-ბახ!-ჩუმად შესძახა ამ დროს, მათგან კარგა შორს, ვაკე-გორაზე მდგომმა, საკბილოს საძებნელად გამოსულ ნადირივით თვალებდაგეშილმა კაცმა და კოშკზე მყოფ ქალს თითი ომობანას მოთამაშე ბავშივით მიუშვირა.
-ოო, რა მახვილი თვალი გაქვს?! მის თითს გააყოლა მზერა იქვე მდგომმა მეთოდემ.
-ეგაა, ჩემი მთავარი კოზირი!-ნიშნისმოგებით გაეპასუხა იგი.
-კი, კი ბავშვობიდან მოგდგამს ამის ნიჭი, უკუნ ღამეში, მელიასავით პირდაპირ დედლებით გატენილ საქათმეს მიადგებოდი, მახსოვს ერთხელ…-ვითომდა მისი გულის მოსაგებად წამოიწყო ჩოფურამ.
-ჰა, არ გინდა, ძაან ნუ დაიტანჯავ თავს ბავშვობის მოგონებებით. ჰო, გირჩევ, ცხოვრება გაგიადვილდება…-გამაფრთხილებლად ურჩია და თითქოსდა წაიღიღინა,-ბაახ, ბააახ, ბაახ! -და მერე ხითხითით დაუმატა-მზის აბაზანები და ზღაპარაბანო! ჩვენს მზის ექსპლოტაცია ძვირად დაუჯდება, იმ მახინჯ დედაკაცს.
-ჩემო პართე, თავიდან, რომ არ მიგეცა უფლება, შენი მომავალი რეზიდენციის პირდაპირ, ამხელა კლინიკა გაეშენებინათ, აჯობებდა!-გამომცდელად შეაცქერდა თანამოსაუბრე.
-ეგ ამბავი ჩემამდე გადაწყდა, ამ ქალს პაციენტები პრეზიდენტის აპარატშიც ჰყავს, მთავრობაშიც და უშიშროებაშიც… ვიფიქრე და სარგებელი ჩვენთვისაც იქნება, მშვენიერი შირმაა, ქველმოქმედება უპირველეს ყოვლისა! მალე აქ, მაგარი ფუსფუსი ატყდება, მუქთად განკურნების მსურველებს, ფულიანი ხალხიც მოყვება, ჩვენი საქმიანობაც კანონიერების ფარგლებში გადმოინაცვლებს, ზემოთ ტურისტულ ბაზას გავხსნი; ცხენებით გასეირნება, ექსტრემალური სპორტი და კაზინო… ყივჩაღის ციხესთან საბაჟოსაც ავაშენებთ… ჰოდა, ფხიზლად იყავი, იქნებ უფროსობასაც გამოჰკრა ხელი…-მონდომებით აუხსნა მან, წელთან ხელი მოუტყაპუნა ჩაუქარაგმა,-ჩემს საგრაფოში ხარკს, ჩემი ბიჭები აკრეფენ! მაკიაველთან ჩემი მეგობრობა დღესაც ანგარიშგასაწევია!-თავმომწონდ წარმოთქვა, ვიღაცისგან დაზეპირებული ფრაზა.
-კანონიერი ქურდია?-ფრთხლად იკითხა ჩოფურამ.
-რა ვიცი, მარაბუმ ძალიან აქო…
-ოო, თუ მარაბუმ აქო… ისე მე, ყივჩაღის ციხის კომენდატობა უფრო მაწყობდა…-გამოუტყდა გათამამებული ჩოფურა.
-ვერ შეძლებ, მაქ ისეთი საქმეები იტრიალებს, ძაან მამალი კაცია საჭირო!-გრძნეული ციხისკენ მიტრიალდა იგი და აღგზნებულმა დაუმატა,-მთელი ამ მხარის ალაფ-ნადავლი მაქ მოიყრის თავს.
-ერთი შიგ შესვლას ვერ ვეღირსე, მენახა მაინც, რა აქვს ასეთი განსაკუთრებული ამ ნანგრევს?!-დაიწუწუნა ხელქვეითმა.
-ზეგ, მისადგმელი ხიდის კონსტრუქციებს მოზიდავენ. რაღაც სამ დღეში ხრამზე გამართავენ და მიბრძანდი, დაათვალიერე, ნება მომიცია… თუმც, ნახავ და რა, შენისთანებისთვის მაინც ნანგრევად დარჩება…
-ბოჩი სერაფიონოვიჩი ამბობდა, გვირაბისეული ხიდები უნდა მოვაშენოთო…-შეპარვით შეახსენა ბავშვობის მეგობარმა,-მაგარი კაცი ჩანს!
-თავის საქმე იცის. საიდუმლო ობიექტების სპეცი იყო… მოსკოვს თავის კაცად მიაჩდა, მაგის დოსიე ახლაც გასაიდუმლოებულია… გვირაბ-ხიდებსაც გამართავს და ვეტმფრენის დასაფრენ-ასაფენსაც… აქედან ნახევარი საქართველო გაკონტროლდება… ოღონ, ჯერ ამაზე კრინტი არ დაძრა!
-ბრძანე და შესრულდება!-მიეპერფერა იგი, სმენა გაამახვილა,-მე მგონი მოდიან! საუკეთესო მორებით დატვირთული თორმეტი მანქანაა,…-თავმომწონედ მიუგო და რაკი იგრძნო ”მამობილი” პასუხმა არ დააკმაყოფილა, ფრთხილად გააგრძელა,-ორი ზილი კი, უბრალო ხეებითა დადებული. ჩემი სახერხისთვის დავამზადებინე. დედაშენი მოვიდა, ბენე-ხალამპრე სიცივისგან მიკვდება, ნახერხის ფეჩის გარდა, სხვა არაფერი არ ათბობს და მიშველე რამეო…
-ხომ აგიკრძალე!...-კბილებში გამოსცრა უღელტეხილის თვალთვალში პართემ.
-ქალბატონ ცაცას, უარს, როგორ შევბედავდი…
-ქალბატონს არა!
-ერთი ხუთი კოთხოს დასატენი ნახერხი ძლივს მოვუგროვე… იცი შენ, იმ უბედურს ღუმელთან ძინავს და დედაშენი ღამითაც არ უქრობს ცეცხლს.
-მაგის დამპალი დედაც!
-ჰო, მაგრამ გავიგე, ის დაღრეცილი შიო დაკარგვამდე ხალამპრეს სტუმრობდა, აგერ ახლა, შენს აქ არყოფნაში, მის მიტოვებულ სახლში, ისეთი უცნაური ამბები გაცხადდა, რომ…
პართემ წარბები შეიკრა.
-რა ამბები?
-არ დაიჯერებ, ზემო სართულზე, უკანა ოთახში, უცნაური გამობრწყინება დაამუღამეს ბიჭებმა და კაიფს იჭერენ…
-რას ბჟუტურობ, ბიჭო შენ?!-ლამის მგელივით შეიღრინა პართემ.
-ასეა და… ამბობენ, ლომკას ხსნისო…
-რა, მეტადონია?
-არა, გამოსხივებაა, და პირველად ვინ აღმოაჩინა თუ იცი?-გამხიარულებული დაბალი ხმით სიცილს ცდილობდა,-ბაბეს დებილმა ბროლამ. არაყი, რომ არ ქონდა დასალევად, იმ სხივებით ეფიცხებოდა თურმე.
-რას ბოდავ, ზღაპარს ყვები თუ რა?!-გაღიზიანდა პართე.
-მართლაც ზღაპარივითაა, მთელი ოთახი იმ უცხო ფენომენის ბრწყინვალებითაა ამოვსებული, ვერსაიდან მიუდგები, კარის ზღურბლამდე მიაღწევ და მორჩა. იმის იქეთ, რაღაც უხილავი კედელივითაა აღმართული, ოთახში ნაბიჯს ვერ შედგამ… ავარდნილის საძმომ უცებ იყნოსა ეს ამბავი და…
-ავარდნილი?! ეგ ხომ…-მძიმედ წარმოთქვა
-ახლა აქაა!-უშიშროების ხალხი იცავს…
პართე ერთხანს გონს იკრებდა.
”ნეტა, რა მაიმუნობენ?!”, წუთით კისრის ძარღვები დაეჭიმა. არ უნდოდა გვერდით მდგომს შეემჩია, რომ ნერვიულობდა და ნაძალადევად გაიხუმრა.
-პროფილაქტიკას უტარებენ ბიჭებს?
-ჰოდა, ეგ რომ არ აწყობთ, იმიტომ დარაჯობენ იქაურობას, ყური მოვკარი, ახალი სტიმულიატორების გამოშვებას აპირებენო. ეტყობა ავარდნილმა ევროპიდან, რაღაც უცხო დანადგარი ჩამოიტანა.
-ჰო, იყო ლაპარაკი…-მძიმედ თქვა პართემ..
-გცოდნია, იმიტომაც იყო, მამობილმა თუ იცის მეთქი, რომ ვიკითხე, ავარდნილმა აგდებით მიპასუხა, ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანებაო…
პართეს ”ავარდნილის” ხელწერა ენიშნა, რომელსაც თავისი თავის დასამკვიდრებლად, სადღაც ამკითხული ძველბაბილონური პრინციპი ჰქონდა აჩემებული.
-მაგასაც ვნახავთ!,-ვეღარ მოითმინა,-ნეტა ვისით ატრაკებს, მაგ ნაბოზარი!- კბილები თავისებურად დააღრჭიალა,-მაგას აქ რა უნდა, მე მაგის!
-მეც გამიკვირდა, რა ხანია ეგ ევროპაში გაბლატავდა და ახლა საგანგებოდ მოიპატიჟეს… როდის იყო ავარდნილი შენს საქმეებში ერეოდა… ან იქნებ რამე ტვირთი ჩამოაცილა და ახლა უბრალოდ ერთობა…-თავისებურად წაეშველა ჩოფურა.
-ვიღაცას ჩემი აგდება უნდა, ავარდნილი ერთს ავარდება და…-თითქოს არხეინად ჩაიცინა პართემ და წუთით თავი ისე დაიჭირა, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარაო. უცებ ბენე-ხალამპრე გაიხსენა,-უყურე შენ, უცეცხლოდ თურმე ღამეებიც ვერ იძინებს. მე რომ ციმბირში, თეთრ დათვებთან ვიყინებოდი, ეგ აქ, ჩემს ლოგინში კოტრიალობდა!-მტაცებლურად დაგეშილი თვალები გვერდით მყოფს შუბლზე იარაღივით მიაბჯინა,-შენ კი, კარგად დაიმახსოვრე, დედაჩემი ცაცა კი არა, მამაზაცერი, რომ გამომეცხადოს, ჩემგან ჯვარდასმული სიტყვა, ჩემი განკარგულების გარეშე არაფრით არ შეიცვლება!
-მესმის, ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანება…-დაუფიქრებლად მიუგო ჩიოფურამ.
ბოღმამორეულს თავისებურად გააბრძოლა, ავარდნილის ნათქვამის დამოწმება ცუდად ენიშნა.
-რა, თავის ჭკუაზე გადაგაწყვეს ხომ?!
-რას ამბობ, ისე დაუფიქრებლად წამომცდა!-აწრიალდა იგი.
-შენს საქმეს მიხედე, არ მომწონს, ყველგან ცხვირს ჩრი!-მიუგდო მერე და სანამ იგი ებოდიშებოდა იქვე მდგომ ჯიპისკენ გასწია.
-პროგრესზე მივასხმევინებ გაწყალებულ ტვინს!”-დაიქადნა ხალამპრეს მისამართით,-შორიახლო მომლოდინე კუნთმაგარ ბიჭებს განკარგულება მისცა, მანქანის საჭეს მსწრაფლ მიუჯდა და შექმნილ ვითარებაზე გაავებულმა ”მამინაცვალის” მოსარჯულებლად გაუტია. ”ავარდნილის” გამოჩენის გამო აძაგრულმა განტევების ვაცი შეიგულა და სურვილი აღრჩობდა, როდის წაადგებოდა თავზე. ”მაგ ტვინგადაღრძუებული, კიდევ ჩემს გაცურებას აპირებს, იმ დახლიფართულთან გაუბამს საიდუმლო კავშირი, მე კი, კვალის დაფარვის მიზნით, იმ ყბადაღებული ანდერძიდან ყველაზე საგლახაო ვარიანტი შემომიგდო. კუტის პირველი მსტოვარი ეგ იყო. ქვემოდაბაში, თუ ვინმე სხვაგვარად გაფაჩუნდებოდა, წარმოუდგენელია მაგას არ ცოდნოდა…”, იმის გახსენება, რომ თავდაპირველად დედამისი ხალამპრეს საყვარლად დაუდიოდა, დღემდე აღიზიანებდა. ”პროგრესზე მივასხმევინებ იმ გაწყალებულ ტვინს!”, იქადდა ბენე-ხალამპრეს მისამართით, მაგრამ მაინც ”ავარდნილზე” ფიქრობდა.
