკრული თავშალი მოიხსანა, მხარზე გადაიფინა და გასასვლელისკენ წაიცეკვა. გზა უტიეს და შეძახილებით მიჰყვნენ. მალე საჩუქრების მაღაზიის წინ, გზატკეცილიდან, რაღაც ოციოდე მეტრის დაშორებით, თავისთავად შეიკრა გართობის მსურველთა და ცნობისმოყვარეთა წრე. აღმართულ ხელში დამბაჩასავით შიბაქმომარჯვებულმა მოხდენილმა ვაჟმა, ვიღაც მოხდენილი გოგო საცეკვაოდ გამოიწვია. იმანაც არ დააყოვნა, ლამაზად მიჰყვა. ხალხმა ტაში შემოჰკრა. უეცრად, გზად მიმავალი საქორწინო კორტეჟი გამოჩნდა. საზეიმოდ მორთულმა ”მერსედესმა” გზიდან გადმოუხვია და წრესთან შედგა. იქედან საქორწინო კაბით მორთული პატარძალი გადმოიჭრა, უკან ლოყებშეწითლებული, ლამაზად შესუქებული, ძვირფასი კოსტიუმით მორთული სასიძო მოჰყვა. საპარტარძლო წრეში შევარდა, ხელები ნარნარად გაშალა. დედაბერი მთლად გაყოჩაღდა, სახე აუვარდისფერდა და სალამური, ისე ძალუმად აახმიანა, ხალხი ლამის ექსტაზმა მოიცვა. ხუჭუჭთმიანმა ვაჟმა შიბაქი უნდილად შეჩერებულ სასიძოს მიუშვირა და დაიყვირა:
-ბა! ბახ! ბახ!
”მერსედესის” გარშემო შეჩერებულ კორტეჟიდან მაყრიონი გადმოეფინა, გამორჩეული შესახედაობის ვაჟებმა პისტოლეტები გამოაჩინეს და საქორწინო ხმაური, იარაღის გასროლით შეავსეს.
-სალამურები უკრავენ, შიბაქები ისვრიან!-შესძახა გვარიანად შემთვრალმა მეჯვარემ, სასიძოს საცეკვაო წრისკენ წაუბიძგა და ცას მიბჯენილი პისტოლეტი ზედიზედ დასცალა. საჩუქრების მაღაზიას უამრავი ხალხი მიაწყდა. რაღაც ათ წუთში შიბაქ-სალამურების მთელი პარტია გაიყიდა. გარშემო შიბაქებისა და სალამურების ტრიალი ატყდა, რასაც მალე შამპანურების გახსნის ”ბათქა-ბუთქიც” დაერთო. ბალახზე სახელდახელო სუფრა გაიშალა და ამგვარი ვითარებით დაბნეული შიო იქიდან გააღწევდა, შეხურებულმა ბიჭებმა ვებერთელა ყანწი მიაწოდეს, დაანამუსეს თუ ამათი ბედნიერება ალალად გიხარია, წვეთი არ დატოვო შიგო. მეორემ სიცილით დაუჭირა მხარი:
-აბა, რა მოვილხინოთ, გენიალური აზრებით ჩასველებულ მსოფლიოს, მაინც არაფერი ეშველება. შიომ მეფე-დედოფალი ომახიანად დალოცა და ყანწი დაცალა. ეს რა კაცი ყოფილაო, იბღავლა რომელიღაც მაყარმა და თამადომა სთხოვა. გულაჩვილებული შიოს, ასე ეგონა დიდი ხნის უნახავ სამშობლოში დაბრუნდა. შორიახლო, სასწრაფო დახმარების სირენის ხმა ისმოდა.



ძალად გამასპინძლებულები


შიო გვიან ღამით მოეგო გონს. ნათურის შუქით განათებული ოთახი შეპარვით მიმოათვალიარა. ”საავადმყოფოს ჰგავს…”, დაასკვნა და ბინტდაკრულ შუბლზე ფრთხილად მოსივა ხელი. წამით დაეჭვდა, ნეტა განძრევის უნარი ხომ არ წამერთვაო. ფრთხილად წამოიწია და რაკი დარწმუნდა, რომ სხეულს იმორჩილებდა, ისევ საწოლზე მიწვა. ”აქ, როგორ გავჩნდი?!”, გაიფიქრა მერე და თუმც თავი გვარიანად დამძიმებოდა, წინადღინდელი ფათერაკის მოგონება მაინც სცადა. ხალათის შიგა ჯიბეში ხელი წვალებით ჩაიყო და შიგ ეკალნემსები, რომ ვერ მოიძია, რაღაც ენიშნა. საკუთარ სხეულს მიუგდო ყური და იგრძნო მათი ”ნაჟური” მის სხეულს შერწყმოდა.
-ჩემო მხსნელო, გამოფხიზლდი?-გამომწვევად შეეხმიანა პალატაში შემოსული, თეთრხალათიანი ქალი,-შენი ბედი, სულ რაღაც ორი დღეა, სასწრაფოზე მუშაობა დავიწყე, მორიგე ექიმი სასტიკად გამომთვრალი იყო და მედდობაც მე გაგიწიე და ექიმობაც. ნაშიმშილებზე იმდენი ღვინო, რამ დაგალევინა?! ასე რომ, შენგან გვარიანი გასამრჯელო მერგება…-ახალგაზრდა, მკერდსავსე და თეძოებგანიერი ექთანი საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა, შიშველ მკერდზე მხურვალე ხელი მიმოავლო. შიომ იცნო ”საპარტაძლო” თუ ”ნაპატარძლარი”, ფეხებგაჩაჩხულს დაუფიქრებლად, რომ ააცალა ”კაიფში” მყოფი საქმროდშეგულებული, მოშიშვლებული ლაჯებიდან. უხერხულობა იგრძნო.
-გამარჯობა, ხომ კარგად ხარ…-გაუღიმა.
