ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

пятница, 16 апреля 2010 г.

ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი) / Janri Gogeshvili ’Sweet Souls of the ’Insane.’ (A novel)


ჯანრი გოგეშვილი
Janri Gogeshvili


შეშლილთა" ტკბილი სულები”
(რომანი), გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან”, 1995წ.

’Sweet Souls of the ’Insane.’ A novel. P. H. "The Cubs will Grow up," 1995









ანოტაცია


ბედისწერის სიმუხთლე, ავანტიურისტთა ფანდები, ალმოდებული სიყვარული, თავისებური ტელეპორტაცია, ვნებისამშლელი სასწაულები, გრძნეული სხივი, უჩვეულო, გამაბრუებელი თვისებების მქონე ”ეკალნემსა” კაქტუსი, რა თქმა უნდა, გაამძაფრებენ თქვენს ინტერესს რომანისადმი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ღირსნი ყველასთვის ნაცნობნი და მაინც ბოლომდე ამოუცნობი, თავიანთ არსსა და მისიაში გარკვევის მოსურნე ”შეშლილები” არიან… რომელთაც უბრალოდ, თავისებური უცნაურობა ახასიათებთ… ტკივილი, _ღვთიურ ნეტარებად, იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა მასზედ სიყვარული იმარჯვებს…



რომანი
(შევსებული ვარიანტი)
***

-სიცოცხლე, ოკენეში გადაგდებულ, თავდალუქულ ბოთლში ჩადებულ წერილსა ჰგავს
-
ეგეც შანსია!

ამონარიდი რომანიდან

ვფიქრობ, ინტერნეტში გამოქვეყნებულ ამ რომანსაც ისეთივე შანსი აქვს

ავტორი



ბედისწერის ნიღაბი

ძილგამფრთხალი შიო თიხის ქოთანში ჩარგულ კაქტუსს მისჩრებოდა და მოძალებული ტკივილის დათრგუნვას ჩვეულებრივ მედგრად ლამობდა.
უჩვეულო კაქტუსი, უჩინარი სხივით, ძველებურად, აღარ უამებდა ტკივილს. როგორც ჩანდა, უკვე სათანადოდ აღიქვამდა ვაჟის გამომწვევ შემართებას.
და ისიც, თანდათანობით ემსგავსებოდა იმ შორეულ წინაპარს, ვინაც მძიმე ოპერაციის მსვლელობის დროს, ხალხური აქიმის რჩევით, საკუთარ თავს აიძულებდა კერიისა ან სხვა რომელიმე ქვისთვის უდრტვინველად ეცქირა და თან ეფიქრა, რომ რაც არ უნდა დაჯდომოდა ქვასავით მაგარი უნდა ყოფილიყო.
ხეიბარმა ტკივილი თავისებურად დაიმგზავრა და შვება იგრძნო.
უცაბედად, სიჩუმიდან დის ლაღი სიცილი ჩაესმა. იმავ წამს, დედის ნატანჯი სახეც წამოეჩვენა. მის გამომეტყველებაში ჩაბუდებული სათქმელის მიხვედრას და მკვლელის ვინაობის დადგენას შეეცადა. ადრინდებულად გაიფიქრა, რომ ამ ორი თავდაუცველი ქალის ასე სადისტურად მოკვდინება, ვიღაც ჭკუაარეულის ნამოქმედარი გახლდათ, ეკრანისეული მაფიის მიბაძვით, რომ გაითამაშა შემზარავი მკვლელობის სცენა.
მაგრამ შუაღამით, ისე წინდახედულად რომელი გიჟი მოკლავდა იმგვარი წამებით ორ უმწეო ქალსო, უმალვე გაიოცა და კვლავ საშინლად მოუნდა როგორმე მკვლელისთვის მიეკვლია, დაუნდობლად გასწორებოდა. ”ნეტა რა უნდოდა, ვინ ,ან რამ წააქეზა?!”, ეს უკვე მერამდენედ მოინდომა აკვიატებული კითხვისთვის პასუხის გაცემა, თუმც გამოძიების ვერსია ”მკვლელობა გაძარცვის მიზნით…”, კარგად უწყოდა.
მერე ფიქრით კუტს გადაწვდა, რომელიც მის სამშობლოში დაბრუნებამდე, შვიდი თვით ადრე, თავის მშვენიერ საყვარელს შემოგრეხილ-შემოკვანწული დააკვდა თურმე.
დარწმუნებული იყო კუტი, რომ ცოცხალი ყოფილიყო მის ოჯახზე თავდასხმას ბოროტმოქმედი ვერ გაბედავდა. ბედისწერის უცნაური ხელწერა ლამის ღარივით აჩნდა ამ ფათერაკიან თავგადასავალს… შინაურების ამოხოცვიდან, რაღაც ორიოდე საათის შემდეგ, სადღაც აფრიკის ”ჯუჯა სახელმწიფოს” ღია სცენაზე ცერებზე შემდგარ შიოს, უეცრად, გაშეშების მაგვარი ავადმყოფობა დაემართა და მკლავმაგარი ბიჭების გუნდმა ძლივს მოახერხა მისი კულისებში გაყვანა.
ერთხანს, საავადმყოფოში განუძრევლად იწვა. იქაური პერსონალი რაღაც განსაკუთრებული რიდით ეპყრობოდა. თითქოს გამორჩეული მეთოდით მკურნალობდნენ, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა.
შიო მედგრად იტანდა სატანჯველს, შინაურებისთვის ხმის მიწვდენას არ ჩქარობდა. დაე, იფიქრონ, ჩვეულებისამებრ საგასტროლოდ ვიმყოფებიო.
მერე კოშმარული სიზმარი იხილა; ეზმანა მის დასა და დედას ნიღბიანი კაცი დანით ბასრავდა.
შიომ არაბუნებრივად დაიზმუილა და თავისდა უნებლიეთ აბორგდა, სხვის დაუხმარებლად და თუმც მეტისმეტად უცნაურად, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად გავლა შეძლო. მერე პალატის კართან სევდიანად მოცქირალი თანადასელი ვაჟი შეამჩნია, ვინაც წვალებით, ოღონდ მაინც გაუმხილა საქართველოდან დაგვიანებით მიღებული სამწუხარო ამბავი; ვითომდაც, მისი დედის მძიმე ავადმყოფობის შესახებ…
თვალწინ ისევ ის კოშმარული სიზმარი ედგა და უცაბედად, საკუთარ თავში, თითქოსდა წინასწარ დაგუბებულ გაუსაძლის ტკივილს გადაეჩეხა…
ტკივილგამაყუჩებლების მეოხებით მოცოცხლებულმა უმალვე სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ქვეყნის ოკეანისპირა მხარეს სასწრაფოდ გადაიყვანეს… მალე საქართველოსკენ მომავალ გემზე დიდი პატივით ააცილეს. გემბანზე საგანგებოდ მისთვის დადგმულ სავარძელში ჩაჯდომა უშველეს.
ცხოვრების ამაოებაზე ფიქრაღძრული ხეიბარი, ერთი პირობა, თითქოს ვეღარაფერს ამჩნევდა, მაგრამ, როცა მის წინაშე იმ ქვეყნის სამეფო კარის წარმომადგენლები წარდგნენ, უნებლიეთ განცვიფრება დაემჩნა.
აფრიკულ ნირზე, თავისებური მიმზიდველობით შემოსილმა დესპანმა მადლობისა და თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ქოთანში ჩარგული მზისფრად დაწინწკლული კაქტუსი და იქაური ფირმის ”აფრის” წარმოების ავტომობილის ჩუქების დამადასტურებელი საბუთები გადასცა.
შიომ დაასკვნა, ალბათ ჩემი ცეკვით ამ ქვეყნის დედოფალი ან პრინცესა მოიხიბლა და იმიტომაც მითანაუგრძნეს და დამასაჩუქრესო… თვალებმოელვარე დესპანს და მის თანმხლებთ მადლობა გადაუხადა, მოუნდა სიტყვების განსამტკიცებლად გაშლილი ხელისგული მკერდზე მიედო, მაგრამ მიხვდა სასაცილო მოძრაობა გამოუვიდა, აღელდა… უცებ, თითქოსდა სხეულში ჩაგუბებულ იმ გაუსაძლის ტკივილს გადაეჩეხა. ოღონდ, სულ მალე შვება იგრძნო. ის კი არა, რაღაც განსაკუთრებულმა, ეიფორიულმა განწყობამ მოიცვა…
ერთხანს ყველას და ყველაფერს უზრუნველად უღიმოდა და არც კი გაუგია მეზღვაურებმა სავარძლიანად, რომ აიტაცეს და მისთვის განკუთვნილ კაიუტაში შეიყვანეს.
ჩვეულ მდგომარეობას, რომ დაუბრუნდა გემი უკვე ოკეანის სიღრმეში მიცურავდა. საჩუქრად მიღებული კაქტუსიანი ქოთანი ისევ მუხლებზე ედგა.
წამით მოუნდა კაქტუსს ხელით შეხებოდა და უცებ ცერა თითით ეკალნემსას შეეხო… ცოტაც და უნებლიეთ მხიარულად წაიმღერა… გუმანით მიხვდა მცენარის მზისფერი ეკლები მაგიურ ძალას შეიცავდნენ. აკი, სადღაც გაგონილიც ჰქონდა, რომ აფრიკელი და ინდიელი ტომები ნარკოტიკებს კაქტუსებისგან იღებდნენ.
”ალბათ, ეს სახეობა, სამეფო ბაღს განეკუთვნება და მისი ეკალისრებიც განსაკუთრებულად გამაბრუებელი ძალით გამოირჩევიან…”, გაიფიქრა მან. წამით შეკრთა, მაგრამ მერე ამ ამბავმა ნამალევად გაახალისა, თუმც სიფრთხილის ნიშნად სიტყვა არავისთან დასცდენია…
კაქტუსიანი ქოთანი ნარინჯისფერ მუყაოს ყუთში ჩადო და გადამალა. ოღონდ, როცა მტაცებელივით ჩასაფრებული ტკივილი კვლავ დაუნდობლად ეძგერა კაქტუსიან ყუთში ნაჩქარევად ჩაჰყო ხელი. ეკალნემსის უჩინარმა სხივმა შვება აგრძნობინა.
შინ დაბრუნებულს აფრიკაში ნანახი კოშმარული სიზმარი აუხდა… დედამისი და ერთადერთი და, ვიღაც გარეწარს მართლაც რომ სადისტურად ამოეხოცა.
შურისძიების გრძნობით შეპყრობილმა უფრო მწვავედ გაითვითცნობიერა, რომ საპყარ-სახიჩარი შექმნილიყო და აღარ იცოდა ბედის სიმუხთლეს რარიგ გაუმკლავდებოდა. ასე ეგონა ბედისწერა ნიღაბს იფარებოდა და გამომწვევად ეთამაშებოდა. ზოგჯერ კი ეჩვენებოდა, რომ განგებამ განსადელი ნიღბად მოუვლინა, და საკუთარი თავის შეცნობა დაუდგინა.
ერთხანს კვლავ კაქტუსის მოიმედე იყო, და ერთხელ თითქოსდა თვალი აეხილა, შერცხვა თავისი სისუსტისა. ამჯერად კაქტუსი საგულდაგულოდ გადამალა. თავდაპირველად მხოლოდ წყლის დასხმის მიზნით თუ დახედავდა. მერე კი, როცა იმ შორეული წინაპრის დარად ტკივილის უწამლოდ მოშთობის ხელოვნებას დაეუფლა, კაქტუსს ”აფრიკელა” შეარქვა, დაიმეგობრა და თანამზრახველად გაიხადა. ეკალნემსების უჩინარი, გამაბრუებელი სხივებით ტკივილის მოშთობას გადაეჩვია…
სამეფო კარის დამატკბობელი მცენარე, ალბათ თავისებურად აღიქვმადა ამა თუ იმ ადამიანის ღირსებას და ტკივილის დაამების მოსურნეთ, შველასაც გამორჩევით ”სთავაზობდა”.
”შენი არსებობა აქაურმა ნარკომანებმა თუ შეიტყვეს, ერთიანად გაგფცქვნიან…”, ჩაიღიმილა. შორიახლო ფანჯრის რაფაზე საგანგებოდ დადგმულ კაქტუსს შეჩერებულმა და იმაზე ფიქრმა გაიტაცა, რომ დაბაში ჭკუაარეული ხალხი მომრავლებულიყო. როგორც ბექა ამბობდა, ყოველღიური ცხოვრების გაწამაწიით შენიღბული შეშლილთა ”კასტა”, მალე საგრძნობი ძალა შეიქმნებოდა.
”ამ საცოდავის ყოფაშია არამც თუ მეფე, უკანასკნელი მონაც იყოს, საბრალისია”, მოაგონდა შექსპირისეული სიტყვები…



