ქოსა ტიმოთს არაკები, და…
ტიმოთესა და პროკლეს მსგავსებაზე ქვემოდაბასა და ახლომახლო სოფლებში ანეკდოტებს ყვებოდნენ.პროკლე ტიმოთესავით ძველი სცენისმოყვარე გახლდათ, ოღონდ თავისებურად ქერქეტული გამოხდომები ახასიათებდა და გამჭრიახი ტიმოთე მის ამ მიდრეკილებას მარჯვედ იყენებდა. ჩვეული იმპროვიზაციის წყალობით მორიგ, ყველასდა მოულოდნელ სისულელეს ჩაადენინებდა და პუბლიკაში ჰომერულ ხარხარს იწვევდა. პროკლეს კი, ეგონა ჩემს მოხერხებულობაზე იცინიან ასე გულიანადო და ბიძაშვილის მზაკვრულ თამაშს აყოლილი მზად გახლდათ ხან ვირივით ეყროყინა, ხან გოჭივით ეჭყვირა, და ბოლოს თავისდა მოულოდნელად შარვალჩახდილი სცენიდან გარბოდა.
-მობრძანდით, მობრძანდით!-გეგონებოდათ როლისდა მიხედვით დაფაცურდა პროკლე და მანქანიდან გადმოსულ შიოს სადალაქოსკენ წარუძღვა,-ტიმოთემ ერთი ოთხგან მაინც დარეკა, მაგრამ ვერსად მოგიხელთად.
-ჰოპ, ჰოპ!-შირმის იქიდან გამოიჭყიტა ქოსა ტიმოთემ, გაკრეჭილმა, თითქოსდა საგანგებოდ დაანახვა აქა-იქ, უშნო სამაკაულივით შერჩენილი მრუდე კბილები და თავისებურად შეიცხადა, ამას, ვის ვხედავ!-მარიფათიანად გამოეგება, სადალაქოში შემოსულს ხელი მხურვალედ ჩამოართვა და პროკლეს მიერ მორთმეულ სკამზე დაბრძანება სთხოვა. შიომ მოიკითხა, სკამზე დაეშვა და ღიმილით უთხრა:
-ალბათ, არტისტული სულის ყივილმა აგამხედრა?-წარმოსახვაში ჩარბილიას გორას უთვალთვალებდა.
-სწორედაც რომ,-შეკუნტრუშდა ქოსა,-თავდაპირველად ცაცა გადამეკიდა, მოდი, ისე ვითარც ძველებურ დროში, ერთი ლამაზი ალეგრი გავმართოთო… ის იყო შევთანხმდით, რომ ჩვენს საუბარს მამობილი წამოესწრო…
-ვინ მამობილი?-შეფხიზლდა სტუმარი…
-პართე,-საიდუმლო ხმით გააბა მასპინძელმა,-რაც ეროვნულ-საზოგადოებრივ ცხოვრებას მიჰყო ხელი, კანონიერი ქურდის სახელს მამობილი ჩაანაცვალა, ეტყობა კრიოსტნი ოტეც თუ ნათლიმამა, თავისებურად გამოაკვარახჭინა… ქვისლოედი თავიდან შეაკოწიწა, კუტს ბაძავს; წვალობს ბოროტება და სიკეთე ერთმანეთს შემოქმედებითად დაუწყვილოს…-საქმეში ჩახედულივით გაანალიზა მან.
-ჰო, ჰო…-აჰყვა პროკლე,-არაოფიციალურად ქვისლოედის დე ფაქტო თავი ახლა პართეა; სანამ ჩარბიძის გვარის ქალს, ან ჩარბიძის გვარის კაცის ნაქვრივალს არ შეირთავს, იქმადე დე იურე ვერ გახდება!-თავმომწონედ განმარტა,-ისე კუტის ხელწერა მაგრად დაამუღამა, ჯერ მსხვერპლს მახეში გააბამს, მერე კი, განწირულს ქველმოქმედად მოევლინება და ვითომდაც ტყავის გადარჩენის შანსს მისცემს… ხანდახან იმგვარი საქვეყნო საქმის მოთავედ შეასახელებენ, რომ ბექა ჭკუაარეული ხალხს ეგლახავება, სარკე რად გინდათ, აგერ თქვენი რჩეული და ჩაიხედეთ შიგო!-გაზეპრებულივით ჩამოარაკრაკა მან.
-დუტ!-შეუწყრა ბიძაშვილი,-ასე, უაზროდ თუთიყუშივით აითვისებს ჩემს ნალაპარაკერბს და, ერთხელ ობეხესთან ჩამიშვა…-შიოს გამომცდელად შეაცქერდა,-იმის თქმა მინდა, იქნებ ამ არეულ და დროში იქნებ ცოტა გული გავიხალისოთ…
-ჰო, ჰო…-არ დაიბნა პროკლე,-მამობილმა გვირჩია, თუ გაირჯებით, ბარემ მაშტაბურად გაისარჯეთ, ღონისძიებას საჯაროობის და ეროვნულობის ელფერი მიეცით და სპონსორობას ჩემი ფირმები გაგიწევთო…
-არ გაცლის ლაპარაკს… მაგრამ სიმართლეა, გვეშველა და ესაა…-და იმის ნიშნად ავშენდით და ესააო, ხელი თავისებურად დაკვანწა,-გიჟმაჟის არ იყოს, ჩვენთან დემოკრატიაა; გინდ სკეტჩს ითამაშებ, გინდ დარამას და გინდ… -ტრაგიკომედიას…-სიტყვა გამოაცალა პროკლემ,-მოვითქვამთ სულს, ხელფასებსაც დაგვპირდა… შენ განსაკუთრებულ პატივისცემას შეგპირდა, ასე თქვა…
-დუტ! აცალე იმ კაცს, თავად დაელაპარაკება…-და შიოს მოუბოდიშა,-მე უბრალოდ შენი შემზადება მინდა,-და უცებ, თითქოს გონება გაუნათდაო, ისე აღმაფრენით გააგრძელა,-ოღონდ, თავდაპირველად, სიმართლისთვის მებრძოლ, სცენაზე გმირულად დაღუპული თანადასელის, მგზნებარე სიტყვა უნდა მოვიძიოთ!
-მამობილმა გაგვიმხილა, დღე-დღეზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, უძრაობის დროს, მორალურად რეპრესირებულ მოქალაქეთა მოღვაწეობის ამსახეველ ექსპოზიციის გახსნას აპირებენ, და ჩვენ მოვალენი ვართ, სცენაზე ამბოხებული გობრონის ანდერძს ნათელი მოვფინოთო…-ენად გაკრეფილმა ქოსამ ენის წვერით ბაგე გაილოკა, სიტყვის ჩასართავად აცუნდრუკებულ პროკლეს მკაცრად ანიშნა ხმა არ გაიღოო და დიდაქტიკური კილო კიდევ უფრო შეიფერა,-საზოგადოება დაინტერესებულია ამ ამბით და ფიქრობს, რომ ცხონებულმა სიკვდილის წინ, თავისებური პროტესტი განაცხადა მაშინდელი უსამართლობის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ასეც იყო, დრო იყო ისეთი, ზოგი ჩემსავით თავის ქალის კუნჭულში მალავდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით დამუხტულ აზრებს, ზოგიც ბატონ გობრონივით სტიქიური აღტყინების დროს, გმირულად, სიცოცხლის ფასად შესძახებდა გულში დაგროვილ სათქმელს! ჩემი ღრმა რწმენით, ხსენებული ექსპოზიცია, ქვემოდაბის თეატრალური დასის ყოფილი მესვეურის, სიკვდილისწინა ამბოხის ამსახველმა მასალებმა, უნდა დაამშვენოს…-და თვალებით შიოს ამ იდეის მხარდასაჭერად მოუწოდა.
-დიდებულია, დიდებული!-არ დააყოვნა პროკლემ.
"რამ გადარია ეს ხალხი… თუ ესეც, მორიგი ავანტიურაა…”, ქვემოდაბის კულტურის დირექტორი თავის ხელისგულს ქირომანტივით დააცქერდა და ალალბედზე იკითხა:
-მაინც რა უნდა დაებარებინა ასეთი?! -ეგ, ყველაზე უფრო ბექას ეცოდინება, მაგრამ რად გინდა, სალაპარაკოდ არ გაგვიკარა, მერე ზმუილ-ზმუილით გაჭენდა,-სხარტად გაეპასუხა პროკლე,-ეტყობა იმ ამბავმა მაგარი შიში აჭამა, ან…
-ჰოდა, ჩვენი სამოქალაქო მოვალეობაა, განახლებულ დადგმაში, ეგ საცოდავი, როგორმე მოვიზიდოთ!-შიოს მიუჩოჩდა ქოსა,-დარწმუნებული ვარ თანდათანობით ისე შეეჩვევა სცენას, თამაშით გატაცებულს გონება აეხილება და გობრონისეულ ანდერძსაც გაიხსენებს… ეეჰ, ეეჰ, დარო რომ ცოცხალი იყოს, ვიცი თავად მოირბენდა როლის მისაღებდ,-ნაღვლიანად განჭვრიტა მერე და ოცნებას აყოლილ კაცივით წარმოთქვა,-ისე, ძაან საცქერი კი გახლდათ თეთრ კაბაში გამოწყობილი დარო…
-უიმე, ეს ჩერჩეტიც შეყვარებული ყოფილა იმ გოგოზე!-ლოყაზე ხელი იტკიცა პროკლემ.