-მშვენივრად, და სურვილი მაქვს გემო გაგისინჯო, შენ ხომ ჩემი მხსნელი ხარ! ერთ დროს, შენზედ სხვა პატარა გოგოებით, მეც უიღბლოდ ვიყავი შეყვარებული…-შესჩურჩულა ვნებიანად და ტუჩებზე დაეკონა. უმალ იგრძნო ქალი ზარხოშად იყო. გამოყოლილმა სიმთვრალემ, თავად მასაც შეახსენა თავი, შეხურებულმა ”ნაპატარძლარს” ალერსში აჰყვა. დიაცის მკვრივსა და მხურვალე სხეულს, თითქოსდა მთელი სხეულით მიუალერსა. -მართლაც, რომ ცეცხლოვანი ხარ, ტყუილად არ ამბობდა დარია, ასე გეგონება მთელი სხეულით გეფერება და გატკბობსო…-შეაქო მისი ალერსით ნაამებმა,-არ მიკვირს, შენს სახლს, რომ იმდენი ხალხია მისეული… შიოს ეს ამბავი, არ გაჰკვირებია. მიწისქვეშეთში ნანახმა ხილვებმა უმალ შეახსენეს თავი და მიხვდა, მის სახლში დატრიალებული ამბებზე სრული წარმოდგენა ჰქონდა. ქვეცნობიერად იმის შესახებ ბჭობდა, როგორ მოქცეულიყო. გამოეხსნა კაქტუსი და მისთვის მიბარებული ლოტო თუ… ქალმა შიშველ სხეულზე მოსხმული ხალათის ღილები შეიბნია, პალატიდან ხალისიანად გავიდა. კართან კი, ვიღაცას გაეხუმრა: -ახლა, ხელმეორედ გაქალიშვილებულთა ჯერია!
შიო თავის მოწესრიგებას შეეცადა, მაგრამ ვერ მოასწრო. პალატაში ჩუმი სიცილ-კისკისით ოთხი დედიშობილა, მშვენივრად ტანაყრილი გოგები შემოცვივდნენ. ერთ მათგანს ხელში შამპანურის გახსნილი ბოთლი ეჭირა, რომელიც კაცს უმალვე პირთან მიუტანა. მანაც დაუფიქრებლად მოსვა. ისევ შექეფიანებულის სიმსუბუქე დაუბრუნდა.
-გოგოებო, ნუღა დავაყოვნებთ, სანამ თურქეთის გზას გაგვიყენებენ, მოდით, ამ მშვენიერი ქართველით თავდავიწყებამდე დავტკბეთ!-ფეხი აიშვირა ყველაზე თამამმა. ერთურთზე მშვენიერი ქალების ალყაში მოქცეული შიო, თავდაპირველად გვარიანად აირია. ისეთმა გრძნობამ მოიცვა, რომ სვე-ბედის გამოწვევით აღტყინებული გოგოების მოძალება მის მიმართ, თითქოს, მარტო მის კაცობის კი არა, მამრული ღირსების გამოცდა იყო.
-ვიწყებთ შუასაუკუნებრივი ორდალიას, ბრალდებულის გამოცდას ცეცხლით, გახურებული შანთით, მდუღარე წყლითა და მისთანანით, და თუ მსხვერპლი წამებას გაუძლებს იგი უდანაშაულოდ ჩაითვლება…-თავი მოიწონა ერთმა მათგანმა ნაკითხობით და გვერდით მდგომ საწოლზე დალაგებული ლეიბები იატაკზე გადმოყარა.
კაცის არსში ხიბლიხვანჯარების სერიები ერთმანეთს გადაება და ვნებააღრეული ქალების შემოტევები, უთავბოლო ორგიის მაგივრად, სასიყვარულო ხელოვნებაში გადაიზარდა. თენდებოდა. შიომ კრუსუნით მიძინებულ გოგოებს გადახედა. მსწრაფლ შეიმოსა, ოთახიდან გავიდა და აბაზანა მოძებნა. ტანი გულმოდგინედ დაიბანა. სამოსი შეძლებისდაგვარად გარეცხა, გაწურა და ისე ჩაიცვა. შვება იგრძნო. აბაზანიდან, რომ გამოვიდა ლამზირას შეეფეთა.
-ვიფიქრე გოგოებმა სულ მთლად შეახრამუნეს მეთქი!-სიცილით შეეგება იგი. -დავალებული ვარ შენგან!-შესცინა შიომც და ფანჯარს გახედა.
-სად გარბიხარ, ჩემო მხსნელო?! იცი, კიდევ მომინდი…-ხელები მისკენ გამოიწვდინა,-ნუ შიშობ, ყველა ავადმყოფი დიმედროლით გავთიშე!... -
ვიცელქეთ და გვეყოფა… იმაზე არ ფიქრობ, რომ საცაა პერსონალიც მოვა…-მისი შეფხიზლება სცადა კაცმა.
-ერთი მაგათიც, ყველა ჩასვრილია, მთავრი ექიმი ნარკომანია, პალატის ექიმი… -ავადმყოფებს რას ვერჩით…-სინანულით მიუგო.-კარგი, კარგი, ოღონდ ნუ დამივიწყებ, შენი მანქანა ეზოში დგას, გასაღებიც შიგაა, ვამეხმა მოიყვანა,-დამიბარა, გადაეცი, აუცილებლად შემოიაროს, სერიოზული საქმე მაქვსო…აუწყა მან და კვლავ მიამადლა,-შენდა ბედად ქალწული, შინაბერა ვარდიკო სამუშაოდ ნანამზესთან გადავიდა და ეგ ადგილი მე მერგო…-უხაროდა სამსახურის დაწყებისთანავე, ასეთი მარიფათი, რომ გამოიჩინა.
ნანამზეს სახელის გაგონებაზე შიო აირდაირია, დერეფანში თავისებური ხიბლიხვანჯარების სერია განავითარა და გარეთ უსწრაფესად გავარდა. მოეჩვენა ნამდვილად ორდალია ელოდა. ”აფრის”, ისე, როგორც მხსნელს მიაშურა. წუთით გაუსაძლისმა შიმშილის გრძნობამ შეიპყრო, მაგრა, როგორც კი მეგობარი კაქტუსი გაიხსენა, სხვაგვარად აჩქარდა. გზად პური იყიდა და წაილუკმა.