”ავარდნილის” მის ’საგრაფოში” გაპარპაშება ვერ აეხსნა. ”საგანგებოდაა ჩამოყვანილი, თორემ ისე ევროპაში ფეხმოკიდებულ ქურდს აქ რა უნდა?! რა საწარმოს გახსნას აუტყდა, თუ უშიშროებასთანაა შეკრული, უნდა დავასწრო… ბეჭედი ბეჭედია, განსაკუთებული არაფერი უჩანს, სავარძელიც ჩვეულებრივი რამაა, მუხის ხისგან დამზადებული… მაგრამ კუტი, უბრალო, ჩვეულებრივი სავარძლით რაზე დაინტერესდებოდა…” მეტისმეტად გაღიზიანებულმა ისევ ხალამპრე ამოიღო ნიშანში.
ბენე-ხლამპრეს მორიგი ავანტიურა
”პროგრესთან” მიდგმულ გასაშლელ საწოლზე გაშლილ ლოგინში შეყუჟულ ბენე-ხალამპრეს, გული, რაღაც ავბედითს უგრძნობდა. ”იქ, ციმბირში!”, განსჭვრიტა უცებ და თვალწინ, სადღაც იაკუტიაში, ღია ცის ქვეშ, თავის მიერ დადგმული, რევოლუციის ამსახველი გრანდიოზული სცენები გაუკრთა. ”აი, სად მივქარე! რა მრჯიდა, ეგ ნაბიჭვარი კაგებეს გენერალს ზონიდან რომ გამოვაყვანინე და ჩემს საპატივცემულოდ გამართულ ბანკეტზე, ალალ, მონატრებულ შვილივით გვერდზე მოვისვი…”.
მაშინ, მეტისმეტად გალაღებულმა ბენემ თავისებურად აცუნდრუკდა; სუფრასთან მყოფი გავლენიანი პარტიული მუშაკის გულის მოგსაგებად, მაღალფარდოვნად წაიტრაბახა:
-თქვენდამი, ჩემი ერთგულების ნიშნად, მინდა ერთი რამ გაგიმხილოთ! გითხრათ ის, რაზედაც დღემდე, სიტყვაც კი, არავისთან დამცდენია. მრავალი წლის წინათ, როცა ჩემი, უპატნიოსესი კოლეგა, მისთვის საბედისწერო სპექტაკლის ფინალში, ბოლო მონოლოგის წარმოთქმისას, ტირანისადმი უთქმელის დარდით გულშეწუხებული სასიკვდილოდ მოცელილი დაეცა, მისაშველებლად მივარდნილს საიდუმლოდ შემომჩურჩულა, ”იპოვე!”, ბეჭედიანი თითი მომიშვირა და სული განუტევა. მივხვდი, თავის დაკრგული სატრფოს მოძიებას მთხოვდა, რომელიც ყაზახეთში იხდიდა სასჯელს. ძვირფასთვლიანი ოქროს ბეჭედი დავიტოვე. ათასობით კილომეტრი გავიარე, მაგრამ იმ ქალბატონს ცოცხალს ვერ ჩავუსწარი, თუმც, მის საფლავის მოძებნა მოვახერხე და ბეჭედი მის გულთან ჩავმარხე!
ის გავლენიანი მუშაკი, ოცდაათიან წლებში, მორიგი წმენდის დროს თეატრალური სტუდიის სცენაზე იქნა დაპატიმრებული. ხელიდან, თურმე, ჯერ ნიშნობის ბეჭედი წამოაძრეს და მერე გაკოჭეს. შეთრობისას გულაჩუყებული იხსენებდა. ”ნიშნობის ბეჭედი წამართვესო…”
ჰოდა, ამგვარი ”აღსარებისთვის” ბენემ შეზარხოშებულ და ”ლიბერალურად” განწყობილ პარტიელთა მხურვალე ტაში დაიმსახურა.
მაგრამ პართე, რომელმაც ყურმოკრილი ამბისდა მიხედვით ბეჭდის არსებობა დაიჯერა, იმის ჩიტი არ იყო, ის დაეჯერებინა ბენე-ხალამპრე ძვირფასთვლიან ბეჭედს, ასე ადვილად დათმობდა; თან ათასობით კილომეტრს გაივლიდა, რათა იგი, ვიღაც ნინუცას საფლავზე ჩაემარხა. დაეჭვდა, ”ეგ ჩათლახი” გობრონისთვის აზნაურისგან მიბარებული განძის ამბავს მალავსო. როგორც კი, დრო იხელთა მამობილს ”ქურდულად” მიაწვა. ბენეს აშკარა საფრთხეე დაემუქრა, როგორც სჩვეოდა სპონტანურად იცრუა, კი ბეჭედი თითიდან წამოვაძრე, მაგრამ განძზე სიტყვა არ დაცდენია, იმ უბედურსო. ის ბეჭედი, იმღამესვე კუტს მივართვი, იმან მგონი იოველს მიაბარა, ასე იცოდა, ძალიან ენდობოდაო. იჭვი ქონდა ”მალემსრბოლელი” დანიელისგან მიბარებულ, რაღაც საიდუმლოს, მართლაც ინახავდა. მერე პართესთვის გზა-კვალი უფრო რომ აერია, თვალთმაქცობას ჩვეულებისამებრ შემოქმედებითად მისცა გასაქანი. თბილისში, ერთი ჩვეულებრივი, ძოწისთვლიანი ბეჭედი იყიდა, იოველის ქვრივს ფარულად მიართვა და გაფრთხილა. იომ სიკვდილის წინ საიდუმლოდ ჩამაბარა, მთხოვა თუ რამე შემემთხვა მაკას გადაეციო. მიანიშნა, გაუფრთხილდი, იქნებ კუტის დანაბარებზე ვინმემ მოაკითხოს და არ შევრცხვეთო. ქვრივმა, ვინაც გარკვეულად ქმრის თანამესაიდუმლე იყო, იფიქრა, მოდი ამ ბეჭდის ასლს გავაკეთებინებ, თუ ვინმე მოპარვას მოინდომებს, ”ტყუილს” წაიღებს, ნამდვილი კი გადარჩებაო. ასეც მოიქცა. ”ნამდვილი” ბეჭედს იოს დანატოვარ სამალავიანი ლოტოს კოჭში დამალა. და რადგან, ცოტა არ იყოს ქმრისდმი გამორჩეულ ერთგულებას იჩემებდა, ასლის ტარება თავად დაიწყო, რაც არ უნდა იყოს, იოსგან ბოლო ხელშენახები ნივთის მიხედვით არის დამზადებულიო. ერთხელაც, ქურდული თვალთვალი, რომ იგრძნო, დამფრთხალმა, ლოტოს კოჭი ცხვირსახოცში გახვია, და ეზოში ნაძვის ხესთან ჩამარხა. ბენე-ხალამპრე კი ელოდა, იმ ცრუბეჭედზე დაგეშილმა პართემ შესაძლოა, რაღაც სხვა ამბავი გამოჩხრიკოს და სარგებელი მეც ვნახოო. მაგრამ მის გერი გახმაურებული განძის მოძიების სურვილს ისე ყავდა ატაცებული, ერთი სული ჰქონდა იმ ბეჭედს, როდის ჩაიგდებდა ხელში. ქალს, რომ ვერაფერი ათქმევინა და იგრძნო მის თითიდან წამოძრობილი ბეჭედიც ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდებოდა, უცებ გადელდა.
-ბალაგანია, აბა, რა, ამდენი მამაძაღლის პაპობა თუ ბიძობა ტაკიმასხარას როლივით მერგო!-საკუთარ თავს ეკამათებოდა ძილ-ღვიძილში ბენე-ხალამპრე ღვარძლიანად. შუბლი გავარვარებულ ღუმელს მიუშვირა. მერე ჩვეულებისამებრ დაიქადნა,-ეგ, მეც კარგად მეხერხება, ახლა ეროვნულობის ნიშნით ავაგიზგიზებ ამაღლებულ გრძნობათა თეატრს!..
ასე, ამგვარად, ბენე-ხალამპრეს მორიგ ავანტიურას შეეწირა კუთთან განდობილ იოველი ცოლი და ქალიშვილი. მაგრამ თეატრალსა და საზოგადო მოღვაწეს ამ ფაქტის აღიარება არ სურდა.
ძილ-ღვიძილში მყოფი, თითქოსდა საჭორაოდ ენამოპირულ ცაცას ესიტყვებოდა: ”რა, რა ყივჩაღის ციხის მორჯულებას აპირებს შენი ბიჭი?! აჰ, რჩეული ხალხის სამასპინძლო დარბაზები უნდა გაამართვინოს… მერე, მერე მთვარობის შიში არა აქვს ხომ?! და ჩანავლებულ ღუმელიდან, თითქოსდა ფარულად მოთვალთვალე კუტის მზერა გონებას უსუსხავდა. შეძლებისდაგვარად თავს ისაწყლებდა, ვითომდაც მქრქალად ახსოვდა, კლდე-ციხის მისადგომთან, შვერილზე მდგარი მუხის ქვემოთ მდებარე, თავისებურად მიუვალ გამოქვაბულში დაფლულ სკივრში, რაღაც ისეთი, რომ ჰქონდა გადანახული, რაც მისი ნაავკაცარის სამხილებელი შიქმნებოდა.
და უცებ, ოთახში შემოჭრილი ”გერი” თავზე წაადგა.
-შუაღამემშვიდობისა მამიკო, რაო, ჯერ არ გამყინვარებულა შენი მზე?-ინტერესით ჩაეკითხა და საბანი გადახადა.
სიცივისგან თუ შიშისგან აკანკალებულმა ბერიკაცმა თვალები უმალ დააჭყიტა და შეევედრა:
-ნუ გამწირავ შვილო, როგორმე ხვალვე უნდა მიატანინო ბიჭებს ხე-ტყე სახერხში…
-მუხა მომე რკო, რკოს მივუტან ღორს, ღორი მომცემს ჯაგარსა, დავგრეხ თოკსა-ბაწარსა, ჩავუგდებ და ამოვიყვან ჩემ ძმობილ ჭიანჭველასა…-ბრაზიანად ჩაუმღერა, ვითომდაც გულისყურით დააჩერდა,-რა ხნის ხარ თუ გახსოვს?
-ჰო, მახსოვს, იაკუტიაში, ბანკეტზე, ზონიდან გამოყვანილი ჩემს გვერდით, რომ მოგისვი, მახსოვს ამაყობდი ჩემით! და ვატყობ, არც იმ ბეჭდის ამბავი დაგვიწყებია…-ნიშნი მოუგო საბანს ჩაფრენილმა.
-შე დამპალო?!-ალალად გაოცდა პართე, კედელზე ელექტროჩამრთველს მიაგნო და ანთებული ნათურის შუქზე ბენე-ხალამპრე დასძახა,-აჰ, როგორც ჩანს მეხსიერებას არ უღალატია, აბა ამოღერღე იმ ამბებისა, კიდევ რაც იცი!-ქეჩოში ხელი ჩაავლო, საწოლზე ძალისძალად წამოაჯინა.
-პართენ, რას ჩადი პართენ, მე ბენე-ხალამპრეს, საერთაშორისო ასპარეზზე გასულ თეტრალურ მოღვაწეს, ასეთი მოპყრობა მეკადრება?!-წამოიკნავლა მან.
-შენ და შენი ასპარეზიც!.. ზაფხული ზამთრისგან ვერ გაგირჩევია!-თითები ნიკაპზე ამოჰკრა,-ამოღერღე მეთქი!..