ჭუჭრუტანა მოჯადოებულ წრეში

ტელეფონის ზარმა თავისებურად მშვიდად დაიღუღუნა. ხეიბარის გონი, ვით მაშველ რგოლს ისე მიენდო იმ ხმას, სახიფათოდ მომნუსხველ გარიგებას გაუნაპირდა და მალე თითქოსდა დაუკითხავად შერხეული ხელი, მაგიდაზე დადგმულ ტელეფონისკენ ააცოცა, ყურმილი აიღო, ყურთან მიიტანა.
-ალოო…-გაისმა გამომცდელი ხმა.
-დიახ,-გაეპასუხა იგი, მის საგულდაგულო მობოდიშებას თანაგრძნობის გამომხატველი დუმილით შეეგება და მორიგი თხოვნის აღსასრულებლად შეემზადა.
-თუ არ შეწუხდებით, ბეაქას უხმეთ!-თითქოსდა გამუტყდა ქალი.
-ბექას?!-გაოცებით ჩაეკითხა იგი.
-ჰო, ბექას, თქვენს მეზობლად უნდა ცხოვრობდეს…-და ხმის კილოთი, ნამალევად შეაგულიანა კიდეც, რათა ორიენტაცია მსწრაფლ მოეხდინა.
იგრძნო ეამა მისი ხმის გაგონება, ნეტა ვის მაგონებსო, წამით დაიბნა კიდეც, მერე შეფხიზლდა, გაახსენდა, რა ყოფაშიც იყო და იმ გრძნობას აღარ მიჰყვა.
-დაელოდეთ, წავალ და დავუძახებ…-მიანიშნა არ დაგაღალატიანებო, ყურმილი მაგიდაზე დადო და წამოდგომის წინ ჩვეული თადარიგი დაიჭირა.
მარცხენა ხელით საწოლის კიდეს მთელი სხეულით დაეყრდნო და მარჯვენა მხრით წინ გადახრილმა ფეხები იატაკისკენ გადააცურა, თავისებურად ატრიალ-დატრიალდა და საწოლის კიდეზე წამომჯდარი შემოსვას შეუდგა.
მერე უცხო თვალისთვის გულისშემაღონებელი გრეხვით წამოდგა.
მიდიოდა და სხეულის ნაწილები, თითქოსდა ერთურთში ეხლართებოდა, ისე, რომ თავად მას, ზოგჯერ ეგონა მოძრაობისას, საკუთარ თავს, საკუთარი ტან-ფეხით ხიბლიხვანჯარას ეთამაშებოდა; გამუდმებით გამოჰყავდა ხან ”ხერხი”, ხან ”აკვანი”, ხან ”წყალი”, ხან ”ხიდი” და ხან რაღაც ისეთი უცნაური სახება, ხელზე შემოხვეული ბოლოებგადაბმული ძაფით ვერცერთი ბავშვი, რომ ვერ დახვლანჯავდა.
”ბექას უხმეთ!”, უტრიალებდა გონში, ”ამ ბოლო დროს ეს ჩვენი ბექა საეჭვოდ პოპულარული გახდა”.
კეთილად ეღიმებოდა, კვლავ იმაზე ფიქრობდა, დღემდე, მეზობელთაგან ტელეფონზე სალაპარაკოდ ვინღა არ მომიწვევია, ბექა კი, არავის მოუკითხავს. რა საინტერესოა, მასთან საუბარი, თან ასე ზრდილობიანი ტონით, ნეტა ვის მოეპრიანაო… იმაზე წუხდა, მის სახლამდე მისვლას დიდ დროს მოვანდომებ და შესაძლოა ამბავის მიტანა დამიგვიანდესო…
”იმ ქალსაც ეცოდინება ჩემი გასაჭირი…”, დააიმედა მერე თავი და უნებლიეთ უცნობი ქალის ხმის გაგონება ლამის მოენატრა.
ეზოდან რომ გააღწია, ალისფრად შემკულ ცისკიდურს შეავლო თვალი და მისი მშვენებით მოხიბლულმა, თითქოსდა მომაჯადოებელი შუქის ბილიკზე მომავალი ბექა შენიშნა.
ნეტავი, წეღან, კაქტუსის იდუმალ აყვავილებას ხომ არ შევასწარი თვალი და მართლაც სასწაული ხომ არ მომელანდაო, გაიფიქრა გულუბრყვილოდ.
შეყოვნებული ცნობისმოყვარედ მიაჩერდა მომავალს და უნებლიეთ რაღაც ენიშნა.
მოხდენილ, ახალგაზრდულად ტანწერწეტა ბექას სახეზე ამოუცნობი ღიმილი დასთამაშებდა. მხარზე გადაცმული თოკის რგოლზე სალამურები და შიბაქები, თითქოს აკიდოსავით ჩამოკონწიალებოდა.
შიო კვლავ იმ მომაჯადოებელი შუქის ბილიკის დანახვას ეცადა და წამით გაიფიქრა, ეგ რაღაცით მართლაც ძალად მოგიჟიანებულ წინასწარმეტყველს ჩამოჰგავსო…
-შიოს ვახლავარ!-იმგვარი ნიშნის მოგებით მიესალმა, ალბათ ნაფიქრალს მიუხვდა იგი.
-დილამშვიდობისა!-გულღიად გაეპასუხა,-შენთან მოვდიოდი, ვიღაც ქალბატონი ტელეფონთან გიხმობს…
-ალბათ შიბაქი ჭირდება!-მყის დაასკვნა მან,-ამას წინათ შუაღამეზე მომაკითხეს, ტელეფონით რაღას მირეკავს, გამოვიდეს ბაზარში და იქ შეარჩიოს…-თოკზე აკინძულ სალამურებსა და შიბაქებზე, ისე ვით გიტარის სიმებზე, ნარნარად ჩამოუსვა ხელი.
-მაინცადამაინც შიბაქი მინდაო, არ უთქვამს, ბექას მიხმეთო, მთხოვა…-ჩაიღიმილა თავისებურად წელგამართულმა შიომ.
-სალამურზე დაკვრა თუ უნდა ისწავლოს, ჯერ მაინც შიბაქზე დაკვრით უნდა დაიწყოს, გამოვიდეს ბაზარში და შენი ხათრით, ერთ შიბაქს ვაჩუქებ…-არ შეიტეხა გიჟად შსახელებულმა, ერთი შიბაქის ბოლო პირთან მიიტანა და წამით სალამურივით აახმიანა.
-იქნებ, რაიმე სხვა საქმე აქვს…-შიოს ძალზე არ სურდა იმ ქალის გაწბილება,-მიდი, დაელაპარაკე, რა იცი, იქნებ სასიკეთო ამბავი შეგატყობინოს…-ბექა ეზოსკენ მიიპატიჟა და ჭიშკარი გამოაღო.
-გამაგიჟებენ ეს ქალები, ბავშვს რომ დასვამენ, შიბაქი მერე ახსენდებათ… მაგრამ მალე აღარავის დაჭირდება, ასნარ ამოსაცმელს და შემშრობს შემოიტანს ჩვენი ბიზმენსმენები. შიბაქი და აკვანი, მუზეუმებსს თუ შემორჩება აქა-იქ… აბა, აბა, სულ მალე გადაირევა ცხოვრება, ტელეფონზეც არვინ შეგაწუხებს, ყველას ექნება ჯიბეში, ერთმანეთთან სარკიანი აპარატურებით ილაქლაქებენ… კოსმოსური ხომლდები სინთლის გვირაბებით იფრენენ! მაგრამ იქამდე თავისუფლება, თავისუფლებას ძახილში ერთი ვაი-ვუი ატყდება, ამ საქართველოს კიდევ უფრო დიდი დავიდარაბა და გაუგებრობა ელის, მაგრამ მერე და მერე მართლა გაბრწყინდება, დედამიწა გადასხვაფერდება, მოგზაური პლანეტა მოგვაგნებს, უფრო სრულყოფილები იქ გადავლენ საცხოვრებლად… სიკვდილის პრობლემა აღარ იქნება, რა ფორმასაც გინდა იმას მიიღებ… ტყუპისცალებით გაივსება ქვეყანა, სიყვარულის ამბავი სულ სხვანაირად იქნება… ნიჭიერი ბავშვის გაჩენის ამბავი უპრობლემოდ მოგვარდება, ოღონდ, ნიჭიერება სხვანაირად იქნება გაგებული… აბა, ლექსს და მუსიკას სარკიანი აპარატურაც დაწერს… ოღონდ იქამდე ძაან აირევა აქაურობა, ქალები ერთიანად შარვლებში და სპეცტანსაცმელში იქნებიან გადაცმულები, კურტუმოები პონჩიკებივით ექნებათ… ბევრი ქალი გაკაცდება და ბევრი კაცი გაქალდება… ნახევარი საქართველო საშოვარზე საზღვარგარეთ გაიქცევა, ზოგი გაბოზდება, აგერ სიპიტოს გოგო…
-გაჩუმდი, მაგისთვის ხომ გცემეს შე კაცო, შეარჩიე სიტყვა…-გააფრთხილა მის უთავბოლო საუბარს მიჩვეულმა შიომ.
-რა ვქნა, ასე ვხედავ და… შენთანაც აღარ ამოვიღო ხმა…-უგუნებოდ გადაუხვია გზიდან და ეზოში შეაბიჯა.
-ჩემთან ჰო, მაგრამ სხვასთან მოერიდე ასეთ ლაპარაკს…
-ჰოდა, შენ გეუბნები, შენ, მაგ შენი ტანის ხლართვა-გრეხვით ხიფათს ბევრჯერ გადარჩები და აგერ გვერდზე ზღაპრულ ქვეყანას აღმოაჩენ…-კეთილად გაუღიმა, მკვდარიც რომ ვიყო არ დამივიწყო,-საფლავთან მოდი და ჩამომძახე… გავიგებ…
-კარგი, კარგი, განძის აღმოჩენას ნეტა ვინ ამბობს, ერთი ძველებურად გავივლიდე და…
-ეგ შენი გამოცდაა, აგერ ჩვენი რაიონის კომკავშირის მდივანი ბერად შედგება და დიდ თანამდებობას მიაღწევს… ბაღის კიდეში, სადაც სტალინის ძეგლი იდგა ეკლესიას ააშენებენ… ედუარდი ხომ მოინათლა, რამდენიმე წლის უკან ვამბობდი მაგას და იმ პერესტროიკას სულზე რომ არ მოესწრო ნამდვილად ჩამაყუდებდნენ…
შიოს გაეცინა, გაახსენდა, დაბაში ხმა, რომ დაირხა, რაიკომის მდივანი მოსკოვიდან გააფრთხილეს, მაგ გიჟს ხელი არ ახლოთ ”გლასნოსტის” გაღრმავებას უწყობს ხელსო…
-ცხრა აპრილიც ვიწანასწარმეტყველე, ფრთხილად იყავით მეთქი... მაგრა ვინ დაგიჯერა… აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებითაც ვიძახდი ინტრიგებს ნუ ავყებით, ჯერ მოვძლიერდეთ მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა, კოალიციური მთავრობა შექმენით, ზვიადის ნუ დაამხობთ მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა, თავისუფლება, თავისუფლება ბღავილში ქვეყანა გაპარტახდა, ათასი ჯურის ქვემძრომს მიეცა გასაქანი და გაზიდეს ქვეყანა… სანამ ასე მაჭარივით ვიქნებით, არაფერი გვეშველება, მაგრამ მერე და მერე მოვჯდებით, ნელ-ნელა გამოვალთ აჯანყებული მონების როლებიდან და ვიგრძნობთ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა… ოღონდ, ბოლოს ციდან ისეთი სასწაული ინფორმაცია და გამოგონებები წამოვა, დედამიწა აღარ გვეყოფა საასპარეზოდ…
-კარგი, კარგი დამშვიდდი, ტელეფონზე გელოდებიან, წინა კარიდან შედი!..-დააჩქარა შიომ და ხალხში დარხეული ხმა გაახსენდა ”გორბაჩოვის პერესტროიკამ” ჩვენთან, ყველაზე მეტად ჭკუაარეულ ბექაზე იმოქმედაო…
წამით მოეჩვენა, საკუთარი სხეულით იდუმალი ხიბლიხვანჯარას სახეები კი არა, რაღაც ნიშნები გამოჰყავდა….შეკრთა ”მგონი, ბექასგან გადამედო…”, გაიფიქრა და გაეღიმა.
-ჰო, ჰო რავა გაუზიდიათ ეს მიწა, თან ჩრდილოეთის მხარეს ჩავარდნილ ადგილას ყრიან, ბაბემ დაგვთარსა სწორედ, ავად აგვიხდება ამ ინტერვენტის წაყრუება… ქაღალდზე, მიღებული დამოუკიდებლობა რას გვიშველის, რუსეთი არ მოგვეშვება, დერჟავა ჩვენს ინტელექტუარ გენს ვერ შეელევა, დიდი ხიფათები გველის…-წაიბურტყუნა სახლისკენ მიმავალმა ბექამ.
შიოს გაეღიმა, მაგრამ მაინც ფხიზლად მოავლო თვალი ეზოს და იგრძნო, მოძალადედ მზრუნველ მეზობლებს ხვეტა-ხვეტაში, მართლაც მოეხერხებინათ მიწის გაზიდვა.
მერე ღია ფანჯარაში შეამჩნია ყურთან მიტანამდე ყურმილი ბექამ რა უნდოდ შეათვალიერა…
შიო ვაშლის ხესთან შეყოვნდა, სახლში შესვლა არ ინდომა, გაფრთხილდა, მისი იქ ყოფნით ბექას უხერხულობა არ ეგრძნო. თავი ააღერა, სულის საამებლად აალისფერებულ ცისკიდურს შეაჩერდა და მოეჩვენა, იქ შორეთში, დაფიონის შუქზე კაქტუსიდან წამიერად ამოტყორცნილი ყვავილი გადაიშალა და უეცრად სასწაულის მოვლენისა შეეშინდა.
-გიჟია ვიღაცაა!-ბექა სახლიდან ბურტყუნით გამოვიდა,-საიქიოდან გამოცხადებულივით არ გამიბა ლაპარაკი…-მერე მისეული მანერით, წინასწარმეტყველურად შესძახა,-ვგრძნობ, ვგრძნობ ის დადგმა თავისას არ იშლის და ისევ ხიფათს გადამყრის!..-გასაცოდავებული იერით საკუთარ თავს გამოესარჩლა იგი.
-რა დადგმა, რომელი?!-დაიბნა მასპინძელი.
წამით ბექამ, თითქოსდა წაუყრუა, სახეზე მჭუნვარება აესახა.
-დიდი ხნის ამბავია ეს, ბავშვი იყავი, შიძლება გახსოვს კიდეც…-ორჭოფულად წარმოთქვა მერე. უცებ იმგვარად გამოცოცხლდა, გეგონებოდათ გამოსავლის მიგნებამ სულზე მოუსწროო, ომახიანად გააგრძელა,-ჩემი მამობილის, ცხონებული გობრონის დაწერილი და დადგმული… ჩემს სატრფოსთან ერთად ქართულს რომ ჩამოვუვლიდი, მაყურებელი ჭკუას კარგავდა!-თოკზე ასხმული შიბაქების ბოლოები სათითაოდ ჩამოიტარა პირთან, რამდენიმე მათგანი კვლავ სალამურივით აახმიანა და წაიცეკვა.
-მერე რაო, რა მინდაო?-თავისდა უნებლიეთ, ისევ იმ ინტერესს მოეცვა იგი.
ბექამ ცეკვა შეწყვიტა და გაკვირვებით შეაჩერდა.
-ჰმ, გიჟია, ვიღაცაა, ვერც მივხვდი ვინ იყო, მომინდომა ჩაძიება და ზოგ-ზოგი სცენის გახსენება; ყოფილი თეტრალი ვარ, და გობრონისეული დადგმის აღდგენა მწადიაო. არადა, არ მიყვარს ამ ამბავის გახსენება…დიდი აფეთქება არა, ჩიტი!-შესძახა უცებ, შეკრთა. შიოს მიაჩერდა,- შენ იცი რამე ამ ამბის, მართლა აპირებთ იმ დადგმის გახსენებას…
-მე არვინ შემხმიანებია, გახსენებით კი, მართლაც არ იქნება ურიგო, გობრონის და მისი შემოქმედების მოგონებას საღამო მივიძღვნათ… შენც მოგიწვევთ…
-ოღონდ, დრო შემირჩიეთ, ჭკვიანური ლაპარაკის დრო რომ მექნება, მაშინ, ისე დავბრძენდები, რომ…-შეყოვნებულს სახეზე აღელვება დაეტყო,-სიკვდილისწინა მონოლოგს წარმოთქვამდა მოძღვარი, როლში რომ შევიდოდა ისეთ ტრაგიკულ მუხტს გამოცემდა, დარბაზი თრთოდა… ბოლოს მიხვდებოდნენ მაყურებლები რომ იყვნენ და ისეთ ტაშს დასცხებდნენ რომ, იმხელა ჭაღი რხევას თუ კანკალს იწყებდა, აბა… იმ საღამოს კი მორიგ ტაშის გრიალში ვიგრძენი, ჩემი გამზრდელი მართლა მიდის ამ ქვეყნიდან. მაგრამ შიშისგან დაზაფრულმა ხმა ვერ გავირე, თან ვიფიქრე ვაი თუ ვცდები და წარმოდგენა რომ გავაფუჭო შევრცხვები მეთქი…-ბექა შეფიქრიანდა, კისერი უცნაურად მოღრიცა,-არ გემახსოვრება ეს შენ, ბავშვი იქნებოდი მაშინ…-გამორკვეულმა სიტყვა ვითომდა ბანზე აუგდო და შიბაქზე დაკვრით გზისკენ წაიცეკვა.
შიოს გაეღიმა, მაგრამ მოუსვენრობამ შეიპყრო, თავისთავად აძგერებული ხელი ვაშლის ხეს მოხვია და შიბაქის ჰანგზე ათამაშებულ ბექას გახედა. მწარედ ჩაეცინა.
იმხანად, მართლაც რომ ბავშვი იყო, მაგრამ გობრონისელი დადგმა კარგად ახსოვდა…