-თავისუფლება, ბექა დარბიძეს!!!-მოესმა ქვემოდაბის კულტურის სახლს მიახლოებულს. ”ჩემი, ასე უცებ გამოჩენა არ ივარგებს…”, გადაწყვიტა, ზედმეტად არვის მოხვედროდა თვალში. ”გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ…”, მისამღერივით აედევნა ათობით კაცის შეძახილი და შეიქმნა გაუთავებელი ზრიალისა და ჩოჩქოლის ხმა. ”ვინც წინ გადაუხტებათ, იმას უსმენენ, ვის მოსმენასაც ტვინის განძრევა უნდა არ აწყობთ…”, დანანებით დაასკვნა შიომ. ”აფრი” კულტურის სახლის უკან, შედარებით მიუდგომელ ადგილას გაიყვანა. შორიახლო, გზებით გადაკვეთილ მოედანზე და მის შემოგარენში ათასობით ადამიანს მოეყარა თავი. ორატორი, ძარღვებდაჭიმული, ძვალტყავა კაცი ბექა დარბიძეზე ისე, როგორც სახალხო გმირზე ლაპარაკობდა და ლამის ეროვნული ინტერესებისთვის თავშეწირულ მსხვერპლად შეერაცხა. მიტინგი თავის აპოგეას უახლოვდებოდა: მასიდან, სპონტანურად შობილი რამდენიმე ორატორი, ტრიბუნაზე დაყენებულ მიკროფონთან მისვლას ერთდროულად ითხოვდა. მერე ცეცხლისფრად თმაშეღებილმა დიაცმა იმარჯვა; ”სიმართლისთვის ზვარაკად შეწირულ გობრონსა და ბექას” სახელდახელოდ დაწერილი ოცსტროფიანი ლექსი მიუძღვნა. უცებ, ტრიბუნაზე ავისმომასწავებელმა მშფოთვარებამ დაისადგურა. მერე მიტინგის წამყვანმა მთრთოლვარე ხმით გამოაცხადა:
-მოქალაქენო! ეს წუთია მივიღეთ ცნობა, რომ მბურღავებმა ”ყივჩაღის ციხესთან” უფსკრულში, ბატონ პართე კობზიაშვილის გვამი იპოვეს. ამ ამბავმა იმსხვერპლა ყველასთვსი საყვარელი და ღვაწლმოსილი მსახიობი, ქალბატონი ცაცა, ხოლო თეატრალური ხელოვნების მგისტრის ბატონო ბენეს ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.-ორატორი დაელოდა ამ ცნობით აბობოქრებულ მომიტინგეებში მოძლიერებული ხმაურის მინელებას და მტკიცე ხმით შეჰყვირა,-როგორც ხედავთ ბნელი ძალები, ჩვენს დაშინებას ისახავს მიზნად და დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდამჭერ ძალებს სასტიკად უსწორდება! შეტევას კონტრშეტევით უნდა ვუპასუხოთ, ქუდზე კაცი გამოვიყვანოთ! და იქ ამბავი ატყდა, შიოს ეგონა ხალხმა სიბრძნე კი არა თავი დაკარგაო. ცაცას გარდაცვალების ამბავმა, მართლაც გული დასწყვიტა, ბენეზეც შესტკიოდა გული, მაგრამ პართეს ავკაცობაზე იმდენი რამ იყო მისთვის ცნობილი, რომ მისი ამგვარი აღსასრული ჩვეულებრივ ამბად მიიღო.
მქუხარე ტაშმა იქაურობა გადააყრუა. მომიტინგეები ხშირად ახსენებდნენ იმპერიულ ძალებსა და მის დამქაშებს, დიდ ილიას, ბექა დარბიძეს, ბენესა და პართე კობზიაშვილს. ”ერიჰაა! ამათ გუშინდელი ამბავი არ გაუგიათ თუ მბურღავების დაღუპვას ძალად უმალავენ ხალხს...”, შიო დაბნეული მიშტერებოდა კულტურის სახლის კედელს. მერე სახლისკენ გაუწია გულმა. ”ხმამ ჩემი გამოჩენის შესახებ, ალბათ უკვე აქც ჩამოაღწია. ..”, იცოდა მის კარ-მიდამოში გამაგრებული ”მაფია”, ადვილად არ დათმობდა პოზიციებს და შესაძლოა სასიკვდილოდაც კი გაემეტებინათ. ”იქნებ, ჯერ მიწიპარიებთან” შევიარო…”, მაგრამ თავისი ორჭოფობისა შერცხვა და ”აფრი” ნაცნობ ჭიშკართან გაბაწრულ რიგთან გზისპირას შეაჩერა. არ უნდოდა, ვინმე დაეშინებინა მის უცაბედი გამოჩენით, მაგრამ სხვა გზა არ იყო, სახლამდე უნდა მიეღწია. ”თუ, მართლა ამდენ ხალხს შველის…”, უნებლიეთ შეყოყმანდა, ”მაგრამ ვინ და რისთვის იყენებს ამ მადლს, ეგ ხომ ტკივილის დროებითი მოკვლაა, ბოლოს, ამგვარი განკურნების პროცესი, თავად გადაიქცევა სენად. კაქტუსს და ლოტოს ტანდემს კი ბევრად მნიშვნელოვანი მისია აკისრია!”, მიხვდა დაყოვნება არ ივარგებდა, თორემ იქ მდგომი ადამიანების უმეტესობა, ჩვეული მოტივით, მარტივად გადაწყვეტდა საკითხს და თუ, მათ ინტერესებს საფრთხე დაემუქრეოდა, მის სახლიდან გასახლებაზეც არ იტყოდა უარს.
ხელჯოხი აიღო და თავისებურად დახლიფართული მანქანიდან მსწრაფლ გადავიდა. მობოდიშებით მიიწევდა წინ. ვიღაცამ იცნო, თვალებს არ დაუჯერა, მერე ერთი მოეხვია კიდეც. შეშინებულები იყვნენ. ვიღაც დედაბერი მუხლებზე დაეცა პირჯვარი გადაიწერა. შიომ წამოაყენა და მისი დამშვიდება სცადა. იქაურობა გვარიანად გადასხვაფერებულიყო; ჯიხურების გარდა, მეზობლის ეზოში ”მკურნავი სარკეების” მაღაზია გაემართათ. კედელზე ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული მისი ფოტო ეკიდა. ”ერიჰაა!”, გაუჩქარა. სახლის უკანა მხარეს გავიდა და წინ შეიარაღებული კაცები გადაეღობნენ.
-საით ბიძა?!-აგდებით ჰკითხა ერთმა.
-შინ!
-სად შინ, შენ, ვაჟკაც, თავი ხომ არ მოგბეზრდა?!-მხარზე ჩამოკიდული ავტომატი შეარხია.