-ათასჯერ მოგიყევი, ვიფიქრე სავარძლამდე მივათრევ და სპექტაკლს მარცხს ავაცილებ მეთქი!-გონგაფანტულივით წამოიყვირა მან და როგორც კი მოძალადემ, ვითომდაც წახალისების მიზნით, დაურიდებლად წამოაყენა, მიხრწნილი ხმით გააგრძელა,-და ის ცნობილი სიტყაც, იპოვე! მაშინ შემომჩურჩულა… ეტყობა, მომაკვდავს ბექა ვეგონე…
-ეგ ხომ ვიცი, ის ბეჭედი სიაფანდია, გზის ასაბნევადაა მოგონილი და სხვა არაფერი… რას მალავ, რას, სამარეში გინდა ჩაიყოლიო?!-თავი წამოუწია და მის ზურგს უკნიდან გადმოხრილმა თვალებში ჩახედა.
-შევამჩნიე სიკვდილის წინ სავარძლისკენ მიიწევდა, ლოჟაში მჯდარი კუტიც იმ სავარძელს იყო მოშტერებული…-ვითარების განმუხტვას შეეცადა დამფრთხალი ბერიკაცი,-მაგ ამბის შემდეგ, დილით, ადრიანად დამირეკა, სცენაზე, რომ ოქროსფრად შეფერადებული სავარძელი გედგათ ახლავე მომიტანეო. უმალვე მანქანაზე დავადებინე ბიჭებს და მივართვი… წვალებით მოკალათდა შიგ, ჩემი მიხმარება არ ინდომა, მერე რაღაცის მოლოდინში გაიტრუნა. თანდათანობით აიმრიზა და ჩაძიებით მკითხა, სცენაზე, რომ იდგა, ხომ ნაღდად ის სავარძელიაო. ნაღდად მეთქი, შევფიცე. შორიდან სულ სხვანაირი ჩანდაო, შეფიქრიანდა… ალბათ ოქროს ფირფიტებით მოპირკეთებული ეგიონა. მოკლედ, გაწბილებული ჩანდა. სვარძელი მაინც დაიტოვა, სიკვდილამდე თავის კაბინეტში, სამუშაო მაგიდასთან ედგა…
-მაგ სავარძელი მახსოვს, განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა, ახალს რას მეტყვი?-ცხვირზე ამოჰკრა თითი, ყრონტი საეჭვოდ მოუსინჯა.
ლამის ძაღლივით წამოყუნტული ბენე-ხალამპრე ორიოდ წამს ტვინგაწაყალებულს დაემსგავსა, მერე თვითგადარჩენის ინსტიქტმა შეაფხიზლა, გონში, თითქოსდა შორეთიდან გამომკრთალი აზრი აუციმციმდა.
-მომკალი და კუტი, ტყუილად არ დაინტერესდებოდა იმ სავარძლით, ეტყობა, ისე იმედგაწბილებულად, მე განგებ მომაჩვენა თავი. ის სავარძელი, როგორც შემდეგ გაირკვა აზნაურ ჩარბის დანატოვარი იყო, თავდაპირველად, ალბათ ძვირფასი თვლებითაც იყო მორთული… ვფიქრობ, გობრონმა პირწმინდად გაძარცვა, და განძი სადღაც გადამალა…-განწირული პართეს ბრჭყალებიდან თავდახსნის შანსს ეძებდა.
-აჰ, არ გინდა შენებური თეატრალიზირება…-გააწყვეტინა მან და თითქოს თავისი იჭვის დამადასტურებელ საბუთს მიაგნოო, იმგვარი კმაყოფილებით დაუდასტურა,-კუტი ტყუილუბრალოდ მართალაც არ დაინტერესდებოდა იმ სავარძლით…-ორიოდ წამით ორაზროვნულად გაყუჩდა და ფიქრიანად გააგრძელა,-ოღონდ, შენ დაასწარი და სავარძელში მოწყობილი სამალავიდან იმ საღამოსვე აწაპნე, რაღაც ისეთი, რამაც ჩარბისეული განძი გაპოვნინა…-და უცებ, მისგან ნასწავლი არტისტული მანერით დასძახა:-მოვიდა შენი აღსასრულის დღე!
ძველ თეატრალს ძალზე სურდა ნაცარქექიას შნო მისცემოდა და გერი ტყუილ-მართალის ქსელში გაეხვია, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა:
-ამ საქმეში კაგებეც იყო ჩარეული, მოუძებნელი იმათ რა დარჩებოდათ, მაგრამ ლეგენდა ლეგენდაში შიოს სიარულივით იყო ჩახლართული…
-შიოსავით იყო ჩახლართული ხომ, ოო, შე ჩათლახო!-ორი თითი ყრონტზე პროფესიონალური სიმარჯვით მიაჭირა,-ჰა, გადარჩენის ბოლო შანსი არ გაუშვა ხელიდან, სიმართლე გვიანდერძე! არ მგონია ძვირფასი თვლები ერთიანად გაგეფლანგა, წინდახედული კაცი პირობაზე, რამდენიმე ცალს, მაინც შემოინახავდი შავი დღისთვის!..-იქით-აქეთ თოჯინასავით გადაარწია.
ბენე-ხალამპრემ ხელები გაასავსავა, რაღაც ფიქრმა უსუსურად გაიფაჩუნა მის გონებაში.
-ზა როდინუ, ზა სტალინუ!-მაინც წამოიკნავლა.
გაცოფებულ პართეს მისი სიტყვები არ გაუგია, მძლავრად შეაჯანჯღარა და მორიგი მოწოდების დასაკნავლებლად შემზადებულს თავი დაუნდობლად მიარტყმევინა ღუმელზე.
-ჰა, გვიანდერძე!-აზრთყლაპიასავით მოუსპო რისიმე გააზრების უნარი. მერე აზარტში შესულმა ფეხსაცმლის წვერით ”პროგრესის” სახურავი ააგდო, თვალებდაქაჩული მსხვერპლი აიტაცა და მხრჩოლავ კოთხოში ჩააყუდა,-ბარემ შეგბოლავ და ბალზამირება და ყინული აღარ დაგჭირდება,-წარმოთქვა დინჯად. თითქოსდა, მართლაც შებოლვის პროცედურით გატაცებულს, გულისწამღებად ახავლებული ბერიკაცი ორივე ხელით ყავდა გაკავაებული. მსხვერპლი, მხოლოდ მაშინ მიაგდო გვერდზე, როცა თავად მას კვამლმა გვარიანად დაუწვა თვალები. იატაკზე წამოქცეულს მიაფურთხა, თან ცერზე დამდგარ ღუმელის სახურავს ფეხი გაჰკრა და პირისახეზე მიანარცხა.-მშვენიერი სიკვდილი ერგო, თავის პროგრესზე პეპელასავით მიიხრუკა…-ჩაიხითხითა თვალებზე ცრემლმომდგარმა,-მადლი თუ გინდა მოისხა, მაგ პროგრესში ჩატენილი უნდა დამარხო…-გაუპირდა საკუთარ თავს, მაგრამ უცებ დანანებით დაუმატა,-მოვა დედაჩემი და ისე შეიცხადებს, ქვეყანას შეყრის. მინდა თუ არ მინდა ამ აქოთებულის ქელეხზე ზრუნვა მე მომიწევს…-რატომღაც მოუნდა გამოთხოვების ნიშნად, მისთვის პირში ჩაეფურთხა და ხალისიანად ჩაიმუხლა.
ოღონდ, ბენე-ხალამპრე სიკვდილს არ აპირებდა, მართალია იმგვარი მოულოდნელი თავდასხმისაგან, თავისებურ შოკში ჩავარდა და მართლაც კინაღამ განუტევა სული, მაგრამ მხურვალე კვამლით გაგუდულის ფსიქიკაში, უეცრად სასიცოცხლო გარდატეხა მოხდა და მისმა ორგანიზმმა ყმაწვიკაცური ძალ-ღონე დაიბრუნა. იგრძნო რა მორიგი თავდასხმის საშიშროება, თავდაცვითი რეაქციაც უმალ განუვითარდა. ორივე ხელით ატაცებული სახურავი ჩასაფურთხებლად დახრილ პართეს ცხვირ-პირში აძგერა.
-ესეც შენ!..-წამოიხრანტალა მერე და ტანში შერჩენილი უძლურების ნასახაც, თითქოსდა იმ ხმას ამოაყოლა. დარეტიანებულ გერს, ხელმეორედ, უფრო მძლავრად მიარტყა ის სახურავი, გონი სულ მთლად დაუბნელა. მერე მოკუნტულის სახურავი თავზე ჩამოამხო,-რა იფიქრე, შე მართლა ნაბიჭვარო, ნაღდ ობორონშჩიკს გადაუვლიდი! -წამოიძახა მკვირცხლად წამომდგარმა. იგრძნო ძალა ერჩოდა, გულმა საყაჩაღოდ გაუწია,-გამიგია პაპაჩემი ალისტრახო, ასი წლისა, ზღვაში სათევზაოდ, ცალნიჩბიანი ნავით, მარტოდამარტო გადიოდა…-წაიტრაბახა უცებ და კომაში ჩავარდნილი პართეს შუბლზე ფეხი დაჰკრა.
სულ, რაღაც ათიოდ წუთში შეიმოსა, გერს ტყავის ქურთუკი გახადა, მერე წელზე გამობმული იარაღიც ააცალა და ამაყად გადააბიჯა. როგორც კი, რევოლვერის ტარი ჩაბღუჯა, ტანში სასიამოვნო, ბევრისმომცველმა ჟრუანტელმა დაუარა. ”ამ ნაგავის აქ დატოვება არ ივარგებს…”, დაასკვანა ბოლოს, პართეს ხელი დაავლო, და ისე როგორც სხვის მხარზე ხელგახვეული მთვრალი, კარისკენ მჩატედ გაათრია.. ჭიშკართან დაყენებული ”ჯიპი” დაზვერა. ”შენდა ბედად, მგონი მარტოა მოთრეული…”. უკარნახა ალღომ. გერი მანქანაში შეტენა და მერე საჭეს თამამდ მიუჯდა. უფრო და უფრო იმორჩილებდა დელგმასავით მოვარდნილი სურვილი, რაც შეიძლება ჩქარა დაბრუნებოდა თავის ადრინდელ გატაცებას. სხვადასხვაგვარად შეგრიმულსა და შენიღბულს, ძველებურად შიშის ზარი დაეცა მსხვერპლისთვის. თავისებურად ეთვალთმაქცა და შიგადაშიგ ვინმეს მხსნელადაც კი მოვლენოდა.
”ჯიპი” როგორღაც ადგილიდან დაძრა და ნაცნობ კლდე-ციხისკენ აიღო გეზი. მერე პართეს ამოხროტინება მოესმა. რევოლვერი ამოიღო, ტარით შუბლში ჩაჰკრა და ხმა გააწყვეტინა. მანქანა შეაჩერა, გადმოვიდა, გერი ზურგზე მჩატედ წამოიკიდა და ნაცნობ გადასახვევს მიაშურა. ”ჩვუძახებ ხრამში და მორჩა…”, დაიქადნა.
ტყეში გამავალ ბილიკზე მიმავალი, თითქოსდა ”ყივჩაღის ციხიდან” დანაბერი სიოს სურნელით თვრებოდა… უკვე საშინელებათა ფილმის სცენებიდან შემორჩენილ ეპიზოდებივით გაუელვებდა გონებაში თავის მიერ ჩადენილი ავკაცობის სურათები და სიამაყით იხსენებდა გრძნეულ ციხეს ”ყივჩაღის” სახელი, მისი ავკაცობის გამო, რომ შეარქვეს.