სიკვდილისწინა მონოლოგი

”ცხოვრება მგელია, თუ კომბლით არ დაუხვდი, დაგფლეთს…”, ნაღვლიანად წარმოთქვა ანაფორით შემოსილმა გობრონმა, გარემოს ნირწამხდარმა მიმოავლო თვალი და თავის მიერ დაწერილ პიესაში მოცემული რემარკისდა მიხედვით, ”აღზრდილის” ბრალდებით შეძრულმა, ჩვეული მონოლოგი წამოიწყო.
ბექა, ანუ ბატონიშვილი, ვისაც გობრონი ცხოვრებაშიც და აქაც, (სცენაზე) მამობილად ეკუთვნოდა, გამომწვევად იდგა.
მერე გობრონმა ჩვეულებისამებრ მუხლი მოიყარა და მონოლოგი სასოწარკვეთილი ხმით განაგრძო. დარბაზში მაყურებელმა ქალმა წაიქვითინა, იქვე გოგოც აჰყვა და აღრენილმა კაცებმა გამაფრთხილებელი შეძახილებით მათი ჩაჩუმება სცადეს.
ბოლოს, გობრონი პიესაში საგულდაგულოდ აღნიშნული რემარკისდა მიხედვით, იატაკზე მოწყვეტით გაიშხლართა, პიესისეული ტექსტი მიატოვა და სასიკვდილოდ ახრიალებულმა, რაღაც სხვა სათქმელის გამხელა მოინდომა.
გამომწვევად მდგომ ბექას უცებ გულმა უგრძნო, ვითომდა მომაკვდავად გარდასახვის მოსურნე გობრონს, მართლაც რაღაც უჭირდა. ტაშისცემის თანმდევი შეძახილებით გართულ დარბაზს გაოცებით გახედა, თითქისდა აღსარების მოსურნე მამობილს შიშით დააშტერდა და გახევდა.
გობრონმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და რაღაც შესჩურჩულა. ელდანაცემ ბექას დაყვირება მოუნდა, მაგრა ხმა ვერ გაიღო, უშნოდ ალუღლუღდა.
ქვემოდაბის კულტურის სახლის სცენაზე გაწოლილი, არაბუნებრივად მოხრილი გობრონი რაღაცას იბარებდა. თითქოს იცოდა, ასე საქვეყნოდ უნდა მომკვდარიყო და მოლოგების წარმოთქმაში გაწაფული იმ ”თეატრალური აღსარების” ბოლო ფრაზების სხვა წინადადებით ჩანაცვლებას ლამობდა.
ჩაჩოქილ ბექას მისი ხმა, თითქოს ესმოდა, მაგრამ სიტყვების გააზრებას ვერ ახერხებდა.
სცენის კუთხეში, იატაკზე მოკალათებულ ბავშვებთან ერთად მიყუჟულ შიოს დადგმის ფინალი უცნაურად ეჩვენა და გულმა რაღაც უგრძნო. გობრონის მიერ შეთხზულ და დადგმულ დრამას მეათედ მაინც უყურებდა. სასოწარკვეთას მიცემული ”აღმზრდელის” სიკვდილისწინა მონოლოგიც ზეპირად იცოდა და ტაშისცემისა და შეძახილებში გამოღწეულ სიტყვებს კანტიკუნტად აღიქვამდა.
ჰოდა, ამგვარი მოგონებით შეძრულ კაცს მივიწყებული გრძნობა განუახლდა… უკვე მერამდენედ იხსენებდა იმ უცნაურ ეპიზოდს. დაძაბული ელოდა ”თეატრალური აღსარებიდან” ყურმოკრული სიტყვების გახსენებას, მერე წარმოსახვაში გამოხმობილი გობრონისეული დადგმის თანამიმდევრულად აღდგენას ცდილობდა.
მაშინ, ბიჭებთან ერთად სოფელ-სოფელ დაჰყვებოდა სცენისმოყვარეებს და პიესის მსვლელობა გულში, თითქმის გადამღერებული ჰქონდა. ახლა შეფარვით აანალიზებდა მის შინაარს და რწმუნდებოდა, რაღაც წინასწარმეტყველურ და იდუმალებით მოცულ ამბავთან ჰქონდა საქმე.
შიგადაშიგ მომაკვდავ გობრონის მინავლებული ხმაც ჩაესმოდა და თრთოლვით ელოდა ტაშისცემას და შეძახილებში გამოღწეული სიტყვების გონებაში ამოტივტივებას.
-ჩარბილიას გორა!-შესძახა მოულოდნელად და გაოცებამ მოიცვა.
კი, უკვე მყარად იყო დარწმუნებული, რომ გობრონმა ჩარბილიას გორა ახსენა. მაგრამ აღმოსავლეთით მდებარე, დაბის ბოლოდან ძლივს თვალმისაწვდომ, მივარდნილ, გაუკაცრიებელ ადგილად მიჩნეული გორა, გობრონისთანა თეატრალურ კაცს, სიკვდილის პირას რამ მოაგონაო, გაიოცა. დაბნეული ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ ქოთანსა და შიგ ჩარგულ მზისფრად დაწინწკლულ კაქტუსს გამომცდელად შეაჩერდა. უნებლიეთ მისი ”ნემსებიდან” უჩვეულო ყვავილების ამოკაშკაშებას დაელოდა…
მერე ეზოდან ფიჩხის ცოცხის ხმა მოესმა. ფიქრიდან გამორკვეული უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-კარაგად მოუსვი, კარგად, შე არგადასარჩენო!-ჩვეულებისამებრ სისინა ხმით შეუწყრა თავის დებილ ქალიშვილს ბაბე.
”ბარე მოთხარონ და ისე გაიტანონ, ეს დალოცვილი მიწა…”, გაიფიქრა გულშეწუხებულმა.
”ინტერვენტი ბაბე”, როგორც ბექამ მისი მეზობელი მონათლა, ეტყობოდა თავის დებილ ქალიშვილ ბროლასთან ერთად მის ეზოში, მორიგ ”სანიტარულ დასუფთავებას” იწყებდა.
მის მიერ, მზაკვრულად შემოთავაზებულ ”სათავისო ქველმოქმედება” აგერ, უკვე რა ხანი იყო, შიოს გუნებას უმღვრევდა… რამდენჯერმე მორიდებით შეკადრა: ბაბე ბიცოლა ნუ შეწუხდები, აქაურობას როგორმე მივხედავო, მერე გააფრთხილა კიდეც, თავი დაანებეთ ამ გაუთავებელ ხვეტასა და ფოცხვას, შემოდგომაზე მიწაზე დავარდნილი ფოთლის ცქერა დამაცალეთო, მაგრამ ბაბემ შეურაცხყოფილი ჭირისუფალივით შეიცხადა: უიმე, თავი მომიკვდეს, დედაშენს სულ დაწკრიალებული ჰქონდა აქაურობა და მე დაუგველს, როგორ დავტოვებო?!
არადა, შიოს კი არა, მთელ სამეზობლოს ჰქონდა შემჩნეული, რომ ბროლა ბაბეს მითითებით, ცოცხით მოგვისას, მარჯვედ ახერხებდა ფოთლებთან თუ გაზეთის ფურცელთან ერთად რაც შეიძლება მეტი მიწა მიეხვეტა, საგანგებოდ ფსკერჩაღრმავებულ ტაშტისკენ… მერე იმ მიწით სავსე, თავზე ფიჩხებწაფარებულ ტაშტს მარჯვედ მიარბენინებდა თავისი ეზოს ჩარღმავებული ნაწილისკენ…
და როცა ერთხელ შიომ მოძალადე მეზობელს მოკრძალებით უთხრა; ეს ნაგავი აქ ვე დაწვით, წელს რას იწყვეტთ მისი თრევითო, ბაბემ შეიცხადა: აბა როგორ გეკადრება, აქაურობას, როგორ ავახრჩოლებო…
და ასე დღე დღეს მისდევდა. ბაბე ასე კვირაში ორჯერ მაინც, თავის დებილ გოგოს, ჩვეული გულმოდგინებით დასჭყივლებდა: რას უყურებ, შე მიწა გასათხრელო, მოკიდე ხელი ცოცხს და ტაშტს, გადადი და დაასუფავე იქაურობაო. ბროლაც უმალ წამოავლებდა ხელს ერთსაც და მეორესაც, შექეზებულ ნაგაზივით გამოქანდებოდა შიოს ეზოსკენ და თავგანწირვით იწყებდა ორიოდე დღის უკან გამოცოცხილი ეზოს დაგვას… თანდათანობით, საგანგებოდ ძირჩარღმავებულ და სათავე შემოჭეჭყილ თავის ტაშტს ემსგავსებოდა…
შიოს ბექას ნათქვამი გაახსენდა: ”ჰო, ჰო რავა გაუზიდიათ ეს მიწა, თან ჩრდილოეთის მხარეს ჩავარდნილ ადგილას ყრიან, ავად აგვიხდება ამ ინტერვენტის წაყრუება… ქაღალდზე, რომ დამოუკიდებლობას მივიღებთ, მერე მიწებსაც მიიტაცებენ, ჩრდილოეთით უზამენ პირს…”, გაეღიმა და თუმც მისი ნათქვამი სრულად ვერ გაითავისა. ბექას მიმართ კი, უნებლიეთ გაიფიქრა: რაღაცით ეს კაცი სალოსს ჰგავსო… კვლავ სცადა კაქტუსზე გადაეტანა მზერა, იგრძნო ტელეფონის ღუღუნა ხმის გაგონებას ელოდა; იქნებ, ბექასთან გასაუბრების მოსურნე ქალს ხელახლა დაერეკა. ამასთანავე წარმოსახვაში ჩარბილიას გორას შეთვალიერება მოიწადინა, მაგრამ ვერ შეძლო, არც უნდა გაჰკვირებოდა, რადგან იქაურობისთვის მხოლოდ შორიახლო მდებარე ოღროჩოღრო გზიდან თუ ჰქონდა თვალი შევლებული; ბავშვობაში, მანქანის ძარაზე შეჭუჭკულ, ციტრუსების საკრეფად გაყვანილ თანაკლასელებთან ერთად რამდენჯერმე თუ აევლო და ჩაევლო იმ აღმართ-დაღმართა გზაზე.
ბავშვები, ჩარბილიას გორას ერთს თუ შეავლებდნენ თვალს, მერე მის ზემოთ, კლდეში გამოქანდაკებულივით ნაშენ ციხის ნანგრევისკენ გაურბოდათ. იმ ციხეს ”ყივჩაღის ციხეს” ეძახდნენ და იქაურობის მოვლა ბევრ ყმაწვილს ნატვრად გადაქცეოდა.
ბოლოს, შიო ფიქრებიდან გამოერკვა. მზისფრად დაწინწკლულ კაქტუსს, თითქოსდა რჩევა ჰკითხა:
-ჩარბილიას გორა ხომ არ მოგვენახულებინა?
კაქტუსი, რომელიც საუკუნოდ მიძინებული პითონის თავზე მოქცეულ პირამიდას ჰგავდა და გეგონებოდათ პაწია ქოთანს ჩაყლაპვით ემუქრებაო, მრავლისმეტყველი დუმილით შეეხმიანა… მოეჩვენა ყურზე ნიჟარა მიადეს და მან შორეულ აფრიკაში მისანი ქალის ნამღერი ლოცვა გაიგონა.