-ძალად გამასპინძლებურხართ!-ჩაიცინა მან, უნებლიეთ ჯოხი მარჯვედ დაატრიალა. ორიოდ წამში იარაღით შეხუნძლულულები მიწაზე გონწართმეულები ეყარნენ. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, ზოგი გაოგნებული იყო, ზოგი იმას ფიქრობდა, ვიღაც არტისტი გვამასხარავებსო.
-გაუშვით, შიოა, ოჯახის პატრონი!-რომელიღაც მეზობელი, თითქოსდა შემთხვევით მოეგო გონს.
ეზოში პოლკოვნიკის ჩინით შემკული ”დუდე ნუგეშისმცემელი” გამოვარდა. ეტყობა მომიტინგეებთან შეერთებას აპირებდა.
-შეენ?!-ყბა ჩამოუვარდა.
-ბოდიში, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! დუდე რეალობის აღქმას შეეცადა. მისი ხილვით გაიხარა.
-არ გინდა…-უთხრა შიომ,-ოთახში უნდა შევიდე.
-აქაურობა, ახლა ”საიდუმლო კლიტენის” საკუთრებაა!-წამოცდა და როცა შიოს დამცინავი მზერა შენიშნა, ვითარების განმარტება სცადა,-ზღურბლს იქით მაინც ვერ გადახვალ.
-იქნებ ჩემს წმინდა ნაწილებსაც გაუკეთოთ პრივატიზირება?!-გაეხუმრა იგი.
-არა, თუ შეხვალ?!-დუდემ იარაღმომართულ დაცვის ბიჭს ხელი აუქნია.
-იმედია, მეგობარს იცნობს…-ჩაილაპარაკა და ხიბლიხვანჯარას მოშველიებით მორიგი სვლა გააკეთა. კაქტუსი, როგორც ჩანს, მის გამოჩენას ელოდა. შიომ კარის გაღება ადვილად შეძლო და ზღურბლსაც გადააბიჯა. დუდემ უმალ სცადა მიჰყოლოდა, მაგრამ კარი მის ცხვირწინ მიიკეტა.
-გმადლობთ, მეგობარო!-შიო მზისფერ სხივებს მიეალერსა, განჯინის უჯრასთან ჩაიმუხლა,-როგორც ჩანს, ძალზე მნიშვნელოვან მონაცემებს იცავ! მოეჩვენა კაქტუსი უღიმოდა. ”უსულოთა შორის სულიერ მეგობრებს ჰპოვებ!”, ოიგონა ბექას ნათქვამი. და იმის ახსნა მოინდომა მზისფრად დაწინწკლულმა კაქტუსმა მუყაოს ფურცლებსა და კოჭებზე გამოსახულ ნიშნების ზემოქმედებით დააყენა ის ბრწყინვალე ნათება თუ მათი თავდაცვის მიზნით. ”მაშ, კლდე-ციხეში განსხეულებულ სავარძელსა თუ მაგიურ სხივთან შესახვედრად მოვემზადოთ!”, შეაგულიანა საკუთარი თავი. თითებით ეკალნემსები მოსინჯა. მათგან რამდენიმე მათგანი გუმანით შეარჩია, კაქტუსს შეაცალა და ხალათის შიგა ჯიბეში ჩამალა. -აბა, წავედით, თორემ ამ მუქთა სალბუნებით, ზარმაცუნები სულ მთლად გამოთაყვანდებიან…-ჩაილაპარაკა ნიშნისმოგებით. კაქტუსიანი ქოთანი, ლოტოს ყუთთან ერთად ტყავის ჩანთაში ფრთხილად ჩაალაგა. ”გამობრწყინება”, თითქოს ჩაქრა და გარშემო ჩვულმა დღის სინათლემ დაისადგურა. ვიღაცამ ოთახში შემოჭრა სცადა, მაგრამ კაქტუსმა უჩინარი სხივის მოზრდილი დოზა სტყორცნა და იგი გონდაკარგული გაგორდა. -დატოვეთ აქაურობა, ყველას ვინც ოთახში შემოსვლას დააპირებს იგივე ელის! ჩოჩქოლმა იმატა, როცა გონწართმეული ”მცველი” ეზოდან საკაცით გაიტანეს, შეშინებული ხალხის დიდი ნაწილი იქაურობას გაეცალა.
-შიო, არ გაბრიყვდე, დააგდე იარაღი!-გაისმა დუდეს შიშნარევი ხმა.
-საკუთარ თავს და ჩემს მეგობრებს ვერ შეველევი, სხვა იარაღი მე არ გამაჩნია!-ხალისიანად გაეპასუხა იგი.
”საიდუმლო კლიტენის” გასამხედროებულმა ნაწილმა საეჭვო გადაჯგუფება დაიწყო. მასპინძელი მიხვდა მის სახლში გამასპინძლებულები მალე შემოუტევდნენ. გული სხვა ცხოვრებისკენ მიუწევდა და იქ გამაგრება არ უცდია. ჯოხმომარჯვებული ოთახიდან გავიდა. უნებლიეთ ბაბეს კარ-მიდამოს გახედა და ნახა იქ რამდენიმე ვაგონი ჩაედგათ. როგორც ჩანდა შორიდან ჩამოსულებზე აქირავებდნენ. ”მიწიპარიებსაც მშვენივრად მოუთბიათ ხელი…”, ერთ-ერთ ვაგონთან მდგომ თმებდავარცხნილ და სუფთად ჩაცმულ ბროლას გაუღიმა და შენიშნა იქვე მდგომი ბაბე, როგორ გაგორდა მიწაზე. ”ღმერთმა უშველოს, ჩემი დანახვა ვერ აიტანა…”, კიბეზე ჩასვლისას მიხვდა სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ. ძალისხმევას მოუხმო და თუმც, გრძნობდა უჩვეულო ”ტანდემი” მის გარშემო დამცავ ბიოველს ქმნიდა, თავისი შესაძლებლობების გამოყენება იჩქარა. ხიბლიხვანჯარების სერია ვირტოზულად განავითარა და ”აფრისთან” ორიოდე წამში აღმოჩნდა. ჩანთა მანქანაში ჩადო, საჭეს მიუჯდა და ერთგან მიყუჟულ ადამიანებს ხელის აწევით გამემშვიდობა. ”სანამ ვითარებაში უკეთ გავერკვევი, ნანმზეს კლინიკას შევაფარებ თავს…”, გადაწყვიტა და მანქანა დაძრა. მიტინგი ისევ ბობოქრობდა. ”იქნება ინვესტიციები, კომპიუტერიზაცია, გზები და სინათლე, მაგრამ სამშობლოს სრული განცდა კარგა ხნით დაიგვიანებს…”, სევდიანად წაიღიღინა უნებლიეთ. დაეჭვდა ბექა ხომ არ მამასხარავებს თავის წინასწარმეტყველური შეგონებებითო. და უცებ, ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაახსენდა: ”ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე? წვრთნაა ზნე-ხასიათისა ზრდაა, მისის სულიერი ვინაობისა, ბუნებისა, ანუ უკეთ ვსთქვათ, მისი კაცობისა, ადამიანობისა”. ბექაზე შეფიქრიანდა, იცოდა საფრთხე არ ემუქრებოდა, მგრამ მის მომავალზე წუხდა. ”იქნებ, კულტურის სახლში გავარკვიო რამე…”, გიფიქრა და მანქანა შენობასთან, კვლავ ხალხისთვის მოფარებულ მხარიდან მიაყენა.