მომლოცველთა ახალი გუნდით შევსებულმა საქორწინო სუფრამ ეზოში გადაინაცვლა. მწვანე მოლზე განავარდებულმა ეშხზე მოსულმა ბექამს დაუზარებლად აახმიანა შიბაქ-სალამური. იგი სხვებზე ხალასად გამოიყურებოდა; არადა, მისი დაკვრითა და ცეკვა-თამაშით მოხიბლულ მოქეიფეთ სუფრათან ყოფნა გატკბილებოდათ და აგერ, უკვე ორი კვირა იქნებოდა გადაბმით ღრეობდნენ. -ძმაკაცები ვართ, თურქეთში საგასტროლოდ მიმავალი, ჩემი ხათრით გზიდან მობრუნდა!-ხშირად იმეორებდა ნეფე, ჩაგვალული ბიჭი, სახელად ბესა. -კულტგაუ!-შესძახებდა პასუხად ბექა და შიბაქით, ვითომდა უცხო ფრინველის ხმით, რომელიღაც მელოდიას მიუსტვენ-მიურაკრაკებდა. -ყველა ყველადა, ჩიბუხს რომ ჰგავს, ეს რა ინსტრუმენტია, ვერაფრით გავიგე?!-მერამდენედ კითხულობდა სმისგან თვალებდაწვრილებული თამადა. -შიბაქი!-ამაყად პასუხობდა ბექა და უგონოდ ახარხარებულ სუფრის წევრებს, წამით გაოცებული შეაცქერდებოდა. ” რა გადაგვაშენებს!”, გაიფიქრებდა უნებლიეთ, ”ქვეყანა თავზე გვექცევა, აფხაზეთი და სამაჩაბლო თითქმის ფაფუ და ესენი ორ კვირაზე მეტია გადამბულად ქეიფობენ…”, და იმაზე წუხდა შიოს შეხმიანებას, რომ აგვიანებდა. ღამით ქარვისფერ მასრას ძალუმად მოსჭიდებდა თითებს. ცხელი ხაჭაპურებითა და შემწვარი წიწილებით შელამაზებულ სუფრის გარშემო, უკვე გულჩორაც, მარჯვედ ტრიალებდა, ახალ ოჯახში გაშინაურებული, ”მაყარს”, ბესას გაუთხოვარ დასთან გასაარშიყებლად აქეზებდა. -მე ყვავილნარის თამაში მიყვარს…-თავს ისულელებდა ჭკუამიღმურ ლაპარაკს დაჩვეული ბექა. თვალი ორჯერ ნაქმარევ, ლოყებწამოპუსკუნებულ ქალის ჩამრგვალებული თეძოებისკენ გაურბოდა. ”ჰო, ჰო, ჰო, ჰო… თუ თავი არ მოვისულელე გამშიფრავენ…”, ფრთხილობდა იგი, სურდა იქაურობას გაცლოდა, მაგრამ მასპინძლები თხოვნსა არ აკლებდნენ, სანამ პატარძლის ოჯახი არ გვეწვევა, ნუ დაგვტოვებთო. გადაუვლის სიბრაზე და ალბათ მოვაო, აიმედებდა ქმრის სანათეასაოს პატარძალი. შეზარხოშებულმა ბექამ კვლავ იგრძნო, რომ უთვალთვალებდნენ. წამოეჩვენა, თეფშთან დადებული სიფრიფანა ქაღალდის ხელსახოცი ”ყვავილნარის” ფურცელი იყო. იმ ქალს, ხელში, სამიჯნურო ბარათივით ფარულად შეაჩეჩა, თან შიბაქ-სალამურით უსიტყვოდ და ტკბილად მიუმღერა. ჰოდა, სრულებით მოსალოდნელი გახლდათ ორჯერ განათხოვს, მესამედ გაბედნიერებაზე ეფიქრა და არშიყი, ხელის თხოვნად გაესაღებინა. ბექას ბედად, ჭიშკარს ავტომობილების კოლონა მოადგა. შავი ”ჯიპიდან” განრისხებულის იერით გადმოსულმა გულჩორას მამამ პარაბელუმი დააძრო და ჰაერში ზედიზედ გაისროლა. მას სხვა მანქანებიდან გადმოსულმა კაცებამც მიბაძეს; ვინ ბრაუნინგი, ვალტერი და მაუზერი შეათამაშა ხელებში და შიშნაჭამი მასპინძლები ლამის მაგიდას მიაკვდნენ. -უიმე, მამაჩემი და მისი პარტიის წევრები მოვიდნენ!-გამაფრთხილებლად დაიწივლა გულჩორამ, თეფშები ხელიდან გააგდო და სახლში გულგახეთქილივით მიიამალა. სიძე მოლოდინით გაიტრუნა, თითქოს კიდევ უფრო დაპატარავდა. მხოლოდ ბექა გამოაცოცხლა ყველაფერმა მან. ჩახუჭუჭებულ წვერზე ხელი ჩამოისვა. -დასცხეთ ბიჭებო, დასცხეთ!-შესძახა ხალისიანად და შიბაქ-სალამურმომრჯვებული ეზოში შემოლაგებულ სტუმრებს ცეკვა-თამაშით გაეგება. -შენც ამათთან ხაარ ხომ?!-თვალები დაქაჩა საპატარძლოს მამამ, მაგრამ, როგორც კი ბექამ კვლავ თავისებურად შეითამაშა, საცეკვაოდ გაიწვია, გუნება უმალ გამოუკეთდა, იარაღი ჯიბეში შეინახა და ”მახარობელს” გადაეხვია. სუფრასთან მყოფნი შვებით წამოშალნენ, მოსულებს ხმაურით გამოეგებნენ. ნეფეც თამამდ, ოღონდ თავდახრილი წარსდგა სიმამრის წინაშე. დამოყვრებულმა კისერზე მოავლო ხელი, თავდაპირველად, ვითომდა კისრის მოგრეხას უპირებდა. მერე ეტყობა ესიამოვნა მისი მორჩილი იერი, თითები მხართან მოუტყაპუნა, სხვების გასაგონად წარმოთქვა: ერთის მხრივ ივარგა ამ მამაძაღლმა, ტრადიციას არ უღალატა და ჩოხა-ახალუხიანი მაყრის თანხლებით მომტაცა ქალი! ამის გაგონებაზე სახლში შემალულმა გულჩორამც გამოირბინა და მამის მკერდს მორცხვად მიეკრო. -მაპატიე მამა, მეტს აღარ ვიზამ…-შესჩურჩულა ისე, როგორც ბავშვობაში ჩვეოდა. მამამისმა თავზე წამოარტყა. -მეტი რაღა უნდა ქნა, შე შობელძაღლო, ვაგონიდან გამეპარე და ისე უპატრონოდ მიმატოვე მთვრალი კაცი?!-ლმობიერად შეუწყრა და მერე მოახლოებულ მზახლებსა და სიძედ მოკიდებულის სანათსაოს წარმომადგენლებს გაეცნო. შემოსტუმრებულებს ჩამრგვალებული იერის კაცი გამოეყო, ბექა თითქოასდა დაიმარტოხელა. -ბექას ვახლავარ!-შესჩურჩულა და მოეხვია, მშვენივრად ერთობი… შემცბარმა უმალ იცნო, ქვემოდაბის გამგობის წევრი. მისი ”ჰობიც” უმალ გაახსენდა; პარტიიდან პარტიაში ძრომიალი. -კარგი, ვითომც არც ვიცნობთ ერთმანეთს, ცნობისმოყვარე ხალხისგან ზედმეტ შეკითხვებს ავირიდებთ. მაგრამ მერე ცოტა სალაპარაკო მაქვს შენთან. შიოზეც მინდა, რამე გკითხო, კაცის ასე უგზო-უკვლოდ დაკარგვა, რავა იქნება… მაგრამ მაგის სახლში ისეთი მადლი დადგა, რომ…-ბექას მხარზე მოუთათუნა ხელი, მერე ხელაწეული პარტიის ლიდერისკენ შებრუნდა და სიმღერა წამოიწყო. ”ნასედკაა…”, დაასკვნა ბექამ. ” ახლა შეიძლება, ეროვნულ უშიშროებაზე მუშაობს, მარა სულით იქაა, სესერეკაში…” მომღელებს ყური მიუგდო, ”რავა უშნოდაა აწრიალებული ეს ხალხი?!” ქეიფი ახლებურად და დიდის გამალებით გაჩაღდა და გათამამებული ბესას მამა ტრაბახით მოჰყვა: -სხვათა შორის, ბაბუაჩემსაც მოტაცებით ჰყავდა ქალი მოყვანილი. პატარა, ტანსაცმელს მორგებული კაცი გახლდათ თურმე. მაგრამ დიდი ვაჟკაცობა მოსდგამდა და ერთ დღეს მზეთუნახავი შეუყვარდა. ვინ გამოატანდა?! ესეც ადგა, ის ქალი, ერთ დღეს ყანის პირას მოიხელთა, შემოახვია ნაბადი, შემოიგდო ცხენზე და ჰაიდა! ვინ იფიქრებდა, დღისით-მზისით ამას თუ გაბედავდა. შეიძრა ჭირისუფალი, აედევნენ ფეხდაფეხ, ძლივს შეასწრო ბაბუამ მადევარს საკუთარ ეზოში. ერთი პატარა ჯარგვალი ედგა, მიიმალა მის უკან, ჩამოხსნა ქალი უნაგირიდან, მიაყენა კედელზე, სანამ გემრიელად მიბეგვავდნენ და ქალს წაართმევდნენ, აღარ უფიქრია ბევრი, აუწია კაბა, გააქანა ცერი და… წაასწრო სასიმამრომ, თფუ, შენს კაცობასო, მიაფურთხა თურმე, მარა რა ექნა გაწბილებული გაბრუნდა.-ახითხითდა იგი, სხვებიც აიყოლია. -თფუ, შენს კაცობას, ეს რა მაკადრე!-განრისხდა გულჩორას მამა და ხელი პარაბელუმის ტარზე წაივლო. მაგრამ ბექამ შიბაქის ბოლო უმალ ბაგესთან შეათამაშა და ცნობილი მელოდიის სათანადო არანჟირების თანხლებით უთანაგრძნო: -კიდევ კარგი არტემ, პირდაპირ ვაგონიდან, რომ არ გამოგვედევნე, თორემ ეს შენი სიძე ისეთი ჯიშის ყოფლა, პურ-მარილზე, ერთი ასი წლით მაინც წაგიხდებოდა გული… არტემი დაბნეული შეაცქერდა, მერე თავისდა მოულოდნელად ახარხარდა. -მზეთუნახავებს კი იტაცებენ, მაგრამ მაგათ ჯიშს, ეტყობა,მაინც არაფერი შველის!-გულის მოსაოხებლად გაიხუმრა. ყანწი შეავსო და ბექას ხელებში შეაჩეჩა,-შენს საჩოხე მარიფათს ვენაცვალე!-შეუძახა მოწონების ნიშნად,-შენისთანა კაცი ნაღდად დაამშვენებს ჩვენს საძმოს. კაცურ სიტყვას გაძლევ, დღეში ოც დოლარს მიიღებ, და კაცი უბატონოდ ხმას ვერ გაგცემს…-საიდუმლოდ გადაულაპარაკა ბოლოს და ყანწი პირთან მიატანინა. ბექა ღვინოს დაეწაფა, ყანწი დაცალა, მერე მომღიმარე თანამესუფრეს გადაულოცა და გამხიარულებულმა იფიქრა: ”ამათთან ერთი თვით, რომ ვიძმაკაცო, აღებული ფულით იმდენ ხე-ტყეს ვიყიდი, ერთ წელს მაინც მეყოფა შიბაქების სათლელად!”. -დათანხმდი, დათანხმდი…-ყურში ჩასჩურჩულა გამგეობის წევრმა,-მალე შიბაქების ბიზნესი მოკვდება, თბილისში უკვე ტონობით შემოაქვთ პამპერსები… -მერე ტურიზმი, ტურისტები ჩემს შიბაქებს, რავაც სუვენირებს ისე ყიდულობენ!-არ დაიბნა იგი. სუფრასთან მყოფთ ამაყად მიმოავლო თვალი და შორიახლო მჯდომ ყურებჩამოგრძელებულ კაცს თვალი იჭვნეულად დაადგა. გაახსენდა მატარებელში, რომ უთვალთვალებდა, ის კაცი იყო. ”გასაღები აინტერესებთ…”, დაასკვნა და სუფრიდან უჩუმრად წასვლა დააპირა, მაგრამ არტემმა მარჯვედ ჩაავლო ხელი. -უჩემოდ, ფეხსაც ვერ გადადგამ!-გააფრთხილა, რაღაცის მიმანიშნებლად და სკამზე დაჯდომა აიძულა. ”კი, მახეს მიგებენ…”, იგრძნო, რომ ყურებჩამოგრძელებული მისი აზრების წაკითხვას ცდილობდა. უცებ, ჭიშკართან დაგდებულ წახნაგოვან ქვაზე გაყურსულ და მზეს მიფიცხებულ ხვლიკს მოჰკრა თვალი, თითქოს გამოსავალს მიაგნოო, ისე გაიხარა. -შეხედეთ, შეხედეთ, რა სამწვადე ხორცი გდია ჭიშკართან!-შესძახა ომახიანდ, შიბაქი და სალამური ქამარში გაირჭო, ფეხზე წამოხტა და აღტაცებით გააგრძელა,-რა ფეროვანი, რა ნაზი კანი აქვს, უჰ, რას დაამშვენებს ჩვენს სუფრას!!!-არტემს მუხლი მუხლზე გაჰკრა,-შენ იქიდან მოუარე, მე აქედან ვუყელებ!-ხანჯალი იშიშვლა და დასჭექა,-შამფურზე, სამფურზე წამოვაგოთ!