მახრჩობელა სხივი თუ…

მზიანი დილა თენდებოდა, შიომ სიამით ახედა კამკამა, თავისებურად თვალსაცერა ცას და ავტო მთელი სიჩქარით გააქროლა, რათა თავისებური შემპარავი ხმაურით აფუსფუსებულ დაბას გასცლოდა.
კულტურის სახლის შენობას, რომლის მასიურ კართან მისასვლელი ქვის კიბის ყოველი საფეხური, ასე ეგონა მთელს სხეულში ჰქონდა აღბეჭდილი, იჭვნეული კრთომით გახედა… წამით ნაცნობ სცენაზე ასვლა და გობრონისეული დადგმის გახსენება თუ გააზრება მოუნდა… ”ეს ხომ სამსახურში გამოცხადება იქნება, რომელიმე სცენისმოყვარემ სცენაზე თუ შემისწრო, მერე თავს ვერ დავიხსნი…”, გაიფიქრა და იმავე წამს, თითქოსდა სხეულთან შერწყმული ავტოს სიჩქარემ წარიტაცა, როგორც ერთგულ მეგობარს ისე მიენდო…
-შენ, რომ არა, რა მეშველებოდა…-როგორც სულიერს ისე მიმართა.
გაახსენდა საჩუქრების დაკანონების პროცესში უშიშროების სამსახურის თანამშრომლები რა იჭვნეულად იძიებდნენ, რა კავშირი ჰქონდა აფრიკული ”ჯუჯა სახელმწიფოს” იუიუ გიუმაგოს სამეფო კართან. გაეღიმა… უთხრეს კიდეც; ეგ გორბაჩოვის ”პერესტროიკა”, რომ არა, შესაძლოა, ეგ აფრიკული ნობათი, ვერც მიგეღოო… მერე იქ მომუშავე ახლობლისგან გაიგო, რომ ქოთანში ჩარგული კაქტუსი და მცირე მოცულობის, განსაკუთრებული შეკვეთით დამზადებული კოხტა ავტომობილი, საბჭოთა კავშირის იქაურ საკონსულოში, აფრიკული სახლმწიფოს სამეფო კარზე ფრიად გავლენიანი მისანი ქალის დაჟინებული თხოვნით მიუღიათ. განსაკუთებით კაქტუსს უნდა გაფრთხილებოდნენ, რომელსაც თურმე იმ მხარის კეთილი სულების ლოცვა მოჰყვებოდა. სამეფო კარის წარმომადგენლის ვერბალურ ნოტაში ხაზგასმული ყოფილა, რომ კეთილი სულების მიერ მოვლენილი ჭაბუკის ცეცხლოვანმა ცეკვამ, ციური თვალის ნასროლი ისარი აისხლიტა და ქვეყანა მოსალოდნელ სატანჯველს გადაარჩინა. ”კგბ” ოფიცრის თქმით, თუმც ყოველივე ეს ანეკდოტურ შემთხვევას უფრო ჰგავდა, სახელმწიფო ინტერესებოდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ იქნებოდა თუ შიო ამ ამბავს გარეშე პირებს გაუმხელდა… სასურველი იყო, კაქტუსიცა და ავტომობილიც მეგობრების მიერ მორთმეულ ”აფრიკულ ნობათად” გაესაღებინა.
მერე მანქანის გაფორმებაზე ატარეს კარგა ხანს და ბოლოს აფრიკულ სახელმწიფოებში მაშინდელი პოლუიტბიუროს ერთ-ერთი წევრის ტურნემ უშველა…
საჭესთან მჯდომმა მწვანით მოსილ მთაგრეხილს გახედა. გარბენა მოუნდა, ისე როგორც ბალღობაში… მალე ”აფრი” აღმართს აუყვა, მერე გზიდან გადაუხვია და ბილიკისმაგვარ კლაკნილ გზას ნადირს გამოდევნებულ მწევარივით მიჰყვა. ძრავა თავისებურ შრიალა ხმას გამოსცემდა და შიოს სუნთქვაც, იმ ხმას შენივთოდა.
ავტომობილი აღმართს, თითქოსდა ნაცადი სიმკვირცხლით გაუმკლავდა და შიო წამით დაეჭვდა; ნეტა, აქ ადრე, მე და ჩემი ”აფრი”, ადრეც ხომ არ ამოვსულვართო. მანქანა ჩარბილიას გორაზე, თვალისთვის, მიწიდან უცაბედად ამოზიდულ ნანგრევის ზოლთან მსწრაფლ შეაჩერა. საძირკვლის ნაშთი, მიწაში ჩაკირქვებული ქვების წყება, ჩაჟამებული და ხავსმოდებული იყო. შიოს სიყმაწვილეში ყურმოკვრით გაეგონა, რომ ერთ დროს, აქაურობა, ამ მხარეში გადმოხვეწილ, ვინმე აზნაურ ჩარბის, ეკუთვნოდა.
ვითომდაც დაქვრივებულ აზნაურს, სასახლის ასაშენებლად ამ გორასთვის დაედგა თვალი, მაგრამ საძირკვლის სანახევროდ ჩაყრა ძლივს მოესწრო. ჟამთა ცვალებადობის გამო, ქალიშვილთან ერთად იძულებული გამხდარიყო სამშობლოს საზღვრებს გასცლოდა და გადახიზნულიყო.
მერე აზნაურიც და მისი გორაც უმტკივნეულოდ მიივიწყეს, სანამ კარგა ხნის შემდეგ, ერთმა საქმოსანმა კაცმა აზნაურის ნამოსახლარად მიჩნეულ ადგილზე, რესტორნის წამოჭიმვა არ იფიქრა. მაგრამ, გორაზე საამშენებლო ადგილის შესამზადებლად აყვანილ ცხრა მუშიდან ოთხი უცაბედად დაიღუპა.
ერთმა მათგანმა, სამხედრო სამსახურიდან ახალდაბრუნებულმა ბიჭმა, მიწის თხრისას ჩაქცეულ სოროში წრუწუნა დაიჭირა, ატაცებულმა, ვითომდა სხვების შესაშინებლად, გაღებული პირისკენ დაუდევრად გააქანა. დაფეთებული წრუწუნა ხელიდან გაუსხლტა, პირში მართლაც შეუხტა, უმალვე ყელში გაეჩხირა და გაგუდა.
ის იყო იმ საცოდავს, დასაფლავების შემდეგ მუშებმა ჩარბისეულ საძირკველთან, როგორც ამბობენ ”ჭიქა წაუქციეს”, რომ ჭარმაგ კაცს ყელზე ლუკმა დაადგა, ახრიალდა და სული განუტევა. იმასაც ამბობდნენ, საძირკვლიდან გამომძვრალმა მორიელმა უჩუმრად დაგესლაო. მერე მუშაობის გასაგრძელებლად, ძალისძალად აყვანილ შვიდ კაციდან ორს, შებინდებისას მოჩვენება წამოელანდათ და გულგახეთქილები თხრილში ჩაცვივდნენ და ჩაიხოცნენ.
ბოლოს, ის საქმოსანიც კი დაფრთხა, თუმც დაბეჯითებით სწამდა, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო…
ავარდა ჭორი, ჩარბილიას გორა ავსულების საბუდრად შერაცხეს და თავად აზნაურ ჩარბის საეჭვო ვინაობის გამოქექვაც ინდომეს… მაგრამ ვერც ვერაფერი დაადგინეს, ვერც ის, მისი გვარს ”ჩარბის”, ვინმე დიდგვაროვანის ტუჩი, ბაგე, ლაშის თავისებურება თუ რომელიმე მტაცებელი ფრინველის ნისკარტის წარმომავლობა ედო საფუძვლად… გულის მოსაოხებლად ასნაირი ჭორი მიაბეს ერთმანეთს…
შიო უნდოდ ათვალიერებდა საძირკვლის ნაშთს და ცდილობდა აზნაურ ჩარბის ჩანაფიქრით ასაშენებელი სასახლე წარმოედგინა. ბოლოს, უჩინარი მოჩვენების დანახვაც ინდომა… შიშნეულად გარინდებული საკუთარ სიფრთხილეს დარჯობდა.
და უეცრად, პირველად, გობრონისეული დადგმიდან მოსმენილი ეკლესიასტეს შეგონება მოაგონდა:
-ყოვლისათვის ჟამი არს, და ჟამი ყოვლისა საქმისაი ცასა ქვეშე…-წამიწყო ჩურჩულით, შეყოვნდა, დარწმუნებული გახლდათ ტექსტის სხვა ნაწილი არ იცოდა, მაგრამ თავისდა გასაოცრად გააგრძელა,-ჟამი არს შობისაი და ჟამი სიკვდილისაი; ჟამი არს ნგრევისაი და ჟამი მოფხვრად დანგრულისაი მის… ჟამი არს სიყვარულისაი და ჟამი სიძულვილისაი; ჟამი არს ბრძოლისაი და ჟამი მშვიდობისაი, ჟამი არს დარღვევისაი და ჟამი აღშენებისაი; ჟამი არს განყრად ქვათა და ჟამი შეკრებად ქვათა…
მთის კალთასთან აღმართულ კლდეში, ოდესღაც ჩაშენებულ ციხის ნანგრევისკენ გაიხედა და მოეჩვენა იქაურობა ვეებერთელა სავარძელს ჩამოჰგავდა. რაღაც ენიშნა, უჩვეულო ჟინით მოინდომა მზის სხივებით მოვარაყებულ სავარძლისთვის ძალუმად, ჩამძიებლურად დაედგა თვალი. შემდგომ, კვლავ იმ იდუმალი გრძნობის კარნახით სავარძლიდან არეკლილ უჩინარ სხივს გამოაყოლა მზერა და საძირკვლის ნაშთის მიღმა, იმ სხივისგან დაგებულ უცნაურ მახეს წააწყდა.
მახე, რაღაცით, თითქოსდა ადრეული ხანის მონადირისგან დაგებულ ”თვითდამჭერს” ჩამოჰგავდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, ალბათ, შიგ მოხელთებული ადამიანის უცებ მოკვდინება შეეძლო.
შემკრთალი იქაურობას გამომცდელად შეაცქერდა.
უცებ, ჩაკირულ ქვათა ღრმულში შეყუჟული ჭუჭუკალია შეამჩნია. იგრძნო, იგი უჩინარ მახეში დაბუდებულ ცეცხლის ალთან გარინდულიყო. ჩაეცინა, ეს უმწეო მწერი, ალბათ ინსტიქტით გრძნობდა, რა სიფრთხილით მიახლოებოდა უჩინარი ცეცხლის მახრჩობელა გორგალს.
ბოლოს და ბოლოს ძალუმად მოუნდა ბედისწერის გამოწვევა. შეემზადა მსხვერპლად ქცეულიყო. მხნედ გადავიდა ავტოდან, საძირკვლის ნაშთიც უყოყმანოდ გადალახა და უჩინარ მახეში შვებით შეაბიჯა. შეაბიჯა და ჩვეულებისამებრ სხეულით განსახიერებული ხიბლიხვანჯარას მორიგი სახებაც თან შეიყოლია.
ამან უშველა: იმავ სხეულზე ელვისებურად შემოგრაგნილ სიმხურვალეს თავისდა უნებლიეთ დაუსხლტა. გულისხმის წყალობით ფეხი მოინაცვლა და კვლავ მორიგ ”სახებად” განსხეულებული”, ისევ ფათერაკს მიღმა აღმოჩნდა. თითქოს საკუთრ თავთან აღარ იყო, თითქოს უცნაურ ფრინველად გადაქცეულიყო და ცაში ფრენდა. საოცარი, მომხიბლავი განცდა დაუფლებოდა. მიწაზეც იყო და ცაშიც, რეალურად აღიქვამდა გარემოს, თუ კითვას დაუსვამდნენ პასუხის გაცემაც შეეძლო, მაგრამ ცაში მონავარდეს იმგვარი იერი ჰქონდა მნახველს შეაკრთობდა, დააფიქრებდა. ბოლოს და ბოლოს მთლიანად მიწას დაუბრუნდა. მძიმედ ამოისუნთქა. გული დასწყდა ასე უბრალოდ, რომ დამთავრდა ის საოცარი გარდასახვა.
სამშვიდობოს გაღწეული უცნაური მახის ადგილსამყოფელს ნიშნისმოგებით მისჩერებოდა. შეფიქრიანებულმა ისევ იდუმალ სავარძლისკენ გააპარა მზერა და მოულოდნელად მოაგონდა, ამგვარი, ოქროსფრად საზურგემოჩუქურთმებული სავარძელი, სიყრმეში თვალნათლივ, სინამდვილეში, რომ ეხილა.
ავტოსკენ, რაღაც სხვაგვარი მოვალეობით შეპყრობილმა გააგრძელა გზა. შიგ ჩაჯდა და ცეცხლოვანი მახის ადგილსამყოფელი რამდენჯერმე გადაამოწმა.
და როცა თავდაღმართში დაშვებული ავტოს საჭეს ორივე ხელით იყო ჩაჭიდებული, მოეჩვენა იდუმალმა სავარძელმა მისკენ ცეცხლოვანი ქამანდი გადმოისროლა. მაგრამ იგი, როგორც იქამდე არავინ, კვლავ მარჯვედ დაუსხლტა მახეს და თითქოს ”აფრიმც” მხარი აუბა.