-დუტ, შე შტერო! აბა იმ სპექტაკლზე გობრონიის სანახავად კი არ მოდიოდნენ ქვემოდაბის ხულიგანი ბიჭები…-და შიოს შეპარვით უთხრა,-დაროს მოსახელემ დარიამ, იქნებ, ისე ვერ მონუსხოს ხალხი, მაგრამ თუ კარგად და ჩემებურად გავრწვთნი, ბევრ სისხლადუღებულ ბიჭს აურევს გონს… შიო შეკრთა.-რა იყო მაინც, დაროს გაუჩინარება გობრონის გარდაცვალებიდან ორი საათის მერე შევამჩნიეთ, სხვათაშორის სამძიმარზე მორბენილ მის მშობლებს მე ვკითხე, თქვენი გოგო სად არის მეთქი და ატყდა ერთი ვაი-ვუი…
-თქვენ უჩემოდ გადაგიწყვეტიათ ეგ ამბავი…-თითქოსდა მოვალეობის მიზნით ჩაილაპარაკა.
-თუ გობრონის ხსოვნა დაფასდება და იმ ჭკუამხიარულსაც რამე ეშველება, შენ რა წინააღმდეგი წახვალ?!-თითქოს მიიმწყვდია ქოსამ. კულტურის სახლის დირექტორს იმგვარად შეაჩერდა, რომ აგრძნობინა, აბა ჰე, შენს დასტურს ველოდებიო…
-უარს, როგორ ვიტყვი, მაგრამ…-და ისე, თითქოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებსო გააგრძელა,-იმედია, ახლო მომავალში, კულტურის სახლში შევიკრიბებით და ამ საუბარსაც იქ გავაგრძელებთ…-წამოსადგომად შეემზადა. -მაშ, შენს ბეჭედს ამ ჩემს განცხადებასაც შევაგებებ!-წაიოხუნჯა დალაქამა, ხელი ხელზე დაჰკრა, შემდეგ შეაყოვნა და მიახარა,-ეს ისტორიული შეთანხმება აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ!
-აჰ, არა!-მაინც წამოდგა იგი, ერთხმად ალაქლაქებულ პროკლესა და ტიმოთეს ცალყბად თანაუგრძნო. სადალაქოდან გასული ავტომობილში ჩაჯდა. ”მგონი პართეს ლოჟაში, დანიელ ჩარბიძის სავარძელში გამოჭიმვა უნდა, ხალხს, რომ დაანახოს, ამ მხარის ბატონ-პატრონი ახლა მე ვარო. ჰმ, მგონი იმიტომ აწყობს ამ მასკარადს…”, გაიფიქრა უნებლიეთ. ”აფრი” ადგილიდან დინჯად დაძრა, მაგრამ უცებ, თითქოსდა თავაწყვეტილი გააქროლა. კვლავ მოაგონდა თორმეტიოდე წლის ბიჭი, ჩვიდმეტი წლის ქვემოდაბის ლამაზ გოგოზე რა ძალუმად იყო შეყვარებული… დედისერთა დარო ბავშვობაში, სხვა მისი თანატოლი გოგოებისგან განსაკუთრებული სილამაზით, თითქოსდა არ გამოირჩეოდა. მაგრამ დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ მისი სხეულის ნაკვთები მშვენიერებისკენ მიისწრაფვოდნენ. ერთხელაც, თითქოს კვირტივით იფეთქა და მშვენიერ ყვავილივით მოევლინა ნაცნობსა და უცნობს… გობრონმაც მაშინ განიზრახა, იგი სცენითა და თეატრით დააეინტერესებინა, რათა მერე რელიქვიასავით შემონახული ქართული კაბით შემოსილი ეხილა. იმ კაბის ისტორია არვინ უწყოდა, ქვემოდაბელმა სცენისმოყვარეებმა კი ის იცოდნენ, რომ ის კაბა გობრონს ჯერ კიდევ პიესის დაწერამდე ჰქონდა შეგულებული და ალბათ კალამიც მისი ეშხით აიღო ხელში. მალე დარო კინომსახიობობაზე ოცნებამ შეიპყრო. და აი, ქალურობითა და სცენური ხიბლით შემკული ქალიშვილი სანატრელ-სატრფიალო შეიქმნა დაბის სხვადასხვა ასკის მამაკაცთა ფიქრში. ოღონდ, ზოგი ვითარებისდა მიხედვით მალავდა ამ სურვილს, ზოგიც ფარულად ებრძოდა, ზოგიც ლაზღანდარაობით იოხებდა გულს… ქალიშვილმა კი, გულისტოლად ვერვინ შეიგულა. კინომსახიობობაზე ოცნებით იოკებდა სასიყვარულო განცდებს და მოუთმენლად ელოდა საშუალო სკოლის დამთავრებასა და დედაქალაქში გამგზავრებას…იმ ამბის შემდეგ, ზოგს ეჭვიც კი გაუჩნდა, იქნებ მოთმინება გამოელია და ბედის საძიებლად, რომელსამე დიდ ქალაქს მიაშურაო… მაგრამ კარგა ხნის ძებნისა და ლოდინის შემდეგ შინაურები იძულებულნი გახდნენ დაღუპულად მიეჩნიათ, სიმბოლურად მისი დაკრძალვის ცერემონიალიც კი გამართეს, კუბოში ”ჩასვენებული” ტანსაცმელი დაიტირეს და დაასაფლავეს. მალე ტანსაცმლიან კუბოს გვერდით დარით გულგამოღრღნილმა დედამისიც ჰპოვა სამარე. გალოთებულმა მამამისმა სახლ-კარი მოქიშპე მეზობელს მიჰყიდა და თითქოს თავისი ასულის გზას გაუყვაო, მოულოდნელად ისიც უგზო-უკვლოდ გადაიკარგა. ბოლოს და ბოლოს, გამოტირებული ოჯახის ამბავმა დაბელთა ცხოვრების მიღმა გადაინაცვლა და მივიწყებას მიეცა. ოღონდ შიოს კვლავ დიდხანს ეზმანებოდა ქართული კაბით მოსილი დარო; ნარნარი, ტანწერწეტა, ერთი შეხედვით ყიფურ-ამაყური იერისა და მაინც საოცრად მოსიყვარულე და ალერსიანი. თავგადაკლული ლამობდა იდუმლად გატაცებული სატრფოს მოკალმული თვალწარბითა თუ ბაგე-პირით შემკული სახის წარმოსახვაში გამოხმობასა და მისი ცქერით დატკბობას. მერე ისიც მოღალა ამაო ლოდინმა, სხვა გზნებამ შეიპყრო. თუმც, საგასტროლო მოგზაურობისას, აქა-იქ, რამდენჯერმე გულუბრყვილოდ მოუნდა, ტაშისცემით გაბრუებულ დარბაზში, ის, მისი განუმეორებელი სიყვარულის ხორცშესხმული ხატება აღმოჩენილიყო. იმ საბედისწერო დღესაც, შორეულ აფრიკაში, ღია სცენაზე უკანასკნელად ცერებზე შემდგარი, ამგვარი ნდომი გაჰყურებდა დარბაზს. უცაბედად კი, თითქოს მოსისხლე მტრის წყევლა აუხდაო, ხელ-ფეხი გაუშეშდა და მოწყვეტით დაეცა.გონში წამიერად გამომკრთალი ხიბლი ლამის უკუნეთში ჩაიქცა. შიომ მიშვებული საჭე თითებით მოსინჯა და უნებლიეთ ბენე-ხალამპრეს შეგონება მოაგონდა: ”სანამ კაიური მარხილში შებმულ ძაღლებს მიერეკება, ცაზე შემთხვევით ამობორიალებული ვარსკლავი მგლების ხროვას შარშანწინდელ მადას უღვიძებს…”
-ოღრაშებით გაივსო ეს ქვეყანა… ეროვნულობა სინდის-ნამუსის გარეშე სად გაგონილა… ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი, ძალიან ცუდად… ნახეთ რა ხალხი იქაჩება პატრიოტობაზე, ნახეთ?!-შიოს ეზოსთან ჩავლისას, საგანგებოდ შეჰყვირა ბექამ.