-იმედია, საკუთარ თავს დაიცავ!-მიმართა კაქტუს.
გადასვლისას ხელჯოხი მოიშველია, მერე ხალათის ჯიბეში გასაღებების ასხმულა მოიძია და თითქმის მუდმივად დაკეტილი სათადარიგო კარი ფრთხილად გააღო. კარს იქით, შენობაში გვარიანად ბნელოდა. განათებულ სცენიდან, საიდანც მხოლოდ სინათლის ვიწრო შუქი მოჟონავდა, ვიღაცის მკაცრი ხმა მოესმა. შიომ ოსტატურად წაიწია წინ, სცენის კულისების მხრიდან ვიწრო კიბეზე ავიდა. გვერდითი მხრიდან, ფარდების მხარეს შეუმჩნევლად გადაადგილდა და განაპირას შედგა. სცენის შუაგულში დადგმულ სავარძელში ბოჩი არტაველი იჯდა და დარბაზში მსხდომთ, ოცდაათამდე სამხედრო ყაიდაზე გამოწყობილ სხვადსხვა ასაკის მამაკაცებს თავისებურ ინსტრუქტაჟს უტარებდა.
-ყველაფერი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, იყოს ერთხანს ცოცხალი, თუ დავითანხმეთ ხომ კარგი, თორემ გავანადგურებთ!-მთავარ არქიტექტორს აელვარებულ თვალებში მრისხანება ჩაგუბებოდა. ”აი, ოპერატულობა ასეთი მესმის?!”, და უნებლიეთ მოუნდა ბედი გამოეცადა, უცვეულოდ განვითარებული თავდაცვის უნარი ცოტა ხნით მიევიწყებინა. ძველებურად სახიჩარი და სხვისი შესაწყალი ყოფილიყო. სცენაზე მორჩილად გავიდა და გულუბრყვილოდ იკითხა: -ბატონებო, რა დაგიშავეთ?! იქ მყოფთაგან უმრავლესობა ფეხზე წამოვარდა. არტაველმა თითქოს სიმშვიდე შეინარჩუნა.
-მობრძანდით, სასიამოვნოა…-ღიმილით მიმართა.
-არ მგონია, ჩემი გამოჩენა გაგხარებოდათ…
-თუ გონივრულად მოიქცევით, ყველფერი ძველებურად დალაგდება, თქვენ თქვენსას მიიღებთ, ხალხი კი იმედს დაიბრუნებს… დააბრუნეთ ის რაღაც მანათოებლი და დიდ ფულს გადაგიხდით…
-მეგობარს ვერ გავყიდი…
-მეგობარს?! მაშინ მოვრიგდეთ, კეთილი წილში ჩაგსვამთ, ოღონდ საჩქაროდ უნდა დააბრუნოთ გამობრწყინება…
-ეგ, თავდაცვის საშუალებაა ბატონებო, და არა ნარკომანების დამაპურებელი… მისი საშუალებით შესაძლოა, პარალერულ სასმყაროში გაგვეხსნას გზა და თუ ასეთ წვრილმანზე დაიხარჯა მისი ენერგია, უკეთეს მომავალს ვერც ვიხილავთ…
-ერიჰაა, პარალერულში რა ჯანდაბა მინდა, აქ შევირგოთ რაცა გვაქვს…
-აქ ვერ შევირგებთ თუ ჩვენი ცხოვრების უკეთ მოდელირება არ ვისწავლეთ…-შიოს ალალდ მოუნდა აეხსნა მათთვის მისეული კვლევების პერსპერქტივა,-ნაბიჯის გადასადგმელად ჯოხი წაიწვდინა. იქვე მდგომ დაცვის წევრებს წამოელანდათ, კლანის ”მამობილზე” თავდასხმას აპირებსო და ხელში დაკავებული რეზინის ხელკეთები უმოწყალოდ დაცხეს.
-უჰ, თქვე დარტყმულებო, ხომ გითხარით ფრთხილად მოეპყარით მეთქი, გაჩხრიკეთ!
შიო გაჩხრიკეს და რაკი მნიშვნელოვანი ვერაფერი აღმოუჩინეს, არტაველის ბრძანებით ხელები შეუკრეს და სათავსში გააქანეს.




გენერლის ტრიუმფი და

ბექას წარმატებული ფლირტი


ბოსელზე შეტევა გვიან დილით, ოთხივ მხრიდან, ერთდროულად განხორციელდა. გენერალ ბჟელენდრაძის კარგად შეიარაღებულ ოცამდე გულად ბიჭს ექვსი პოლიციელიც უმგრებდა მხრს. მოწინავე პოზიციებზე გადასულმა ჯავშოსანმა მანქანებმა დაუბრკოლებლივ გადალახეს ქვა-ღორღით სავსე არხი და ბოსლის ორივე კარი შეანგრიეს. ღამენათევ, ნაქეიფარ ბუჭუკის ღრმად ეძინა. ხბორებთან მიწოლილი ბექა, ვინაც თვალებში ჩაჭიატებულ მზის სხივს გამოეფხიზლებინა, წინა დღით გამოთლილ შიბაქს წვდა და ზედ, საბრძოლო ძახილის მაგვარი მელოდია დაამღერა. მაგრამ, როცა იარაღმომართული ”გულადი ბიჭები” ბუჭუკის დაესხნენ და გაკოჭვა დაუწყეს, მის საშველად გაქანდა და მომხდურებს იმგვარი ჩხუბი გაუმართა, ერთი პირობა, მათ რიგებში დაბნეულობაც კი შეიტანა.