სავარძელი, აი, აქ იდგა…

”სავარძელი, აი, აქ იდგა…”, რიდით იხსენებდა ძველისძველ სცენაზე განმარტოებული შიო და წარმოსახვაში, ტაშისცემასა და შეძახილებში გამოღწეული სიტყვების მეშვეობით, წარსულის ლაბირინთებში მიმქარალი სავარძლის რესტავრაციას ლამობდა.
შიგადაშიგ ლოჟაში წამოსკუპებულ, უცნაურად აღგზნებულ კუტს ხედავდა, ვინაც მალული ბორგვის კვალდაკლვალ ლამის იმ სავარძელში გადმოფრენილიყო…
დიდშუბლა საპყარს, ჩამძიებლური გამომეტყველების, დიდრონი თვალები ჰქონდა და თავდაპირველად მისი ხილვისას, მამამისის ფეხებთან ატუზულ, ექვსიოდე წლის შიოს, შიშნარევი ცნობისმოეყვარეობა აღეძრა. მონუსხულივით შეაჩერდა სავარძელში გაშეშებულ კაცს, ვისაც მამამისი მორჩილად ეპასუხებოდა და შეპარვით უღიმოდა.
”სავარძელი, აი აქ იდგა…”, შიო წარმოსახვაში, იმ სავარძლის გარშემო უნებლიეთ დაბისეულ დასახლებებს და მათ კვალდაკვალ მთელ სამყაროს აღიქვამდა. თითქოს, აქ, სცენისმოყვარეთა ძველისძველ სცენაზე, მეხსიერებაში შემორჩენილი ცხოვრებისეული ფრაგმენტები წიაღსვლებით დატვირთულ მიზანსცენებად ისახებოდა.
მაგრამ ქუჩაში შეკრებილ ადამიანთა ყაყანი, მის ფიქრს შიგადაშიგ მღვრიე ტალღასავით გადაუვლიდა … მორიგ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართული მიტინგის მონაწილენი შესაძლო იყო, უცაბედად შენობაშიც შემოჭრილიყვნენ…
ქვეყნად პოლიტიკანების ბუმი იდგა…
შიოს, მართლაც ალალად ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ეროვნულობის ნიშნით აგორებულ მოძრაობაში, იმდენად განსხვავებული წარმომავლობისა და ბიოგრაფიის ხალხი ბობოქრობდა, რომ უკვე იჭვით უცქერდა ამგვარ მიტინგებს…
”არა, ასე არ გვეშველება, ბევრს, ისევ სათავისოდ უყვარს ეს ქვეყანა და მხოლოდ სახრავად უნდა, უფრო ბევრს კი ვერ გაუგია, სად შეიტენოს ეს თავისუფლება, როგორ და რანაირად იცხოვროს რუსეთის გარეშე… ამ ხალხმა ჯერ ერთმანეთის სიყვარული და გულწრფელობა და სულგრძელობა უნდა ისწავლონ… გავნთავისუფლდებით და ავყვავდებით, ბორჯომის წყალი გვარჩენსო… თავიდანვე რჩენაზე იყო ყურადღება… ჰოდა, გეშინოდეთ, განთავისუფლებული მონების!.. რომ მოშივდებათ ერთმანეთს დაჭამენ!..”, ხშირად იმოძღვრებოდა ბექა.
და შიოს უნებლიეთ ეჩვენებოდა, რომ ბედი ამ ქვეყანას ხიბლიხვანჯარას ეთამაშებოდა. მცოდნესა და არმცოდნეს ენებზე მიმობმული ძაფებით მარჯვედ გამოჰყავდა ”თავისუფლება”, ”დემოკრატია”, ”დამოუკიდებლობა” და იქვე ”დასცხე!”, ”მოწამლე!”, ”მოკალი!”…
განმარტოებულს სევდიანად გაეღიმა… ”არა, სინამდვილეს, თვალს არ ვარიდებ, ჩემისთანა ხეიბარს სხვა რა შეუძლია, ვემსახურები კულტურას, მომავალი თაობის აღზრდას, უხმაუროდ ვაგრძელებ ქართული საქმის კეთებას…”, შეფიქრიანდა, სცენა ისევ დაზვერა: ”სავარძელი, აი, აქ იდგა…”, ოქროსფრად მბზინვარეს მაღალი, შანდლისფერი ფეხები ამშვენებდა, და რაღაცით შემთხვევით შემორჩენილ რელიქვიას ჰგავდა… სახიჩარს მგონი იგი იდუმალი ძალაუფლების სიმბოლოდ მიაჩნდა, იზიდავდა და აშინებდა კიდეც… ”ქვისლოედის ნათლია” მართლაც, საინტერესო კაცი იყო… რაღაც იცოდა, მაგრამ რეჟიმის შიშით, იმ რაღაცის მოძიებას ერიდებოდა…”
კუტის მადლიერი მსახიობი ყვებოდა: ”სწავლის გაგრძელება, რომ ინდომა, ცხენი ვერ იშოვა და ყავარჯნებზე გამოკიდებული ჩამოვიდა იმ მიყრუებული სოფლიდან, ათი კილომეტრი მაინც გამოიარა წვალებით, კომაქტივისტთა შეკრებას დაესწრო, მერე მოსკოვში ამოჰყო თავი, უკან თანამდებობაზე დანიშვნის განკარგულებით ხელდამშვენებული დაბრუნდა… მერე და მერე ოლქში მესამე კაცი იყო… დაჭერას ოთხჯერ გადაურჩა და ბოლოს, საგზაო სამმართველოს მმართველად, რომ დანიშნეს, ქვისლოედის მაფიაც მოაძლიერა. სავარძელიც მერე გააკეთებინა თავისი გემოვნებით და შიგ უშნოდ მოკალათებულ, ერთი შეხედვით უმწეო კაცს, აქ კი არა, რუსეთშიც დიდი გავლენა ჰქონდა… საურთიერთობოდ გული არ მიგივიდოდა, გაშინებდა კიდეც, მაგრამ გაცნობის მერე ისე შეგიჩვევდა, უკვე ახლობლად მიგაჩნდა… ერთგულებას აფასებდა და ხელის გამართვაც იცოდა…”
ეს შიომაც იცოდა; მამამისი იოველ აფრაძე, ფეხმარდი, მკვირცხლი კაცი საპყრის კეთილგანწყობითა და ნდობით სარგებლობდა. სიჭაბუკეში ქვემოდაბის კოოპკავშირთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე გახლდათ და როგორც მისი თაყვანისმცემლები იხსენებდნენ, მაყურებელს გასაოცარი ცერულით აკვირვებდა.
ლოჟაში მჯდომი კუტი, ყოველ მის გამოსვლას მხურვალე ტაშისცემას შეაგებდა თურმე. მეცენატურად განწყობილმა მისი ფეხმარდობა სათანადოდ შეაფასა და დაბის კავშირგამბულობის მუშაკად დაანიშნვნინა.
თავდაპირველად იოველს საქმისა ცოტა თუ გაეგებოდა, მაგრამ ის მახარე, როგორც ხუმრობდნენ ცერებით ჰქონდა მოვლილი და ყოველ სოფლამდე მისასვლელი უმოკლესი გზა იცოდა; ნადირივით დაძვრებოდა ღრე-ტყეში; ხშირად სტუმრად ჩამოსული ხელმძღვანელი მუშაკის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიმე მთაში მიკარგულ სოფელთან ტელეფონით დაკავშირების საშუალება თუ არ ჰქონდათ, იოველ აფრაძე უმოკლესი გზით ჩაიტანდა ამბავს…
ამასთანავე, საპყარი მხოლოდ იოველს ანდობდა დალუქულ პაკეტს, რომელშიც გადასაცემი თანხა თუ საგანგებო დავალებების ნუსხა იდო, რადგან იცოდა იგი ადრესატამდე ხელუხლებელი მივიდოდა.
ასე ერთგულად ემსახურებოდა იგი პატრონს, სანამ მორიგი ”მალემსრბოლელობისას”, კუტის ნაჩუქარი ”პობედით” მისგან უამრავჯერ ნაცად გზიდან არ გადაიჩეხა.
იოველ აფრაძე, ანუ როგორც კუტი შინაურულად უხმობდა ”იო”, სახიჩარმა სახელმწიფო ხარჯით დააკრძალვინა. შიოს დედა, ნაადრევად დაქვრივებული მაკა კი ერთი პირობა, რატომღაც აითვალისწუნა.
შავებით მოსილი მაკა, ერთხანს ბედის მორჩილი და გულჩათხრობილი შეიქმნა. მაგრამ ერთხელაც, განწყობა შეეცვალა და კუტს სამსახურის სათხოვნელად მიაკითხა. როგორც ჩანს შემიოირიგა კიდეც, რადგან მალე, დაბაში ახალგახსნილი, ერთადერთი საბავშვო ბაგა-ბაღის გამგედ დაინიშნა; შიო მეზობელ ქალაქში არსებულ ცეკვა-სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვთათვის განკუთვნუილ სახელგანთქმულ ინტერნატში მიაბარეს, მისი და სამუსიკო სკოლაში.
პატარ შიო, მამის მაგვარად მშვენივრად ცეკვავადა ”ცერულს” და კუტი, ახლა მისი ცეკვის ხილვისას გამოხატავდა აღფრთოვანებას. ერთხანს შიოც მამისეული კრძალვით შესცქეროდა კონცერტზე დასასწრებად მობრძანებულ შავი ”ვოლგიდან” საგანგებოდ ნაკეთებ ეტლში გადმონაცვლებულ ”საპყარს”. გარდაცვლილი მამის მოკეთედ და თავის მფარველად მიჩნეული კაცის ”ყოვლისშემძლეობით” ამაყობდა. ქვეცნობიერად, ალბათ იმგვარი ძალაუფლების მოპოვებას ესწრაფვოდა, რაღაცით მისი კუტობაც ხიბლავდა…
შიოს მწარედ გაეღიმა, იმდროინდელმა ბავშურმა გულუბრყვილობამ დაამწუხრა და საკუთარ თავს ნიშნი მოუგო: ”გხიბლავდა და დაემსგავსე კიდეც…” თავი გადაიქნია, რათა ის შეგრძნება ჩამოეცილებინა.
”სავარძელი, აი, აქ იდგა…”, მაგრამ მერე, როგორც ჩანდა, თეტრის რეკვიზიტს დიდიხნით არ შერჩა, თანაც, იმდროინდელ ინვენტარიზაციის გაქექილ დავთარში არც კი იყო აღნიშნული. იქნებ გობრონმა თავისეული დადგმისთვის იგი კუტისგან ინათხოვრა, ან იქნებ…”, დაეჭვდა, რომ გობრონსა და კუტს ერთი საიდუმლო, ან რაღაც ამისდამაგვარი აკავშირებდა, რომ ფარულად, ორივე იმ საიდუმლოს დაპატრონებას ცდილობდა. და შიოს კლდეში ჩაშენებულ ციხის ნანგრევებზე განსხეულებული სავარძელი წამოეჩვენა….
-სავარძელი, აი აქ იდგა…-ჩაილუღლუღა შემკრთალმა და წამოეჩვენა მითიური სავარძლიდან გამომკრთალი გობრონის აჩრდილს, საპყრის აჩრდილი გადაეღობა.
გუმანმა უკარნახა, აქ, ამ ერთი შეხედვით უბრალო სცენიდან უჩვეულო დრამა იღებდა სათავეს, რაც მომავალში შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თამაშში შესაღწევად, თავისებური მეკვლე გამხდარიყო…
”ყველაზე ადრე, ბენე-ხალამპრე მოეგო გონს. სცენაზე შემოირბინა, ბექა მისწია და გობრონის წამოსაყენებლად დაიხარა. ჰო, ისიც ვიფიქრე, ეს როდის იყო ამ დროს გამოდიოდა მეთქი… ჰო, ჰო იქნებ მაგან გაიხსენოს რამე…”, და უეცრად ის სათავსი მოგონდა, სადაც დრომოჭმულ დეკორიაცათა ფრაგმენტები, ესა თუ ის თეატრალური კოსტიუმი და რეკვიზიტი ინახებოდა. იქაურობა მრავალჯერ ჰქონდა დათვალიერებული, მაგრამ, მაინც შეიპყრო იმ იმედმა, იქნებ სადმე გობრონისეული სავარძელია გადანახული და ვიპოვოო… სცენიდან თავისეული ხიბლიხვანჯარას უიჩინარ სახეთა მიმოქცევით კულისებში გავიდა, იქიდან კი იმ სათავსისკენ გასწია. გასაღებების ასხმულის ამოსაღებად ჯიბეში ჩაიყო ხელი.
ახლა, უფრო გარკვევით ისმოდა მიტინგზე ენადგაკრეფილი გამომსვლელის დაპირებები… შიოს თითქოს ხმა ეცნო, ”მე მგონი სამალავში უნდა იყოს…”, გაიფიქრა გასაღებზე და უნებლიეთ ორატორის ვინაობაც ამოიცნო: ”კი, დუდე ნუგეშისმცემელი უნდა იყოს…” , კეთილად გაეღიმა.
სათავსთან მიახლოებულმა შემჩნია კარი ოდნავ გამოღებული იყო, და ოთახიდან სინათლის შუქი გამოდიოდა. ”ვინ უნდა იყოს?..”, დაინტერესებულმა კარი ფართოდ გამოაღო. კუთხეში გამართულ თაროებზე დაზვინული ნივთები, გამოქვაბულში გადამალულ, ყავლგასულ ნაალაფარს ჰგავდა. საკიდრებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის სამოსი ეკიდა. იქვე ოცი წლის, მოხდენილი აღნაგობის ქალი, მკერდმოქრგული კაბის მოზომებას აპირებდა…
”დარო…”, გაკრთა შიოს გონებაში, მაგრამ უმალვე მიხვდა, რომ გობრონისელი დადგმის პერსონაჟი წამოელანდა.
-გმარჯობა შიო…-შინაურულად მიესალმა გოგო და გაუღიმა, დარია ვარ, ვერ მიცანი,-დეიდაჩემის ნაქონმა კაბამ დამაინტერესა, ხმა დაირხა, ძველი სპექტაკლის აღადგენას აპირებენო, ვიფიქრე იქნებ დეიდაჩემის ნათამაშები როლი შემომთავაზონ მეთქი… ხომ იცი თეტრალურში ვოცნებობდი ჩაბარებას, იმ შტერს, რომ არ მოვეტაცე ახლა სტუდენტი ვიქნებოდი… მიხდება არა…
შიო დაიბნა.
-ძალიან…-წამოცდა უნებლიეთ,-მაგრამ იმ დადგმის აღდგენის შესახებ ჩემთან არც არავის არ ჰქონია საუბარი…
-ალბათ მოვლენ, ეტყობა სპონსორი გამოჩნდა,-გოგომ კაბა მიატოვა, შიოს მიუახლოვდა და სავსე, მიმზიდველი მკერდის სურნელი შეაფრქვია,-ისე მინდა, ისე მინდა, მაგ როლის თამაში, დარო ხომ დედაჩემის დეიდაშვილი იყო და დეიდად მეკუთვნის, გავხარო, ბავშვობიდან მეუბნებოდნენ…-და შიოს მაცდუნებლად შეაჩერდა.
კაცმა იგრძნო თავს ვეღარ ფლობდა…
-ჰო, ჰო, მართლაც ჰგავხარ…-ერთიანად ამ ქლის სურვილმა შეიპყრო. თავს უჩუმრად შეუძახა და გადაწყვიტა იქაურობას გაცლოდა, მაგრამ გოგომ თავი მის ყურისკენ მისწია და შესჩურჩულა:
-ბავშვობაში ვგიჟდებოდი შენს ცეკვაზე, მაშინ ვერც მამაჩნევდი… იმ შტერს რომ არ მოვეტაცე, შენთან მოსვლა მინდოდა და იმის თქმა, რომ…-სახე ყელთან ჩამოუტარა, ბაგითაც შეეხო.
და შიო, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადი იყო, შეგნებულად ერიდებოდა ქალით გატაცებას, სხვაგვარად აღენთო. ხელები მოხვია ჩაკოცნა და აღგზნებული ისე მარჯვედ და ისე ვნებიანად ამოძრავდა, ქალი წამით გაოცებული მიაჩერდა, მერე თავადაც ჩაეხვია და მინებდა.
-რა კარგი ხარ, რა კარგი… რას ვიფიქრებდი ასეთი კარგი თუ იყავი…-ჩურჩულებდა მერე…
გათამამებულმა შიომ მარჯვედ წამოდგომა სცადა, მაგრამ სხეული არ დაემორჩილა სხეული ჩვეულებისამებრ მიეღრიც-მოეღრიცა. შერცხვა… ”აბა წეღან რა იყო, რა თავისუფლად და ბუნებრივად ვმოძრაობდი?!”, და უცებ ძალზე მოუნდა ჯანსაღ ადამანივით ბუნებრივად ემოძრავა. უცებ, ხიბლიხვანჯარას ხიბლიხვანჯარა მიაყოლა და სპონტანურად საკუთარ არსში უცნაურად გარდაისახა. იგრძნო აქაც იყო და იქაც. იქ ლივლივა წყალში, თითქოს დელფინივით მხიარულად დაცურავდა. ”ნუთუ ტელეპორტაციის უნარი მაქვს?!”, გაიფიქრა დაბნეულმა.
”რა საყვარელი ხარ, რას ვიფიქრებდი ეგეთი მოქნილი თუ იყავი…”, ვნებიანად შესჩურჩულა გოგომ და ისევ მოეხვია და მანაც ალერსი არ დაიშურა. ექსტაზში შესული სხეულს, ისევ ძველებურად, სახელოვანი მოცეკვავის შნო-ლაზათით ფლობდა. აქც იყო და იქაც, და ორთავეგან ლაღად და ხალისიანად შეჰხაროდა დანატრებულ მდედრს.
-მიდით, იაქტიურეთ, ნუ მოგერიდებათ!-თითქოს აქეზებდა მიტინგზე გამომსვლელი.
-რა საოცარი ხარ, რა საოცარი…-ეჩურჩულებოდა ალერსით კმაყოფილი თვალებმილული ქალი.