-ნათქვამია ბერი ქვეყნის დარდმა გადაიყოლაო, ძაან ნუ გამოიდებ თავს, ვინმე გლახად არ გადაგეკიდოს!-გაეპასუხა ფანჯარასთან მდგომი შიო,-იქნებ, მართალაც კეთილი საქმე აქვთ ჩაფიქრებული…
-შენ ახლა, ჩვენო კულტურავ, სოფისტობ თუ აფერისტობ… თუ კეთილი საქმე აქვთ ჩაფიქრებული, რაღა მაინცადამაინც მე უნდა შემამთხვიონ უშნო ამბავი… მაგრამ არ გჯერავს ამათი კაცობის და თავს იტყუებ… მალე დამოუკიდებლობის სახელით ხეს, რკინას და მიწას ერთიანად რომ გაზიდავენ, მერე ნახევარი საქართველო, რომ საზღვარგარეთ დურთავს თავს, მერე ტერიტორიებს, რომ…
-დამშვიდდი, დალაპარაკება მინდა შენთან…
-მიმაჩნიხარ და ნუ შემაძულებ თავს… არაფერი გამოვა, არც მასე გიჟი ვარ პართენა ოღრაშის ექსპერიმენტში, რომ მივიღო მონაწილეობა… თუ რამე დამიბარა იმ კაცმა ის ამბავი უჩემოდ მიუვა ადრესატს… ნუ გაბრიყვდები... -და მერე საიდუმლო ხმით გაუმხილა,-ხომ გითხარი იმ ამბავის გასაღები შენ ხარ, შენს ტანშია კოდირებული, მიხვდები თავის დროზე…-და მერე მიყურადებული მეზობლების გასაგონად გააგრძელა,-ახლა ყველას მე ვგონივარ გიჟი, მაგრამ მერე და მერე ჭკუანაკლულებით აივსება აქაურობა, ქერქეტული ლაპარაკი მოდაში შემოვა… ჩემს ჭკვიანურ ლაპარაკსაც ბევრი მოინატრებს, მაგრამ მე სხვა, დახვეწილ სამყაროში ვიქნები, იქ სადაც ჩემისთანების ფასი უკეთ იციან…-პირზე მიდებული შიბაქი მართლაცდა სალამურივით აახმიანა,-ფრთხილად, იყავი ფრთხილად! ჩასაფრებული გყავს ხალხი…-მიუმღერა,-ფრთხილად გოგო, მიწამ არ ჩაგყლაპოს!-ისე გასძახა მერე მიწასთან ”მორკინალ” ბროლას, თითქოს შიოს რაღაც მიანიშნა და გზა გააგრძელა.
შიომ იგრძნო მეზობლის გოგო თავგამოდებით უსვამდა ფიჩხის ცოცხს. სახლიდან გაღიზიანებული გავიდა. ფეხებგაჩაჩხული ბროლა ნაძვის ხესთან იდგა და ისე, როგორც ხშირად სრული გამოშტერებისას ჩვეოდა, ფიჩხის ცოცხს ერთ და იმავე ადგილზე უაზროდ უსვამდა. ეზოში, ამგვარი ადგილი, ერთი ოცგან მაინც ჰქონდა აჩემებული და იქაურობა პაწაწინა ორმოებით გახლდათ მოფენილი. ”ეგაა საქმე, გაწვიმდება და მთელი ეზო გუბურებითაა სავსე…”, გაიფიქრა განაწყენებულმა მასპინძელმა და ზურგშექცევით მდგომ ბროლასთან ფარულად მიახლოებულს, ის იყო, უნდა ეყვირა, რომ მოულოდნელად იმ გვარიანად ჩაღრმავებული ორმოს თავისებურად აკიაფებულ ნივთს მოჰკრა თვალი. გულმა რეჩხი უყო და შეყოვნებულმა ნივთის უკეთ შეთვალიერება სცადა; იგი პაწია კასრის ჰგავდა. მერე იქვე მიმოფანტული ჩაჟამებული ცხვირსახოცის ნაფლეთებიც შეამჩნია და გარშემო ფრთხილად მიმოიხედა. ბედად, ბაბე ახლომახლო არ ჩანდა. ბროლა ისევ ისე, უაზროდ უსვამდა ფიჩხის ცოცხს და მის ტარზე ჩამოძინებულს ჰგავდა. ისე კი, სიმსუქნისგან გვარიანად ჩამრგვალებულ, რაღაცით გაქექილ ნაგავში ჩაბუდების მოსურნე ქათამს მოგაგონებდათ. შიოს წამით გაეღიმა, მერე სახე საგანგებოდ გაიმკაცრა, ბროლას ხელი მკლავზე მოსჭიდა, თავის ცოცხიანად ორმოს განაშორა. მერე ალაგისკენ მკვეთრად აქნევინა პირი და გამოფხიზლებულ გოგოს შიშისმომგვრელად დაუყვირა:
-ახლავე მოუსვი აქედან და მეორედ მაგ ცოცხით ამ ეზოში ფეხშემოდგმული არ დაგინახო!-თან წაუბიძგა, ბოლოს შორიახლო დაგდებულ ტაშტში თავისებურად აიტაცა და ”ინტერვენტ” ბაბეს ეზოსკენ ისე მძლავრად მოისროლა, რომ ტაშტმა, სადღაც მეზობლის სახლის იქითა მხარეს მოადინა ბრახანი.
-ჩემთან რა გინდა, ჩემთან რა გონდა, ბაბე არ მეშვება, აბა ,მე სულ არ მეხალისება ეს ცოცხი!-წამოიტირა დამფრთხალმა და სახეწამონთებულ შიოს, რომ შეავლო თვალი, გულგახეთქილი ალაგისკენ გაქანდა. მალე სარდაფში შევარდა, სადაც ალბათ გადასახუხად არაყი ეგულებოდა. ორმოსთან მიბრუნებულმა შიომ შეძლებისდაგვარად ჩაიმუხლა. პაწია კასრის მაგვარი ნივთის გარშემო მიწა თითებით მოჩიჩქნა. შიგ ჩამალულ უქროსგან ნაკეთებ, ალისფერთვლიანი ბეჭედს თითები შეავლო. რაღაც სხვაგვარად გაფრთხილებულმა მისი სამალავიდან ამოღებაზე თავი შეიკავა. მალე შეამჩნია ”პაწია კასრს” მექანიკური თავსახური გააჩნდა, რომელიც, როგორც ჩანდა ბროლიას ცოცხის შეხებისგან გადახსნილიყო. თავსახურზე ზღაპრული შესახედაობის ფრთახატულა ჩიტუნა იყო გამოსახული. მიტკეპნილი მიწა მოაცილა. მიწიდან ნაჩქარევად ამოიღო; ”ეს ხომ საბავშვო ლოტოს კოჭია?!, გაიფიქრა გაოცებულმა, როცა მისი ფსკერის გარეთა მხარეს ფრთახატულა ჩიტუნას იმავე გამოსახულებას მოჰკრა თვალი. უმალ, სახლის მეორე სართულზე მდგარი ტანსაცმლის კარადისკენ გაუწია გულმა. მის ქვედა უჯრის ბოლოში, სხვადასხვა ფრინველის გამოსახულებებით მოხატული, ჩვეულებრივზე დიდი ლოტოს კოჭები და ნახატებიანი მუყაოს ფურცლები უნდა ყოფილიყო შენახული. ყუთში ჩალაგებულ საბავშვო ლოტოს შემთხვევით წააწყდა, ცოტა უცნაურად კი მოეჩვენა, მაგრამ რადგან დედამისი ერთ ხანს საბავშვო ბაღში გამგედ მუშაობდა, იფიქრა, ალბათ ბაღისთვის შეიძინა, ოღონდ იქ მიტანა აღარ დასცალდაო. ლოტოს კოჭში ისევ ჩაიჭვრიტა, შიგ სხვა არაფერი ჩანდა. თავსახური დახურა და კოჭი ჯიბეში ჩაიდო. თანმყოლ იჭვს ჩაღრმავებული ოთახისკენ დანაღვლიანებული წავიდა.
-მკვლელობა გაძარცვის მიზნით…-ჩაილაპარაკა დუნედ. შეძლებისდაგვარად აჩქარდა. ოთახში შესული შეყოვნდა. სუნთქვა დაიწყნარა. აქ, ამ ოთახში ენახათ დედა-შვილის სისხლით მოთხვრილი სხეულები.