-გიჟია, ეს შობელძაღლი?!-დაჰქუხა ბჟელენდრაძემ და როგორც იქნა გიჟს ფეხი დაუდო.
-კი, ვარ! ქვეყანას ვუმტკიცებ გიჟი და აფრაკი ვარ მეთქი და მაინც არ მიჯერებენ, ეს ტვინარეკილები, ვერასგზით დავარწმუნე, რომ ამ ქვეყნის გადარჩენის ფორმულა მე არ მაქვს!..-დაიჩივლა ბექამ და წაქცევამდე ისეთი ალიყური გააწნა, რომ გენერლისსამხრეებიანი დაარეტიანა. კაცი მოგვიკლაო, იბღავლა მაშინ, რომელიღაც ”გულადმა” და ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ”სახალხო გიჟი”, კარგა გვარიანად მიბეგვეს, ჯავშანავტომობილში ჩასვეს და ბუჭუკისთან ერთად ქვემოდაბისკენ გააქანეს. შეიარაღებულ კოლონას წინ შეჯავშნული ჰამერი მიუძღოდა. მძღოლის გვერდით მჯდომ გენერალს სახე უღიმოდა და ტრიუმფალურ სვლას იმშვენებდა. სარკინიგზო ხაზთან ჯავშნოსნებს ხალხის ჯგრო გადაეღობა, ბექას ოვაციები გაუმართეს, პირაკრული ბუჭუკი პოლიციას წაართვეს და და ჩასაქოლად წაათრიეს. ბექა, ვინაც ხალხის აღტაცებულ შეძახილებს თუ მილოცვებს საგონებელში ჩაეგდო, სულ მალე კონცერნ ”საიდუმლო კლიტენის” ერთ-ერთი ფირმის ოფისის კეთილმოწყობილ სარდაფში, ”დუდე ნუგეშისმცემლის” მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდა.
-აჰ, როგორ იტანჯა ეს ანგელოზივით კაცი!-ჰოჰ, როგორ გაამწარეს ეს პატიოსანი ადამიანი! ხელები უნდა დაატეხო, ვინც ამას უხეირო სიტყვა გაუბედა!-ზედიზედ შეიცხადა დუდემ.
-უხეირო სიტყვა კი არა, უხეირო წიხლები მაკადრეს…-ღიმილით შეუსწორა მან. ჩვეული მისიით ატაცებული ენთუზიასთტი, ისევ თავისას მიერეკებოდა და ”ნუგეშისცემას” თავგამოდებით აგრძელებდა. იმდენი ელაპარაკა ხალხისთვის თავდადებულ გობრონის ღვაწლზე, თავად მის, როგორც, სახალხო სცენისმოყვარის განსაკუთრებულ მისიაზე, ქვემოდაბიდან, დესპოტურ რეჟიმის დამქაშებს გრიდებულ დაროს მშვენიერებაზე, რომ თავად იგი, გაზაფხული სურნელით გრძნობებარეულ ყმაწვილკაცს დაემსგავსა…
-შემთხვევით ლექსებს ხომ არ წერ?-მშვიდად ჰკითხა კარგა ხნის შემდეგ ბექამ,-ქართველების სენია ასეთი, ნამეტნავად თეატრალურები ვართ, სიყვარულზე, მამულიშვილობაზე სიტყვით კი ვუბერავთ, მარა ათას კაცში ერთი თუ გამოგვერევა გულწრფელი და იმასაც მაშივე გიჟად შევასახელებთ!-დუდე შეკრთა. ასეთ დალაგებულ შესიტყვებას ნამდვილად არ ელოდა…-ეს ისე ხუმრობით…-დაამშვიდა ბექამ და უცებ, მართლაც შერეკილივით წამოიჭრა, წაიცეკვა და გაიხარა,-ჰო, ჰო, ჰო, ჰო, დარო ცოცხალი ყოფილა?!
-ამას გეუბნები, ამბობენ ისევ ისეთი თვალწარმტაცი და სექსუალურიაო!-შეძახა გახარებულმა დუდემ.
-შეგეშალა, ადრე, ქალის ასე გამოლანძღვას ვინ იკადრებდა, თვაწარმტაცს სხვა ეპითეტის შეშველება რად უნდა…-უსაყვედურა ”ტყვემ”.
-ბოდიშს ვიხდი… რომ შევხედე მეც გაოცებული დავრჩი, ასე ოცდაათი წელს თუ მიცემ, არადა…
-სილამაზე უკვდავია!..-სიმშვიდე დაიბრუნა მან და სავარძელში ჩაბრძანებულს მოეჩვენა, რაღაც დიდ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში იყო გარეული, დაეჭვდა, მართლა ჩემი გადასარჩენი ხომ არ შეიქმნა ეს ქვეყანაო, დუდეს დინჯად მიუგო,-კეთილი შევხვდები, ოღონდ შემოქმედებითად ნუ შემზღუდავთ… ”ნუგეშისმცემელმა” გაიხარა. გარიგების ნიშნად ძალუმად ჩამოართვა ხელი, და დაკეტილ კარებთან მოტრილე ფირმის პერსონალს გასძახა:
-მიხედეთ, ამ კაცს!
ორიოდ საათის შემდეგ, გვარიანად დაპურებული, დაბანილი, წვერგაპარსული, ძვრფას კოსტიუმში გამოწყობილი ბექა, იმავ სარდაფში, ყვავილებიან ვაზით მორთულ მაგიდასათან იჯდა და თითქოსდა, იმ იდუმალი შემთხვევიდან, მის მხარდასაჭერად დაბრუნებულ დაროს მოლოდინში, თავის ნახელავ შიბაქზე მთელი განცხრომით უკრავდა. ტანწერწეტა, თითქოს ყიფურ-ამაყური იერის, თვალწარბმოკალმული ახალგაზრდა ქალი, ოთახში მოუთმენელი იერით შემოიჭრა. -ბექა გენაცვალე, როგორ მომანატრე თავი!-შესძახა გამომწვევად და სავარძლიდან წამომხტარი ჩაკოცნა. ბექა იჭვნეულად გაირინდა. ხალათის მაგვარი თეთრი კაბით შემოსილი ქალი მართლაც დაროს მსგვსება იყო.