”ამაღლებულ გრძნობათა თეატრი”

-ამაღლებულ გრძნობათა თეატრიც, აი, ასე დაუოკებლად გიზგიზებდა!-პათეტიკურად შესძახა ბენე-ხალამპრემ, გაძვალტყავებული ხელი მხედარმთავრულად წამოსწია და სიმხურვალისგან სახურავგაწითლებულ ნახერხის ღუმელს ამაყად გადახედა…-რა ქვეყანა მოშალეს, რა დიდებული ქვეყანა!-ამოიხრა მერე.
”მორჩა, გადაერთო… ამას უკვე გობრონისეული დადგმის ასავალ-დასავალს კი არა, მშობელი დედის სახებას ვერ აღადგენინებ…”, იმედი გადაეწურა, იქვე, მაგიდასთან მჯდომ შიოს. იჭვი, რომელმაც ბერიკაცთან მოსვლისკენ უბიძგა, კიდევ უფრო გაუძლიერდა.
ბენე-ხალამპრეს, როგორც კუტთან დაახლოებულ პიროვნებას და ”კანონიერ ქურდად” შერაცხულ ”პართეს” მამინაცვალს, რაღაც მაინც უნდა სცოდნოდა იმისა, თუ რა შარში იყო გახვეული მამამისი. რამაც შემდგომ, მისი აზრით, დედამისისა და მისი დის სიცოცხლე შეიწირა.
მაგიდას სამნი უსხდნენ: ბენე-ხალამპრე, ოთხმოცდაათს წელს გადაცილებული, თითქოსდა ტანსაცმელში ჩალეული, მაოცარი ბერიკაცი. მეთოდე, _ჩოფურა, ცხვირმოღრეცილი, შუახნის თავმოტვლეპილი სამხერხაოს გამგე და მოგვიანებით შემოსტუმრებული შიო.
-პროგრესია, პროგრესი!..-თავგამეტებით შესძახა ოფლით შუბლდაცვარულმა მეთოდემ და ღვინით სავსე ჭიქა პირისკენ გააპარა.
-ახლა ნამდვილად დაათბობს ამ სიცხე-პაპანაქებას და მაგის გაყინულ ძვლებსაც ეშველება!-ვითომდაც მხარი აუბა ოთახში შემოფრატუნებულმა ფაშფაშა ცაცამ. კეცზე გამომცხვარი ხაჭაპური ხელების ფათურით შემოიტანა.
-ამაღლებულ გრძნობათა თეატრიც…-თავისთვის ჩიფჩიფებდა ახლა ბერიკაცი და შიოს უნებლიეთ, ცხრა მთას იქით მდებარე ქვეყანაში ნანახი ფილმის ერთ ეპიზოდს, სკივრში თავჩარგულ, ოდესღაც გადამალული, კახპა ქალის გაცრეცილი საცვლის სურნელით თავბრუდახვეულ, გადაღრჯუებულ ფანატიკს აგონებდა…
”…ამაღლებულ გრძნებათა თეატრი…”, ხომ ბენე-ხალამპრეს ცხოვრებისეულ კრედოს წარმოადგენდა. თავის დროზე, მისმა ამგვარმა ბჟუტურმა პარტიელთა მოწონება დაიმსახურა და ისიც, თავის მწირ შესაძლებლობებს არ იშურებდა მათი ”იდეალ-თავგადასავალები”, როგორმე გრანდიოზულად და ზეამაღლებულ ფერებში წარმოეჩინა.
საყოველთაო რეპრესიების წლებში, მუდამ წვერგაპარასული, ფრენჩისმაგვარ კოსტიუმს მორგებული, ჰალსტუხით მორთული ხალამპრე დილაადრიან მიეშურებდა დაბის კულტურის სახლისკენ. გზად შეხვედრილ, მანქანის კაბინაში ჩაყურსულ, მომნუსხველად მომზირალ კუტს მოწიწებით ესალმებოდა.
”რამდენჯერმე გთხოვე კარს ნუ ჩაკეტავ მეთქი, დაიმახსოვრე კულტურის სახლის ფილტვები, აი, ეს კარია!..”, ხმამაღლა და მრავალმნიშვნელოვნად ეტყოდა ნამალევ საყვარელს, ნაადრევად დაქვრივებულ, სცენისმოყვარე, მომღერალ ცაცას, რომელსაც შიგადაშიგ დამლაგებლის მოვალეობის შესრულებაც უწევდა.
”…ამაღლებულ გრძნობათა თეატრი!..”, პათეტიკური სიმკაცრით შესძახებდა ხალამპრე და გობრონის მომღიმარე იერს, თავის მზაკვრულ მზერას ჩაუსაფრედა. ეძალებოდა შეუბრალებელი სურვილი ამერ-იმერში, აჩემებულ დევიზის კვალობაზე ეთარეშა.
ამგვარმა ჟინმა მერე და მერე საზოგადო მოღვაწის სახელიც მოუხვეჭა, სამოქმედო სფეროს არეალი დდაქალაქის შუაგულამდე გაუფართოვა და ბოლოს, სადღაც იაკუტიაშიც კი მიიწვიეს, რევოლუციის ამსახველი კომდღესასწაულის დასადგმელად.
მაშინ ხალამპრეს ბენე ერქვა, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე სამოღვაწეოდ გასულ კაცს, მისი ერთი ფავორიტის აზრით, ამგვარი სახელი უფრო შეეფერებოდა.
როცა მისი სამოღვაწეო მზე ჩაესვენა, უცოლშვილოდ მიხრწნილი ბენე-ხალამპრე შეშინდა, მთლად უპატრონოდ მიგდებული არ აღმოვჩდეო და ქვემოდაბაში მიტოვებულ სახლ-კარსა და იქ, საქვეყნოდ გადიასახლებულ ცაცას დაუბრუნდა.
-კარგი, გეყოფა კაცო, ამ ვაშას ძახილით ნუ გააწყალე გული!-ბერიკაცის ჩიმჩიფზე აიმრიზა ქალი,-აგერ, ბაზართან მოლაყბე ბექაიე გიჟიც კი დაგცინის, ეს ქვეყანა ხალამპრეს ”პროგესივით” იფუშება და ჭკუა თუ არ გვეყო, დიდი და პატარც კვამლში ამოვიხრჩობითო!..
-შენ, თეატრი, ბალაგანი ნუ გგონია… დაეჩვიე, გობრონის სკეტჩებში ცუნდრუკს…-კაპასად დაადევნა ოთახიდან გასულს ბერიკაცმა,-თფუ, იმ ტვინგამოლაყებულის დასაცინიც, რომ შევიქენით… მაგრამ ძველ ობორონშჩიკებს, ასე ადვილად ვერ გადაუვლიან!..
-მიირთვით, მიირთვით!-ხაჭაპურის ეშხით გამასპინძლდა მეთოდე და დასათრევად შემზადებულ ნაჭერს სული შეუბერა.
-ამაღლებულ გრძნობათა თეატრს, სწორედაც იმ ვაშათი ჩაეყარა საფუძველი! ამაღლებულ გრძნობათა ნაკადი…-მორიგ მონოლოგის წარმოსათქმელად ყელი მოიღერა ბენე-ხალამპრე და ჩვეულებისამებრ ამოიხრა,-რა ქვეყანა მოშალეს, რა დიდებული ქვეყანა! ასე წვალებით შედუღაბებულ კავშირს დაანგრევდა ნორმალური კაცი.
ვაითუ, შესაფერისი შემთხვევა კვლავ ხელიდან დამისხლტესო, მღელვარება დაემჩნა შიოს და თითქოსდა დაუმსახურებლად შეურაცხყოფილ თეტრალურ მოღვაწეს გამოესარჩლაო, ისე ჩაურთო:
-თქვენი მხარდაჭერა რომ არა, ალბათ, ვერც გობრონი განახორციელებდა თავის ჩანაფიქრს.
-აა, კაცი!-უმალ აიტაცა ხალამპრემ,-ნაცადი აქვს დირექტორის ტვირთი… იმ აბდა-უბდა სპექტაკლის გამო ორჯერ დამიბარეს, კუტი რომ არა…-და უცებ გულმავიწყი კაცის პირობაზე, გეგონებოდათ გონება გაუნათდაო, იმგვარი ხაზგასმით წარმოთქვა,-ამ ბოლო დროს, პართეც ძაან დაინტერესდა გობრონის სპექტაკლის თავგადასავლით… სცენისმოყვარე დარო თეატრალურ რეკვიზიტთან ერთად იქნა გატაცებული, რის შედეგადაც კულტურის სახლმა გარკვეული ზარალი ნახა…
შიოს რეკვიზიტებისა და დაროს გაგონებაზე სახე შეუფაკლდა.
-ჰო, რეკვიზიტი…-დაუმოწმა დაბნეულმა.