მკვლელს თავგამოდებით ეძებნა რაღაც, წაღებით კი, მხოლოდ მათი თითებიდან წაძრობილი ბეჭდები წაეღო. გარინდულმა კაცმა ერთურთის გვერდით მდგარ ხის საწოლებს ძალაუნებურად თვალი აარიდა. მერე ჯიბიდან ლოტოს კოჭი ამოიღო, შიგ ჩადებულ ბეჭედს ფრთხილად შეეხო… ”ეს ბეჭედი ხომ დედაჩემს ეკეთა…”, ბეჭედი გულდასმით შეათვალიერა, არათითზე მოირგო. კარადასთან ჩაჩოქილმა უჯრა სამხილებლის ამოსაცნობი საბუთის მოპოვების იმედით გამოაღო. მუყაოს ფურცლებზე შემოდებულ ატლასის ტომრიდან გადმოცვენილ ლოტოს კოჭებზე მიხატული ფრინველები, ლამის ასაფრენად შეფრთხიალოდნენ. შიო ისე წაეტანა ხან ერთს და ხან მეორეს, გეგონებოდათ მათ დაჭერას აპირებსო. მერე თითოეული მათგანი გულდასმით მოსინჯა, რათა ზედა თუ ქვედა ნაწილად მიჩნეული რომელიმე მხარე, როგორმე აეძრო, მაგრამ ამაოდ. მერე ჯიბიდან ამოღებული, ბეჭდის სამალავად გამოყენებული კოჭი უჯრაში მიმოყრილთ შეადარა. ისიც, მათი სიდიდისა და მათებრ მომრგვალებული გახლდათ. მხოლოდ მხატვრობაში იყო განსხვავება. ახლა თავიდან გადაამოწმა რამდენიმე ცალი, კვლავ გაწბილებული დარჩა და იძულებული გახდა ეფიქრა, ნაპოვნის გარდა ან ყველა მხოლოდ და მხოლოდ ლოტოს კოჭს წარმოადგენს, ან შესაძლოა ბროლას ცოცხის რომელიმე ღერო, კოჭში უჩინრად ჩატანებულ საიდუმლო მექანიზმის გასაღებს, რაღაც სხვაგვარი სიზუსტით შეეხოო. მერე სიძველედაკრულმა ლოტოს ფურცლებმა მიიქციეს მისი ყურადღება, რო,ელზედაც სხვადასხვაგვარი ფერებისგან შედგარ, უჯრედებად დაყოფილ ფონზე შესაბამისი მხატვრობა იყო მოთავსებული. მიხვდა იგი ბავშვების გასართობად არ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი; სათითაოდ ამოალაგა და იატაკზე გაშალა. გააოცა უჯრებში ჩახატულ ფრინველთა ნაირსახეობამ. თანდათანობით სათამაშოთი მოხიბლულ ბავშვს დაემსგავსა. კარადის უჯრიდან ამოღებულ კოჭზე გამოსახული გრძელფეხება და გრძელკისერა ფრინველი ინტერესით შეათვალიერა, გაშლილ ფურცლებზე შესატყვისი ნახატი მოძებნა.
-ფლამინგო!-ნაჩქარევად ამოიკითხა მის ქვემოთ მიწერილი დასახელება. ლოტოს კოჭი ზედ გამარჯვებული ბიჭის იერით დადო, საკუთარ თავთან თამაში გააგრძელა. და მერე ფურცლებზე ერთმანეთის მიყოლებით განლაგდნენ: ქედანი, დიდი წივწივა, მიმინო, კაკადუ, სავათი, ზარნაშო, ვერცხლისფერი თოლია, კაჭკაჭი, მედუდუკე, სოფლის მერცხალი, მთის არწივი, გნოლი, დურაჯი, ლაკლაკი, ქოჩორა, კოკორინა, ორბი, შევარდენი, კოლხური ხოხობი, ჩვეულებრივი გუგული, კეტცალი, ვარდისფერი ვარხვი, კალაო, ლურჯშუბლა თუთიყუში, რუხი ყანჩა, ხონთქრის ქათამი, გვირგვინოსანი წერო, ტარბი, კვირიონი, ჩვეულებრივი ცოცია, ოფოფი, წითელნისკართა ტუკანი, თეთრი ბოლოქანქალა, სტვენია, ყაპყაპი, ჰოაცინი, მოლაღური, მწვანე კოდალა, კასპიური შურთხი, ტყის ქათამი, წყრომი, ნამგალა, კოლიბრი, მესკია, შოშია, მტრედი, პინგვინი მზეწვია… და უცაბედად სუნთქვა შეეკრა, გეგონებოდათ ახლაღა მოაგონდა რისთვის მოსულიყო აქ. ხელთ სამალავად გამოყონებული ლოტოს კოჭი ეპყრა. რატომღაც გაკვირვებით შეათვალიერა ალისფრად დაწინწკლული, ფრთახატულა ჩიტუნას სურათი და მოეჩვენა, რომ იქიდან მომხიბლავი იერის ქალი შემოსცქეროდა. ეტყობა დაროს ხატებამ სულ მთლად ამიბნია თავგზაო, გაიფიქრა ძალაუნებურად, მაგრამ თანდათანობით იგრძნო, რომ ჩიტუნას იერიში, ვიღაცამ სხვა ქალის მშვენიერება გამოსჭვიოდა. მუყაოს ფურცლებს დინჯად მიმოავლო თვალი, მიაგნო შესატყვის მხატვრობას და მის ქვემოთ მიწერილი სახელწოდება, სხვაგვარი ჟინით შეპყრობილმა ამოიკითხა: -სუბლიმატი…-იგრძნო, რომელიღაც მცნებას აგონებდა ეს სიტყვა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა, რის გამოც დიდხანს, ჩაძიებით დასჩერებოდა სურათს და როცა ბოლოს და ბოლოს თვალი გაუშტერდა, ჩიტუნას გამოსახულება და მისთვის განკუთვნილ უჯრაში მოქცეული ფონი, მოულოდნელად, ჩვეული თვალისთვის შეუმჩნეველ, რაღაც სხვაგვარ, იდუმალ მთლიანობაში აღიქვა. იდუმალ კოლორიტში კლდე-ციხის ანარეკლი მოჩანდა, რომლის შიგნით, ოთხ ალაგას, გარკვეული თანაზომიერებით განლაგებულ მინიატურულ კლიტეთა საპირეები ალისფრად ღუოდნენ. შიოს მზერა დაებინდა და თვალები სწრაფად მოისრისა, ამოჩემებულ ნახატს შთაგონებით დააკვირდა, მაგრამ სასურველი ზმანება ვეღარ მოიხელთა. ხელთ დაჭერილ კოჭს, თითქოსდა ძლივსღა შეელია და უჯრის განაპირას ყოყმანით დადო. ახლა ექსპერიმენტის ჩატარება მოინდომა, მაგრამ შემთხვევით მზერა კოლიბრის გამოსახულებიან ლოტოს კოჭზე გადაიტანა. კეთილად გაეღიმა, ძალაუნებურად სამხრეთ ამერიკაში ნანახი ამ ერთ ციდა ჭრელი ჩიტის ციცქნა კვერცხები მოაგონდა, არგენტინელმა მეწვრილმანე გოგომ, ერთ მის თანადასელ ქალს, უშვილობის უებრო წამლად, რომ შეასაღა და ზონარით მაჯაზე მიბმულ იმ ჩიტის თანდასწრებით ნაჭუჭებიანად გადააყლაპა. წარმოსახვაში გამკრთალი პაწია კვერცხის გამოსახულება ნებსით თუ უნებლიეთ ფორმითა და სიდიდით მინიატურულ კლიტეთა ელიფსოიდურ საპირეებს ამსგავსა. გუმანით მზერა თითზე მორგებულ ბეჭდისკენ მიმართა, იქნებ ზედ რაიმე მსგავსი ნიშანი აღმოვაჩინოო. უეცრად წამოელანდა, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ დადებულ ლოტოს ფურცლებზე ფრინველთა მოხაზულობა ერთმანეთში შეუმჩნევლად გადადიოდა და თითქოსდა კოსმოსიური რუქის კონტურებს ქმნიდა. ალღო კარნახობდა ყვლაფერი ეს, უცნაურ რებუსს ჰგვდა. შფიქრიანებული მუყაოს ფურცლებს ადგილს უცვლიდა და უჩინარი რუქის საზღვრების დადგენას ცდილობდა.
-დახეთ, დახეთ ყმაწვილი სათამაშო ლოტოთი ერთობა!-დამცინავად ჩაილაპარაკა მის ზურგს უკან ვიღაცამ. შემკრთალმა შიომ იგი დაუკითხავად შემოსწრებულ მეზობლად მიიჩნია და უხალისოდ მიიხედა.
რაღაც ორიოდე მეტრში, სამხედრო ფორმითა და აღჭურვილობით მოკაზმულ-შეიარაღებული, შთამბეჭდავი აღნაგობის, ხაკისფერი ნაჭრის ნიღბებით სახედაფურული უცნობები იდგნენ. ნაატიფი, მოხდენილი აღნაგობის მიხედვით ერთი მათგანი ქალი უნდა ყოფილიყო. მასპინძელს წამით გულუბრყვილოდ მოეჩვენა, რომ ისინი, რომელიღაც თეატრალური სცენის გათამაშებას აპირებდნენ. წამოსადგომად შემზადებულს გაეღიმა.