-სულ არ შეცვლილხარ?!-დაბნეულმა ჩაილაპარაკა, მაგრამ იჭვი, რომ რაღაც, ისე არ უნდა ყოფილიყო, იმავდროულად გაუჩნდა.
-მთელი ცხოვრება გრიმებში ვარ და სახე შემენახა…-თითქოსდა ორაზროვნულად გაიხუმრა ქალმა.
-კი ვიფიქრე, ალბათ კინოში გაიპარა და რომ არ იცნონ სხვის როლებს, სხვისი სახით თამაშობს მეთქი!-თავისი დაემართა ბექას. იგრძნო ქალის მომხიბვლელობამ ძველი გრძნობა აუფორიაქა.
-მართალაც, ვითარებათა გამო ინკოგნიტოდ ვმოღაწეობდი…-გაიპანჭა იგი. ყვავილებს მიუალერსა, ბექას ალმაცერად შეაცქრდა და დაბალფეხება სავარძელში ჩაეშვა.
-რესტორნებში ხომ არ მღერიხარ?!-ქალის მოშიშვლებულ ლაჯებს ცნობისმოყვარედ შეაჩერდა. ”დარიას კი გავს, მაგრამ ის ნამდვილად არაა…”, დაასკვნა მერე. ქალი აკისკისდა. დერეფნიდან ჩახველების ხმა გაისმა. სტუმარმა უმალ დაიმწუხრა. -გობრონის დარდი დღემდე მაწვალებს! არადა, როგორი იმედი ჰქონდა ჩემი დროც მოვაო...-გადაპრანჭულად წარმოთქვა, ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო. მოუკიდა, გააბოლა. მერე მარცხენა ხელით კვამლი მოხდენილად გაფანტა. მაჯაზე შემობნეულ ოქროს წვრილ სამაჯურზე, მინიატურული გასაღები და თვლიანი ბეჭედი ჰქონდა გამობმული,-მოდაა ასეთი, თავისუფალი, ანუ გაუთხოვარი ქალის სიმბოლოა,-განუმარტა ამ ნივთების დანახვით მოზიდულ ბექას.-მშვენიერი დადგმა იყო,-თანაგრძნობით მიმართა ყოფილ სცენისმოყვარეს, სამაჯურიანი ხელი, კვლავ შეფარვით წაუჩვენა. ”უპოვიათ…”, კაცმა ბეჭედსა და გასაღებს თვალი მონუსხულივით გააყოლა და უცებ თითქოს გონს მოეგო: ”ამათ მე, მართლა გიჟი ვგონივარ?!”
-შენგან მიკვირს, აყოლიხართ ამ მოცლილი ხალხის ხმას, იმ დალოცვილს რა ეანდერძებოდა, შარდის შეკავება ჰქონდა და სცენაზე მოუვიდა შეტევა… ისე შენ, იმ ზღაპარში, ძაან გიხდებოდა ციური ასულის როლი!-და გრძნობამორეულივით გაამხილა,-ამ გაუბედურებულ ქვეყანას მართლაც მოუხდებოდა ციურ ქართველთა ნიჯადი. სიტყვა ნიჯადი გახსოვს ხომ, რას ნიშნავს?-შეაშტერდა.
ქალი დაიბნა და სიგარეტი ზედიზედ მოსწია. -აბა რა, ჩვენ მოვალენი ვართ მისი ანდერძი აღვასრულოთ,-კეკლუცად მიუგო.-შენ, ალბათ, ჩემზე უკეთ იწყი, რა კავშირი არსებობს გობრონის დანატოვარ ნივთებსა და მის დანაბარებს შორის, აი თუნდაც, იმ ჯადოსნური სავარძლის შესახებ…
-კი, კი, ანომალიურ მოვლენებზე გვიყვებოდა რაღაცას, მაშინ ეს აკრძალული იყო. ახლა, ყველას უცხოპლანეტელები და მისთანები ელანდება, კომუნისტების დროს, თუ ძაან გაახურებდი, ფსიქიატრულში ამოყოფდი თავს. მის პიესაში მსგავსი გადახრები ბლომად იყო და ფრთხილობდა კაცი… კაგებეს, თუ რამე საიდუმლო იყო, ყველაფერზე ტორი ჰქონდა დადებული…-დამაჯერებლად მიუგო. ქალს დაბნეულობა დაეტყო. მერე წონასწორობა აღიდგინა.
-მით უფრო, ახლა ღვთის წყალობით ასეთ რამეები არც არავის უკვირს… წელს მისი გარდაცვალებიდან ოცდაათი წლისთავი სრულდება, ხელისუფლებას სურს, როგორც სცენაზე რეპრესირებულ თეატრალურ მოღვაწეს პატივი მიაგოს. ჩვენ მოვალენი ვართ! თანაც, ძალიან კარგად გადაგვიხდიან.-და უცებ, თითქოსდა საიდუმლოდ გაენდო, ვიღაცას ყველაფერი ეს, იქნებ, თავის პოლიტიკური კარიერის გასაპიარებლადაც სჭირდება. მაგრამ, ჩვენ რას ვაგებთ, თავდაპირველად მაგიდასთან მუშაობა მოგვიწევს. მაგ პიესის ხელნაწერი, ალბათ გობრონის ნაანდერძევ ნივთებთან ერთად ინახება, თან რეკვიზიტებსაც მოვიძიებთ. ის სავარძელი, ხომ გახსოვას, აი ის, ეტყობა, ვიღაცამ საგულდაგულოდ გადაინახა…-გამომცდელად შეაჩერდა.