-შეჩქვიფებულ არტემს კვლავ გაჰკრა მუხლი მუხლზე. ისიც, თითქოს მიუხვდა ხუმრობას, არ დააყოვნა, პარაბელუმი დააძრო და ვითომდა შეტევის დაწყების ნიშნად გაისროლა. რა თქმა უნდა, ძმაკაცებმაც უმალ მიბაძეს და იმგვარი ბათქაბუთქი ატეხეს ხვლიკი კი არა, შიმშილისგან გაანჩხლებული ნიანგი, რომ ყოფილიყო ჭიშკართან მომდგარი, ისიც კუდამოძუებული უკუიქცეოდა. -შენ იქიდან მოუარე, მე აქედან ვუყელებ!-კვლავ გაუპირდა არტემს ბექა და ღობის იქით გადამძვრალ ხვლიკს ხანჯლის ტრიალით გამოენთო,-შამფურზე, შამფურზე წამოვაგოთ!-ორღობეში გავარდა და სადგურის მიმართულებით მოკურცხალა. -გაიქცა, დაიჭირეთ! სუფრის ეშხი და მარიფათი გაგვექცა!-არტემი გვიანღა მოეგო გონს. ”ნასედკამ”, თითქოს ახლა გამოიცნო ”სუფრის ეშხისა და მარიფათის” ვინაობა და ისე სხვათაშორის ჩაილაპარაკა: -შეეშვით, რას გამორჩებით, ეგ ხომ, ქვემოდაბის ცნობილი გიჟია! გიჟი კი, ამასობაში სადგურის ბაქანზე აიჭრა, იფიქრა, მატარებელი ჩამოივლის და გავყვებიო, მაგრამ ორღობეში გამოჩენილ ”ფორდის” საჭესთან ყურებჩამოგრძელებული კაცი წამოეჩვენა. დაფეთებულმა რკინიგზა გადაირბინა და სიმინდის ყანაში მიიმალა. ოღონდ მდევრის გამოჩენის შიშით, ვერც იქ მოისვენა. მზერაგაფაციცებულმა საურმე გზაზე გადაინაცვლა და შორეთში, მინდვრებს მიღმა მოჩინარ მწვერვალებისკენ თავდაუზოგავად გაიქცა. თავდასხმის მოლოდინით დარეტიანებულმა, ხანჯლის ბუდეში ჩაგება ძლივსღა მოახერხა. კარგა ხანს მირბოდა და ცნობიერება მხოლოდ იმ მწვერვალების ხედით ჰქონდა ამოვსებული. მერე მოჩვენა, უჩინარი ციალი მიაცილებდა. მშობლიური ალერსით ავსებდა. იგი რაღაცით მშობელ დედას აგონებდა. წარმოდგენაში ერთმანეთში ათამაშებულ ნაირფერადი სხივებს ეალერსებოდა. უცებ, ჭექა-ქუხილის ხმა ჩაესმა და იგრძნო გახურებულ შუბლზე წვიმის წვეთების დაცემა ესიამოვნა. ჭალისკენ თავისთავად იქცია პირი, რათა მახლობელად ჩამავალ მდინარეში გაგრილებულიყო. მოულოდნელად საავდრო ღრუბლებით ჩამუქებულ ცას თქეში მოსკდა. ბექამ გაიხარა, შედგა და თავი აიღერა. თავსხმამ კი, უფრო იმატა და რაღაც ათიოდ წუთში ჭალა ღვარქაფად იქცა. ბექა გამოერკვა. ”მდინარის ნაპირი თუ დავკარგე, წასულია ჩემი საქმე!”, ქარვისფერ მასრებზე ფრთხილად მიმოივლო თითები და ღვარჩქერებისკენ გაუტია. გალუმპული ვეღარც ამჩნევდა კოკისპირულად, რომ წვიმდა. ეს იყო, ერთგან წელამდე წყალში შეაბიჯა და უკან დახევა იკადრა. შეყოვნებულს თვლემა მოერია, იგრძნო მისი ძალა წყალდებოდა. გასავათებული თანდათანობით მოეშვა და ის იყო ჩაკეცვას აპირებდა, რომ მოულოდნელად ძროხის ზმუილი მოესმა. შინაგანი ძალის ბიძგით თავგანწირვით გაიბრძოლა, სიფხიზლეს მოუხმო, თვალები გაახილა.. უეცრად, ელვის სინათლეზე, წყლით დაუფარავ, შემაღლებულ მიწაზე გაწოლილ ფერდებამოვსებულ ძროხას მოჰკრა თვალი. იფიქრა დავარდნილიაო და მის წამოსაყენებლად გაეშურა. ძროხამ საცოდავად შეიზმუილა. -ადე, ადე!-გამამხნევებლად შესძახა ბექამ, მიახლოებულმა შეამჩნია, რომ პირუტყვს უკანა ფეხები გაჩაჩხული ჰქონდა,-ადექი, თორემ წაგიღებს წყალი…-ზურგზე ხელი დაჰკრა და გაიფიქრა, რაღაც ისე იჭიმება, მგონი სიკვდილს აპირებსო. ძროხამ თავი უკანა ფეხებისკენ, რაღაცის მიმნიშნებლად მიიქცია, კვლავ დაიზმუილა. კაცმა ახლაღა დაინახა მის საშოდან გამოჩრილი ხბოს ფეხები და გუმანით მიხვდა პირუტყვი შველას ითხოვდა. მართალაც ასე გახლდათ. რაღაც მიზეზით ნაყოფი არასწორად წამოსულიყო და თუ ამქვეყნად მოვლინება, კიდევ რამდენიმე წუთს დაუგვიანდებოდა, უეჭველად გაიგუდებოდა. ბექამ პირუტყვს თავისებურად დაუყვავა. ხბოს სლიპინა ფეხებს ხელები ფრთხილად მოსჭიდა და დაქაჩა. მალე ბოჩოლას ლამაზი თავი გამოჩნდა. კაცმა ბალღივით გაიხარა. ალღოს კარნახით შეეცადა ხბოს ჭიპლარი არ დაზიანებოდა. ”აჰ, ძროხამ რომ თავისი მომყოლი შეჭამოს, მაშინ მხოლოდ ხბოს სამყოფი რძე შერჩება…”, მოაგონდა უცებ. ნაყოფს მოყოლილი ბადე იქაურობას განარიდა და გულმა რეჩხი უყო… ძროხამ დაიბღავლა, წამოდგომა სცადა. იგი მასთან მიბრუნდა და შეეშველა. პირუტყვი თავწამოწეულ ბოჩოლას მიუჩოჩდა და ალოკა. -მგონი ბიჭი შეგეძინა, მომილოცავს!-ახარა გიჟად შერაცხულმა, ქამრიდან შიბაქი და სალამური დააძრო და შესაფერისი მელოდიის აჟღერებას შეეცადა. მერე მოეჩვენა ხბოს სციოდა. წელიდან ქამარ-ხანჯალი შემოიხსნა შიბაქ-სალამურთან ერთად გაღეღილი ახალუხის უბეში ჩაიტენა. ჩოხა მარჯვედ გაიძრო, ბოჩოლას ტანზე გადააფრა,. ”ერთი შიბაქი ჩემზე იყოს…”, გაიფიქრა ძროხის მისამართით. მერე ბოჩოლა ხელში აიტატა და წყლისკენ წასულმა მიდამო დაზვერა. საღამოვდებოდა. მართალია, თქეში თქორით შეცვლილიყო, მაგრამ ლეგა ღრუბლებით დაბურულ ცას, რის ნათელი, ოდნავ თუ ემჩნეოდა და კაცის თვალი ორიოდე მეტრის იქით ვერაფრს გაარჩევდა. ყოველი მხრიდან მოვარდნილ წყალი, კაცს თითქმის წელამდე წვდებოდა. ნაბიჯის გადაგმაც საკმაოდ უჭირდა, მაგრამ ხბოს მკერდიდან მოშორება, რომლის თბილი ამონასუნთქი გულს, რაღაც სხვაგვარად, ცრემლის მომგვრელად უთბობდა, წამითაც არ უფიქრია. წყალში ჩაკარგულ გზას კი დასასრული არ უჩნდა. ბექა უკვე ხშირად კარგავდა წონასწორობას, ძალა ეცლებოდა და ის იყო, უნდა ჩაკეცილიყო, რომ ადევნებული ძროხის ბღავილი შეაფხიზლებდა. მკერდზე მიკრული ხბოს სურნელი, გულს ჲცვილებდა. ცრემლებს თავისდა შეუმჩნევლად აღვარღვარებდა. უცებ მდინარისგან გამოტაცებულ ბოგირს შეეჩეხა. -აი, ტივიც მოგვადგა…-იმგვარი კმაყოფილებით წარმოთქვა, თოთქოს მის გამოჩენას კარგა ხანია ელოდა. ზედ ჩოხაშემოხვეული ხბო დასვა. მერე ბოგირადშკრულ ფიცრებს მოხერხებულად მიუდგა, შეაყოვნა, უბიდან ქამარ-ხანჯალი ამოიღო, ხბოს წელზე შემოარტყა, ისე თითქოს ქვეცნობიერში შემორჩენილ რიტუალს ასრულებდა,-ვაჟკაცს ქამარ-ხანჯალი შვენის!-გაუმხილა შთამაგონებლად და ბოგირზე აფორთხება დააპირა. იმავ წამს მოეჩვენა, რომ სადღაც შორეთში ჩარჩენილი ძროხა თავისთან უხმობდა,-შენ აქ დამიცადე, მე წავალ, დედაშენს მოვიყვან!..-გაუპირდა თანამგზავრს და ის იყო უნდა მიბრუნებულიყო, რომ უბიდან სალამური და შიბაქი ამოაძვრინა, წინ დაულაგა,-ჩემს მოსვლამდე თავი შეიქციე…-ურჩია მეგობრულად. პირი იბრუნა და თავისი ჭკუით ძროხის სამშვიდობოზე გამოსაყვანად გაეშურა. ათიოდე წუთში ჭალის კიდეზე გააღწია, თანდათანობით წყალდიდობის არეალსაც გაცდა. გზაში კიდევ უფრო მოეკიდა დაღლილობა და თვლემაც მოერია. ნატრობდა, ნეტა როგორმე მოსახერხებელ ადგილას წამომაწვინაო. წამით, გონების კუნჭულში, შიოს ხმამ გაიშრიალა. ”როგორ ხარ ძმაო, ხომ არ მოიწყინე?”, ნამდვილად მისი ხმა იყო. ”მომენატრე, მომენატრე, ნეტა, სად დამეკარგე?!” ”სივრცული ნახტომი მცირე დროში… ძლივს გადავითამაშე მორიგი ხიბლიხვანჯარა. მაგრამ ისევ ობორონშჩიკების ორბიტაზე ვარ.”, განუმარტა მან. ”წყალდიდობაში მოვხვდი, ნასედაკა მომდევს თავისი ხალხით, ალბათ გასაღები უნდათ!”, და უცებ ჩოხა გაახსენდა, უკან გასბრუნებლად გაიბრძოლა. მაგრამ მის ზურგს უკან ვიღაცამ ღვარძლიანად შეიგინა. ბექას მკლავზე ჩააფრინდა. ”ფრთხილად, თუმც, ვერაფერს გავნებენ, საკუთარ თავს ჩაუღმავდი და შენი შესაძლებლობი გაითავისე!”, ხმა შესუსტდა. -სად გარბოდი, შენი გიჟი დედა… გეტირა ყოფა, გადაგიკეტა წყალმა გზა არა? თევზი ხომ არ გეგონა თავი, ნაპირზე გამოსვლას, რომ არ აპირებდი…-მიაყარა და მუცელში მუხლი დაურიდებლად ამოჰკრა. ბექა მოიკუტა. ”მიდი, მიდი განთავისუფლდი, შენი გონების საპყრობილედან!..”, წააქეზა მეგობარმა, მაგრამ ბექას არც ფიქრი შეეძლო და არც ხმის გაღება. -თქვი, თქვი სად გაქვს გასაღები გადამალული?-შარვლის ჯიბეები მერამდენედ მიმოუჩხრიკა თავდასხმელმა. გახელებულმა ცემა დაუწყო. -შეეშვი, კიდევ მთვრალია ეს უპატრონო, წამოათრიე, დუდეს ცოცხალი უნდა მივუყვანოთ… -მერე ავარდნილი?! შენ არ მითხარი მამობილი გასააღესო? -პართე თავკაცობას იბრალებდა, თორემ ”ქვისლოედს” სინამდვილეში სხვა ხალხი განაგებს… ავარდნილს ხვალ თუ ზეგ ააგდებენ და ის იქნება!..-დამცინავად მიუგო.-დამიჯერე… ავტომატიანმა დაუჯერა, ძირს დაგდებული წამოაყენა, მანქანისკენ წაათრია. სკამზე მიწოლილ ბექას მოეჩვენა, რომ დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა ძროხაც ტივზე შესვა და ახლა ყველანი, თავად ის, ბოჩოლა და ძროხა სამშვიდობოს მიცურავდნენ. ძალაგამოცლილს ძილქუში დააწვა. თვალწინ, ჩარბილიას გორაზე გამართული ზღაპარ-აბანო მშვენიერ მცენარესავით აღმოცენდა. იქვე მყოფმა უცხოგვარად მობერებულმა ქალმა ალერსით გადაუსვა თავზე ხელი და შვებამოგვრილი, სხეულამსუბუქებული ბექა ტოტივით ანანვებულ კოშკურაზე შეხტა, მოაჯირზე ჩამოჯდა, უბიდან თავისი საკრავები ამოიღო და საამოდ აახმიანა. მერე სალამურიდან და შიბაქებიდან ამოფრენილ საპნის ნაირფერად ბუშტებს აღტაცებით გააყოლა მზერა, მშობლიურ სხივთა ალერსი შეიგრძნო. ბოლოს და ბოლოს, ბალღივით გაიხარა. ”ჰო, ჰო, ცხოვრების მოდელირებაც შეიძლება; რომ არ მოიწყინო, შენს მეხსიერებაში არასიმეტრიულ ზედაპირზე მოდიფიცირებულ სამომავლო სცენების კოდებს შემოვგზანი…”, მიწისქვეშეთიდან გაამხნევა შიომ.