კაცმა მოკლელულიანი ავტომატი მიუშვირა და რევოლვერმომარჯვებულ ქალს, თავის გადაქნევით, მიდი, იმოქმედეო, ანიშნა. ქალმა იარაღი წელზე შემორტყმულ ქამარზე შებმულ ბუდეში მოხდენილად ჩაიდო, თავისებურად წინ გადახრილ შიოს ხელს, ვითომდა თავისი ხელი შეაგება და თითიდან ბეჭდის წამოძრობა მოუნდომა. კაცმა უნებლიეთ, მისთვის ჩვეული ხიბლიხვანჯარას მორიგი სახების გამოყვანისას თითები მაჯაზე ძალუმად მოუჭირა. იგი თავისკენ მიიზიდა.
ქლამა გაიბრძოლა, მის მოსაშველებლად გამოქანებულმა კაცმა ავტომატი შიოს კეფაში ჩასცხო, ქალისთვის ხელი გააშვებინა და თითიდან ბეჭედი წააძრო.
-გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ, გასაცილებლად ნუ შეწუხდებით!-ნიშნმოგებით ჩაუქარგამა მერე და გონებამიხდილს ხელი ჰკრა,-მოისვენეთ ძვირფასო, დღეს საკმაოდ გაისარჯეთ!-მიაძახა ლოტოს კოჭებთან მოკუტულს, ბეჭედი შუათითზე გაიკეთა.
-მშვენიერია!..-შესძახა ქალმა.
-აბა, შენ იცი, როგორ დაგვაკვალიანებ, თქვენო ბრწყინვალებამ…-შესჩურჩულა ბეჭედს კაცმა, ქალს კარისკენ მიუთითა,-ხომ გეუბნებოდი, თითქმის ყველაფერი გათვლილია და მხოლოდ თავდასხმის გათამაშება მოგვიწევს მეთქი…-წატრაბახების კილოზე უთხრა მერე, ერთ-ერთ ლოტოს კოჭს ფეხი აბეზარ ბიჭივით წაჰკრა და უკვე კარისკენ მიმავალ თანამგზავრს აედევნა,-ალღოთი ვგრძნობდი, ის დებილი გოგო, თავისი ცოცხით, რაღაცას აუცილებლად გამოქექავდა, მიდი და ნუ ენდობი ალბათობის თეორიას, ჩემთან ყოველთვის ამართლებს შემთხვევითი მოვლენების კანონზომიერება…
-შენი გათვლებისა იქნებ მჯერა კიდეც, მაგრამ ეს ბეჭედი ასეთ რა განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, ვერ მივმხდარვარ?!-სანახევროდ შემობრუნდა ოთახიდან გასული ქალი,-ოქროსია და ძოწის თვალი აქვს. სხვა არაფერი …-იმედგაცრუებულივით აიჩეჩა მხრები.
კაცმა წამით, ქვედა სართულიდან ამოღწეულ ტელეფონის ზარს მიუგდო ყური და ქალს დამცინავად შეესიტყვა:
-და შენ ასე ფიქრობ, ფიქრობ, რომ აქაურობა, რამდენჯერმე უბრალო ბეჭდისთვის გადავჩხრიკეთ, და ახლა ის ათასი რამის მომპარავი ავაზაკიც, ასე მოუთმენლად, ერთი უბრალო ბეჭდის ამბავ-ხაბარის გასარკვევად რეკავს… არც ის მქონია ეს ქვა მხოლოდ ჩვეულებრივი მარჯანი იყოს, ამ ბეჭედს, სულ სხვა მისია აკისრია, ჩემი გათვლებით მან ყივჩაღის ციხის ზღაპრული განძი უნდა მიგვაგნებინოს…-და ნიღბის მოსახდელად შემზადებული ქალი გააფრთხილა,-სდექ! სანამ აქაურობას არ მოვშორდებით, ნუ მოიხსნი… ის ენაგატლეკილი ქალი და მისი დებილი გოგო, ახლა, ალბათ ყოველ ჩვენს ნაბიჯს ზვერავენ, რათა მერე, ვითარებისდა მიხედვით, მორიგ მამამარჩენალს მოახსენონ…-წამით, კვლავ ტელეფონის ყურმილს მიუგდო ყური და ჩაიბუზღუნა,-ის იქნება, ეგ ხომ მობილურს ვერ ხმარობს, უნდა გავეპასუხოთ, თორემ იფიქრებს ნადავლის მისაკუთრებას აპირებენო და თავის შტერ მუტრუკებს მოგვისევს…
-შენ და შიში?!-საგანგებოდ გაიკვირა ქალმა.
-შიში რა შუაშია, სიფრთხილე გვმართებს, ამჟამად ყველა სცენა მის ტერიტორიაზე თამაშდება…
კიბე მარდად ჩაირბინეს და იმ ოთახს მიაშურეს, რომელშიც შიო შინ ყოფნისას, უმეტეს დროს ატარებდა.
ორიოდ წუთით გონწართმეული მასპინძელი ტელეფონის ზარმა შეაფხიზლა. ძლივსძლივობით წამოდგა და ქვედა სართულისკენ მაშინალურად გაემართა. კეფესთან მოწოლილი ტკივილი იგრძნო.
”როგორმე უნდა დავეწიო…”, გაიფიქრა და თავგანწირულის შემართებით გაუჩქარა.
მოეძალა ეჭვი, რომ მისი ოჯახის ტრაგედია იმ ბეჭედთან იყო დაკავშირებული.
აივანზე გასულს ტელეფონზე მოსაუბრე ქალის ჩაკისკისება მოესმა. მისი ხმა ეცნაურა, წამით თითქოსდა სხეულს შიგნით გაირინდა. მერე ქალის ხმა უცებ შეწყდა და იმავ დროს მამაკაცის შეშფოთებული შეძახილი გაისმა.
შიომ ეზოში ჩასვლა წინა მხარის კიბით არჩია და გეზი იცვალა. ოთახების გავლისას ერთი ორჯერ ყურის მისაგდებად შეყოვნდა, მაგრამ ქვედა სართულიდან, თითქოს ჩამიჩუმი არ ისმოდა, ბოლოს გამახვილებული სმენის წყალობით ტელეფონის ყურმილში გამოღწეულ მამაკაცის ყვირილს მოჰკრა ყური.
-ალო, ალო, რა მოხდა, მიპასუხე, ჰა, გამეცი ხმა!-ბობოქრობდა იგი.
ეზოში ჩასულმა გზის განაპირას მდგომი მონაცრისფრო ”ჯიპი” შეამჩნია.
-ჯერ კიდევ აქ არიან…”, დაასკვნა შურისძიების სურვილით შეპყრობილმა და ოთახის კარი, საიდანაც ახლა ტელეფონის ზუმერის ხმა, უბედურების მაუწყებელ სიგნალივით ისმოდა, ჯიქურ გამოაღო.
ზღურბლს გაბედულად გადააბიჯა და გახევდა. მის საწოლთან მიდგმულ მაგიდასთან, იატაკზე თავდამსხმელები ეყარნენ.
ხომ არ მამასხარავებენო, დაეჭვდა შიო და ნიღბოსნები გამომცდელად შეათვალიერა. მერე მათთან მივიდა, ჩაიმუხლა და კვლავ დააკვირდა… რაკიღა დარწმუნდა ორივე სუნთქვადა, იქაურობა მიმოავალიერა.
”სისხლი არსად ჩანს, არც იარაღის გასროლის ხმა გამიგია…”, დაასკვნა და კაცის სახიდან ნიღბის ჩამოხსნა დააპირა, მაგრა უცებ მის შუათითზე გაკეთებულ ბეჭედს დაადგა თვალი.
ალისფრად მოელვარე, ელიფსოიდური ფორმის ქვაში წამით საიდუმლოს ამოკითხვა მოინდომა, მაგრამ ალღო ვერ უშველა. მერე ნიღაბაფარებული ქალის სუნთქვას მიუგდო ყური.
გუმანის კარნახით, კაქტუსისკენ გულუბრყვილო კაცის იერით მიიხედა. თავისებურად ეკლებაძაგრული ”აფრიკელა” იქაურობას, თითქოსდა ჩამძიებლურად უთვალთვალებდა. საუკუნოდ მიძინებული პითონის თავზე მოქცეული პირამიდა მრავლისმეტყველად დუმდა, მაგრამ შიოს მოეჩვენა, რომ წამით ყურზე მიდებული ნიჟარის ხმას უსმენდა. ”შენ, ეტყობა თავდაცვის მიზნითაც იყენებ მაგიურ სხივებს!”, სიმხნევით აღივსო და კაცის თითიდან ბეჭედის წამოძრობა დააპირა. უნებლიეთ მეორე ხელით ქალის მკერდს შეეხო, შეთრთოლდა, თითს თავი მიანება და ქალს ნიღაბი ახადა. იხილა ნეტარებით გაბრუებული ქალის ლამაზი სახე.