-თეატრი რეჟისორისაა!!!-გააპროტესტა ”გიჟმა”.-ამაღლებულ გრძნობათა თეატრის სულისჩამდგმელს ეს არ მოეწონება, შიბაქზე დაკვრა, მეტად ნატიფი ხელოვნებაა!-დიდაქტიკური ტონით შეეპასუხა იგი, სპექტაკლი მუსიკაში უნდა განვასხეულოთ…
-სამწუხაროდ ბატონი ბენე-ხალამპრე, მამობილზე თავდასხმის შემდეგ არვის უნახავს, ერთხანს იმედი ჰქონდათ, იქნებ გაიტაცეს და გამოსაყიდს ითხოვენო, მაგრამ როგორც ჩანს შემოაკვდათ. მეც ძაან განვიცადე…
-რავა დარიგებულივით ლაპარაკობ?!-მიახალა უცებ ამ ამბის გაგებით გაოცებულმა ბექამ,-კი დამენანა…-ჩაფიქრდა,-ცოდვიანი კაცი იყო, ოღონდ, მაინც თავისებურად ახალისებდა ამ ცხოვრებას, პართეს დაღუპვის ამბავი ემიგრაციაში ყოფნისას გავიგე, მაგრამ ამაღლებულ გრძნობათა თეატრის კონსტრუქტორიც თუ გააყოლეს ხელს არ ვიცოდი. კი დამენანა… მახსოვს იქადდა, ჩემს სიცოცხლეს საუკეთესო სპექტაკლით დავასრულებო…
-რას ვიზამთ, ყველანი იქ გაგავგრძელებთ აქ დაუმთავრებელი როლის თამაშს!-მიუსამძიმრა ქალმა და ურჩია,-ჯერ ხელნაწერი უნდა მოვძებნოთ. -არავითარი ხელნაწერი არ არსებობდა!-გაცხარდა კაცი, ჩემს მამობილს, მაგ დაგმის განხორციელება სუბლიმაციის მეთოდით ჰქონდა განსაზღვრული. თავის თავში სტრესული მდგომარეობის გამოწვევით შემოქმედებით სცენებს ხვეწავდა!..-მაგიდაზე ჩამოჯდა, ქალის მოშიშვლებული ფეხები თვაისებურად გადაამოწმა და შიბაქი მის ყურთან მომხიბვლელად აახმიანა. სტუმარს, თავისდა უნებლიეთ სახეზე ალმურმა გადაჰკრა. მკერდში ვნებისმომგვრელმა ჟრუანტელმა დაუარა. ბექა შიბაქზე უკრავდა, ქალი ინტერესით აკვირდებოდა.
-იცი, როგორ მომენატრე…-წაიჩურჩულა მან და ხელი ფეხზე შეახო. ბეაქამ დაკვრას თავი მიანება, შიბაქი ნატიფად მოიშორა ბაგიდან.
-ჩემი სალამურის ხმაზე მკერდი კი გითამაშებს, მაგრამ ეს მონატრებას არ ნიშნავს…-გაიკრიჭა ბექა. და გაიფიქრა ”მართლაც ძაან ჰგავს დაროს…”-დამცხა ხომ იცი!-პიჯაკი გაიძრო,-და ქალს აღტყინებით მიმართა,-მიზანსცენა პირველი!, მაგიური სცენის მეშვეობით, თქვენ ახლახან დაეშვით ზეციური საუფლოდან და გრძნეულ სავარძელზე ჩიტუნასავით ჩამოფრთხიალდით!-წუთით აკაშკაშებულ ნათურას შეაჩერდა, შთაგონებული იერით გაირინდა. თითქოსდა ეწადა, იმ დადგმის ესა თუ ის ეპიზოდი ირეალური სამყაროდან გამოეხმო, მაგრამ ქალის მოშიშვლებულმა ლაჯებმა და მკერდმა მისი შთაგონება მიიტაცა.
-მერედა, სად არის ის სავარძელი, სული მელევა, სანამ შენთან ერთად ზედ დავეშვები!-გაეარშიყა ქალი.
-ჰო, ჰო, ჰო, ჰო, პიესის მიხედვით, მე შენი სატრფო ვარ, ანუ შენი ციური მამის მიწიერი შვილობილი…
-მხარი აუბა ”შიბაქ-სალამურამ”. იგრძნო, ქალის მიალერსების სურვილი სახიფათოდ ეძალებოდა.
-მაშ, ძამიკოც ყოფილხარ!-აკისკისდა იგი, მაგიდაზე დადებულ ტყავის ჩანთიდან, ცნობილი საფირმო ნიშნით დამშვენებული კონიაკის ბოთლი ამოიღო,-რაღას ვაგვიანებთ, ბოთლს სახურავი მოხსნა.
-ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ოღონდ გობრონის ანდერძის თანახმად, მხოლოდ ჩვენ ორს გვეძლევა უფლება, ციური ნიჯადის დედააზრის ამოცნობის მიზნით, გრძნეული სავარძლის გარშემო რიტუალის გამართვისა…-თვალები ქალის მკერდზე შეუთამშდა,-აუჰ, რა სიცხეა!-ახლა პერანგის გახდას შეუდგა. ქალი მისმა ”გიჟურმა” გამოწვევამ აღაგზნო. უკვე აღარ აინტერსებდა, რა ხდებოდა კარს მიღმა, დუდე ისევ ისმენდა მათ საუბარს თუ მის ალღოს იყო მინდობილი. კონიაკი მოსვა, მერე მისკენ დახრილ ბექასც მოასმევინა.
-თუ ფანტასტიკაა, ფანტასტიკა იყოს… წავიდეთ და იმ სავარძელზე სიყვარულით დავეშვათ!-აღგზნებულს ხელი ჩაჰკიდა და კარისკენ გაიყოლია, გზად კონიაკი ისევ დაალევინა და შეღებულ კარში გასძახა,-გზა, გზა ხელი არვინ შეგვიშალოს, რეპეტიცია გრძნეულ სავარძელთან გაიმართება!-კიბეზე აირბინა.
-ზღაპარში მგონია თავი, რა მაგრად ჰგავხარ დაროს!
-ჯერ სად ხარ, სავარძელზე, რომ დავეშვები, ზღაპარი მაშინ ნახე!-აკისკისდა ქალი და ბექასთან ერთად ქუჩაში გავარდა,ისე ვიფრთხიალებთ, ისე რომ…-იქვე მიმალულ დუდეს მისამართით წაიმღერა და მიანიშნა, მე მომენდე, ხელი არ შემიშალოო. ვარსკლავებით მოჭედილ ცას გულუბრყვილოდ მიჩრებელი კაცი იქვე მდგომ მანქანაში ჩასვა, მერე გვერდით მიუჯდა, კონიაკის ბოთლი ხელში შეაჩეჩა,
-მოსვი, მოსვი, გონება გაგინათდება!-საჭეს მიუჯდა და თავისი მოხერხებულობით გატაცებულმა ადგილიდან კისკისით დაძრა.


***
გაგრძელება:
ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი)...
***
15 მაისი, 2010
***

***
free counters

***

Комментариев нет:

Отправить комментарий