-ისმინეთ ყველამ, შიბაქებმაც და სალამურებმაც!-შესძახა ბექამ,-გრძნეულ ციხეში ჩვენს წინაპართა მიერ დაკრისტალებული სულიერების ნიშნებია შემონახული! …პირველი, რაც გონს მოსულმა შიომ შეამჩნია, სალაღობო, თავშესაქცევ გამოსახულებებად გარდასახული ნაირფერადი საპნის ბუშტები გახლდათ, რომლებიც გვირაბის სიღრმისკენ მიფარფარტებდნენ. მერე გულუბრყვილოდ იერით მიიხედა გვერდზე და საჭესთან მჯდომ, სისხლით შუბლმოთხვრილ დუდეს, იდაყვი ფრთხილად გაჰკრა. მოეჩვენა იგი მკვდარი იყო… თავს გადამხდარი ამბის გახსენებას შეეცადა. მანქანის მინიდან საპნის ბუშტებს მიადევნა თვალი და შენიშნა, რომ ისინი, უჩვეულო ფერებით დასირმულ სიკაშკაშეში შეცურდნენ. იგრძნო გვირაბში იმყოფებოდა და უცებ აფეთქების სერიამ იქაურობა შეაზანზარა. ”აფრიმ” უკან დაიწია. შენიშნა საფრთხე ემუქრებოდა. კარი შეაღო და სინათლის მქრქრალ შუქზე მანქანიდან ძლივსძლივობით გადავიდა. მერე დუდეს გადმოსაყვანად მიბრუნდა მაგრამ ერთი, სასაცილო დედაბრის გამოსახულებად გადასხვაფერებული ბუშტი, ლოყაზე აეკრა. რაღაც სხვაგვარად შეჩქვიფებულმა კაცმა ნაჩქარევად მოიშორა. ავტო კი ბიძგების შედეგად ქვემოთ მიცურავდა, დაბნეული მიჰყვა, უცებ საბარგულში ჩადებული კაქტუსიანი ქოთანი გაახსენდა. სიბნელ-სინათლის ზღვართან ფრთხილად გაჩოჩდა. გვირაბიდან გახედვა სცადა, მაგრამ ვერაფერი გაარჩია. საბარგული, საკეტზე მუშტის დაკვრით გააღო, ქოთანი ამოიღო და უკან გაბრუნდა. ”აფრი”, კვლავ შესამჩნევად დაქანდა უკან, ბოლოს ერთბაშად დაცურდა უფსკრულში, ზრიალით ჩაეშვა. ”ჰო, გრძნეულის ციხეში ვიმყოფები…”, დაასკვნა გულმოწურულმა და ისე შეტოკდა, თითქოს სხეულის ნაწილი ჩამოსხეპეს. იგრძნო შესაძლო იყო, თავი ვერარ შეეკავებინა და თავდაც ავტოსა თუ დუდეს კვალს მიჰყოლოდა. არჩია იქაურობას გასცლოდა. უკვე, ფიქრის თავი აღარ ჰქონდა. უჩვეულო ფერებით დასირმულ სიკაშკაშისკენ თავგანწირვით მიიწევდა. უცებ, ქვის საფეხურზე შედგა ფეხი. ნაირფერადი ბუშტების ქარავანს დამგზავრებულს მოეჩვენა, საცა იქნება გაკაშკაშებულ დარბაზში შევაბიჯებო, მაგრამ მაღალი სვეტით დაბოლოებულ ტალანს მიადგა. აქ, ის სალაღობო, თავშესაქცევ არსებებად გადასხვაფერებული საპნის ბუშტები, თავისებურ აკიდოებად შებმულიყვნენ, იქაურობა პირწმინდად ამოევსოთ. შიომ ქოთანი ტალანში დადგა, მხრებზე მოგდებული ნაბადი შეისწორა, ხელჯოხზე დაებჯინა და მაგიურ სხივთა ნაკადისკენ გააპარა ფრთხილი მზერა. შეამჩნია, მისი შუქი რაღაცით სანთლის ნათებას აგონებდა. მიხვდა, თავად კოლონა გრძნეული სავარძლის ფეხის მოყვანილობისა იყო. ”კოსმიური შანდალი…”, განსჭვრიტა თავისებურად, ძალზე მოუნდა მინიატურულ კლიტეთა ალისფრად აღუებულ საპირეებისთვის მიეგნო. მოულოდნელად, სადღაც შორიახლოდან ქალთა ვნების ამშლელი ტკარცალი მოესმა. შეცბუნებულმა ხელჯოხით ბუშტთა აკიდოები მიმოფანტა, იქნებ ვინმეს დანახვა მოვახერხოო, მაგრამ ხელჯოხი ხელიდან გაუსხლა და ტალანში შეცურდა. შიომ უმალვე იგრძნო, რომ იგი, როგორც ნივთი განქარდა და მხოლო ხელჯოხის გამოსახულებად იქცა. წამიერმა შიშმა მოიცვა, მერე ისევ ქალების ხმაურმა მიიოყრო მისი ყურადღება. და რადგან ჩათვალა, უკან მისაბრუნებელი გზა არ ჰქონდა, ბედისწერის გამოწვევა მიიღო, ტალანში მხნედ შეაბიჯა. საპნის ბუშტებს არხეინად გაეთამაშა. მოეჩვენა, უხილავმა სხივმა სრულიად გააშიშვლა. ტანზე ხელი ცნობისმოყვარედ მიმოატარა. საპნის ბუშტებით გარშემორტყმული საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მართლაც შიშველი იყო. დაირცხვინა, აღარ იცოდა სად დამალვოდა გამხიარულებულ ქალთა ვნების ამშლელ ტკარცალს. იდუმლად შემოცლილი სამოსი კი, იქვე, მის თვალწინ ფარფატებდა, თუმც ყველაფერ იმას, რაც ორიოდე წუთის უკან სხეულს უფარავდა, ტანსაცმელს ვეღარ დაარქმევდით. ფეხსაცმელები, წინდები, ტრუსი, პერანგი, შარვალი თუ შავი ნაბადი, თავიანთი მოხაზულობისა და შეფერილობის გამოსახულებებად ქცეულიყვნენ და იმგვარად იყვნენ განლაგებულნი, რა გვარადაც, ისინი ტალანში შემოიყოლია. ოღონდ, ეს იყო, შავი ნაბდის გამოსახულების მიღმა, მშვენივრად მოჩანდა პერანგის, შარვლის და ტრუსის შესაბამისი ”ორეულები”. ”აჩრდილად” ქცეული ხელჯოხიც, ისე ეკიდა ჰაერში, თითქოს კვლავ პატრონს ეჭირა ხელში. თავის ყოფნა-არყოფნაში დაეჭვებულმა შიომ გაშლილი ხელი მკერდზე მიიდო. საკუთარ გულისცემას მიუგდო ყური, ”მგონი ვარსებობ…”, და ფეხსაცმელს, რომელშიც ნაცრისფერი წინდა ისე ”ამოზრდილიყო”, თითქოს კვლავ მას ეცვა ფეხზე, ფეხის თითებით გაეთამასა. არც არაფერი უგვრძნია და არც ფეხსაცმლს და წინდას დასტყობია რამე. ახლა ნაბადის გამოსახულებაში შეაცურა ხელი. მის შიგნით მყოფი ლურჯი პერანგის გულისპირს ”წაეტანა”. კვლავ სიცარიელე შერჩა ხელში. შორიახლოდან ქალთა გამორჩეული ტკარცალი ისევ მისწვდა მის სმენას. იმის გარკვევას შეეცადა ხმა საიდან მოდიოდა, ადგილი მოინაცვლა და უცებ, საპნის ბუშტებით დაფარულ, ოქროსფრად მბზინავ, კოხტა ნაკეთობის მოზრდილ სკივრს წააწყდა.
-გრძნეული ციხის საგანძური!-წარმოსთქვა მღელლვარედ, და უმალ მინიატურული კლიტე გაახსენდა. ინანა მისი შენარჩუნება, რომ ვერ შესძლო, მაგრამ შეამჩნია სკივრს საკეტი საერთოდ არ ედო. სახურავი ფრთხილად ასწია. თვალ-მარგალიტისა და ოქროს ელვარებამ თვალი აუჭრელა. მარჯვენა ხელი ცნობისმოყვარედ შეაცურა განძეულში და იგრძნო სიცარიელეში აფათურებდა ხელებს. ”ერიჰაა, ესეც მოჩვენებად ქცეულა… გარეთ კი, ამ განძის ჩასაგდებად ერთმანეთს არ ინდობენ, თავს უმტვრევენ, ყელს ღადრავენ, სახელს უგინებენ…”, გარემო ვეებერთელა აფსკად გაითავისა, საიდანაც თავის დაღწევას ვეღარ შესძლებდა. მოულოდნელად ტალანში შემოფრენილმა ფრთახატულა ჩიტუნამ ნისკარტით დაჭერილი მინიატურული გასაღები თითებს შუა შეატოვა, რაღაც შეჟღურტულა, მის თავს ზემოთ კამარა შეჰკრა და უკან გვირაბის მიმართულებით გაფრენილი სიბნელეში გაუჩინარდა. ”სასწაული!”, შიომ გასაღები თითებით მოსინჯა, შანდლისმაგვარ კოლონას, რომელიც კლდე-ციხეში განსხეულებული სავარძლის ერთ-ერთ ფეხად აღიქვა, შთაგონებულის იერით გახედა. ”კოსმიური არხი, ერთი იმ ოთხთაგანი, რომლებიც ალბათ კლდე-ციოხეში განსხეულებული სავარძლის ფეხებშია ჩატანებული…”, განსჭვრიტა. იგრძნო ტალანის კიდეში დატოვებული კაქტუსის ეკალნემსებიდან გამოფრქვეულმა სხივებმა უჩინარი ბოროტების გორგალის თავდასხმისგან დაიცვა. ”ასე რომ გრძნეული ციხის გრძნეული სამყარო, მართლაც არსებობს…”, სვეტის თვალიერებას, კვლავ გულდასმით მოჰყვა და იმ არხის მარეგულირებელი მინიატურული კლიტის აღმოჩენის იმედით, ზედ აცოცება განიზრახა. ზემოთ ზარბაზნების გასროლის ხმები გაისმა.