-მაგრამ, ამჟამად, სულ სხვა რეკვიზიტთან გვაქვს საქმე. როგორც ჩემი ჩუქჩა ძმაკაცი მაფრთხილებდა, სანამ კაიური, მარხილში შებმულ ძაღლებს არხეინად მიერეკება, ცაზე შემთხვევით ამობორიალებული ვარსკლავი, მგლების ხროვას, შარშანწინდელ მადას უღვიძებს…-ბერიკაცმა ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და შიოს ორაზროვნულად გაენდო,-ამ ჩვენს პართეს ძაან უნდა, როგორმე კუტს დაემსგავსოს, მაგრამ ავიწყდება საკუთარ ხელ-ფეხს მეტისმეტად მარჯვედ, რომ ხმარობს…-კვლავ გულღიად ჩაიხითხითა და შემპარავი ტონით გააბა,-ციხიდან დაბრუნებული, კარგა ხანს ჩალიჩობდა ქვისლოედის ტუზებში გარეულიყო, მაგრამ აქაურ ჩარბიძეებს ერთი ქვეშეფსია დედაბერი შემორჩათ გაუთხოვარი და რაღას იზამდა… კუტის სავარძელს ვერაფრით დაიმშვენებს, კუტი სხვა იყო, რომ დაცლოდა დარწმუნებული ვარ აზნაურ ჩარბის განძსაც მიაგნებდა… გობრონის ნაბჟუტურებს თუ ვენდობით, რაღაც სხვაგვარი განძი უნდა იყოს, სხვაგვარად გამოსაყენებელი და არა ოქრო და ბრილიანტი, რავაც პართეს ჰგონია…
-სადან მოიტანე?-ვითომდაც გულგრილად იკითხა შიომ.
-გარდაცვალებისას, ვითომდაც იმ ჭკუანაღრძობ ბექას, რომ უბარებდა ანდერძს, მოგეხსენებათ საშველად მივაშურე… მასთან ჩავიჩოქე, იპოვე, იპოვე! ამის თქმა მოასწრო და მიიცვალა… ახლა რა აზრი აქვს დამალვას, მაინც ვერაფერს მივაგენი… ბექა კი, იმის მერე მთლად გამოშტერდა…
-პროგრესია, პროგრესი!..-აღრიალდა ცხელი ხაჭაპურით პირდამწვარი ჩოფურა.
-ჰო, ჰო…-თავისებურად ჩაიქირქილა ბენე-ხალამპრემ, მოგუგუნე ღუმელს ამაყად გადახედა და შერეკილივით აყვირდა,-და, და, და… აუ, რას უბერავს!..-ნახეთ რა კრიმანჭულივით უქცევს… ოღონდ, მაშინ, სულ პირველად, რაღაცნაირად მოუთვაებელი კონსტრუქციისა იყო…-ახლა სხვაგვარად აეშალა ლაპარაკის საღერღელი და სტუმრები თავმომწონედ შეათვალიერა,-ციხიდან გამოსულმა ლადიკომ ძველი კონსტრუქცია გააუმჯობესა, გვერდიდან დაუყენა ცეცხლის შესანთები ნახვრეტი… მაგრამ კოთხოს ნახერხით დატენვა ძველებურად სახლაფორთო იყო, თანაც წვისას ხშირად იგმანებოდა ხვრელი და კვამლით ივსებოდა ოთახი… მერე მეორედ, რომ დაიჭირეს, იქ ომიანობის დროს ამერიკაში ნამყოფ პატიმარს წააწყდა და ამინისტიაში მოყოლილმა, ახალი კონსტრუქცით დამიმზადა, მესამედ, რომ ჩაჯდა, იფიქრა, იფიქრა და ნახაზები პართეს ხელით გამომიგზავნა… მეც ფეჩი პირდაპირ გავხრიტე, სანაცრე ქვემოდან ამოვუდევი და ახლა თქვენც ხედავთ, პოლზუნოვის ორთქმავალივით ერეკება…
-მართლაც რომ… მართლაც რომ…-გულდაგულ დაემოწმა მეთოდე და უნებლიეთ საქმიანი იერით იკითხა,-მახსოვს, ეგეთი ფეჩი აქვსენტისაც ედგა…
-აქვსენტია მამაძაღლმა მე მომპარა სქემა… ოღონ, მის სრულ ტექნოლოგიას მაინც ვერ ჩასწვდა, ნესტმოკიდებულ ნახერხს, რომ ვერ მოუკიდა, იფიქრა, იფიქრა და კოთხოში ჩატენამედე კეცზე დაუწყო გაშრობა, მერე ფეჩის გუზგუზით თავი რომ მოეწონებინა… ერთ კვრაში სამ ურემ შეშას გამოუყვანა წირვა… ვაშაა!.. ნახეთ, ნახეთ რაფერ ერეკება…!-ხელი აღტაცებით გაასავსავა ბენე-ხალამპრემ და სიცხისგან სუნთქვაშეგუბებულ შიოს დაკვირვებით შეაჩერდა.
-კი, ოფლის მოსადენად მშვენიერი საშუალებაა…-საცოდავად გაუღიმა მან,-მგონი, თეატრის რეკვიზიტშიც წავწყდომივარ ასეთ ღუმელს,-ალალბედზე ჩაილაპარაკა,-გობრონი ხომ არ იყენებდა თავისი დადგმისთვის?..-მასპინძელს შეფიქრიანებული შეაჩერდა.
-აჰ, არა, ეგ პროგრესისგან შორს იდგა, მაგ თავის დადგმებში ყოველნაირად დრომოჭმულ რეკვიზიტებს ებღაუჭებოდა… მბჟუტავ ბუხართან თბებოდა, კვამლი ქვეყნიერების მარადიულ სიმბოლოდ ესახებოდა… არადა, მამაშენს კავშირგამბულობაში განვითარებულ კაცს ეძმაკაცებოდა…-და უცებ, გულშემატკივარი კაცის პოზით გააგრძელა,-იოველს ყველა პატიოსან კაცად ცნობდა, გობრონთან საძმაკაცოდ როგორ იცლიდა ახლაც მიკვირს… გასაოცარი ალღო ჰქონდა, მახსოვს კუტისგან შესახელებულმა, ჩარბიძეების ნაქორალთან, უფსკრულის პირას გამავალ, დაგრეხილ გზაზე, მთელი ოცი წუთი თვალებახვეულმა ატარა თავის პობედა… მთელ ამ მხარეს, საკუთარ ხელისგულივით სცნობდა, ისეთი ბილიკები ჰქონდა დაგულებული.ბოლოს კი, ისე უპასუხისმგებლოდ დაიღუპა… მგონი იმ ”იპოვეს” მნიშვნელობას არკვევდა.
-რაა?-გაფაციცდა შიო
ბენე-ხალამპრე იჭვნეულად გაყუჩდა, იგრძნო რაღაც ზედმეტი წამოცდა.
-ვხუმრობ, იმის თქმა მინდა, რომ შემთხვევით, ბრმად დაიღუპა, ბრმად!-და უცებ შიშნარევად წაიკნავლა-ნახეთ, ნახეთ, პირდაპირ ამაღლებულ გრძნობათა თეატრივით გუზგუზებს…
-გაუმარჯოს პროგრესს!-დრო იხელთა მეთოდემ და ღვინით სავსე ჭიქა წამოსწია.
და იმავ წამს, ღუმელში, ალბათ ფსკერისკენ ნაადრევად ძირგამომწვარი ნახერხის ფენა ჩამოინგრა. ხვრელი ანუ ღუმელის შიგნითა საკვამური ჩაგმანა, მხურვალე, ალმოდებული კვამლი, თითქოსდა თავგანწირვით ეძგერა გავარვარებულ სახურავს, ზემოთ აისროლა, ამოატრიალა და მაგიდისკენ მოისროლა.
სახურავმა ”პროგრესისთვის” ჭიქაშემართულ მეთოდეს ზედ მოტვლეპილ თავზე ლამის მეტეორიტივით გადაუქროლა და კინკრიხოზე კანიც კი დაუთუთქა.
ჩოფურამ გმირულად გაუძლო ”პროგრესის” გაუთვალისწინებელ თავდასხმას. ახრჩოლებულ ღუმელს ღირსეული სიმშვიდით გახედა, ცოტაოდენი ღვინო დათუთქულ თავზე დაისხა და ბენე-ხალამპრეს უსაყვედურა:
-ეგაა, ყურები, რომ გამოგვიჭედე უახლესი კონსტრუქციის პირმშოაო?! კინაღამ დაგვხოცა ეს ხალხი, ბარემ ზარბაზნად გადაგეკეთებინა შე კაცო…
-სველი ნახერხი შემომაპარეს ალბათ!-შეუწყრა, ვითომდაც უშიშრად გაშეშებული მასპინძელი.
შიოს ხველება აუტყდა და წამომდგარი კარისკენ წავიდა.
ამგვარი ვითარებისთვის ”გამობრძმედილი” ცაცა ოთახში ჩვრებმომარჯვებული შემოვარდა, სახურავი აიღო და ღუმელს მარჯვედ დაახურა.
-ყოჩაღ, ჩემო ცაცუნი, ექსტრემალურ პირობებში საზრიანად მოქმედებ!-შეაქო ბერიკაცმა და შიოს დაადევნა,-სად გარბიხარ კოლეგა? პროგრესი მსხვერპლს ითხოვს ხომ იცი!
-გმადლობთ, სხვა დროს გინახულებთ…-გამოემშვიდობა შეღებულ კართან სულმოთქმული და ხაზგასმით განაცხადა,-ამგვარი ფინალი ამაღელვებელ გრძნობათა თეტრსაც კი დაამშვენებდა…
-ჰო, ჰო,-გაიბადრა ბენე-ხალამრე,-მომავალში, ამაღლებულ გრძნობათა თეატრიც ასე იფეთქებს… რა ქვეყანა მოშალეს, რა დიდებული ქვეყანა! მაგრამ ძველ ობორონშჩიკებს, ასე ადვილად ვერ გადაუვლიან!..
-აღარ ყოფილა ჩვენი საშველი…-გაეღიმა შიოს და უნებლიეთ ბექას წინასწარმეტყველება მოაგონდა…
”ეს ქვეყანა, ერთხანს, ხალამპრეს პროგრესივით იგუზგუზებს, მერე უცებ ჩაიუფუშება და ტვინი თუ არ გავანძრიეთ კვამლი გავგუდავს…”, ”აფრისკენ” ხალიასიანად წავიდა.