ცხადი გახდლდათ თუ სიზმარი ვერ გეტყოდათ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ დაროს დასჩერებოდა. სწორედ ისეთ თვალწარმტაცსა და მშვენიერს, როგორიც ბავშვობიდან ახსოვდა.
”მგონი მოჩვენებები დამეწყო…”, გაიფიქრა დუნედ. ”კი დაროა, მაგრამ მისი გაუჩინარების დღიდან ხომ ოც წელზე მეტი გავიდა, ის კი, ისევ ისეთია…” დაბნეული გახლდათ. წამოდგა, თავდასხმელთა ”გასაიარაღებლად” შემართულ კაქტუსთან მივიდა, ქოთანი აიღო და ერთურთზე დალაგებული სქელტანიანი წიგნების უკან დამალა… ”სასწრაფოს გამოვუძახებ…”, გადაწყვიტა მერე და შებრუნებულმა მისკენ იარაღმოშვერილი ქალი იხილა.
-არ გაინძრე!-სმენის დამატკბობლად ჩაესმა მისი ხმა, თუმც არა, მიბრუნდი და ხელები ზევით!-ლამის მეგობრულად ურჩია ქალმა. შიოს გაეღიმა, და ისე იწყო შეტრიალება, ერთმანეთზე შელაგებული წიგნების წინ აღმოჩენილიყო. უნებლიეთ მოუნდა მომხიბლ;ელი ყაჩაღი, კაქტუსის მორიგი თავდასხმისგან დაეცვა,-ქალი აკისკიდა, ნიღბის ქვეშ ყრუდ ახითხითებულ თანამზრახველს წამოდგომაში შეეშველა…-მივცურავ, მივცურავ ლივლივა ზღვაში, ტალღები მელამუნება…-ჩაილაპარაკა ნეტარებით.
-დილით რომ დოზა მივიღეთ, ეტყობა რექციაში ახლა შევიდა!-ვითომდაც თავდაჭერით გაეპასუხა კაცი, მაგრამ წამომდგარმა ჭკუანაკლულივით შეიკუნტრუშა და ოთახიდან გავარდა.
-დაიცა, მოვცურავ!-აედევნა ქალი.
შიო გონების მოკრებას ლამობდა. მერე დაძრული მანქანის ხმამ გამოაფხიზლა. ისევ და ისევ სახემომღიმარემ იწყო შემობრუნება.
”კი, დარო იყო…”, დაასკვნა აზრის მოკრების მოსურნემ და მოუსვენრობამ შეიპყრო. მერე დარია მოიგონა, არა, დაროს კი ჰგავს, მაგრამ არა, არა, ის ნამდვილად არ იყო…”, აღგზნებული გავიდა, ნახა რა მონაცრისფერო ”ჯიპი” თვალსაწიერზე არ ჩანდა და უმალ ”აფრის” ადგილსამყოფელს მიაშურა.
წამით იგრძნო, სადრაც შორიახლო მიმალული ბროლა გაფაციცებით უთვალთვალებდა.
”ნუთუ ამ ჭკუასუსტ გოგოს მსტოვრობის უნარი შესწევს?!”, გაიფიქრა დაბნეულმა და შეეცადა ისე ემოქმედნა, რომ მღელვარება არ დამჩნეოდა. ”როგორც ჩანს აფრიკელამ ჩემი კეთილგანწყობა დაიჭირა და თავდასმელებს გამოფხიზლების საშუალება ნაადრევად მისცა…”, ”მეგობრის” გონივრულობით მოხიბლული, ავტომობილს დაბის აღმოსავლეთით გამავალ გზატკეცილისკენ მიაქროლებდა. მიადმოს ზვერავდა, მაგრამ გაქცეულების მანქანა არსად ჩანდა.
მერე, ერთგან, სალაყბოდ თავშეყრილი ბიჭები შენიშნა, ავტოს სვლა საგრძნობლად შეანელა და ხმამაღლა იკითხა:
-ნაცრისფერი ჯიპით მიმავალი ხალხი ხომ არ დაგინახავთ?
-კულტგაუ!-უმალვე შეეხმიანა ერთი მათგანი და თითქოს თადარიგი დაიჭირაო ისე გაიღრიჭა,-რა, ირმის მწვადის სუნს, ხომ არ გამოყევი?-არ მგონია რამე შეგხვდეს, ბენე-ხალამპრესთან შუაღამემდე ქეიფობდნენ, მამაობილიც იქ იყო, ერთი ბათქა-ბუთქი ჰქონდათ…
-გაიზარდე!-მადლობა თავისებურად გადაუხადა შეფიქრიანებულმა შიომ და ”აფრი” გააქროლა.
პოლიციაში მისვლას არ ჩქარობდა. ”რა აზრი აქვს, ჩემების ამბავი აქამდე არ გამოუძიებიათ… უკეთესია, ჯერ მე თავად გავერკვე, ბატონი ბენეს უნდა ვესტუმრო, იქნებ რაიმე კვალს მის სტუმრებთან წავაწყდე!”, გადწყვიტა მერე.
წარმოსახვაში ლოტოს ფურცლებზე გამოხატული ”რებუსის” აღდგენას ცდილობდა.
ზაფხულის ცხელი დღე იყო. ”პროგრესი” გუგუნებდა. ზედ მიფიცხებული ბენე-ხალამპრე ჩვეულ ნეტარებას მოეცვა, მაგრამ შიგადაშიგ პართეს ჩამძიებლური გამოხედვა წამოელანდებოდა და მშფოთვარედ ცმუკავდა. ”აუჰ, რა მეშველება თუ მაგ ჩათლახმა მართლა შეასრულა დანაპირები…”, ფიქრობდა მშფოთვარედ და იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს მისთვის ტკბილად მოგუგუნე ღუმელი, ორიოდე დღის შემდეგ საერთოდ არ დანთებულიყო. ”ხე ფესვითა დგას, ადამიანი მოყვრითაო”, გონებაში თავისდა უნებლიეთ ამოტივტივებული ეს ანდაზა, სურდა როგორმე გერის დასანამუსებლად გამოეყენებინა, ოღონდ გრძნობდა პართეს მტაცებლური გამოხედვისგან, ასე ადვილად თავს ვერ დაიძვრენდა.
ზედა სართულის დარბაზში, განახლებულ სუფრასთან, ნაბახუსევზე თავშეყრილი ორიოდე სტუმარი და ”მამობილის” წვრილფეხა დამქაშები, ქოსა ტიმოთეს თამადობით ქეიფობდნენ. გამოუსწორებელი სცენისმოყვარე და პროფესიონალი დალაქი ჩვეულებისამებრ დაუზარებლად ოხუნჯობდა და შესაბამისი ხორხოციც გაისმოდა.
-მობრძანდი, მობრძანდი!-სტუმარი გულითადად მოიწვია ეზოში გასულმა დიასახლისმა და მალე ოთახში შემოუძღვა,-ჩემო შიო, პართე, გუშინღამითვე, ერთ თავის სტუმართან ერთად სასწრაფო საქმეზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. რა ქნას, რაც ეს მამობილობა ითავა, ქვეყანა აწუხებს და მოცლა არა აქვს…-ვითომდა, რაღაც სხვაგვარი გულისხმიერებით მოახსენა კულტურის სახლის დირექტორს, მერე დაბალ ხმაზე მოუბოდიშა,-გალეშილები არიან და არ გიწვევ სუფრასთან, ვიცი ღვინოს, რომ არ ეტანები…
-ჰო, ნუ შეწუხდები, ასე აჯობებს. აგერ, ბატონ ბენეს მოვინახულებ, მომავალ ღონისძიებაზე მინდა ვესაუბრო…-მიაგება მოსულმა.
-ძალიან კარგი, მაშინ მე ხელს არ შეგიშლით…-გაეხარდა ქალს.
სტუმარი დადრაჯებულ ბერიკაცს გულღიად მიესალმა, მოიკითხა…
-აი, დღედაღამ ასეა მიფიცხებული, ხანდახან მეშინია, ეს ღუმელიც ლოგინში არ ჩაიწვინოს…-მეუღლეს დამცინავად გადახედა ცაცამ,-მე კეცს დავხედავ! თქვენ ისაუბრეთ…-კარისკენ წავიდა.
-ამაღლებულ გრძნობათა თეატრიც, აი, ასე დაუოკებლად გიზგიზებდა!-დანაშაულზე წასწრებულივით, თითქოსდა რაღაც ფაქტის მისაჩქმალავად შეჰყვირა ბენე-ხალამპრემ. ოდნავ წამოწეული, ჯორკოზე ფრთხილად შემობრუნდა, შიოს ალმაცერად ახედა და ღუმელს ზურგით მიფიცხებულმა თანამეცხრედეს უსაყვედურა,-სად გარბიხარ, რა ხანია, შენ გამოჩენას ველოდები!