-დიდება ქვისლოედის კლანს, დიდება ბოჩი არტაველს!-მახარობელივით შესძახა, სადღაც ზემოთ ქოსა ტიმოთემ.
-მართლდება დიდი ილიას სიტყვები, საყოველთაოდ განმტკიცებულია დიდი ეროვნული გრძნობა და თავისუფლების სურვილი!!!-სამიტინგო მოწოდებასავით დასჭექა კლდე-ციხის ქონგურთან მდგომმა ”მთავარმა არქიტექტორმა”.
-ვთრებით გრძნობათა თარეშით!-მხარი აუბა გარდაცვლილმა დუდემ. შიოს არც გაჰკვირვებია, რომ იგი ცოცხალი იყო. მხოლოდ ეს გაიფიქრა: ”როგორც ჩანს, ყველაფერი თავიდან იწყება… პირის გემო და ემოციური საწვავი; დაგემოვნების გზით გამოიყვანეს ძველმა პერუელებმა ხე კინასაგან ქინაქინა, კოკაინი კოკას ველური _ბუჩქისაგან. აფრიკელი და ინდიელი ტომები კაქტუსის გარკვეული ჯიშებისგან ნარკოტიკების მიღებას ახერხებდნენ…”, გულღიად გაეცინა. ქალების ტკარცალი მისამღერივით გაესმა. სადღაც, შორიახლი ჩასაფრებული რეალობა შეპარვით უხმობდა.
-ასეთ გოგებს ცხრა მთის იქით, ბაზარზე გასაყიდად მიგვდენის და ვიღაც ორბავშვიან ქალს დედოფლის გვირგვინს ადგამს!
-გაფრთხილებთ, არავითარი ისტერიკა, თქვენთვის ახლა მთავარია, ისეთმა სქელჯიბამ გიყიდოთ ძუნწი და მახინჯი, რომ არ იყოს.
-ჰო, მე ვიღაც აქოთებულს უნდა დავუწვე, ის კი ქვისლოედის დედოფალი გახდება… და უცებ ქოსა ტიმოთეს შეძახილი გაისმა:
-ლაპარაკი, აიფარეთ ლეღვის ფოთლები და ბატონი ბოჩის სასურველი სტუმრები გაართეთ! და უცებ, ზღაპარაბანოს კოშკურიდან ბექას ხმამც შემოაღწია:
-ერთხელ მოველ, ერთხელ წავალ, არ მექნება შეღავათი, როს მშობელთან ფრენით ავალ, მომეკითხოს ცოდვა-მადლი!..
-მიდი, მიაქუხე ეს ზარბაზანი და იმ თავის კოშკურას ბუშტივით მიასკლიცე!-ღვარძლიანად შესძახა, რომელიღაც ”გულადმა ბიჭმა”.
-შეიგნე, შიბაქსალამურა და ზღაპარაბანო ამ მხარეში დემოკრატიის სიმბოლოა… მთელი მსოფლიოს წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოდიან, ერთობიან ამ ჩვენი დემოკრატიით და ისეთ დასკვნებს წერენ გული აგიჩუყდება!-იუმორნარევი მრისხანებით ბრძანა ბოჩი არტაველმა და ბრძნული იერით დაამატა,-ეროვნულმა მოძრაობამ ბოლოს და ბოლოს ქაფი მოიყენა, ნუ ვიჩქარებთ მის მოხდას, დაე, მთლიანად ქაფად შედგეს. მოქალაქეთა კავშირის ღვაწლი კი, ნაღებად წარმოჩინდება…
-მაშ, მაშ, ნაირფერადი ბუშტების უწყვეტი ნაკადი, მსოფლიო საზოგადოების თვალში, ბოლოს და ბოლოს ცივილური და დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს შეგვიქმნის…-შემპარავი სიდინჯით განაცხადა იქვე მყოფმა კლოდი კლონდელიამ. -ლაბორატორიაში მიღებული ბანგიანი ეკალნემსების მასიური წარმოება კი ეკონომიკას…-ჩუმად მიუმღერა ბოჩიმ. ჰორიზონტზე გამოჩენილ ვერცხლისფრად მბზინავ ვეტფრენს, თითქოსდა ჩაძიებით დაუდარაჯდა,
-მოფრინავს!..-შეახსენა ბოჩის. -მშვენიერია, შევეგებოთ!-უნებლიეთ ტაში შემოჰკრა ”მსოფლიო თამადამ”. და იქვე მოფარფატე ჭყეტელა ბუშტი, თითქმის მის ცხვირწინ უცნაურ ხმაზე გასკდა. ამით გათამამებული ”გულადი ბიჭები” უმალვე ბუშტებს გამოენთნენ, იქაურობას ტკლაცატკლუცი აუყენეს.
-ისმინეთ ყველამ, შიბაქებმაც და სალამურებმაც!..-შესძახა კოშკურაზე მყოფმა ბექამ და გობრონის დანატოვარი ანდერძი გაიხსენა,-ნუ დახარბდებით, ისე, ვითარც ჩვეულებრივ ოქრო-ვერცხლსა თუ ძვირფას თვლებს, წინაპართა დანატოვარ საგანძურში ქართველთა სულიერების ამოსაცნობი ნიშნებია შემონახული… -ქურუთქურუმი მე ვარ, მე! ჩემს გარეშე მსხვერპლთშეწირვა ვერ შედგება!-გაისმა ქვაბულიდან როლში შესული ბენე-ხალამპრეს ხმა.
-ერთი გზა ქვემოთ, ობორონშჩიკების ჯავშანსადგომთან მიდის, მეორე კი პარალელურ სამყაროსკენ!-ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა შიომ და სვეტზე აცოცება ისევ განიზრახა. იმავ დროს, ტალანში, ჩიტუნას დანატოვარი ჭიკჭიკი ახმიანდა. სკივრისკენ ალღოს კარნახით მიტრიალდა და სახურავის შიგ მხარეს ძოწისფრად მოჩინარ მინიატურულ კლიტეს წააწყდა. გასაღები მარჯვედ მოარგო და ზედიზედ გადაატრიალა. -მუსიკალური სკივრი, ნუთუ საიდუმლო კლიტეების ანი და ბანიც ესაა?!-გაღიმებულმა მექანიზმის მომართვა დაასრულა. მერე სახურავი დახურა და დაელოდა. მუსიკა მართლაც აჟღერდა, მაგრამ იგი მხოლოდ მუსიკა არ იყო. შიგ შეძახილები, კვნესა და უჩვეულო სიგნალები ისმოდა. შიო, თავისდა უნებლიეთ აჰყვა რიტმს და სულ მალე იმისთანა ცეცხლოვანი ცეკვა გააჩაღა, რომ სალაღობო, ზღაპრულ გამოსახულებებად გადასხვაფერებული საპნის ბუშტები რხევა-რხევით განაპირდნენ , თავისებური წრე შეჰკრეს. კაცი თავდავიწყებით ცეკვავდა, თავისი სიშიშვლე აღარც ახსოვდა. სტიქიას მინდობილი ”ციურ ნიჯადს” უხმობდა. მზად იყო ამ რიტუალს შესწირვოდა. მოულოდნელად კლდე-ციხეში განსხეულებული გრძნეული სავარძელი აელვარდა. ბუშტები აირივნენ, სხვადსხვა მხარს მიაწყდნენ, ზოგმა ტალანის ჭერი აიტაცა ჰაერში და ”ყივჩაღის ციხეში” გამასპინძლებულები, თავის საბრძოლო ტექნიკასთან ერთად უფსკრულში გადაჩეხა. ზოგმა დატყვევებული ქალები ნანამზეს კლინიკაში გადააფრინა. უფსკრულიდან კი ძვირფასი ქვებით მორთული სავარძლი აამოიჭრა და ბენე-ხალამპრეს ფარულ თავშესაფართან ღირსეულად დაეშვა. ნაწილი დასაჯდომად შემზადებულ შვეულმფრენს შეეჯახა. ვეტმფრენი ჩამოსავარდნად შეძაგძაგდა, შემთხვევით გადარჩენილმა მფრინავმა, როგორღაც მოახერხა და საფრენი აპარატი, მნიშვნელოვან მგზავრთან ერთად სახიფათო ზონიდან გაიყვანა. ”შავი, თეთრი, ნარინჯისფერი…”, წინასწარმეტყველურად წაიჩურჩულა კოლონას აკრულმა, ზემოდან ჩამოცვენილ ქვებს გარიდებულმა შიომ და იგრძნო რეალობას უბრუნდებოდა. მოეჩვენა საპნის ბუშტებიდან სალაღობო სულდგმულები დაიჩეკნენ, ცასა და მიწას ჟრიამულით მოედნენ და ადამიანების ორაზროვნულად გაეთამაშნენ. ქვემოდაბა და მისი შემოგარენი ზღაპრულ კარნავალის ასპარეზად იქცა… ”ეგზიობიოლოგია… გონიერი მიკრობის შემოგზავნა კოსმიური არხით…”, მიანიშნა ცაში აფრენილმა ბექამ.
თავისებურად გადასხვაფერებული, ქურუმთქურუმად გარდასახულ ბენე-ხალამპრემ, სამოსში შემალული მახვილით, კლდე-ციხეში დატრიალებული ამბების გამო დაფეთებული მებაჟეები, ხუთიოდ წუთში გაანადგურა.
-მოგართმევ, ჩემი ბატონო, ამჯერად, ნამდვილად თქვენი ღირსების შესაფერის ნადავლით გეახლებით!-წარმოთქვა არტისტული მანერით. ჯიხურთან მომლოდინე ცხენი, რომელიც საბაჟოს უფროსად შესახელებულ ჩოფურას წაართვა, უკანა ფეხებზე დააჩოქა, იქვე მდგომი, ძვირფასი თვლებით მორთული სავარძელი უნაგირთან დაადგა, ზედ თოკით მარჯვედ მიაბა. ცხენი წამოაყენა, მერე მოხერხებულად მოექცა ზურგზე და უბრძანა: -აბა, ჰე, გავარდი ჩარბიძეების ნაქორალთან! ცხენი ფრთხილად წამოდგა და რადგან უამრავი საიდუმლო ბილიკით იყო ნატარები და სხვადასხვა ჯურის კონტრაბანდისტებთან ერთად მრავალფათერაკგამოვლილიც გახლდათ, ყაჩაღის განწყობასაც უმალ აუღო ალღო, ნაბრძანები მიმართულებით. იქ სადაც, ჩარბიძეების საგვარეულო სასაფლაო იმყოფებოდა, შეუყოვნებლივ გასწია. შემთხვევით გადარჩენილი და აქა-იქ მიმოფანტული ”გულადი ბიჭები” უმისამართოდ ისროდნენ. მაგრამ ხალამპრეს ეს არ ადარდებდა. ახლა, ცხენზე ამხედრებულს და ნაალაფარ სავარძლისთვის ხელჩავლებულს დანიელ ჩარბიძის საფლავისკენ მიუხაროდა. სადაც კუტის დაკრძალვის დღეს, როგორც შემდგომ სხვები ეუბნებოდნენ დიდებული სიტყვა წარმოთქვა.