უცხოგვარად მობერებული ქალი

-ჩვენთან დემოკრატიაა, გინდ შიბაქზე დაუკრავ და გინდ სალამურზე!-შესძახა ვიღაცაზე განაწყენებულმა ბექამ და ბაზრის შესასვლელთან შეჩერებულ ”აფრიდან” თანაგრძნობით მოთვალთვალე შიოს, თითქოსდა ორაზროვნულად გაუღიმა.
მერე პირთან სალამურის და შიბაქის ბოლოები ერთდროულად მიიდო და ორივე შეხმატკბილებულად აახმიანა.
კერძო დეტექტივის სულისკვეთებით შეპყრობილმა შიომ ავტომობილი ბაზრის შესასვლელის შორიახლო შეაყენა.
-მიდი, მიდი, ჩემო შიბაქო, წასალამურდი…-ქათინაურივით დადევნა ფაშვგამობერილ კაცს ბექამ.
ხალხი მიჩვეული იყო მის ამგვარ ქარაგმებს, თანაც ბაზრის მესვეურთაგან კოლორიტულობისა და მომხმარებლის მიზიდვის უნარის გამო, ხელშეუხებლობის სტატუსი გააჩნდა.
”თუ შემამჩნია იმ ამბით ზედმეტად ვარ დაინტერესებული, შესაძლოა საუბარში არც ამყვეს, თავისებურად გაიშტერებს თავს და მორჩა…”, ხეიბარი მასთან მისასვლელ გზას ზვერავდა. ”რით დავიწყო, როგორ შევაპარო…”, შყოვნებული იმ ფათერაკის მოკვლევას შეეცადა.
…მაყურებელი გვიანღა მოეგო გონს და ქალების კივილმა იქაურობა შესძრა. შეშინებული ბავშვები დაბნეულები წამოცვივდნენ, რამდენიმე მათგანი იქაურობას გაშორდა. შიო მეგობარ ბიჭთან ერთად ადგილზე გარინდულიყო. მერე ბექა სასოწარკვეთილი აყვირდა:
-გობრონ! ადექი გობრონ, გეყოფა თამაში, მართლა მკვდარს ნუ დაემსგავსე!
გობრონს, რა თქმა უნდა, წამოსადგომი პირი არ უჩანდა. ბექამ მისი წამოყენება რამდენჯერმე უშედეგოდ მოიწადინა. მერე უბიდან სალამური დააძრო, აამღერა და გობრონისეული დადგმის მიხედვით სასიყვარულო სცენის გათამაშებას შეუდგა. მაშინ კი იაზრა ხალხმა, ეტყობა ჭკუიდან გადასცდა საცოდავიო, სალამური წაართვეს, და სცენას განარიდეს.
მაგრამ რაიონული მილიციის სამძებრო განყოფილების უფროსს, კაპიტან ღვიმბრიძეს, ვინაც ბექას, როგორც ეჭვმიტანილის მიმართ საქმის აღძვრა ითავა, კარგა ხანს არაფერი ეშველა… ”რაღაცას მალავს და არტისტობსო…”, დაბეჯითებით იმეორებდა იგი. უფრო ბექას სცენისეული სატრფოს, თვრამეტიოდე წლის, მომხიბლავი ქალიშვილის დაროს გაუჩინარების ამბავს იძიებდა, რომელიც გობრონის გარდაცვალებით გამოწვეული არეულობის ფონზე, ყველასდა მალულად, შეუმჩნევლად იქნა გატაცებული. არვინ უწყოდა ცოცხალი იყო თუ სადმე საიდუმლოდ გამოკეტილი.
როგორც კაპიტანმა ღვიმბრიძემ თავის მოკვლევაში აღნიშნა, ბოროტმოქმედმა ისარგებლა რა საერთო დაბნეულობით და სიბნელით, კულისებში მარტოდ დარჩენილი და შეშინებული ქალიშვილი, კიდევ უფრო შეაშინა, გულწასული ნაბდებში გაახვია და შენობიდან ფარულად გაიტაცა.
ეჭვმიტანილი კაპიტანმა კარგა ხანს აწვალა, სანამ ერთხელ, მორიგი დაკითხავისას ჭკუაარეულმა პისტოლეტის ბუდეში ჩამალული შიბაქი არ ამოაცალა და სალამურივით არ აახმიანა.
იქ მყოფი მილიციის თანამშრომლები ერთხმად ახორხოცდნენ და ეს ამბავი ელვისებურად მოედო დაბას. საქმე იმაში იყო, რომ მეოთხე, ახალდაბადებული გოგოსთვის შეძენილი შიბაქი, ღვიმბრიძეს შინ მიტანამდე პისტოლეტის ბუდეში გადაემალა.
შეურაცხყოფილმა კაპიტანმა გიჟად მიჩნეულს შიბაქი გამოსტაცა და იზოლატორიდან კინწისკვრით გამოაგდო.
ბექას კი, წართმეული სალამურისა თუ შიბაქის სანაზღაუროდ მათი გამოთლის ჟინმა წამოუარა და მალე შიბაქისა და სალამურის დამზადების ისეთი უჩვეულო ნიჭი გამოამჟღავნა, რომ დაბასა და მის მიმდებარე სოფლებში, რაღაც ერთ თვეში გაითქვა სახელი. არტისტობაზე ფიქრი მიატოვა, დიდი ხნის მანძილზე კულტურის სახლსაც შორიდან უვლიდა გვერდს… განმარტოებული გატაცებით თლიდა შიბაქებს და სალამურებს, კვირაობით ბაზარში ხალისიანად მიჰქონდა.
”ცხოვრება მგელია თუ კომბლით არ დაუხვდი, დაგფლეთს!..”, მრავალმნიშვნელოვნდ, დიდაქტიკური ტონით აფრთხილებდა მუშტარს, თითქოსდა წარსული ცხოვრებიდან, მხოლოდ ეს ფრაზა შემორჩენოდა.
არც დაბელები ახსენებდნენ მაინცადამაინც იმ ავბედითი დადგმის ფონზე გათამაშებულ ფათერაკს, რომლის დროსაც სამივე წამყვანი გმირი, სხვადასხვაგვარი, თითქოსდა ელვისებური უბედურების მსხვერპლი შეიქმნა.
მოგონებებით შეპყრობილი შიო შეიშმუშნა; ”გეგონება, ჯადოქრის ხელი ერია; გობრონმა სცენაზე განუტევა სული, მის აღზრდილს გონება აერია, სცენისეული, თვალწარმტაცი სატრფო კი, იმავ დროს კულისებიდან იქნა გატაცებული, რის შემდეგ საერთოდ გაუჩინარდა…”
სხეულში მწველი სიტკბო ჩაეღვარა; დარია მოაგონდა, რომელიც აგერ ერთი კვირა იქნებოდა, სახლიდან გამოპარული, შუაღამისას მალულად სტუმრობდა და ისიც, მის ნებას მინდობილი, ქალის ალერსში, თავიდან იბადებოდა.
კაცი გრძნობდა, დაროს მიმართ ბავშვობიდან გამოყოლილი, ნამალევი სიყვარული შლიდა ფრთებს.
”თუ არ შეწუხდებით, ბექას უხმეთ!”, მოაგონდა ქალის საამო ხმით ნათქვამი: ”დაროს ხმას ჰგავდა, კი დაროს ხმა იყო…”, მოეგო უცებ გონს და გაფაციცდა.
ბაზარში შემავალ-გამომავალთაგან, არც ისე ბევრი გახლდათ შიბაქისა და სალამურის მყიდველი, მაგრამ ჩვეულებისამებრ, მაინც გარკვეულ ყურადღებას იჩენდნენ ბექას ნახელავის მიმართ; ხელში იღებდნენ, ათვალიერებდნენ, ოხუნჯობდნენ და ზოგი მათგანი ბექასთან შელაზღანდარების შემდეგ, რომელიმე მათგანს ან ორივეს ერთად, როგორც სუვენირს ისე ყიდულობდა.
-სწორი არჩევანია, გონივრული გადაწყვეტილებაა… მალე ჩვენთან, ტურიზმი განვითარდება, შიბაქ-სალამურები ტურისტების მოზიდვაში დაგეხმარებათ…-გადაწყვეტილებას უქებდა მორიგ კლიენტს ბექა და უცებ ჩვეულებისამებრ ჩაურთავდა:-ჩვენთან დემოკრატიაა, გინდ შიბაქზე დაუკრავთ, გინდ სალამურზე!..
-მშვენიერი ნახელავია!..-მოესმა შიოს ნაცნობი ხმა.
კრთომით მიაბრუნა თავი და ბექას მხართან თავდახრილი ტანმაღალი, თეთრკაბიანი ქალი შენიშნა. ”ისაა…”, გაიფიქრა უნებლიეთ და წარმოსახვაში ნალოლიავები, მომხიბვლელი იერის უკეთ შეთავლიერების წადილით აღივსო…
და თითქოს ბედისწერამ ნიშნი მოუგოო, წელში გამართული ქალი მისკენ შემობრუნდა.
შიო გახევდა და უცებ შეშინდა კიდეც.
მოხდენილი აღნაგობის ქალი უცხოგვარად მობერებული ჩანდა; თავისებურად დაღვლარჭნილ, ალაგ-ალაგ დაღრღნილ-დაღრუებულ და ნიკაპწამობურცულ სახეზე რაღაცნაირი, მოჩვენებით თუ გუმოზური იერი ეფინა. თითქოსდა ახალბედა თეატრალივით, გრიმის წებოვანი, ფერადი სალბუნით ცხვირის, ნიკაპისა და ღაწვების ფორმა მეტისმეტი სულსწრაფობით შეეცვალა. ხოლო მოკლედ შეკრეჭილი თმით კი, თითქოს იმ იერის გადაფერადებას ლამობდა…
”არა, შემეშალა…”, უნებლიეთ უნდობლობამ შეიპყრო…
-ძალიან სწორ არჩევანს აკეთებთ ქალბატონო… დიდ ინვესტიციას უტოვებთ მომავალს… ასე ორმოცი წლის შემდეგ, საქართველო გამორჩეული ქვეყანა იქნება ევროპაში…-დამოძღვრა ბექამ და შიბაქებისა და სალამურების ასხმულა ხალისიანად გადასცა.
-ვეღირსებით, ვითომ?..-შესცინა ქალმა.
-სწორედაც, აქაურ-იქაური ქართველი, რომ გვეყოლება პრეზიდენტად, აქაურ-იქაურად, რომ გაგვწრთნის და დაგვაკვალიანებს, აა, მაშინ… სასწაული მოხდება…
უცნობმა რაღაც ალერსიანად უთხრა და გამოემშვიდობა.
შიო იჭვნეულად უთვალთვალებდა; ხალვათად მორგებულ კაბაში შემალული სხეულის მოხდენილობას ნირწამხდარი აკვირდებოდა. მერე იგრძნო უნებლიეთ მალული სიამე ეუფლებოდა.
”აფრი” ადგილიდან დასძრა და ქუჩის განაპირას მიმავალი ქალის ადევნება განიზარახა.
-ნუთუ ისაა?!-შიშნარევი ჩურჩულით ჩაეკითხა საკუთარ თავს, თან ისივ უკვირდა, ამგვარად უცნაური ინტერესი რომ მოეძალა სახემანკიანი ქალის მიმართ.
ვიღაც მემწვანილე თავისი ურიკით მანქანას გადაეღობა და სანამ შიო მისთვის გვერდის ავლას მოახერხებდა, სახეზე უცხოგვარად მობერებულმა ქალმა ლურჯად დატალღული შეფერილობის, იაპონური წარმოების მოგრძო ავტომობილს მიაშურა. იქიდან გადმოსული ცხვირმოკაუჭებული, მიმინოსებრი იერის, მომცრო ტანის მამაკაცი მორჩილად შეეგება. შიბაქებისა და სალამურების ”ასხმულა” თავაზიანად ჩამოართვა და მანქანისკენ წაიღო. მერე უკანა მხარის კარი გამოაღო და ქალის მანქანაში ჩაჯდომას დაელოდა.
მომხიბვლელი გარეგნობის ავტომობილს ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი ხალხი მისჩერებოდა და ”აფრი” კვლავ შეყოვნდა.
წინა ავტომობილი დაიძრა. შიომ თვალი მოჰკრა შიგ მჯდომი, ბექასგან შეძენილ შიბაქებსა და სალამურებს ჩაძიებით სინჯავდა. იმარჯვა ”აფრი” მთავარ გზაზე გაიყვანა და აღმოსავლეთისკენ მიმავალ ავტოს მიჰყვა.
მოეჩვენა ავბედითი დადგმის ფონზე გათამაშებულ ფათერაკს, კვალში ედგა…
მოულოდნელად ლურჯად დატალღულმა ავტომობიულმა ჩარბილიას გორასკენ მიმავალ გზაზე ჩაუხვია. შეცბუნებული შიო წამით შეყოყმანდა, მაგრამ ავტოს საჭე, მაინც იქითკენ მიმართა. შეამჩნია აზნაურ ჩარბის ”ნამოსახლარამდე” სახელდახელო სამანქანო გზა გაეყვანათ. საამშენებლო ტექნიკითა და მასალებით გარემოცულ საძირკველის ნაშთთან კი ხალხი ფუსფუსებდა.
უმალვე უჩინარი სხივებიდან დაგებული მახის ადგილსამყოფელისკენ გაექცა მზერა და იქ, თითქოსდა საძირკვლის ნაშთის მზისყურში, ბუნებრივად ფერმიხდილი მეტალისგან ნაგებ, უცნაურსარკმლებიან კოშკს წააწყდა.
გამოდევნების სურვილი გაუნელდა. დაბნეული მზერა მიმოატარა და იმ სახელდახელო გზის ბოლოს შეყოვნებულ მოგრძო ავტომობილიდან გადმოსულ ქორისებური იერის, მომცრო ტანის კაცს თვალი აარიდა.
-რა ხდება აქ?!..-გასძახა მერე აღმართს შემდგარ შაოსან ქალებს და ავტო შეაჩერა.
-ჩარბილიას გორაზე მკურნალი ნანამზე კლინიკას აშენებს, გამოცოცხლდება აქაურობა, იქნებ ჩვენც გვეშველოს რამე…-დაუზარებლად გაეპასუხა ერთი მათგანი.
-ნანამზე…-წაიჩურჩულა შეფიქრიანებულმა და გუმანმა უკარნახა სახეზე უცხოგვარად მობერებულმა ქალმა, რაღაც იცოდა ავბედითი დაგმის ფონზე გათამაშებული ფათერაკის შესახებ…
გაფრთხილდა, არჩია შეუმჩნეველი დარჩენილიყო და უკან გაბრუნდა.
ქვემოდაბაში შესულს, გეგონებოდათ აკრძალული ზონის ხაზი გადაკვეთაო, ვიღაცამ იმგვარი გაბმული სტვენა დაადევნა. მიიხედა და შეამჩნია, გზაზე გამოვარდნილი ქოსა ტიმოთე ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას. შეჩერებულ მანქანას უკან დაახევინა.
ქვით ნაშენ, მრავალწახნაგა ფორმის შნობასთან, რომელიც ქოსამ ოციოდე წლის უკან, თავისი ხელით ააშენა და რომლის გზისპირა, შუშაბანდიანი მხარე ახლა სადალაქოს მოვალეობას სწევდა, ტიმოთეს ალალი ბიძაშვილი პროკლე წრიალებდა.
-სად გადაგვეკარგე ბატონო შიო?! რა ხანია მთელი დასის შემადგენლობა თავგადაკლული დაგეძებთ…-მორიდებით უსაყვედურა და პოზიციის განსამტკიცებლად ხაზგასმით დაუმატა,-განსაკუთრებით ანდერძის ამბავმა აგვაღელვა!
-რომელი ანდერძის?!-მიუნდობლად დაინტერესდა იგი.
-ეგ ამბავი, უფრო დაწვრილებით ტიმოთემ უწყის, ჩამობრძანდით, ერთ ორ წუთში მობრუნდება და თავად მოგახსენებთ…-მწივანა ხმით მიიპატიჟა და ღიმილის ნიშნად ჩოღერა კბილები გამოაჩინა,-ასე ვთქვათ, სიურპრიზს გიმზადებთ…
შიოს კეთილად გაეცინა. ეგონა, ქვემოდაბის სცენისმოყვარეთა ცნობილი წყვილის მეშვეობით მის გარშემო, რომელიღაც სკეტჩი თამაშდებოდა.

***
გაგრძელება:
ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი)...

***

***
free counters
***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V



Комментариев нет:

Отправить комментарий