-ხე-ტყე ვერ შემოვზიდე და სახერხი გაჩერებული მაქვსო, კი ჰქონია შენთვის შემონახული ცოტა მშრალი ნახერხი, მაგრამ ვიღაც ბოროტს ზედ შლანგით წყალი მიუშვია…-არ დააყოვნა პასუხი ქალმა და წაიპუტუნა,-ეგ, უნახერხობას ისე ვერ აიტანს, როგორც უჰაერობას…
-ტერორისტული აქტი!-თითქოსდა დაიჩხავლა ბერიკაცმა და მეუღლის თვალებამდე სამსხვერპლოდ განწირული კაცის მზერა ააცოცა. მერე შიოს შეაცქერადა,-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, ვიცოდი…
-საიდან?-გაუღიმა შიომ.
-სიზმარი ვნახე გუშინ, ვითომ რაღაც საიდუმლოს მიმხელდი, მე კი, აგერ ჩემს პროგრესს ვეფიცხებოდი…-იჭვნეულად შეათვალიერა.
-გულთმისანი ყოფილხარ…-შიომ მოქეიფეთა ღრიანცელს ყური მიუგდო და დაასკვნა, მაგათთან გამოჩენა მაინც არ ღირსო. ლაპარაკი, სპონტანურად გააგრძელა,-თეატრში სცენისმოყვარეთა მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიციის მოწყობას ვაპირებ და მინდა გთხოვო ზოგი რამ გაიხსენო…-სკამი მისკენ მიაჩოჩა და ზედ თავისებურად ჩამოჯდა. უცებ ისე, ვითომ სხვათაშორის ჰკითხა,-რა ხდება, რამ გადარია ეს ხალხი, ანდერძი, განძი, ის რაღაც გრძნეული ბეჭედი აკერიათ პირზე!
ხალამპრე შკრთა, შიოს გამომცდელად შეაცქერდა.
-რომელ ბეჭედი?-იკითხა ყოყმანით.
-აი, ისეთზე, საცოდავ დედაჩემს და ჩემს დას რომ წააძრეს თითიდან!-ჯიქურ დაუსვა კითხვა, იქნებ დაბნეულს რამე დავაცდენინოო.
ბენე-ხალამპრეს წარბი აუთამაშდა.
-რამ გაგახსენა, ეგ ამბავი?!
-რამ და დღეს, დედაჩემის ძველ ნივთებს, რომ ვათვალიერებდი თავზე დამესხნენ, ბეჭედი წამგლიჯეს და გაიქცნენ… პართესთვის მინდოდა მეთხოვა გაერკვია ეგ ამბავი…-უპასუხა ალალდ.
-არ გირჩევ!-შეესიტყვა ბერიკაცი. აშკარა იყო, რაღაც მოაგონდა,-ჰო, იმ ლეგენდარული განძის ამბავმა სულ გადარია ეს ხალხი. სულ მაგ ამერიკული კინოების ბრალია. თუმცა, რა გასაკვირია ოცი ლარის გულისთვის ერთმანეთს ყელს ღადრავენ და…-და უცებ ჩაეკითხა,-რა ხალხი იყო?
-სამხედრო ფორმაში იყვნენ, სხვა არ ვიცი…-უპასუხა შიომ, დაროს სახელის ხსენებას მოერიდა.
-ჰო, ახლა ნამდვილად ვერ გაიგებ, ვინ ვინაა, რაო რა თქვი, უბრალო ბეჭედის გულისთვის შემოგივარდნენ?-შემპარავად შეაცქერდა.
-ძოწისთვლიანი ოქროს ბეჭედი იყო, არ მგონია ის ფასი ქონდეს, რომ ჩემი სასიკვდილოდ გამეტება ღირდა?!-სევდიანად გაეღიმა.
-ავადმყოფია ეს უბედური, აიჩემა და…-წამოცდა ბერიკაცს, უმალვე მიხვდა დაუფიქრებლად, რომ მოიქცა,-ქოსაზე ვამბობ, მეორე დღეა გადამბული სვამს, წაიღო ტვინი. შიომ იგრძნო, იგი რაღაცის დამალვას შეეცადა,-კუტი, რომ ცოცხალი ყოფილიყო, ასეთი რამე ნამდვილად არ მოხდებოდა, მიწიდან ამოიღებდა იმ ჩათლახს. ქვისლოედის ტერიტორიაზე მის თანხმობის გარეშე…
-ეგ ქვისლოედი, ახლაც ხომ მოდაშია…-ხუმრობანარევი კილოთი უთხრა, გადაწყვიტა საუბარში აჰყოლოდა.
-ჭკვიანი კაცი ხარ და შენგან მიკვირს, ძველ ქვისლოედთან, კომუნისტების დროს ქვისლოედი ობორონშჩიკების სისტემაში შედიოდა, ქვეგანაყოფი იყო, ეგ სახელი, ისე ფარსად ერქვა, სინმდვილე მხოლოდ დანიელმა იცოდა, მე ცალკე ინფორმაციის წყარო მქონდა…-თავმომწონედ აღიარა.
-”ობორონშჩიკებს” ხომ სამხედროებსა და სამხედრო მრეწველობით დაკავებულ ხალხს ეძახდნენ, ”ქვისლოედს” მასთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა?!”-შიო დაეჭვდა ბერიკაცი რამეს ხომ არ ურევსო.
-ჰქონდა და მერე როგორი! ამ მხარეში, ახლაც მოქმედებს რამდენიმე კაცი, ობორონშჩიკებს ჯერ კიდევ დიდი ძალა აქვთ…
-რა დროს ობორონშჩიკებია, დაინგრა საბჭოთა კავშირი!-გაეცინა შიოს.
-ეს შენი და შენისთანების ილუზიაა!-ირონიულად მიუგო და პათეტიკურად წარმოთქვა,-სახელმწიფო სახელმწიფოში! სესერეკას სამხედრო ძლიერება მაგათ მხრებზე იდგა! არ დაგიმალავ რამდენიმე დახურულ ქალაქში მაქვს წარმოდგენა გამართული, ისეთ გასაიდუმლოებულ გიგანტებს ვიცნობდი, რომ…-წარბები აწკიპა,- ნაღები ელიტა იყო; დიდი გაქანების მეცნიერები, მრეწველები, აკადემიკოსები, ათნაირი პრემიის ლაურეატები, გმირები, ოღონდ, მათი ვინაობა სრულიად გასაიდუმლოებულად ჰქონდათ შემონახული. ხალხი, უმეტესობას რიგით მოქალაქეებად იცნობდა… -ლაპარაკის საღერღელი, მართლაც გვარიანად აშლოდა.
-კი მაგრამ ქვემოდაბასთან რა საქმე ჰქონდათ?!-ინტერესით შეაჩერდა.
-ჰმ!-შეყოყმანდა იგი,-აქმდე ამის შესახებ სიტყვა არ დამცდენია, მაგრამ სამარეში, რომ ჩავიტანო, რაში წამადგება!-კაგებეს გენერალი მუსაევი იყო ამ საქმის მოთავე, კირილ ჩარბიძის ძმაკაცი. გეცოდინება, ყივჩაღის ციხის პირდაპირ, მთა რომაა…-გამომცდელად შეაცქერდა და როგორც კი თანხმობა მიიღო დაბალი ხმით, მაგრამ მაინც მგზნებარედ გაგრძელა,-ახლა მაგას ჩაბრეცილს ეძახიან, აქედან ახლოს მოჩანს, ისე, ერთი ოცი კილომეტრითაა დაშორებული, გზატკეცილი ზემოდაბის მხრიდან უდგება… ჰოდა, იმ მთის გარშემო ძვირფასი ქვების გადასამუშავებელი ცეხები ააშენეს, ეს ისე, თვალის მოსატყუებლად, სინამდვილეში კი იმ მთის შიგნით ობორონშიკების საწარმო ჩაადუღაბეს. რკინა-ბეტონის კედლები ათი მეტრის სისქე მაინც იქნებოდა. საუკეთესო გამომგონებლებით იყო დაკომპლექტებული, მსოფლიო სამეცნიერო გიგანტებით… და იცი ზურგს ვინ უმაგრებდა ყველაფერ ამას…-ბენე-ხალამპრე აშკარად გახარებული ჩანდა საიდუმლოს გამხელის საშუალება, რომ მიეცა,-კუტი, დანიელ ჩარბიძე!