”მოგართმევ, ჩემო ბატონო!”, ამაყად პირდებოდა ფიქრში, და მერე, ვითომდაც იმ ფიქრის გარეთ ასკვნიდა: ”დანიელს ვინ რას გამოაპარებად, ტყუილად კი არ მითხრა ერთხელ, არ მგონია გობრონა გლახაკს რამე გადამალული ჰქონდეს, მაგ უბედურს, თუ რამე ძვირფასი გააჩნია, ყველაფერი სცენაზე გამოაქვს… სავარძლის ძებნამდე, გამოცანის პასუხის მიგნებაა საჭიროო… ამოვხსენი, ხომ ამოვხსენი!”, ანგარიშმიუცემლად იქადდა. ქურუმთქურუმის სადარად შემოსილ ბენე-ხალამპრეს თავის პატრონთან მოსალოდნელი შეხვედრა ახალისებდა. რიჟრაჟით მოცულ გარემოს, ნაცნობი სპექტაკლის დეკორაციასავით უთვალთვალებდა. ეჩვენებოდა შეუცნობ წარსულისკენ მიიჩქაროდა. ცხენმა ძველისძველ ეკლესიას შორიახლო ჩაუარა და პირდაპირ დანიელ ჩარბიძის თეთრ მარმარილოს ბიუსტს მიადგა. შემცბარი მხედარი ცხენიდან ჩამოსრიალდა, იმავ დროს უნაგირს ჩამბული თოკი გახსნა და მხრებში მოხრილმა ბიუსტის წინ, თავი მორჩილად დახარა. ოქროსფრად მბზინვარე სავარძელი ცხენიდან ფრთხილად ჩამოიღო,, კვარცხლბეკის წინ დადგა, მის წარმოსახვაში გამთლიანებულ პატრონს მთელი არსებით მიანიშნა, შიგ ჩაბრძანდითო. იქვე მუხლმოყრილი გაყუჩდა.
-ბრავო, ბრავო!-მოესმა უცაბედად. ავაზაკმა ქურუმთქურუმის სამოსში ხელი ქვემოდან შეაცურა და წელთან მიმაგრებული მაუზერის ბუდიდან ამოღება დააპირა. მაგრამ უცაბედად ბიუსტს შეაჩერდა და მასში ჩაკირულმა კუტისეულმა გამოხედვამ შეაყოვნა. ალღოს კარნახით მშვიდად წამოდგა და შებრუნდა. ყავისფრად მბზინავი, ლამაზად გამოწყობილი, ნაცნობი იერის აფრიკული შეფერილობის, თმებდატალღული მამაკაცი მშვიდად უახლოვდებოდა. ბენე-ხალამპრემ იცნო და ვერც იცნო. მერე, თითქოს გონება გაეხსნა. ”ჰო, ტელევიზორში მყავს ნანახი, კი, კი ისაა, მსოფლიო რანგის მინისტრი…”, გონებაში მოახსენა კუტს და იგრძნო იგი სტუმრის მობრძანებით გახარებული იყო. უნებლიეთ, ფრენჩში გამოწყობილ სამხედრო პირივით გაიჭიმა და მერე მის შესაგებელად თავმოდრეკილი გემართა. ”ზანგივითაა, მაგრამ ქართული იერი აქვს…”, გაიფიქრა და ვერ მიხვდა, რამ დააეჭვა. სტუმარი რუსულად მიესალმა, მოიკითხა და ხელი ჩამოართვა. გაბადრულ ხალამპრეს ენა წაერთვა.
მსოფლიო თანამეგობრობის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი დანიელ ჩარბიძის საფლავთან მივიდა, სავარძელს შეგნებულად აარიდა მზერა, მუხლი მოიყარა, პირჯვარი გადაიწერა და ლოცვა აღავლინა. ბენემ უხერხულობა იგრძნო. პირჯვრის გადასაწერად წამოწეული ხელი დაუმძიმდა.
-ღმერთი, მართლაც, რომ ყველაფერს ხედავს, აგერ წეღან, რაღაც სხვაგვარმა მოგონებებმა გამიტყუეს და ეშმაკს, რომ არ დავემარტოხელებინე, თქვენი თავი მომივლინა…-ჩაილაპარაკა მისი გულის მოსაგებად. ძველმა ჟინმა გაუხსენა, როგორმე საერთაშორისო მნიშვნელობის პრემიის მიღების საქმე მოეკვარახჭინებინა და ამაყად მოიგონა,-მახსოვს, იაკუტიაში, ჩემს მიერ კომდღესასწაულის კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს შორის ეთიოპიელი მეგობრებიც იყვნენ… სპეცლოჟებიდან, სპეცბინოკლებით უყურებდნენ ჩემს დადგმულ მასიურ სცენებს!
მუხლმოყრილი სტუმარი წამოდგა, სავარძლის სახელურს, ისე თითქოს იდუმალ რიტუალს ასრულებსო ხელი გადაუსვა და ხალამპრეს, უცნურ კილოკავით გაჯერებული ქართულით მიმართა:
-მე, ქართული წარმომავლობის ზანგი ვარ… მამლუქთა დინასტიის ერთ-ერთი შტოს პირდაპირი მემკვიდრე. უფრო სწორად, ჩემი წინაპრის წინაპარი, აქედან გადახვეწილი ჩარბიძე გახლდათ!
ბენე-ხალამპრეს გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა.
-ჰო, ერთხელ დანიელს წამოცდა, აფრიკიდან ჩამოსულ ჩარბიძეს, აქაური ხრიკებით ვერავინ გააცურებსო… მართალი გითხრათ, მეგონა იხუმრა…-ჩაილუღლურა მერე. -არა, არ უხუმრია…-ჩაიცინა მან,-თქვენ?-კეთილად შეაჩერდა.
-მე ქურუმთქურუმი გახლავართ, ბოდიში ყოფილი თეატრალი, ამაღლებულ გრძნობათა თეატრის გენერატორი…-მოახსენა და გონებაში ცუღლუტური ფიქრი გაუსხლა : ”რომ შემიამხანაგებდეს, ჩემი მარიფათით და მაგის გაქანებით მთელ მსოფლიოს დედას ვუტირებთ!”
-დიახ, დიახ…-დაუყვავა მან,-ხაკასები, ოიროტები, ბურიატ-მონღოლები, ევენკები, იაკუტები, ოქტომბრის რევოლუციამდე ჩაგრული ხალხები იყვნენ და რუსეთის მეფეს უხდიდნენ ხარკს ანუ იასაკს…-თეთრი კბილები გამოაჩინა ქართული წარმომავლობის ზანგმა.
-საიდან იცით?!
-მოსკოვში მაქვს დამთავრებული და ერთხელ უშიშროების თანამშრომლებმა დანიელს შემახვედრეს კიდეც…-გარშემო ფხიზელი მზერა მიმოატარა,-მერე სხვა ვითარებასიც შევხვედრივარ…-მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა. ”სანამ კაიური მარხილში შებმულ ძაღლებს არხეინად მიერეკება, ცაზე შემთხვევით ამობორიალებული ვარსკლავი, მგლების ხროვას შარსანწინდელ მადას უღვიძებს…”, თითქოსდა თავდაცვის მიზნით გაიფიქრა ქურუმთქურუმად გადაცმულმა. აბურდულ წვერზე ხელი ჩამოისვა და მიელაქუცა:
-რაც თქვენ შეძელით, ფანტასტიკაა! მსოფლიო პოლიტიკაში მრავალი ქვეყანა დეკორაციად აქციეთ, ბუტაფორიის როლი მიანიჭეთ, ეკონომკის მართვის სადაავები კი…
-არ დაიჯეროთ მიმომხილველთა მორიგი ყბედობაა!-და სიტყვა თითქოს ბანზე აუგდო,-როგორც ვიცი ჩარბი ქართულად ერთის მხრივ ბაგეს ნიშნავს, მეორეს მხრივ მტაცებელი ფრინველის ნისკარტს, ჩვენ ორივეს მარჯვედ ვფლობთ, მოყვარეს ბაგეთი ამბორს ვუძღვნით, მტერს კი ჩავკორტნით ხოლმე…-განუმარტა მშვიდად, მაგრამ მზაკვრობაში მრავალნაცად ბენე-ხალამპრესაც კი ტანში გასცრა.
-დიახ, დიახ…-დაეთანხმა უმალვე, როგორც კი, ხელთ მოვიგდე, მაშინვე პატრონთან გამოვაქანე…-სავარძლისკენ მიიხედა და საფლავებს შორის ამოსული ბალახის ძოვით გართულ ცხენს გაუბედავად შეუწყრა. მერე დანიელ ჩარბიძის ბიუსტისკენ გააპარა მზერა,-სამკაულისთვის ხელი არ მიხლია. მოეჩვენა სავარძელში ცვრებისგან შეკრული, ამომავალი მზის სხივზე აბრჭყვიალებული ბურთულა ნანაობდა.
-ჩვენ იგი მომავალი მსოფლიოსთვის უნდა გადავინახოთ!-მტკიცედ წარმოთქვა მსოფლიო ერთობის საბჭოს განსაკუთრებული დანიშნულების მინისტრმა და ხელი აიქნია. ათლეტური აღნაგობის სხვადასხვა იერისა და შეფერილობის კაცები, თითქოსდა მიწიდან ამოსრიალდნენ, სავარძელი აიტაცეს და გაუჩინარდნენ.
-დიახ, დიახ, ბაგე და ნისკარტი რამ გაყო! იგი თქვენ მემკვიდრეობით გეკუთვნით…-დაუდასტურა ბენემ. მინისტრის მაჯის საათმა ზედიზედ ჩიტივით დაუსტვინა. ავაზაკი შეშფოთდა, მოეჩვენა საცა იყო ხელს წაავლებდნენ. -მშვიდობით ქურუმთქურუმო! უთქვენოდ მსხვერპლი არ შეიწირებოდა!-დაუყვავა, ღიმილი უსახსოვრა, დანიელის საფლავს თავი დაუკრა, მერე შეტრიალდა და მოხდენილი ნაბიჯებით წავიდა.
ბენე-ხალამპრეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს თავის ქალაზე უხილავი სალტე შემოუჭირეს. თანდათანობით ტკივილმა და სიცივემ აიტანა. კუტის საფლავზე განფენილ მზის შუქისკენ კანკალით წავიდა. შორიახლო ვეტმფრენის ძრავის ხმამ, თითქოსდა გაიშრიალა. დანაბერმა ჰაერმა ყოფილ თეატრალსაც უწია და მას ”პროგრესთან” შეძენილმა სენმა ციებასავით გაუხსენა. მზით განათებულ კვარცხლბეკს თავისებურად მიეფიცხა.
-პროგრესი!-აღმოხდა ცივ ქვაზე შუბლმიდებულს, ძაგძაგმა აიტანა და სული განუტევა.
კდე-ციხის ქონგურთან მდგომი შიო კესასა და ბექას ფრენა-თამაშს სიყვარულით მისჩერებოდა. მერე თავადაც მოინდომა აფრენა, მაგრამ ვერ შეძლო. და უცებ ადრინდელ რელობას დაუბრუნდა. ისევ თავის ავტომობილში იჯდა, რომელიც ჯავსოსანი შენობის გარშემო შედარებით ნელა მოძრაობდა. შიო მიხვდა ამ მიწისქვეშეთში მარტო დარჩენილიყო. ”არადა, აგერ ახალა ზემოთ ვიყავი, ნამდვილად ზემოთ ვიყავი… ნუთუ, მთელი ჩვენი ცხოვრება ამგვარად მოდიფიცირებულია, მაშინ, რა აზრი აქვს ჩემს გაბრძოლებას?.., მოიწყინა. ”აქვს, აქვს…”, გაეპასუხა გონის სიღმიდან გამოღწეული უჩვეულო იმპულსი ”თუ დახელოვნდები, შენ თავად შეძლებ შენივე მომავლის მოდიფიცირებას, და მრავალფეროვანი, საინტერესო ცხოვრებით იღვაწებ და გაერთობი!..”
***
გაგრძელება: ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი)...
***
***
***
***
+++
===
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
***
Комментариев нет:
Отправить комментарий