-მერე, მერე რა მოხდა, როგორც ამბობენ, ახლა, იქ ნანგრევების მეტი არაფერია…
-სწორედაც, უპატრონოდ მიტოვებული გადამამუშავებელი საწარმო გააპარტახდა. მაგრამ იმ შეჯავშნული ობიექტის შესახებ, აქაურებიდან მხოლოდ რამდნ კაცმა იცოდა. მკაცრად იყო გასაიდუმლოებული… მე შემთხვევით გამიმხილა კუტმა სიკვდილის წინ…-შეყოყმანდა, მაგრამ თავის მოწონების სურვილმა სძლია და წაიტრაბახა:-რა დაგიმალო და უშიშროებისგან მისი თვალთვალი მქონდა დავალებული… ისეთი დრო იყო ყველა ერთმანეთს უთვალთვალებდა…-უმალვე თავი ”იმართლა” ახითხითებულმა,-კუტმა კაგებეს დასტურით ქვისლოედიც მაგ მიზნით მოაძლიერა, მომარაგება ხომ უნდოდა მთის შიგნით, სიღრმეში გამომწყვდეულ პერსონალს… აბა, რა გეგონა შენ, ზესეკრეტი საქმოსნური ფონით შენიღბეს. ქვისლოედის წვრილფეხობა ძვირფასი და საამშენებლო ქვებით ვაჭრობდა, მაგრამ დანიელი და რამდენიმე კაცი გასაიდუმლოებული ობიექტის მომარაგებით იყო დაკავებული! ეჰ, ეგ არეულობა, რომ არა, პოლკოვნიკის ჩინი განაღდებული მქონდა…
-რაღად გვინდა ლუსტრაციის კანონის მიღება…-გაეცინა სტუმარს.
-ლუსტრაცია და ფლუსტრაცია არ ვიცი მე, საბჭოთა კავშირმა დიდი გასდაქანი მომცა და მეც პატიოსნად ვემსახურებოდი!-განაწყენდა იგი.
შიოს ძვირფასი ქვების ხსენებამ სხვაგვარი ინტერესი აღუძრა ამ ამბის მიმართ. თან გაფრთხილდა არ გამებუტოსო და დაყვავებით ჰკითხა:
-ახლა, ახლა რა ხდება?!-
-საიდუმლოდ მითხრეს, მიწისძვრის დროს, მთის ქვემოთ ღრმული გაჩნდა და შიგ ჩაიქცაო… მაგრამ მე ეჭვი გამიჩნდა გადამალეს მეთქი! გორბაჩოვის დროს, ობორონშჩიკების შიდა საბჭომ ეტყობა საიდუმლო გადაწყვეტილება მიიღო. ის ხალხი სულით ხორცამდე დერჟავის ერთგულები არიან. რკინა-ბეტონში შეხვეული საწარმო სადღაც გააქრეს. დანიელის მერე, მომარაგების კურირება, აქაურმა რუსმა ჩაიბარა. ძველებიდან რამდენიმე კაცი დაიჭირეს, მეც ბედზე გადავრჩი…-წამით მოიკუტა.
ზღაპარივითაა…-შიო დაბნეულს ჰგავდა.
-რა გიკვირს, მამაშენიც ამ საქმეს ემსახურებოდა, ოღონდ თავად არაფერი იცოდა, კუტის დავალებებს ასრულებდა… კაგებე ხალხის ყურადღების მოსადუნებლად ლეგენდას ლეგენდაზე ავრცელებდა საიდუმლო განძზე და მისთანებზე. აუ, რა გონიერი კაცი დანიელი. ქვისლოედის ამბავი პირდაპირ სპექტაკლივით დადგა. კლანი კაგებეს ქვეგანაყოფად ისე აქცია, ჩარბიძნეების სიძეების უმეტესობა აზრზე არ იყო. ერთი შეხედვით, ვითომდაც მატრაკვეცა ხალხის ერთობა იყო, მაგრამ რიდი და შიში ყველას ჰქონდა მაგათი… ძირეული შემადგენლობა ცხრა დამოყვრებული მამაკაცისგან შესდგებოდა, ხუთ მათგანს, ერთი ოჯახის, ლონგინოზ ჩარბიძის ქალიშვილები ჰყავდა მეუღლეებად, დანარჩენ ოთხს _მათი ბიძაშვილები. იმ ხუთიდან შუათანა, კუტის თანამეცხრედე ბრძანდებოდა. არცთუ, უსახური ქალი იყო, ვფიქრობ ზემოდან, განზრახვით შედგა მათი ქორწინება, რადგან რაიკომის შენობას, შინაბერად შერჩენილ მდივან-მემანქანე ალისა, ისეთ ვინმე ოცნებობდა რომ… მაგრამ, როგორც ამბობდნენ, საქვეყნოდ ცნობილ პარტიულ მუშაკთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და კუტის ცოლობას დასთანხმდა,-ბერიკაცმა უცებ ხმაურს მიგდო ყური, გაყუჩდა.
შიოს ბავშვობა და დიდშუბლა კუტი გაახსენდა. კარგად ახსოვდა სიტყვა ”ქვისლოედი…”, იმ მხარეში მართლაც, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მომცველი იყო. მაგათი ნების გარეშე, ფოთოლიც კია რა ჩამოვარდება ხიდანო, მლიქვნელურად ჩაიპუტუნა ერთხელ პატარა შიოს თანდასწრებით მეზობლის ქალმა ფაცამ. მერე ბიჭი ნამალევად და შიშნარევი სითამამით ცდილობდა, როგორმე ეზოს კიდეში აღმართული ცაცხვის უზარმაზარი ხე შეენძრია და იმ ვიღაც ”ქვისლოედის” დაუკითხავად ტოტებიდან ფოთლები ჩამოეგდო. ”აბა, რა ვეტყვი იოველს, როგორ დაგზარდები… მაგრამ ხომ იცი, ქვისლოედის ერთგულ კაცად თუ არ მიგიჩნიეს, ისე შელახული ღირსების აღდგენას ვერ შეძლებ, მოინდომე, შენც მოინდომე…”, მრავალმნიშვნელოვნად შესჩურჩულა ერთხელ, რაღაცის სათხოვნელად მისულ ნათესავს ბებიამისმა. შიომ უნებლიეთ ყოვლისშემძლე ”ქვისლოედი” უფერულ სხეულში თავჩამალულ არსებად წარმოედგინა, რომელიც უშნოდ დაგრძელებული ხელებით ქვეყნიერებას უთვალთვალებდა… რომ წამიზარდა და ”ქვისლოედის” რაობაშიც უფრო მეტად გაერკვა. მერე აღარც ისე საშიშ მოვლენად ესახებოდა, რადგან ”ქვისლოედად” შესახელებული კლანის თავკაცი და მისი რამდენიმე წევრი მამამისისა და მათი ოჯახის კეთილმოსურნეებად მიიჩნია.
შიომ ბენე-ხალამპრეს უთვალთვალებდა, ბერიკაცს თვალები ელულებოდა. კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ მოერიდა. მერე ვნახავო, იფიქრა, უხმოდ გამოემშვიდობა, წამომდგარმა კარისკენ გასწია.
მააგრამ ბენე-ხალამპრეს ქოსას ხმა, რაღაც თავისებურად აფხიზლებდა და თანდათანობით, ვითომდა გონებაში აგდებდა… ბოლოს, როგორც იქნა თავის საფიქრალს ჩაუღრმავდა:
”…მაგ ყასაბს, როგორც ჩანს იმ ბეჭდის ამბავი დღემდე არ ასვენებს!”, დაასკვნა ”პროგრესს” მიფიცხებულმა.”, ვგრძნობ ისევ მომაწვება. უცებ, უმწეოდ მოიკუტა. გერის ნამოქმედარს გონების თვალი შეფარვით მიადევნა. შიოს მიმართ, უნებლიეთ სიმპატია ჰქონდა და თავისებურად წუხდა, ამასაც არ გამოღადროს ყელიო.
შიოს კი, მომხიბლავი თავდასხმელი ედგა თვალწინ. მანქანა კულტურის სახლისკენ მიჰყავდა. დარია გაახსენდა, ”იმ ქალის ამბავი იქნებ მან იცოდეს, მგონი თეატრში იქნება…”, გრძნობდა მახეში გაბმას უპირებდნენ. მერე ”ობორონშჩიკი” და ”ქვისლოედი”, გაახსენდა, გაეცინა, ”რას არ გაიგებს კაცი… ერთხელ კიდევ უნდა დავუჯდე, და ვალაპარაკო…”, ჩაინიშნა გონში და იქვე ბენე-ხალამპრეს შეგონებაც მოაგონდა”: ”სანამ კაიური მარხილში შებმულ ძაღლებს მიერეკება, ცაზე შემთხვევით ამობორიალებული ვარსკლავი მგლების ხროვას შარშანწინდელ მადას უღვიძებს…”

უცნაური ლოტოს რებუსი

კაქტუსისგან დანესტრილი მომხიბლავი ყაჩაღი

”ობორონშჩიკები” და ”ქვისლოედი”

Комментариев нет:
Отправить комментарий